აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩ მარია ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მთავრობის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო.

რუსლან აბაშიძემ ნიდერლანდელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში განხილულ საკითხებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და მინისტრის მოადგილეებმა ალექსანდრე მოწერელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი კოტე ბასარია წარუდგინეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და ერთობლივად განსახორციელებელ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიმდინარე  სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  ბესიკ ჭანტურია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დავით ძალამიძე, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშნენ.

წარმომადგენლობებში ახალი ხელმძღვანელი პირები მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ წარადგინეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

რუსლან აბაშიძემ სლოვაკ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის ორგანიზებით „მაგთი კლუბში“ აფხაზი მხატვრების ნამუშევრებით შექმნილი კალენდრის „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაბეჭდი 14 ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს. პროექტის მიზანია ნდობის აღდგენისა და ხელოვანთა შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარების პროცესის ხელშეწყობა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, დევნილი მხატვრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორ ნეჯლა დემირდაღს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ნეჯლა დემირდაღს თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით დევნილთა საჭიროებებისათვის მორგებული პროექტების მომავალში განხორციელების საკითხებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაზე მთავრობის წარმომადგენლები კოორდინირებულად იმუშავებენ. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დევნილებთან შეხვედრაში იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

რუსლან აბაშიძემ ბრიტანელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის ფარგლებში განხილულ საკითხებსა და შედეგებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და აფხაზეთის საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის და 2020 წლის გეგმების წარდგენას დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა და მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს,  თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს  დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, თანაუგრძნობს დაზარალებულებს და მორალურ მხარდაჭერას უცხადებს თურქ ხალხს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მუსიკალური სპექტაკლების  „ბრემენელი მუსიკოსები“ და  „თოვლის დედოფალი“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ბოლოს აფხაზეთიდან დევნილ 1000-მდე მოზარდს საჩუქრად ტკბილეული გადაეცა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიენებულ სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე იმსჯელეს. ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

სხდომაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ასევე იქ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ადგილზე არსებულ დაძაბულობასა და რთულ კრიმინოგენულ ვითარებას, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

მოხსენების შემდეგ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე კომისიის და კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უკრაინის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს მიუსამძიმრა.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე ქალაქ წყალტუბოში იმყოფებოდნენ, სადაც ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და დაიწვა საცხოვრებელი ფართი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხანძრის დროს  დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს.

შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად  იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა იმყოფებოდა.

ხანძარი 8 იანვარს, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“) გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა დევნილთა საცხოვრებელი ფართობი და ინციდენტს აფხაზეთიდან დევნილი 65 წლამდე ასაკის ორი ქალბატონი ემსხვერპლა.