აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2019 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. სახელმწიფო პრემია ყოველწლიურად ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში გაიცემა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: დავით ბაძაღუა (ფერწერა), სალომე კაპანაძე (წიგნისთვის „კონტექსტი“), ნაირა მარშანია (კრებულისთვის „ადრე თუ გვიან“) და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. პრემიის ლაურეატებს ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მომზადებისა და აფხაზეთის პრობლემატიკის გაშუქებისთვის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელს მაია ტორაძეს და სტუდენტებს - ილია მეგრელიძეს, ლიანა მარქარიანს, სალომე მელიქიშვილს, თამუნა ზარანდიას, ნატალია პატარკაცაშვილს, ანი დეკანოსიძეს, ნინო წულაიას, ნინო ჭკოიძეს, ელენე ზაქაშვილს, ნანუკა ქაჩიბაიას, ნატო ობოლაძეს, ანა ცუცქირიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელები გადაეცათ.

„ჩემი აფხაზეთი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კვარტალური გაზეთია, რომელიც 2005 წლიდან გამოიცემა და სამინისტროს საქმიანობას, ასევე, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვან საკითხებს ასახავს. გაზეთის რედაქტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნატო კორსანტია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს  რუსლან აბაშიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  საკითხებში  დავით ფაცაციას და პროექტ „ქართულ-აფხაზური საგას“ დამფუძნებლებს შეხვდა.

მიღებას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი აფხაზი მეცნიერის – ფერიდე აცამბას ოჯახის წევრები, სოფელ ფერიის სკოლის დირექტორი, ამავე სკოლის აფხაზი მოსწავლეები და სხვა პირები.

შეხვედრაზე ითქვა თუ როგორი დიდია მისი უწმინდესობის როლი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობაში და სახალხო დიპლომატიის გააქტიურებაში. აღინიშნა ისიც, რომ პროექტის, – „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა  ქართველმა  და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს და შეასრულეს აფხაზური ფოლკლორული სიმღერები. მოსწავლეებმა ქართულად და აფხაზურად წაიკითხეს ფრაგმენტები ,,ვეფხისტყაოსნიდან“ და ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონიდან“.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და ბრძანა: „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ბედნიერი შობა-ახალი წელი გქონდეთ თქვენ და საქართველოს და მსოფლიოს!“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ღონისძიება „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ გაიმართა. საღამოში სოფელ ფერიაში მცხოვრები მოზარდები და მარტვილში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მცხოვრებმა  ქართველმა  და აფხაზმა ახალგაზრდებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს. ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებით დაკომპლექტებულმა მარტვილის №2 საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „აფსნი“-მ ქართული ცეკვები და ხალხური სიმღერები შეასრულა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის“ ბათუმის კლუბისა და ქართულ-აფხაზური საგას წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები ესწრებოდნენ.

ღონისძების შემდეგ, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს საპატრიარქოში,    სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,   უწმიდესსა  და უნეტარესს ილია II-ს ესტუმრნენ.

პროექტის „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ მიზანია ქართველი და აფხაზი საზოგადოების შეხვედრების გააქტიურება, ნდობის აღდგენის, შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ანზორ მარგიანის (დელეგაციის ხელმძღვანელი), საერთაშორისო საკითხებში  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწის ნანა გოგოხიას,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ბექარ მიქაბერიძის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გოგიტა თედორაძის შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით ქალაქ პეკინში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის საერთაშორისო კომერციის პალატის მიერ ორგანიზებულ „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის  ფორუმში“ (Listed Companies to Build the B&R International Cooperation Forum).

ქალაქ პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმში ქართული დელეგაციის მონაწილეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ჩინეთის საბჭოს თავმჯდომარე გაო იანგთან, მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტ არუნ მასინგთან, ჩინეთის საერთაშორისო კომერციულ პალატასთან. შეხვედრების დროს გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში  ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ მიიღო მონაწილეობა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის გამოჩენილი სპორტსმენების ფოტოგამოფენა და წიგნის - „აფხაზეთის სპორტი“ პრეზენტაცია გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა წარადგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს აფხაზეთის ვეტერანი სპორტსმენები, სპორტის მუშაკები და წარმატებული სპორტსმენები.

ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 135-ე სეზონი პრემიერით გახსნა - „ტროა, დაკარგული სამოთხე“ (ევრიპიდესა და ჟან-პოლ სარტრის „ტროელი ქალების“ მიხედვით). პროექტი განხორციელდა  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, საქართველოში  თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  მხარდაჭერით. ტექსტის ავტორი და სპექტაკლის დამდგმელია  მოწვეული თურქი რეჟისორი - გამზე თანრივერმიშია.

სპექტაკლი დოკუმენტურია და მასში აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებში მონაწილე ქალთა რეალური ამბებია მოთხრობილი, რომელსაც თან ახლავს   ომის შემდგომ პერიოდში გადაღებული ფოტოებიც. ომმა მათი ცხოვრება დაანგრია, ყველაფერი დაკარგეს: ქმრები, შვილები, სახლ-კარი. ახლა ისინი დევნილობის რთული რეალობის წინაშე დგანან და არ იციან რას უმზადებს მათ ბედისწერა. ნანგრევებად ქცეული ქალაქისა და დამსხვრეული ოცნებების ფონზე, სცენაზე მდგარი ქალები ინარჩუნებენ სიცოცხლის სიყვარულს და რაც მთავარია იმედს, იმედს საკუთარ სახლებში  დაბრუნებისა.

პრემიერას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) საქართელოს ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დერმიდაგი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის  საელჩოს თანმშრომლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და  დევნილი საზოგადოება დაესწრო.

10-11 დეკემბერს  ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრებზე საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

საუბარი შეეხო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო და სეპარატისტული ძალების უკანონო მოქმედებებს - მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და ადამიანთა გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, მკაცრად დაგმეს 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება და კიდევ ერთხელ მოითხოვეს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზი გაესვა, ასევე. გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაცია შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას, გააქტიურებულ მილიტარიზაციასა და მუდმივ სამხედრო წვრთნებს.

კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად, წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი,  თუმცა  მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ სცადეს აღნიშნული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2020 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.

ქალაქ ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სოლო-კონცერტი გაიმართა. კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური კომპოზიციებით წარსდგა.

კონცერტის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ მიმართეს.

კონცერტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და აზერბაიჯანის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პროფესიულ პროგრამებს შეიმუშავებს და მათ ჩართულობას უზრუნველყოფს. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ხასიათის ერთობლივი ღონისძიებები.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა მოაწერეს ხელი.

ასევე, მთავრობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად  დაათვალიერეს კოლეჯის შენობა, მისი ინფრასტრუქტურა,  სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკულ  სამუშაო გარემოს გაეცნენ. დაინტერესებული დევნილებისთვის სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ის დირექტორმა სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხემძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის“ ბათუმის კლუბის ორგანიზებითა და ქართულ-აფხაზური საგას ეგიდით ბათუმის მწერალთა სახლში ბათუმელი აფხაზი ქალბატონის, მეცნიერის, პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის ფერიდე აცამბას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფერიდე აცამბას მოღვაწეობასა და მის წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, საქართველოს საპატრიარქოსა და ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და ფერიდე აცამბას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

დღესვე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ფერიდე აცამბას სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

ფერიდე აცამბა იყო ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტსა და აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ბათუმის საპატიო მოქალაქე. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზი მეცნიერის აღზრდაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - საფრთხეები და გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენციაზე დარგის მკვლევარებმა და მეცნიერებმა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე თავიანთი უახლესი შრომები წარმოადგინეს და მონაწილეებს ამჟამად არსებული მდგომარეობა და სპეციალისტთა შეფასებები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბე“-ს მიერ შექმნილი  დოკუმენტური ფილმის „ბედიის მონასტრის წარსული და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია მოეწყო.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი თამარ ბელაშვილი და ამ მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია სამეცნიერო წრეების ჩართვით ახალი სამეცნიერო კვლევების შექმნა, წახალისება და პრობლემის აქტუალობის გაზრდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები  კრებულის სახით გამოიცემა და  სამეცნიერო წრეებში გავრცელდება, ყველა დიდ ბიბლიოთეკას, უნივერსიტეტს, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამკითხველოებს და ოკუპირებული გალის რაიონში გაეგზავნება.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ისაუბრეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ლომიტაშვილმა „ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობის“ შესახებ მოხსენება გააკეთა და  პარლამენტის წევრებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების ხელყოფის და მათი უკანონო რეკონსტრუქციის ფაქტების ამსახველი ვიზუალური მასალა წარუდგინა. აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია მძლავრი ბერკეტი, რათა აღკვეთოს ძეგლების ხელყოფის ფაქტები და ეს საკითხი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად არის დარჩენილი.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ.

მოხსენების შემდეგ კომისიის და კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაწარმი იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე ცალკე კუთხე დაეთმო აფხაზეთს, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია გამოიფინა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აფხაზური ღვინის და სამზარეულოს პრეზენტაცია და დეგუსტაცია, წარმოდგენილი იყო აფხაზური აჯიკა, ჩაი, თაფლი, კოლხური ბზა და ხელნაკეთი ნივთები.

ფესტივალში მონაწილეობდნენ და საზოგადოების წინაშე კულტურული პროგრამით წარსდგნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი.

ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.