აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

21-25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ცამეტივე საჯარო სკოლაში ,,ოკუპაციის კვირეული” გაიმართა.
 
კვირეულის ფარგლებში სკოლებში თემაზე - „25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღეა“ - მოეწყო კონკურსები და ლექცია/სემინარები, კონფერენციები და ლიტერატურული საღამოები, ვიქტორინები, ნახატებისა და პოსტერების გამოფენები და ესეების კონკურსები. ამავე თემისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოებზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები ამ ტრაგიკულ დღეზე.
 
„ოკუპაციის კვირეულის“ მიზანია მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.
 
მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში რუსული ოკუპაციის შედეგად დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.
 
 
პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:
 
ა) სამეცნიერო ლიტერატურის/კვლევის გამოცემა;
ბ) სამგზავრო ხარჯები მეცნიერებისთვის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის;
გ) ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს მეცნიერი, რომელიც არაა აფხაზეთიდან, მაგრამ მისი კვლევის თემა აქტუალურია და მნიშვნელოვანია კონკრეტული მეცნიერების დარგში;
 
დ) უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსებით წარმოდგენილ და თემატურად აფხაზეთთან დაკავშირებულ პროექტებს;
ე) არ დაფინანსდება ერთი და იგივე ავტორის მიერ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში შემოტანილი პროექტი სამეცნიერო ნაშრომის ბეჭდვის თაობაზე.
 
ბეჭდვასთან დაკავშირებლი პროექტები 2022 წლის 10 ნოემბრამდე მიიღება, ხოლო სამგზავრო ხარჯები 2022 წლის 30 ნოემბრამდე დაფინანსდება.
 
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. http://abkhazia.gov.ge/banner/25
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხადაჭერით, ონლაინ ტრენინგის - „ციფრული ტექნოლოგიების და ელექტროინჟინერიის საფუძვლები STEM კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლებისთვის“ - განხორციელება დაიწყო. ამ ეტაპისთვის აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების 22 მასწავლებელი გადამზადდება.
 
STEM მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის აბრევიატურაა. STEM განათლება უზრუნველყოფს საბუნებისმეტყველო საგნების ერთიანად სწავლებას. ტრადიციულად ისინი ცალ-ცალკე ისწავლება და მოზარდები ვერ ხედავენ ამ საგნებს შორის მჭიდრო კავშირს.
 
ტრენინგ მოდულის მიზანია კლუბის ხელმძღვანელებმა შეძლონ STEM აქტივობების და პროექტების განხორციელება. აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება გლობალური გამოწვევების და საქართველოს მდგრადი განვითარების მიმართულებით. შეიძინონ ელექტრონულ კომპონენტებთან მუშაობის და პროგრამირების საბაზო უნარები.
შეხვედრები teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

 

თანადაფინანსება განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

  1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
  2. 700 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% დან 98%).
  3. 1125 ლარის ოდენობით - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99% და 100%).
  4. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში; სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

 

მოქალაქეთა განცხადებების მიღება გაგრძელდება 1 თებერვლიდან  28 თებერვლის ჩათვლით.

განცხადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge და ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №68

შენიშვნა* დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია სასწავლო ბარათი მატერიალური სახით წარმოადგინოს სამინისტროში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39

იხ. ვრცლად: http://abkhazia.gov.ge/banner/26

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2021 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების შემაჯამებელი საღამო გამართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ მოწვეულ სტუმრებს დაწვრილებით უამბო თითოეულ მათგანზე. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „ონლაინ საკვირაო სკოლაზე“, რომელიც აფხაზეთის სკოლებში საქართველოში ამერიკის საელჩოს თანადაფინანსებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პედაგოგების მონაწილეობით განხორციელდა. ასევე ისაუბრა "ევროპულ სკოლასთან" თანამშრომლობის კარგ ტრადიციაზე.

აქვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.

მემორანდუმის მიზანია აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, STEM (საბუნებისმეტყველო) საგნების სწავლების ხელშეწყობა, ასევე სასწავლო მასალების ორმხრივი გაცვლა, საერთო პროექტების ინიცირება და ა. შ.

სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ჯონ ბოინტონ პრისტლის კლასიკად ქცეული დეტექტიური ნაწარმოების „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „სტუმრის“ მორიგი საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია დაესწრნენ.

პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორია ლაშა იმედაშვილი, ხოლო დამდგმელი რეჟისორი დავით საყვარელიძე. სპექტაკლში სოხუმის სახელმწიფო თეატრის დასთან ერთად მოწვეული მსახიობებიც მონაწილეობენ.

სპექტაკლში მოქმედება ვითარდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მცხოვრები ერთ-ერთი მეწარმის ოჯახში, სადაც მოულოდნელი სტუმრის გამოჩენა დღის წესრიგს მთლიანად ცვლის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმ „ჰოლოზეუმში“ გამართულ „მოზაიკური აფხაზეთის“ ჩვენებას სტუდენტები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც დაესწრნენ.

ახალგაზრდებს „მოზაიკურ აფხაზეთზე“ და საერთოდ მოზაიკის კულტურაზე ესაუბრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ,,რიბირაბოს" თანადამფუძნებელი ნატალია ამირეჯიბი.

ფონდ „რიბირაბოს“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მოზაიკის მასტერკლასი ჩაუტარეს და მისი დამზადების უნიკალური ტექნოლოგია გააცნეს.

მოზარდების მიერ მასტერკლასის დროს დამზადებული ნიმუშები კი ღუმელში გამოწვის შემდეგ, ეკა ხოფერიას თქმით, სამინისტროში დაიდებს ბინას.

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა ,,თეთრმა ტალღამ'' ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გამარჯობა, სოხუმო“  წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ზუგდიდსა და ჭუბერში წარმოადგინა.

თეატრ „თეთრი ტალღის“ საგასტროლო ტურნე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - ,,კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა" - ფარგლებში შედგა.

სპექტაკლს როგორც ადგილობრივი, ასევე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დაესწრო.  დამსწრე მოზარდებს კი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლებმა   საახალწლო საჩუქრები დაურიგეს.

ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში - “ჩვენი აფხაზეთი“ - ორგანიზებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურისა და აფხაზეთის ა/რ მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მიერ.
 
ტურნირის ჩემპიონი გახდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი - გიორგი გვასალია, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს გუნდის წარმომადგენელმა ჟიული შოგირაძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის გუნდის წარმომადგენელმა გიორგი გაგილაძემ.
 
ტურნირი მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობასა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში შშმ მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა.
 
მოზარდებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. შეხვედრას სტუმრობდა პარამოფარიკავე, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი, რომელმაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
 
აქვე სერტიფიკატები გადაეცათ ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო/საშუალო სკოლების სპეციალურ პედაგოგებს, რომლებმაც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროფესიული გადამზადება გაიარეს.
 
ბოლოს მოზარდებს საჩუქრები გადაეცათ. მათთვის მუსიკალური ნომრები შეასრულა გოგონათა ანსამბლმა „გუმბათმა“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ქ. ზუგდიდის სოფელ ახალკახათში მდებარე აფხაზეთის №14 საჯარო სკოლას ესტუმრა და გარემონტებული სააქტო დარბაზი დაათვალიერა. მინისტრი სკოლას დარბაზის გარემონტებას რამდენიმე თვის წინათ სტუმრობისას შეჰპირდა.
 
დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტრომ ქვეპროგრამის „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების“ ფარგლებში უზრუნველყო.
 
ეკა ხოფერია სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას სხვა საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
ბოლოს გარემონტებულ დარბაზში მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიას, საქართველოში საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელ პიერ კულეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამ ეტაპისთვის აფხაზეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლისთვის ფრანგული ენის კლუბის საპილოტე პროექტის შექმნასა და დევნილი მოსწავლეების ფრანგულ კინოკლუბში ჩაბმას.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი ჩატარდა.

სემინარის ორგანიზატორები იყვნენ: სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

სემინარის მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და დევნილების სპორტში ჩაბმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა სეოკი-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. სეოკ-ისა და მოწვეულმა ლექტორებმა სპორტის ადმინისტრატორებს, მენეჯერებსა და მწვრთნელებს ორგანიზაციების ეფექტური მართვისათვის აუცილებელი ცოდნა გაუზიარეს.

დასასრულ სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.

 

კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მუზეუმში ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლის კონსტანტინე წერეთლისა და მისი შვილის, თავისუფლებისათვის მებრძოლი მხატვრის, გასული საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე გახმაურებული „თვითმფრინავის საქმის“ ერთ-ერთი მონაწილის სოსო წერეთლის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ საინფორმაციო სესია 80-იანი წლების ხსენებულ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ ის წინააღმდეგობებით აღსავსე სინამდვილე, რაც საბჭოთა იმპერიის ნგრევას უძღოდა წინ.

 

გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ქ. ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ვასილ ტაბიძის ოჯახში დაიბადა.

იგი თავიდანვე აღიარეს „პოეტების მეფედ“ და „გენიალურ გალაკტიონად“. მისმა ლექსებმა - „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „მზეო თიბათვისამ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „უსიყვარულოდ“ და სხვ.  რიტმით, ტონითა თუ ნახევარტონებით, მუსიკალურობით, ფერით, სიტყვის მოქნილობითა და ბგერის კეთილხმოვანებით... მკითხველს აქამდე წარმოუდგენელი, სხვათაგან მოუხელთებელი პოეტური სამყარო გადაუშალა. მან ქართულ ლიტერატურაში შექმნა პოეტური მწვერვალი, რომლის გადალახვაც დღემდე ვერავინ შეძლო.

გალაკტიონი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა: „...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან - ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის“. ალბათ ამიტომაც იყო ბუნებრივი, როდესაც გალაკტიონს პირველი ნახვისთანავე ძალიან შეუყვარდა აფხაზეთი და გადაწყვიტა სოხუმში აეშენებინა სახლი, რომელსაც თვითონ „Вилла Галактиона – Вилла короля поэтов“ უწოდა. სახლის მშენებლობა თითქმის ათი წლის შემდეგ დაასრულა, მაგრამ შიგ ცხოვრება ვერ მოასწრო.

გალაკტიონმა 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.