25 ივნისს Georgian Junior Academy • საქართველოს ახალგაზრდული აკადემიას ორგანიზებით, ინტერნეტსივრცეში დაიწყო საბავშვო მუსიკალური კონკურსი 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის. მონაწილეობის მსურველებს საკუთარი ნამღერის ვიდეო (სოლო ან მეგობრებთან ერთად ნამღერი - დუეტი, ტრიო ან კვარტეტი) უნდა გაეგზავნათ ან #smulecom აპლიკაციის საშუალებით მათთვის სასურველი სიმღერა უნდა ემღერათ, რაც #JuniorAcademy და #SmuleGeorgiaJunior შემოწმების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდებოდა.
კონკურსი 6 ივლისს დასრულდა და მისი გამარჯვებული და ხალხის რჩეული გახდა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი სალომე ზუხბაია. მან სმულეს (#smulecom) 1-წლიანი VIP ანგარიში მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდულმა აკადემიამ გოგონა ასევე უფასო მასტერკლასებით დაასაჩუქრა. სალომე ზუხბაია 3 წლიდან, დედასთან ერთად, იტალიაში ცხოვრობს. ის ამჟამად მილანში, ლა-სკალას აკადემიის გუნდის პირველი ქართველი მოზარდი მომღერალია (50 ბავშვიდან 13 საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა).
კონკურსის ფინალისტები არიან ასევე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები: „#ბასტიბუბუს“ აღსაზრდელი თეკლა წურწუმია (მეორე ადგილი) და ლილე ბენდელიანი (მესამე ადგილი). ორივე მათგანიც სმულეს (smule.com) 1-წლიანი VIP ანგარიშით დააჯილდოვა.
იხ. სალომე ზუხბაიას ნამღერი: https://bit.ly/2OwlZ16
იხ. თეკლა წურწუმიას ნამღერი: https://bit.ly/398eFlV
იხ. ლილე ბენდელიანის ნამღერი: https://bit.ly/3h6sqEE
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის მოზარდებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„დინამო“ სოხუმის ახლადშექმნილი ქალთა საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს
საფეხბურთო გუნდ „დინამო“ სოხუმთან შეიქმნა ქალთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.
„დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა.მის შემადგენლობაში ითამაშებენ: ნეგარ საიდი, თამარ ახობაძე, მარიამ როსტიაშვილი, ნატო კევლიშვილი, ნინო ჩანგელია, მარიამ კაკალაშვილი, ანა კულდონაშვილი, ლანა ქარდავა, მარიამ ბექიშვილი, ელენე ელოშვილი, მედეა მუმლაძე და სხვ. გუნდის მთავარი მწვრთნელია დავით თაქთაქიშვილი.
სექტემბერში დიღმის მასივში მდებარე ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე გაიხსნება, „დინამო” სოხუმის აკადემია, სადაც გოგონებისა და ვაჟების გუნდები ივარჯიშებენ. ეს იქნება ამიერკავკასიაში პირველი გოგონათა აკადემია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, „დინამო“ სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდს ევროპის მასშტაბით წარმატებულ ასპარეზობებს უსურვებს და სხვებთან ერთად იმედოვნებს, რომ ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს - ,,აფხაზეთი საქართველოა!" - მის ფარგლებს გარეთ გაიტანს.
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსი უფროსკლასელებისთვის – „ბერტა ფონ ზუტნერი – ევროპა საქართველოში“ დასრულდა, კონკურსში 150-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა და იგი ევროპული ღირებულებების უკეთ შემეცნებასა და ქართულ-ავსტრიული ურთერთობების განმტკიცებას ემსახურება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 6 გამარჯვებული, რომელთაგან პირველი და მესამე პრემია გალის რაიონის ორი სხვადასხვა სკოლის XI კლასის მოსწავლეებს გადაეცათ.
• პირველი პრემია - ჯიმი თუთისანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა (XI კლასი); გალის რაიონის XI კლასის მოსწავლე;
• მეორე პრემია - კესო ავალიშვილი, ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლა (XI კლასი); სოფიო ბასიალაია - ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლა (XI კლასი);
• მესამე პრემია - ანა კეკოშვილი, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა (XII კლასი); გალის რაიონის XI კლასის მოსწავლე;
კონკურსში გამარჯვებულები 6 ივლისს, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში დააჯილდოვეს.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი ენგურის ხიდის პირობებში, გალის რაიონის საჯარო სკოლების გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიას დისტანციურად დაესწრნენ.
გამაჯვებულებს კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით ,,ბერტა ფონ ზუტნერის“ პრემია, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ცერემონიას გალის რაიონის საგანმანათლებლო რესუსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის, ჟიული შარტავასა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2016 წელს დაწესდა. სტიპენდიების დაწესება ემსახურება მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას.
სტიპენდია გამიზნულია ასევე სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების წარდგენის ვადაა 2020 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველების განცხადებების წარდგენისა - 2020 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართები:
საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული მსახიობი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია 60 წელი იდგა სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. ის თავის კოლეგებთან ერთად ქმნიდა ამ თეატრის ისტორიას, მის შემოქმედებით ცხოვრებას, მათ შორის ოქროს ხანად წოდებულ პერიოდს.
სერგო პაჭკორიამ დიდი ოსტატობით აღბეჭდილი სახეები შექმნა ისეთ გახმაურებულ სპექტაკლებში, როგორებიცაა უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ (ანტონიო), კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (ზვიად სპასალარი), გურამ ბათიაშვილის „1832 წელი“ (ნიკოლოზ ფალავანდიშვილი), ჰ. იბსენის „ბრძოლა ტახტისათვის“ (ნიკოლასი), ნ. დუმბაძის „ერთი ცის ქვეშ“ (ხრისტო), დემნა შენგელაიას „ბათა ქექია“ (ბათა) და ა. შ. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში აისახა მსახიობის თანამედროვე ეპოქა თავისი ჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით. მან, როგორც სოხუმის თეატრის მთელმა დასმა, საკუთარ თავზე იწვნია საქართველოს ძიძველი კუთხის აფხაზეთის თავზე დატეხილი უბედურება და დევნილის უმძიმესი ხვედრი გაიზიარა.
სერგო პაჭკორია არა მარტო გამორჩეული მსახიობი, არამედ გამორჩეული პიროვნება იყო, მისი თითოეული პერსონაჟიც (დადებითი თუ უარყოფითი) გამოკვეთილი პიროვნული თვისებებით ამახსოვრებდა მაყურებელს თავს.
„მადლობა ჩემს მაყურებელს გულწრფელი ტაშისთვის, რომელიც ხშირად სიხარულის ცრემლებს მგვრიდა“, - თქვა ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე სერგო პაჭკორიამ, რომლისთვისც მაყურებელს ანალოგიური სათქმელი ჰქონდა: „მადლობა თქვენს მიერ განსახიერებული გულწრფელი როლებისათვის, რომელიც ხშირად ცრემლებს გვგვრიდა“. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ქმნიდა საოცარ კავშირს მსახიობსა და მაყურებელს შორის, რის გამოც ორივე ბედნიერი იყო. და ეს ბედნიერი დღეები და წლები ყოველთვის ემახსოვრება სოხუმელ მაყურებელს.
თეატრმცოდნე ნათელა არველაძე წერდა: „სერგო პაჭკორიას ნიღბები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ბუნება, ისეთივე მრავალგვარია, როგორც ცხოვრება, ისეთივე მბორგავი, სევდიანი, დამაფიქრებულია, როგორც ადამიანი“.
წავიდა ჩვენგან გამორჩეული მსახობი, მბორგავი და ამავე დროს დაფიქრებული პიროვნება, რომელსაც თან გაჰყვა მშობლიურ ქალაქ სოხუმსა თუ მის განუყოფელ თეატრში დაბრუნების სევდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში აფხაზეთიდან დევნილ ბავშებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ ბავშებს სიმბოლური საჩუქრები და სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ გამოცემული ჟურნალები გადასცა.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს „გარემოს გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა ბავშვებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო-შემეცნებითი ბუკლეტები გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა, განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი თემურ ურიდია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი კალანდია სკოლების ინფრასტრუქტურის შესწავლისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით ბორჯომში განთავსებულ აფხაზეთის №22 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
სკოლის დირექციასთან ერთად განისაზღვრა სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და საჭიროებები, რის შემდეგაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ წარმომადგენელთან ნინო ჯიქურაშვილთან სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სკოლის ინფრასტრუქტურის მოგვარების მიზნით თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრ როლანდ ნიჟარაძესთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტურქტურული ერთეულების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მიმდინარე წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში, პროექტებსა და პროგრამებში კორონავირუსის პანდემიის გამო შეტანილ ცვლილებებზე. ასევე, განიხილეს სამომავლო სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და მეცნიერება.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის დარგში - ბოლო ორი წლის განმავლობაში წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართულ თარგმანს, ლიტერატურული კრიტიკისა და დოკუმენტური პროზის ნიმუშებს (არ განიხილება საბავშვო ლიტერატურა). ასევე, პრემია ენიჭება ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს, რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო, აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობე-ბი და წესი:
კონკურსში მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
საკონკურსო განცხადებებისა და თანდართული მასალების მიღების ვადები
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:
საქართველო- თბილისი 0102, უზნაძის ქ.№68, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური, მე-3 სართული,
საკონტაქტო პირი: ლიანა ხურცილავა, ეკატერინე გადილია
ტელ: 599 85 54 41; 595 45 33 45.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრთან” ერთად და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აცხადებს ლიტერატურულ-შემოქმედებით კონკურსს სახელწოდებით „შემოქმედებითი ზაფხული“.
ლიტერატურული კონკურსის თემებია:
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებმაც საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი მონაცემები:
ნაშრომები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: culture@csya.ge
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 15 სექტემბერს.
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ: საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრი”, ჟურნალ „რიწის“ რედაქცია, ჟურნალ „იალქნის“ რედაქცია, ბრენდი „ANOUKI“.
გამარჯვებული ნაშრომი (პროზა, პოეზია, ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ იალქნის სექტემბრის ნომერში, ხოლო ესეების კონკურსში სამ გამარჯვებულ ახალგაზრდას გადაეცემა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები.
რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს გამოავლენს ცნობილი ქართული ბრენდი „ANOUKI“ და გამოიყენებს მას კოლექციაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
პედაგოგებს დისტანციური სწავლების საკითხებში აქტიურობისა და ყველა შესაბამისი შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ. მან აღნიშნა, რომ დროის გამოწვევას ასევე ღირსეულად გაუმკლავდნენ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების პედაგოგები, რომელთაც ისედაც რთულ ვითარებაში - ქართულად სწავლა/სწავლების უკიდურესად შეზღუდვის პირობეში უწევთ საქმიანობა. თუმცა, როგორც როლანდ ნიჟარაძენ დასძინა, მავთულხლართები დიდხანს ვერ გაძლებს და ის მალე ბერლინის კედელივით დაინგრევა.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №6, №7, №11, №14, №15, №21 საჯარო სკოლების პედაგოგები, რომლებმაც ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. ამასთანავე, ილაპარაკეს შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში გამოკვეთილ პრობლემებზე, მათ შორის იმაზე, რომ სკოლებში, რომელთაც ექიმის ვაკანსია არა აქვთ, ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა დადგა, რაზეც მათ თანდგომა აღუთქვეს.
ვიდეოკონფერენციას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა.