აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება მასწავლებლის დღე და მიზანი ყველგან ერთია: მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და მათთვის მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

მასწავლებლობა ოდითგან ერთ-ერთ ყველაზე საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიად იყო მიჩნეული. მიუხედავად ღირებულებათა გადაფასებისა, ასე დღესაც და ასევე იქნება ხვალაც, რადგან ქვეყნის უკეთესი მომავალი უკეთესი მომავალი თაობის გარეშე წარმოუდგენელია, ეს კი - ღირსეული მასწავლებლის გარეშე.

დღეს ხშირად ამბობენ: „ყველაზე დიდი ინვესტიცია მომავალი თაობის აღზრდაში ჩადებული ინვესტიციააო“, მე კი ერთსაც დავამატებდი: ამ ინვესტიციის წარმატება თქვენს გარეშე წარმოუდგენელია.

ჩემი და ყველა სხვა მილოცვაც, რომელსაც დღეს მიიღებთ, უპირველესად მადლიერების გამოხატვაა ჩვენი მომავალი თაობის აღზრდაში გაწეული წვლილისათვის და მისი ადეკვატური დაფასებაც ვერანაირი ანაზღაურებითა თუ ჯილდოთი ვერ მოხდება. ეს მხოლოდ თქვენი აღზრდილების წარმატებებსა და მიღწევებს შეუძლია. ამიტომაც გისურვებთ, ბევრი ამგვარი წარმატებული აღზრდილი გყოლოდეთ!

ჩემი მილოცვა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასწავლებლებს ეკუთვნით, მაგრამ მინდა გამოვყო აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების პედაგოგები. პირველნი - აქ, დევნილობაში მოზარდებს აფხაზეთის სიყვარულსა და იქ დაბრუნების რწმენას უნერგავენ; მეორენი კი - იქ არსებულ ურთულეს ვითარებაში, ბავშვებს საქართველოს ერთიანობის იდეით მუხტავენ და აკრძალულ ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას აშკარად თუ მალულად ასწავლიან... ეს ქვეყნის გამთლიანებისთვის დაუღლელი ბრძოლაა და გისურვებთ, ამ ბრძოლაში ყველას ერთად გაგვემარჯვოს!

როლანდ ნიჟარაძე,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 2019 წლის 21 სექტემბერიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა გამართა, ალპინიადის ინიციატორები იყვნენ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია და ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ,,ჟიული შარტავას საზოგადოება“.

4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ამ ალპინიადის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ამასთანავე დააჯილდოვეს მთამსვლელები, რომლებმაც ამ დღეებში ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალი ხელმეორედ დალაშქრეს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს, რომელიც ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარეობს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და მთამსვლელები.

ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ალპინიადის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის სიგელებით დააჯილდოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ამავე სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, სააქციო საზოგადოება „ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე და სხვ.

ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და სხვები. მეუღლემ ლია ჯალაღონიამ, ჟიული შარტავას დაფასებისა და უკვდავყოფისათვის, თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს განსაკუთებული მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის დარბაზში ცნობილი სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის ია მაისაიას სიმღერების ალბომის „აფხაზეთო, მე უშენოდ, მზეც ობოლი მგონია“ პრეზენტაცია გამართა. კომპაქტ-დისკი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა გამოსცა. სიმღერები მარიკა ქაცარავასა და „სანო“-ს ხმისჩამწერ სტუდიებში ჩაიწერა. ალბომში წარმოდგენილია კომპოზიტორის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ნაწარმოებები.

კულტურის დარგში ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ია მაისაია დაჯილდოვებულია: ღირსების ორდენით; გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და სხვ. მისი შთაგონების უპირველესი წყარო მშობლიური აფხაზეთია და შესაბამისად, არერთი სიმღერა აქვს მისთვის მიძღვნილი.

პრეზენტაციაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ია მაისაიას სიმღერების ალბომის გამოსვლა მიულოცა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა. აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ ია მაისაია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა კი ის ნაყოფიერი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, დიპლომით - „თამარ დედოფლის ენდალმა“ დააჯილდოვა.

ია მაისაიას შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრეს: მუსიკათმცოდნემ მაია დათუნაშვილმა, პოეტებმა მზია ხეთაგურმა, მაია კახიძემ და თამარ შაიშმელაშვილმა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლიტერატურულ-შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ქარდავამ. ღონისძიებას მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი უძღვებოდა.

საღამოზე, მუსიკალურ კრებულში შესულ სიმღერებს ასრულებდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ბოკა კვეკვესკირი, თინათინ ჭულუხაძე, მამუკა პავლიაშვილი, ჯაბა მესტვირიშვილი, ანსამბლები: „მუხამბაზი“ და „მეცო“. კომპოზიტორი ია მაისაია საღამოზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდა და თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

სიმღერების ალბომის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქართული ინტელიგენციისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2019 წლის 2 ოქტომბერს, სოხუმის ,,ცხუმსა“ და სოხუმის ,,დინამოს“ შორის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატის კალენდარული მატჩი გაიმართა. მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და გაიმარჯვა სოხუმის ,,დინამომ“ (ანგარიშით 2-1).

მატჩის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა მატჩი შეაფასა და სოხუმის ,,დინამოს“ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

გამომცემლობებმა - ,,ინტელექტმა“ და ,,არტანუჯმა“ აფხაზეთის საჯარო და გალის რაიონის ოკუპირებული ზონის სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს 2019-20 სასწავლო წლისათვის სასკოლო და მეთოდოლოგიური ლიტერატურა (სულ700-მდე წიგნი) უსაჩუქრა.

მოსწავლეებს გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოები მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო მასწავლებლებს - მეთოდოლოგიური ლიტერატურა.

 

29 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები და აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეებმა, გიდის თანხლებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური და შუა საუკუნეების საგანძური, საქართველოს არქეოლოგიისა და ქვის ხანის საქართველოს დარბაზები და საქართველოს ოქროს ფონდი დაათვალიერეს; ხელოვნების მუზეუმში კი - გამოჩენილი ქართველი მხატვრების - ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის მუდმივმოქმედი ექსპოზიციები.

მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი გელენავა და მინისტრის მთავარი მრჩეველი მალხაზ კორძახია, ასევე მშობლები და პედაგოგები.

29 სექტემბერს, ვერის პარკში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სამინისტროებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გამართა.

ტურნირში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც მონაწილეობდა და მას წარმოადგენდნენ შიდა შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი ფინალისტები ლანა ხიჯაკაძე და გუგა ჭყონია. სამინისტროების ფინალისტებს შორის გამართულ შეჯიბრებებში ლანა ხიჯაკაძემ წარმატებით ითამაშა და მე-2 ადგილი დაიკავა.

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ სოხუმის დაცემის დღეს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. უწმინდესმა და უნეტარესმა ჯვრის სასწაულმოქმედ ძალაზე იქადაგა და ბოლოს აღნიშნა:

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. იქ დაღუპული ადამიანების ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას აფხაზეთისკენ, იმათი ლოცვა აამაღლებს ყველა დაცემულ ადამიანს... და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში!“

წირვას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

ამავე დღეს აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით, 35-მდე მხატვარმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ერთობლივი მასშტაბური ტილო, სახელწოდებით „გზა ტაძრისაკენ, გზა ამაღლებისაკენ“ შექმნა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა მხატვრებმა ტილოზე სიმბოლურად  გამოსახეს აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძარი, სადაც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III განისვენებს და ამ ტაძრისკენ მიმავალი გზა, რითაც კიდევ ერთხელ გთქვეს: დაცემას ამაღლება მოჰყვება და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.

წირვის დასრულების შემდეგ მხატვრებმა ფერწერული ტილო „გზა ტაძრისაკენ, გზა ამაღლებისაკენ“ სამების საკურთხეველში ააბრძანეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და ტაძარში მყოფ მრევლს წარუდგინეს.

სოხუმი 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების - პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღეს დაეცა. გოლგოთის გზაზე შემდგარ აფხაზეთის მოსახლეობას დღემდე არ ტოვებს იმედი, რომ გოლგოთასა და ჯვარცმას... აღდგომა და ამაღლება მოჰყვება. ამგვარი იმედითა და რწმენით მოვიდა აფხაზეთის წართმევის 26-ე წელიც.

შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 27 წლის წინათ, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და მალე ის რუსეთის ღია აგრესიაში გადაიზარდა. ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი, ხოლო აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული გახდა.

ქართველი ერისთვის ამ ტრაგიკულ დღეს აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. ტრაგედიის 26-ე წლისთავზეც აქ სამძიმარს იღებდნენ ომში დაღუპულთა დედები.

შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გვირგვინებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო.

ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა - 2019-ის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდაში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა. შეჯიბრებები მეკლდეურობაში (კლდეზე ცოცვაში), თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდში და სიმძიმეების აწევაში შედგა. ღონისძიების ინიციატორი იყო ეროვნული ერთიანობის ცენტრი - ,,ჟიული შარტავას საზოგადოება“ და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, შეჯიბრების ორგანიზატორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

ჯერ კიდევ შარშან, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირის სახელის უკვდავსაყოფად, ცნობილმა ალპინისტებმა აღმოსავლეთ კავკასიონის ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე ერთ-ერთი მწვერვალი დალაშქრეს და მას საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ეს ინიციატივა - ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირის სახელის უკვდავსაყოფად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნოდა, ხოლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და მთამსვლელებმა. წლეულს მთამსვლელები უკვე მეორედ ავიდნენ ამ მწვერვალზე.

დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას ჟიული შარტავას გმირობის მაგალითი და მისი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ; ვახტანგ ყოლბაიამ, ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა; როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა და სხვ.

როგორც ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა: „ჟიული შარტავას მწვერვალს, იმ სიმაღლეს, რომელიც თავად გმირმა დაიპყრო, ამიერიდან ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. შესაბამისად, ჟიული შარტავას ხსოვნის დღე ამიერიდან მარტოოდენ მისი ხსენების დღე კი არ უნდა იყოს, არამედ ამ დღეს უნდა დაუკავშირდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენები“. სწორედ ამ კონტექსტში, ამავე ალპინიადის ფარგლებში დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენელთა განცხადება „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ“ (იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში, დღეისათვის საქართველო 4 ნომინაციითაა წარმოდგენილი).

საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტექნოლოგიებისა და ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: გოგი თოფაძემ, ს.ს. ,,ყაზბეგის’’ პრეზიდენტმა, პ/მ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა; ელდარ ნადირაძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარმა კურატორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა; ნოე ხოზრევანიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის ფაკულტეტის დეკანმა, მეცნიერებათა დოქტორმა და სხვ.

შეკრებას ესწრებოდა ინგუშეთიდან საგანგებოდ ჩამოსული დელეგაცია და შესაბამისად, ხაზგასმულად ითქვა ქართველი და ინგუში ხალხის ისტორიულად განსაკუთრებით თბილ ურთიერთობაზე.

აქვე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნება - ,,ხრიდოლის“ საჩვენებელი გამოსვლა, ჟიული შარტავას სახელობის მემორიალის - მეკლდეურობაში, თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდში და სიმძიმეების აწევაში - გამარჯვებულთა დაჯილდოება.

დასასრულ სტუმრების მიღება გამართეს გოგი თოფაძემ და შალვა კერესელიძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა.

ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი ღონისძიებები კიდევ რამდენიმე დღე გასტანს.

 

ქ. თბილისში 25-26 სექტემბერს „იმედის“ სპორტულ მოედანზე ჩატარდა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი აფხაზეთის თასზე ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის მინი-ფეხბურთში. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირის ჩემპიონი და აფხაზეთის გარდამავალი თასის მფლობელი გახდა თბილისის „თბილისი“, მეორე ადგილზე გავიდა ზუგდიდის გუნდი, მესამე ადგილს დაეუფლა გორის გუნდი.

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური, ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია ბატონ ავთანდილ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით.

თბილისის „თბილისი“ მესამედ გახდა ტურნირის გამარჯვებული და მოპოვებული გარდამავალი თასის მუდმივი მფლობელი.

პირველ ადგილზე გასულ თბილისის გუნდს აფხაზეთის გარდამავალი თასი და მედლები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადასცა ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის უფროსმა ავთანდილ ჩიხრაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით, მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის ბაღში კონცერტი გაიმართა. მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბერი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაწესდა.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული გოგონათა ფოლკლორულ-ვოკალური ინსტრუმენტალური ანსამბლი „გუმბათი“, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის აღსაზრდელები, დიდუბის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრები, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები და სხვ.

დამსწრეთ მშვიდობის საერთაშორისო დღე მიულოცეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ირმა კეკელიძემ, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ თემურ ჩალაბაშვილმა, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ, მრავალშვილიანმა აფხაზმა დედამ ზაირა შანბამ და სხვ. საღამოს უძღვებოდნენ სამინისტროს თანამშრომლები: ნონა ბერაია და შალვა ბერიანიძე.

კონცერტის ბოლოს მონაწილეებმა ცაში, სამშვიდობო გზავნილებით, საჰაერო ბუშტები გაუშვეს.

ამასთანავე, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებში მშვიდობის გაკვეთილები, ლექციები და თემატური საღამოები გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ აფხაზეთიდან დევნილ სპორტულ გუნდებს (რაგბის, ფეხბურთის) და ე. წ. „ვექტორის“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი გადასცა.

დევნილ ახალგაზრდებს სპორტული ინვენტარი დაურიგეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნონა შონიამ და სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.

ქ. თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობები, საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი“ და კომპანია „არ-ემ-ჯი“. მათი წარმომადგენლების განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ფორუმზე 9 თვიანი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ასევე, საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები: დაცული ტერიტორიების შესახებ და სხვ.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სანახაობრივი და გასართობი პროგრამები, ტრადიციული რეწვისა და აგროსამეწარმეო პროდუქტები, ეთნოგრაფიული მასალები. ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ ორგანიზებით ფორუმზე ცალკე საექსპოზიციო სივრცე ეთმობოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არტეფაქტების ამსახველ მასალას. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიასა და დღევანდელობაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი პატაშურმა,  შერმადინ შარიამ და  თეკლა გაწერელიამ.

ფორუმს სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო საქმის მესვეურებს ყველა დონეზე აქტიურ მხარდაჭერას შეჰპირდა.

ფორუმს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, რომელმაც განაცხადა: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა სრულიად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს ძეგლები დღეს ოკუპირებულია, ჩვენთვის მიუწვდომელი და ძალიან საშურია, რომ მათი ისტორია და დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, განუწყვეტლივ შევახსენოთ საზოგადოებას შინ თუ გარეთ. ამიტომაც განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა. აქ ითქვა, რომ ფორუმი ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. შესაბამისად, ვისურვებდი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობაც ყოველ ფორუმზე განსხვავებული რაკურსითა და მასშტაბით იყოს წარმოდგენილი, ხოლო ამ პროცესში ჩვენი სამინისტრო სიამოვნებით ჩაერთვებოდა“.

 
 
 

როგორც აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლაში, ასევე მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. ზეიმი გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ. მან აღნიშნა, რომ სკოლა ყოველ ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება და ამ მხრივ არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. მან ამისთვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ამერიკელ ინვესტორებს. ახალი სასწავლო წლის დაწყება დამსწრე საზოგადოებას ასევე მიულოცეს ამავე სკოლის დირექტორის მოადგილემ ჟანა ცხომარიამ და სკოლის ამაგდარმა პედაგოგმა სონია სონგულიამ.

სკოლას სტუმრობდა და მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ და მათ წარმატებული და შემოქმედებითად ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

ზეიმზე უფროსკლასელებთან ერთად თავს იწონებდნენ პირველკლასელები, რომლებსაც ტრადიციულად საჩუქრად ნეთბუკები და წიგნები გადაეცათ.