აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა. კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური კომპოზიციებით წარსდგა.

კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ მიმართეს.

კონცერტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ორგანიზებით, ვაკის ძალოსნობის დარბაზში ჩატარდა აფხაზეთის ღია ჩემპიონატი ძალოსნობაში.

აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტის სპორტსმენებმა ერთი პირველი ადგილი, ორი მეორე და ორი მესამე ადგილი მოიპოვეს (მწვრთნელ-მასწავლებლები: ავთანდილ გახოკიძე და ლაშა კოპალიანი).

შეჯიბრის შედეგები:

41 კგ. - გიორგი მგალობლიშვილი - I, ანდრია დარსაველიძე - II, ნიკა ჭუმბურიძე - III;

45 კგ. - ნიკა რეხვიაშვილი - I, პაატა სილაგაძე - II, ზურა ღონღაძე - III;

49 კგ. - მარტინ ანტონიანი I, მახო დანელია - II, ნიკა მელია - III;

55 კგ. - ლუკა კეკელიძე - I, ლუკა პეტრიაშვილი - II, ნიკა კალმახელიძე - III;

61 კგ. - ლევან ოჩიგავა - I, გიგა ნადიბაიძე - II, კახა ხვთისიაშვილი - III;

67 კგ. - საბა ადამია - I, გიორგი მინაძე - II, ლუკა სილაგაძე - III;

73 კგ. - ბაჩანა ბეკურაული - I, ერიკ ბაბაიანი - II, გია იასაღაშვილი - III;

81კგ. - ნიკა თურმანიძე - I, მათე ადამია - II, მიშა აკულინინი - III;

89 კგ. - ლუკა ოჩიგავა - I, მამია კიკალიშვილი - II, გივი დარსაველიძე - III;

+89კგ. - გიორგი ვაშაკიძე - I, დავით ვარდანაშვილი - II, ნიკა ქავთარაძე - III;

გოგონები - ლიანა ოქროპირიძე - I.

საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორმა ენვერ თოლორდავამ დააჯილდოვა.

მემორანდუმი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და მათ ჩართულობას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიების განხორციელება.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ - 2“-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ხელმოწერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხემძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სხვ. ესწრებოდნენ.

მთავრობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად, კოლეჯის შენობა და მისი ინფრასტრუქტურა, სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკული სამუშაო გარემო დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გამართა.

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: თამარ ბელაშვილმა, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა.

კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ნონა ქარაია.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმძიმეს მდგომარეობას; ამ ძეგლების განადგურების, მათი ავთენტურობის გაქრობისა და შესაბამისად, იმ ძირძველი ქართული ტერიტორიებიდან ქართველის კვალის წაშლის მცდელობას; ამ ვანდალიზმის საერთაშორისო საზოგადოებრიობამდე მიტანისა და შესაბამისი საინფორმაციო ომის სათანადოდ წარმართვის აუცილებლობას.

სამეცნიერო კონფერენციაზე ამ დარგის მკვლევრებმა და მეცნიერებმა: ლია ახალაძემ (ეპიგრაფიკული ძეგლების დაცვის პრობლემები საქართველოში - საფრთხეები და გამოწვევები), ნინო დოლიძემ (კოლხური კულტურის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხები), ირაკლი გელენავამ (ენობრივი პოლიტიკა როგორც სეპარატიზმის იარაღი), გიორგი პატაშურმა (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა), გურამ ლეგაშვილმა (დოლისყანის ქტიტორთა გამორკვევისათვის), სალომე მელაძემ (ქსნის ხეობის ეკლესიათა შუა საუკუნეების მოხატულობები) წარმოადგინეს თავიანთი უახლესი შრომები კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, მათი ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერითა და შეფასებებით.

გიორგი კობახიძემ, ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ დამფუძნებელმა და გიორგი ქვაცაბაიამ, ამავე ორგანიზაციის წევრმა უჩვენეს აფხაზ თანატოლებთან თანამშრომლობით შექმნილი დოკუმენტური ფილმი - „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“, ამასთანავე ისაუბრეს ამგვარი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები კრებულის სახით გამოიცემა და სასწავლო დაწესებულებებსა და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს დაეგზავნებათ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ამ მიმართულებით მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვ.

 
 
 
 

ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო

შეხვედრის დასაწყისში დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ. მან ქვეყნის განვითარებაში ზოგადად პედაგოგების წვლილზე ისაუბრა და კონკრეტულად კი ხაზი გაუსვა აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგების იმ განსაკუთრებულ როლს, რაც მათ დევნილობამ დააკისრა.

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს სიგელი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის გადასცა თბილისის №137 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ნანი ჯიჯელავას.

სამინისტროს შესაბამისი სიგელები და საჩუქრები გადაეცათ აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ჟენია გასვიანს, მარო გამყრელიძეს, ვაჟა მარგველანს, რაისა სონგულიას, თინა ყურაშვილსა და ელენა ფხაკაძეს; აფხაზეთის წლის საუკეთესო პედაგოგებს: აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ფოთოლა ბენდელიანს, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს სოფიო გოგოხიას; აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ქეთო კახიანს.

შეხვედრაზე მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

საქართველოს მხატვართა კავშირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, თანამედროვე ქართველი მხატვრის − დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა − „აფხაზეთიდან აფხაზეთამდე“ გამართა.

დავით ბაძაღუა განსაკუთრებული ხელწერით გამორჩეული მხატვარია, იგი არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენას საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე უძღვებოდა, რომელმაც დავით ბაძაღუა, საქართველოს მხატვართა კავშირის სახელით, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიაზე წარადგინა.

გამოფენაზე სიტყვით გამოვიდნენ და დავით ბაძაღუას გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებსა და საერთოდაც, მის შემოქმედებაზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო მხატვარმა, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა რადიშ თორდიამ, ხელოვნებათმცოდნემ ქეთევან ახობაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ, მწერალმა ნანა ქარდავამ და სხვ.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის კომისიის წევრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2019 წლის 8 ნოემბერს აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გამართა.

ტურნირი ჩატარდა ღია პირველობის სახით და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 2005-2006 წ.წ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირი ძიუდოს სპორტულ კლუბ „მართვეში“ გაიმართა.

სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარმა მრჩეველმა მალხაზ კორძახიამ და ამავე სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა შესაბამისი სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სპორტული ადმინისტრირებისა და მსაჯთა გადამზადების ტრენინგი ჩატარდა.

პროექტის მხარდანჭერები იყვნენ აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაცია და ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება და მასში ქართველებთან ერთად, თურქი, უკრაინელი და ირანელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ტრენინგის ბოლოს მისი მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარმა მრჩეველმა მალხაზ კორძახიამ და ამავე სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური, ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წარმატებით აგრძელებს ქვეპროგრამას - ,,კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში“. ქვეპროგრამა მოსწავლეებს ეხმარება მომავალი პროფესიული საქმიანობის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაეუფლონ სხვადასხვა სახელობო პროფესიის (ჭრა-კერვაგობელენიხეზე კვეთაძერწვამინაზე ვიტრაჟული ხატვა და სხვ.) პირველად უნარ-ჩვევებს, გაერკვნენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებში.

წლეულს ქვეპროგრამის პროფესიათა ჩამონათვალი გაფართოვდა. კერძოდ, აფხაზეთის №5 და №11 საჯარო სკოლებში დაემატა ახალი მიმართულება - აკრილის საღებავის ტილოზე დასხმით აბსტრაქციული ხატვის სწავლება და ქართული ხალხური ხალიჩის ქსოვის ტექნიკის პირველადი უნარ-ჩვევების დაუფლება. ამ სიახლემ მოზარდებში დიდი პოპულარობა და ინტერესი გამოიწვია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, აფხაზეთის საჯარო სკოლებში სპეციალურ ქვეპროგრამას ახორციელებს.

პროგრამა ითვალისწინებს სკოლებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მოსწავლეებში აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ოთხი ინიციატივა, კერძოდ:

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში - „ადამიანის უფლებები არაფორმალური განათლებით“. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი „ამრა“, რომელიც მოსწავლეების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ემსახურება. ამ მიზნით თემსა და სკოლაში ჩატარდა ტრენინგები, გაიმართა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მოეწყო ფილმების ჩვენება-განხილვა და ა.შ.

აფხაზეთის №10 საჯარო სკოლაში - „მოხეტიალე წიგნები“, რომლის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში გაიმართა სოციალური ქსელის გამოწვევა - „ჩემთვის საინტერესო ჟანრის წიგნები“, რომელშიც მოსწავლეები და თემში დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. გამოწვევა ერთი კვირა გაგრძელდა. დასახელდნენ საინტერესო ავტორები და გაიმართა დისკუსია. მკითხველები წიგნებს წაკითხვის შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აბრუნებდნენ, საიდანაც სხვა დაინტერესებულ პირებს მიჰქონდათ, კითხულობდნენ და ისევ აბრუნებდნენ. გაიმართა წაკითხული წიგნების პრეზენტაცია, ლიტერატურულ- შემეცნებითი ვიქტორინა, სალონური საუბრები და დისკუსიები.

აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის პროექტი - ,,სასმელი წყალი ზამთარ-ზაფხულ“ ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება. სუფთა და უსაფრთხო წყლის მნიშვნელობაზე სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია. სკოლა ჭით სარგებლობდა, კამპანიის შემდეგ კი ბავშვების ინიციატივით სკოლამ წყლის ორი დისპენსერი შეიძინა. ამის შემდეგ მოსწავლეებს მუდმივად განახლებული, უსაფრთხო სასმელი წყალი მიეწოდებათ.

აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის ინიციატივა - ,,ჩემი, შენი, ჩვენი წიგნი“ წიგნის პოპულარიზაციისა და საბიბლიოთეკო კულტურის დანერგვას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში სკოლაში არსებული წიგნის ფონდი შეივსო, მოსწავლეებმა საყვარელი ლიტერატურული გმირები გააცოცხლეს, ბავშვებმა თემში წიგნიერების დონის შესახებ კვლევა ჩაატარეს. გამართეს მშვიდობიანი აქცია „დავუბრუნოთ სიცოცხლე წიგნებს“ და სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ დახეულ, თითქმის მაკულატურად ქცეულ წიგნებს ახალი სიცოცხლე შესძინეს. პროექტის შედეგად, მოსწავლეები და თემში მცხოვრები ადამიანები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს კვლევითი, სოციალური, შემოქმედებითი, სააზროვნო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები განუვითარდათ.

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოლო-კონცერტი გამართა. კონცერტმა დიდი ოვაციებისა და აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა.

კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტს ასევე დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების პრემიის მიმნიჭებელი კომისიის წევრები. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა გიორგი შარვაშიძის პრემიაზეა წარდგენილი.

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six 2019 წლის 6 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნიან.

აფხაზეთის კაპელა მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებულ ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს შეასრულებს.

დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით გადაიცემა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

7 ნოემბერს კი აფხაზეთის კაპელა სოლო კონცერტს გამართავს Respire Temple Neuf-ის ტაძარში, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

დიმიტრი გულია იყო მრავალმხრივი მოღვაწე: მან უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზური კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში, კ. მაჭავარიანთან ერთად, რუსული გრაფიკის საფუძველზე, შეადგინა აფხაზური ანბანი, ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი, 1922-1924 წლებში ივანე ჯავახიშვილის მიწვევით ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ა. შ.

დიმიტრი გულიას ამ და სხვა დამსახურებებზე აფხაზი ხალხის ისტორიაში ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

აფხაზი პოეტისა და მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ლექსები და ფრაგმენტები წაიკითხეს მსახიობებმა თამარ ცქვიტინიძემ, გიორგი კაჭახიძემ და ნიკოლოზ ფაიქრიძემ. ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი, კვარტეტმა „აფხაზეთი“, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ანსამბლამა „გუმბათი“. დიმიტრი გულიას ლექსები აფხაზურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნანა ძიძარიამ და ალექსი ბასარიამ. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ წარმოადგინა აფხაზური ხალხური ცეკვა. შემოქმედებითი საღამოს რეჟისორი იყო გიორგი თავაძე. საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს თანამშრომლები: მანონ ბულისკერია, ნატო კორსანტია, კახაბერ ძაძამია, გიორგი ფარცვანია.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში, აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა წაიკითხეს აფხაზური ლექსები, ჩანახატები, შეასრულეს მუსიკალური კომპოზიციები. მათ ასევე მოაწყვეს საღამო - „აფხაზურ-ქართული ხელოვნება უძველესი დროიდან დღემდე“, წაიკითხეს საინტერესო რეფერატები - აფხაზეთის მხატვრები და აფხაზეთის მუსიკოსები და ბოლოს კი ყოველივე ამის გარშემო დისკუსია გამართეს.

სკოლების სამუსიკო და ქორეოგრაფიულმა წრეებმა წარმოადგინეს აფხაზური სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეებმა გამოფინეს ნახატები თემაზე - „ჩემი აფხაზეთი“ და აფხაზურ ენაზე შესრულებული კალიგრაფიული ნამუშევრები.

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

განმცხადებელს  მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
  • რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
  • სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს  ბოლო  სემესტრის  მონაცემებით);
  • წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი  გადასახდელი  თანხის  ოდენობა).

პროგრამაში შევიდა ცვლილება, მინისტრის ბრძანებით  თანადაფინანსება განისაზღვრა შემდეგნაირად:

  1. 500 ლარის ოდენობით- ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით   80-დან  90%-მდე );
  2. 700 ლარის ოდენობით- ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით   90% და მეტი);
  3. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში.

სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. მეოთხე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება I ნოემბერ და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.

თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე:  +995 595 34 33 20; +995  577 09 22 39.

განცხადებების  მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68.

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" ფარგლებში მცხეთის, წილკნისა და ძალისის არქეოლოგიური ადგილები მოინახულეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია ყველასათვის" მხარდამჭერია ბრიტანეთის ,,ექსტერის“ უნივერსიტეტი და იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გააცნოს არქეოლოგიური ნიმუშის გზა გათხრებიდან საგამოფენო დარბაზამდე.

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა მცხეთის მიმდებარე არქეოლოგიური ბაზა, წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი და ძალისის ნაქალაქევი მოინახულეს. მოსწავლეებს არმაზის არქეოლოგიურ ბაზაზე ნივთების კონსერვაციისა და რესტავრაციის გაკვეთილები ჩაუტარდათ. მოზარდებმა დაათვალიერეს ფონდები და ახლადშექმნილი სამეცნიერო ლაბორატორია. ბოლოს თავადვე აღადგინეს დაზიანებული ნივთები, რომლებიც მათ საჩუქრად გადაეცათ.

სკოლის მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა საქართველოს ერონული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან ძოწენიძე. აგრეთვე, მათ ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია და ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა რურუა. დასასრულ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციამ დევნილ მოსწავლეებს უმასპინძლა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანადგომისათვის მადლობას უხდის პროგრამის ხელმძღვანელს, ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს დავით ლორთქიფანიძეს.