აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, აფხაზეთის საჯარო სკოლების 38 პედაგოგი STEM-ის მიმართულებით გადამზადდა.
 
ტრენინგები მასწავლებლებს „ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტროინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ჩაუტარდათ.
 
ქ. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენინგებში მონაწილე პედაგოგებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა და მათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატები და STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის საჭირო სასაჩუქრე ბოქსები გადაეცათ.
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზაცია - ,,ბიბლიოთეკა - კულტურული ცენტრი ,,თანადგომის" ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტგალერეაში სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „ნეიროპლასტიურობა და ადრეული განათლების თანამედროვე მიდგომები“ ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი ნანა გეგელიშვილი.

ტრენინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

„ნეიროპლასტიურობა და განათლება“ ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდოლოგიაა. ეს მეთოდოლოგია ბავშვებთან მუშაობისას იმგვარი აქტივობების, ვარჯიშებისა და თამაშების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და გონებრივი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ეკა ხოფერიას თქმით, სამინისტრო სამომავლოდ ამ პროგრამის აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლებში დანერგვას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. სპიკერმა ლექციის ფარგლებში საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრა.

მიმოიხილა სტუდენტობის პერიოდი, შემდგომ კი პირველი ნაბიჯები აქტიურ ჟურნალისტიკაში. ასევე ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.

ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ლექციაზე სამომავლო კარიერისთვის აუცილებელი პრაქტიკული რჩევები მიიღეს. დასასრულ, ეკა ხოფერიამ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო კონკურსში მეორედ გაიმარჯვა

ქ. სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს კონსული ზუზანა პოლოსოვა ეწვია. სტუმარმა სკოლის მიერ 2021 წელს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოგებული სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა .

შემდეგ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლასა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც სპორტულ დარბაზში საშხაპეები და გასახდელები მოეწყობა. ეს არის მეორე პროექტი, რომელმაც სლოვაკეთის ოფიციალური დახმარების (SLOVAKAID) ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლას ეწვივნენ.

ახალი სასწავლო წლის მილოცვის შემდეგ, რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ, პედკოლექტივთან ერთად, სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემები და მისი მოწესრიგების გზები განიხილეს. ბოლოს მინისტრის ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Open Fun Football Schools“-ის მხარდაჭერით, ჩატარდა მასტერკლასი მინი ფეხბურთში და სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა.

გზად რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ ქ. ქუთაისში, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს. მალე აქ მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებულ საკლასო ოთახებში განაახლებენ სწავლას.

აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტმა - „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლამ“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსში 2022-2023 სასწავლო წლისთვის უკვე მეორედ გაიმარჯვა.
 
პროექტს გასულ წელს განსაკუთრებული ინტერესი და პოპულარობა ხვდა წილად. მის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლების მოსწავლეებს კვლავ შეეძლებათ სამი საგნობრივი მიმართულების - ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენისა და ხელოვნების ისტორიის - შესწავლა განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით.
 
ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეები ეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს ინტერაქტიული, თამაშით სწავლებისა და ანალიზის მეთოდების გამოყენებით.
 
„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ მიზანია აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია თბილისში, აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებს ეწვივნენ, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სიახლეებზე ისაუბრეს.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 2022-2023 სასწავლო წლის სამი სტიპენდიატი გამოვლინდა
 
ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭათ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტ დავით მელიქიძეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტ გოგი კეჟერაძეს.
 
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია მიენიჭა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტ ნინო ბიგვავას.
 
2016-2017 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აკადემიკოს ილია ვეკუას, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გადაეცემათ.

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი ქობულეთში მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩევა.

მოსწავლეებს აქ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები სემინარებს უტარებენ.

საზაფხულო სკოლა-ბანაკი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე, ამავე სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა.

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს აერთიანებს და მისი მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში.

 

 ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.

რეგისტრაცია შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებული ქნა ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების № 147 შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/192FcUzo5RW01d_f1MpOFNqUpvTyURk7IZigkAu1SEOQ/edit?usp=drive_web

რეგისტრაციის ვადა 2022 წლის პირველი აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომრებზე:  +995 599 741 652; +995 599 855 494; +995 599 855 493.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების გასვლით შეხვედრაზე სამინისტროს 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროების პროგრამებსა და პროექტებზე, მათ შედეგებზე ისაუბრა.

ეკა ხოფერიამ დამსწრეთ ასევე გააცნო სამინისტროს სსიპ-ების - აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრი ტალღას“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ შემოქმედებით საქმიანობაში არსებული სიახლეები და გეგმები.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას ქ. ჩხოროწყუში 6300, 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, უვადოდ, გადაეცა.

აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მალე  ევროპის ბანკის დაფინანსებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლის შენობა აიგება.

აფხაზეთის ომიდან გასული 30 წლის თავზე ეს იქნება აფხაზეთის საჯარო სკოლებისთვის აგებული პირველი ახალი შენობა, მეორე სკოლის აშენებაკი  ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იგეგმება.

 ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით, ფრანგული ფილმის დღე გაიმართა. სკოლაში უჩვენეს ფრანგული მხატვრული ფილმი „უხილავნი“, რომელიც ქალთა უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციას ეძღვნება.
 
 ფილმის ჩვენებას მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.
14 ივნისს ზუგდიდის სპორტკომპლექსში აფხაზეთის რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური შეჯიბრი მინიფეხბურთში ჩატარდა. შეჯიბრში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
 
შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი - თ. ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის გუნდმა, მესამე ადგილი კი ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის გუნდმა.
 
აფხაზეთის რეგიონული სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ შეჯიბრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი გოჩა ჩიქოვანი, აფხაზეთის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
 
სასკოლო ოლიმპიადის შეჯიბრებები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის (სბსსეფ) სისტემითა და საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF) მოთხოვნების შესაბამისად ტარდება.