აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასა და საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მოტავას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის მიმართულებებით დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2022 წლის სალექციო კვირეული - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" დასრულდა. ლექცია ამჯერად, დედაქალაქის საკრებულოს დარბაზში, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს.
 
„აღმოაჩინე აფხაზეთი“ სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ყოველწლიური ქვეპროგრამაა, რომელიც დამსწრეთ სამსახურის უფროსმა ნონა ქარაიამ გააცნო.
 
კომპანია „ქლევერტონის“ ლექტორის მირიან გუნავას მიერ აფხაზეთზე მოთხრობილი ამბები მოსწავლეებმა ფოტოებით გააცოცხლეს.
 
დღევანდელი ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ გადასცა.
გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას საცხოვრებელი სახლის (მეტეხის ქ. 16) ფასადზე, ქ. თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
 
მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე გენო კალანდიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, მსახიობმა გივი სიხარულიძემ და სხვა გამომსვლელებმა.
 
შემდეგ დ. ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. გენო კალანდია, როგორც გამორჩეული ხმის პოეტი და ქარიზმატული პიროვნება გაიხსენეს: საღამოს წამყვანმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, პუბლიცისტმა იოსებ ჭუმბურიძემ, პარლამენტარმა ვლადიმერ კახაძემ, გენო კალანდიას მეგობრებმა - ბაკურ გულუამ და ოთარ ჭითანავამ.
 
საღამოს მსვლელობისას პოეტ გენო კალანდიას ლექსები წაიკითხეს სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღას“ მსახიობებმა: მაკო კობახიძემ და კახაბერ ჭოლაძემ, მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
ეკრანზე ნაჩვენები იყო გენო კალანდიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეოკოლაჟი.
 
მემორიალური დაფის გახსნას და შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, გენო კალანდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი პოეზიის თაყვანისმცემლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთის" მორიგი ლექცია რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ქ. რუსთავში გაიმართა.
 
ლექციას აფხაზეთის ისტორიაზე უძღვებოდა საგანმანათლებლო კომპანია „ქლევერტონის“ მიერ მოწვეული ლექტორი მირიან გუნია. ლექტორი ახალგაზრდებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ლობჟანიძემ წარუდგინა.
 
ბოლოს მოსწავლეებმა მოსმენილ თემაზე ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები შეასრულეს.
 
ქვეპროგრამა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მინისტრს უნივერსიტეტში მიმდინარე თუ საერთაშორისო ასპარეზზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო; ესაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსზე, რომელიც ქართულ-აფხაზური ხიდჩატეხილობის მშვიდობიანად მოგვარებას გულისხმობს.

ვიზიტის ფარგლებში, ეკა ხოფერია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობაში არსებულ სიახლეებზე მოუთხრო. მან იქვე აღნიშნა, რომ სამინისტრო სამომავლოდ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში ჩართვას შესთავაზებს.

რექტორმა მადლობა გადაუხადა ეკა ხოფერიას სტუმრობისთვის, სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა: „ჩვენ აფხაზ ძმებთან მისასვლელ გზას ყველა ერთად გავივლით“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სალექციო კვირეულის - ,,აღმოაჩინე აფხაზეთი" ფარგლებში 2022 წლის ქვეპროგრამით გათვალისწინებული პირველი ლექცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში შედგა.

 სალექციო კვირეულის მნიშვნელობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ისაუბრა. მან დამსწრეთ წარუდგინა საგანმანათლებლო კომპანია „ქლევერტონის“ თანადამფუძნებლი და დირექტორი ლაშა მიქიაშვილი, რომელმაც   ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „საქართველოს სამთავროების ჩამოყალიბება და აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე“.

ლექციას ქ. ჯვარისა და ფოცხოეწერის მიმდებარე სოფლების - მუჟავას, ჭალესა და ლიას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ლექციის ბოლოს გაიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები/ინტერაქცია, რის შემდეგაც ლექციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.  

ქვეპროგრამას სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური ახორციელებს და მისი მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია და აფხაზეთის ისტორიის, კულტურის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალფის და პეტროკას ენერჯი ჯგუფის ახალი პლატფორმის „მომავალი ჩვენია“ პრეზენტაცია გაიმართა. აქვე „გალფის სასტიპენდიო პროგრამის“ ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდიით დაჯილდოვდა.
 
გარდა ამისა, არველაძეების ფონდის ინიციატივითა და კომპანია გალფის მხარდაჭერით, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი, რომლებიც 10-13 ნოემბერს გაემგზავრებიან იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში და ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე, ხვიჩა კვარაცხელიას უგულშემატკივრებენ. მატჩის შემდეგ კი პირადად გაეცნობიან საქვეყნოდ აღიარებულ ქართველ ფეხბურთელს. ამ 12 წარმატებულ სტუდენტს შორისაა პირველკურსელი ნიკა შარია, აფხაზეთიდან.
 
პრეზენტაციას კომპანია გალფის მენეჯმენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

27 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ერთობლივი კომპოზიციები შეასრულეს. მანამდე, 12 ოქტომბერს, ოცდამეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში მათი ერთობლივი საღამო „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში” გაიმართა.

„ჩვენმა კონცერტებმა აჩვენა ქართული ხალხური სიმღერისა და საგუნდო მუსიკის შესაძლებლობები. ერთმანეთის გვერდით ეს კონტრასტები უფრო საინტერესო ჩანს. Როცა უსმენ ერთ ჟანრს ან მეორე ჟანრს, ეს სხვა განცდაა. როცა ერთად უსმენ - ეს კიდევ უფრო სხვა,“- განაცხადა დათო ცინცაძემ, ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად აფხაზეთის საჯარო სკოლები 24-27 ოქტომბერს აფხაზური ენის კვირეულს ატარებენ.

ტრადიციისამებრ, გუშინ აფხაზეთის №1, №2, №3, №7, №11 საჯარო სკოლებში აფხაზური ენის კვირეული გაიხსნა ფოტოებისა და ნახატების გამოფენებით, აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფის წევრებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები.

2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში აფხაზური ენა არჩევითი საგნის სახით ისწავლება. ამავე სკოლებში მოქმედებს აფხაზური ენის სასწავლო ჯგუფები.

საქართველოს კონსტიტუციით აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. 

აფხაზური ენის დღე 2007 წლიდან აღინიშნება.

სოხუმის მოზარდმაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა „თეთრმა ტალღამ“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლ - „ირმის შვილის“ პრემიერა წარმოადგინა.

პიესის ავტორია ირმა თავართქილაძე. პიესა ამავე სახელწოდების აფხაზური ზღაპრის მიხედვით შეიქმნა.

დამდგმელი რეჟისორი - გიორგი ქაჩიბაია; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე, კ. მარჯანიშვილისა და პ. ოცხელის პრემიების ლაურეატი; მუსიკალური გამფორმებელი - ლევან გვაზავა; ქორეოგრაფი - ბაქარ ხინთიბიძე.

სპექტაკლს სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩარიცხულ, აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა-დიალოგში ასევე მონაწილეობდა გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა: რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია სტუდენტების წინაშე მდგარი პრობლემებით დაინტერესდნენ და მათ დაძლევაში დახმარება აღუთქვეს, სტუდენტებმა კი თავიანთ მოლოდინებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა დამსწრეთ დევნილი ახალგაზრდების მხარდასაჭერად დაწესებული პროგრამები და პროექტები გააცნეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განთლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 2022-2023 სასწავლო წლის სტიპენდიატებს დიპლომები გადასცა.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიები თსუ-ის სტუდენტებს - ნინო ბიგვავას, დავით მელიქიძესა და გოგი კეჟერაძეს მიენიჭათ.

თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბისკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიატები კი გახდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტები - ვიტალი გუგუშვილი, თია ალხაზაშვილი, ნიკა გვალია და გიორგი ოთინაშვილი, რომლებიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ას საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდნენ.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილ გერმანელ მსახიობთან და რეჟისორთან მარტინ ვუტკესთან (Martin Wuttke) შეხვედრა გაიმართა. 

მარტინ ვუტკე ამჟამად ბერლინის ფოლკსბიუნეს (Volksbühne) რეჟისორი, მსახიობი და სამხატვრო საბჭოს წევრია. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ჰაინერ მიულერი, ფრანკ კასტორფი, ფოლკერ შლიონდორფი, კვენტინ ტარანტინო. შეხვედრაზე უჩვენეს ვიდეო-ნაწყვეტები მისი სპექტაკლებიდან და ფილმებიდან.

გერმანულენოვანი სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა საქართველოში სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის მოწვევითა და სამომავლო გეგმებით ჩამოვიდა.

2023 წლის სეზონისთვის რეჟისორი მარტინ ვუტკე სოხუმის თეატრში იოზეფ როთის რომანის „Die Flucht ohne Ende” მიხედვით სპექტაკლს დადგამს. რომანის ინტერპრეტაციის ავტორი რეჟისორთან ერთად იქნება მთარგმნელი, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი ჯამბურია. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ მასწავლებლის დღის მილოცვის შემდეგ, მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ პედაგოგებს - ლეონტი ქუხილავას, ეთერ სანაიას, მედიკო იაშვილს, მერი გაბედავას, ინეზა კორსანტიას, ბელა მესხიას; წლის საუკეთესო მასწავლებლებს - ნანა ჯალაღონიას, ბელა ფუტკარაძეს, ქეთევან ნიკოლაძეს და სამინისტროს სიგელები და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრის ბოლოს პედაგოგებმა თავიანთი საქმიანობის საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს და მალე მსგავსი დაჯილდოებების აფხაზეთში გამართვის იმედი გამოთქვეს.

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას „თბილისობა“ მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გივიაშვილმა.

„აფხაზურ ეზოში“ წარმოდგენილი იყო პერფორმანსი - აფხაზური ყოფა-ცხოვრების, ოჯახური რიტუალებისა და სუფრის ტრადიციების ელემენტებით; გამოფენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსი, აფხაზეთის მეწარმეთა პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და ქსოვილები. მოეწყო მასტერკლასები კალიგრაფიაში.

პრეზენტაციის მსვლელობისას სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ და გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.

ბოლოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ეთნოგრაფიული მუზეუმის სცენაზე პირველად წარსდგა მაყურებელთა წინაშე. აქვე მათ აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის კანდიდ თარბას სახელი მიენიჭა.