აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის თეატრალური დასი „ნიღბები“ მონაწილეობდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალ „მაჩაბელაში“, რომელიც „თეატრი ათონელზე“-ში გაიმართა.

ფესტივალზე ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-მა აკ. წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ბუტიაობა“ წარადგინა.

თეატრალური დასი „ნიღბები“ ხუთი წლისაა. დასის ხელმძღვანელის, რეჟისორ თამარ იმნაიშვილი-ბრეგვაძისა და დამწყები თეატრალების ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა. მათ ერთობლივად დადგეს არაერთი ლიტერატურული კომპოზიცია და სპექტაკლი, რომელთა შორის გამორჩეულია: „წუთისოფელი“ (ხალხური ზეპირსიტყვიერების მიხედვით), „ჩვენ დავბრუნდებით“ (აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის თემაზე), „ვინ მოკლა ილია?!“ (პატრიოტულ და ისტორიულ-შემეცნებით თემაზე), „ახალი წელი“ (პანტომიმა) და ა. შ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეორე სახელმწიფო ენაა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მის დაცვასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. აფხაზური ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში გამოიცემოდა და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა, აფხაზურ ენაზე ხშირად იკითხება „ვეფხისტაოსანი“ და ა. შ.

ამ დღის აღსანიშნავად, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის, აფხაზი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ირმა კეკელიძემ და ჯაბა ჯაიანმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და სხვ.

აფხაზური ენის დღის აღნიშვნა ხვალ დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმისთვის აფხაზეთის მკვიდრი პოეტისა და მხატვრის მანონ ბულისკერიას ნამუშევრის - ,,კედლების გემო" (100X70) გადაცემის ცერემონიას დაესწრო. როლანდ ნიჟარაძემ ასევე დაათვალიერა მუზეუმის მდიდარი კოლექცია და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მანონ ბულისკერიამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და უპირველესად, ამ იდეის ინიციატორს, არაერთი საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტის ავტორს რაჭაში, პოეტ გურამ გორდეზიანს.

 

25 ოქტომბერს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ომი და ქალი“ ფარგლებში, რეჟისორ ირინა ბოკუჩავას ფილმის − „ომის პატარძალი“ − ფრაგმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

ირინა ბოკუჩავა არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მას აფხაზეთის თემაზე ასევე გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა". რეჟისორისთვის „ომის პატარძალი“ პირველი მხატვრული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იქნება, რომელიც აფხაზეთის ომში მტრის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს. სცენარის ავტორი და რეჟისორია ირინა ბოკუჩავა, ოპერატორი - ბექა ფარჯიანი.

პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მწერალი გურამ ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა და სხვ. პრეზენტაციას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატის, გამორჩეული ხმისა და სათქმელის პოეტის შოთა ნიშნიანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს მხარდამჭერი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. აქვე შედგა პრეზენტაცია პოეტის ახალი კრებულისა, რომელშიც მისი აქამდე გამოუქვეყნებელი პოემები შევიდა.

ნიშანდობლივი იყო, რომ დიმიტრი ჯაიანის დარბაზის მონიტორზე გავიდა ჩანაწერი, რომელზეც თავად დიმიტრი ჯაიანი შოთა ნიშნიანიძის აფხაზეთისადმი მიძღვნილ, აფხაზურ-ქართული ოდინდელი ნათესაური ურთიერთობის ამსახველ ლექსს „აფხაზურ კანტატას“ დიდი ემოციითა და სითბოთი კითხულობს. საიუბილეო საღამო გახსნა და შოთა ნიშნიანიძის პოეზიაზე ისაუბრა პოეტმა, შოთა ნიშნიანიძის ახალი პოეტური კრებულის ერთ-ერთმა შემდგენელ-რედაქტორმა მაყვალა გონაშვილმა. მან აღნიშნა, რომ შოთა ნიშნიანიძე დღესაც განსაკუთრებით უყვარს ახალგაზრდობას, რაც პოეტის უკვდავების დასტურია. „შოთა ნიშნიანიძის, აფხაზეთზე განსაკუთრებულად შეყვარებული და მისადმი მიძღვნილი არაერთი შესანიშნავი ლექსის ავტორის საიუბილეო საღამოს ჩვენი სამინისტროს თანადგომით გამართვა ჩვენთვის განსაკუთრებით პატივია“, - აღნიშნა გამოსვლისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

საღამოს უძღვებოდნენ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები. შოთა ნიშნიანიძის ლექსები ჩვეული ოსტატობით წაიკითხა მსახიობმა მურმან ჯინორიამ. შოთა ნიშნიანიძეზე, როგორც შესანიშნავ პოეტსა და პიროვნებაზე, ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა, ცნობილმა მწერლებმა და პოეტებმა. საღამოს მუსიკალურ თანხლებას უწევდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ შოთა ნიშნიანიძის ოჯახის წევრები, რომლებმაც ბოლოს დიდი მადლობა გადაიხადეს პოეტის ასე ლამაზად გახსენებისთვის.

პროექტის - „ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ანსამბლ ,,შავნაბადას“ მოწვევით, თბილისს, თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსებისა და კავკასიის სხვა ერების წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტის, პროზაიკოსისა და პოეტის, კაფე ,,გალაკტიონის“ დამფუძნებლის ირაკლი კაკაბაძის თაოსნობით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში რამდენჯერმე მოეწყო ქართულ-აფხაზური მუსიკის მასტერკლასები, რომელსაც ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე უძღვებოდა. ამავე ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლში ერთ-ერთ პროტესტანტულ ტაძარში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზები, ქართველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ქართული მუსიკისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ამჯერად უკვე ჩვენებურები, რომელსაც ანსამბლი ,,კავკასიელი არწივები“ წარმოადგენს (ხელმძღვანელი ზურაბ ტარიელაძე), 19 ოქტომბერს საქართველოს ეწვივნენ. სამი დღის განმავლობაში მასპინძლებმა სტუმრებს თბილისის არერთი ღირსშესანიშნაობა დაათვალიერებინეს. ბოლოს კი ,,კავკასიელმა არწივებმა“ და „შავნაბადამ“ ერთობლივი კონცერტი გამართეს. კონცერტს უძღვებოდა „შავნაბადას“ სამხატვრო ხელმძღვანელი დათო ცინცაძე. მან დამსწრეთ ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ ანსამბლ ,,კავკასიელი არწივების“ წევრმა ბურაქ ალქანმა (თოდნაძე) მეორე წევრს - აიშე ოლგუნს (თავაძე) ხელი საგანგებოდ ჯვრის მონასტრის ეზოში სთხოვა. საგულიხმოა, რომ ახალგაზრდებს საცხოვრებლად საქართველოში სურთ გადმოსვლა. დამსწრეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით მიესალმა მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ვახტანგ ყოლბაია და გია გვაზავა, ლიტერატურისა ხელოვნების წარმომადგენელები, დევნილი და არადევნილი საზოგადოება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტ „მე ვარ აფხაზეთის“ ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება მოეწყო.

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების როკ-ჯგუფმა „ოცნებამ“და საესტრადო განყოფილების ანსამბლმა „მაფშალიამ“ კონცერტი გამართეს; ჩატარდა ასევე ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა; აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა, იმერეთის მხატვართა კავშირთან ერთად ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები მოაწყვეს; ბავშვების ხალისიან განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა იზრუნეს. ორგანიზტორებმა მოზარდებს საჩუქრად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები და ჟურნალები, მაისურები წარწერით „მე ვარ აფხაზეთი“ გადასცეს და პოპკორნითა და გამაგრილებელი სასმელით გაუმასპინძლდნენ. დასასრულ ბავშვებმა ცაში ფრანები და ფერადი ბუშტები გაუშვეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.

2019 წლის 19 ოქტომბერს ოლიმპიურ სასახლეში საკალათბურთო გუნდმა ,,აფხაზეთმა“, რომლის მწვრთნელებიც არიან ალექსი და ლიკა ქაჯაიები, საქართველოს ,,ბ“ ლიგის ფინალურ მატჩში გუნდი ,,ვინგსი“ დაამარცხა (ანგარიშით 73:52) და ლიგის გამარჯვებული გახდა.

,,ბ” ლიგის გათამაშება თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ,,ბ” ლიგის გათამაშება წლეულს 56 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალურ მატჩში მოთამაშე გუნდებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა შესაბამისი ხარისხის მედლები გადასცეს. გუნდ ,,აფხაზეთის“ კაპიტანს საბა კალმახელიძეს ჩემპიონის თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცა.

ფოტოები: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

2019 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, კალათბურთში“ (ახალგაზრდებს შორის) ,,ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირი“ გამართა.

ტურნირი ვერის ბაღში მდებარე საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრის შედეგად პირველი ადგილი ,,ქუთაისმა“ დაიკავა, მეორე ადგილი - ,,აზერბაიჯანმა“, ხოლო მესამე ადგილი - ,,აფხაზეთმა“.

გამარჯვებული გუნდები ნოდარ დარახველიძის შვილიშვილმა ნოდარ დარახველიძემ და ვალერი ჯგერენაიას შვილებმა: გიორგი და ირაკლი ჯგერენაიებმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა კი პირველი ოთხი გუნდის საუკეთესო მოთამაშეებს ბურთები გადასცა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, 20 ოქტომბერს აფხაზეთის საკალათბურთო თექვსმეტწლამდელთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონი გახდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო ხელოვნების განყოფილების ინიციატივით, მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი სასწავლო-საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, 14 ოქტომბერს, მცხეთობის დღესასწაულზე, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის მოეწყო ექსკურსია დიდი პოეტის ვაჟა-ვშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში.

პროექტში ჩართულმა მოზარდებმა დაათვალიერეს ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, გაეცნენ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ საარქივო და ფოტომასალას. მათ პოეტის პატივსაცემად სახლ-მუზეუმის ეზოში მოაწყვეს საგანგებო კონცერტი, შეასრულეს ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები, წაიკითხეს ვაჟას ლექსები და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

11 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ჭადრაკის სასახლეში ჩაატარა ტურნირი ,,აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში“ (მოსწავლეთა შორის).

ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები. ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა კავკასიძე ილიამ, მეორე ადგილი - მიქავა გიორგიმ, ხოლო მესამე ადგილზე შამათავა გიორგი გავიდა.

გოგონათა შორის ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - ზარქუა ანასტასია; II - მიქავა ლიზი; III - თოლორაია ელენე.

დასასრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ზარქუამ ტურნირის საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებთან და მათ შორის ოქროს და ვერცხლის მედალოსნებთან შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. ამასთანავე მათ მედალოსან კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმოდ გადასცეს.

შეხვედრას აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანებას ხელს სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს. სოხუმის შუქურა, ლითონის კონუსისებური კოშკი, სანავიგაციო ნაგებობაა და ის სოხუმის სანაპიროზე, გუმისთის კონცხზეა განთავსებული. სწორედ აქედან ეწოდა მის ირგვლივ მდებარე დასახლებულ რაიონს მაიაკი.

სოხუმის შუქურა ფრანგული წარმოებისაა, ის 1861 წელს პარიზში ცნობილი ინჟინერის ერნესტ გუენის ფირმაში დამზადდა. მოგვიანებით ამ ფირმამ შექმნა ეიფელის კოშკი და დღეს ერნესტ გუენის სახელი ამ კოშკზე საპატიო 72 სახელს შორის არის ამოტვიფრული.

კონსტრუქცია სოხუმში 1861 წელს ჩამოიტანეს და მის აწყობას 150 დღე დასჭირდა. სოხუმის შუქურა ექსპლუატაციაში 1864 წლის 14 აპრილიდან შევიდა. მისი სიმაღლე 37 მეტრია, ნათების სიშორე 14 საზღვაო მილი. შუქურის შიდა დახვეული კიბე 137 საფეხურისგან შედგება და იმ სიმაღლიდან სოხუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ულამაზესი ხედი იშლება. ამიტომაც თავის დროზე სოხუმის შუქურა ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა და აქ ქალაქის სტუმრები მოჰყავდათ ხოლმე.

ამჟამად სოხუმის შუქურა ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაშია, მის კიბეზე ასვლაც ძალიან საშიშია და გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს.

2019 წლის 8 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მხატვარ ალექსანდრე თოდუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ნამუშევრები.

მხატვარი ალექსანდრე თოდუა დამსწრეთ წარუდგინა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და სხვ.

გამოფენა 2019 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა ღვაწლის დაფასებისა და მათთვის პატივის მიგების მიზნით, გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარას საშუალო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს - ჟენია გასვიანსა და მარო გამყრელიძეს ეწვია.

როლანდ ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა მათ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მომავალ თაობებზე ზრუნვისათვის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა მრავალგანსაცდელგამოვლილ პედაგოგებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

მასწავლებლებმა დიდი სიხარული და მადლიერება გამოთქვეს გახსენებისათვის. მათ აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ შინ დაბრუნების იმედი ჯერაც არ დაუკარგავთ.