აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  1992 წლის ოქტომბერში გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და საზოგადოებრივი კავშირი „გაგრის“ წევრებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება „აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის“ ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში აფხაზეთიდან დევნილთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდორი-2015“-ის სტაციონარულ საფუტკრეში ღონისძიება „დევნილი მეფუტკრეების მიღწევები და მათ წინაშე არსებული პრობლემები“ გაიმართა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ დათვალიერა წარმოდგენილი პროდუქცია ასევე, გაესაუბრა დევნილ მეფუტკრეებს და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ბიზნეს პალატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები და დევნილი მეფუტკრეები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ფრანგ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და იქ მიმდინარე მოვლენები.

თავის მხრივ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მთავრობის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ.

ლუიზა ვინტონმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც UNDP საქართველოში ახორციელებს. ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე რომელმაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საფრანგეთის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან პატივი მიაგო ჟაკ შირაკის ხსოვნას და ფრანგ ხალხს  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალება მიუსამძიმრა.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში UNICEF-ის საქმიანობის შესახებ, ასევე ორგანიზაციის პრიორიტეტულ განათლების, ჯანდაცვისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებებზე.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მიზანი აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებაა. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბავშვთა უფლებების დაცვას, განსაკუთრებით კი განათლების კუთხით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მისი ქვეყნის ურყევი პოზიციისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთის საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებმა უფასოდ მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები, ასევე C ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი.

სპეციალისტებს შორის იყვნენ კლინიკა „ღია გულის“, რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრისა და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი ესწრებოდნენ.

კინოთეატრ „ამირანში“ რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმის „შინდისი“ პრემიერა გაიმართა. ფილმის საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ფილმში მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ვითარდება და ქართველი ჯარისკაცების ოცეულისა და შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებზე მოგვითხრობს.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ორგანიზებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში აფხაზეთის ომის ამსახველ ფოტოგამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფის - „აფხაზეთის“ მიერ მოწოდებული, ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი 112 ფოტო და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ჯვართამაღლების დღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. 

ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვრისა.

გისურვებთ, რომ ჩვენ ყველამ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ და ჯვარი იყოს მფარველი ჩვენი. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, გოლგოთის შემდეგ მას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეთ ძალა. 

დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს. იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში. ჩვენთან არს ღმერთი!“, - იქადაგა ილია მეორემ.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მე პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს იმისათვის, რომ დღეს, ჯვართამაღლების დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამას; ასევე ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენთვის როდესაც ჩვენ მოვიხსენიებთ ჩვენი გმირების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და ვუსურვო ჩვენს დევნილ საზოგადოებას, აფხაზეთის საზოგადოებას, – გამძლეობა, ჯანმრთელობა და რწმენა“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სამების ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

წირვის მიმდინარეობისას სამების ტაძრის ეზოში 25 მხატვარმა ფერწერული ტილო „გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ“ შექმნეს. მხატვრებმა იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ეკლესიაში მყოფთ წარუდგინეს, ხოლო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა საგალობელი შეასრულეს.

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და საქართველოს მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი სახლმწიფოებრიობის გადარჩენისთვის მებრძოლ და დაღუპულ გმირებს.

დროა წერტილი დავუსვათ ქართველებსა და აფხაზებს შორის გაუცხოებას, უნდობლობას, საფრთხეების იგნორირებას და ვცადოთ საერთო ენის გამონახვა. სტაბილური და პროგრესული ყოფის უზრუნველყოფა ერთობლივ მონდომებას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი დიალოგით ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ ნდობა და გადავჭრათ ყველა საკითხი. დღეს ჩვენი მცდელობები მიმართულია, როგორც დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების მისაღწევად, ასევე აფხაზური იდენტობის და ენის გადაშენების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბათუმში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში საპილოტე პროექტის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ ფარგლებში კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ჩატარდა ტრეინინგები, რომელიც  სამი დღის განმავლობაში  ორ სხვადასხვა ჯგუფთან მიმდინარეობდა.

დევნილებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისების და პროგრამების შესახებ, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებენ. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის კონსოლიდირებული ვერსია) დაურიგდათ.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით განხორციელდა.

საპილოტე პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში.

საინფორმაციო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა დეპარტამენტის თავჯდომარე ბადრი კობალაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დავით ვარშანიძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება მოეწყო. ღონისძიება, ასევე, ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს მიეძღვნა, რომელიც 3 ოქტომბერს აღინიშნება.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში. მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, სადაც სხვა შემსრულებლებთან ერთად აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. პატივს მივაგებთ იმ ხალხს, ვინც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სიძლიერეს შესწირა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპული გმირების წინაშე.

1993 წლის 22 სექტემბერს, თბილისიდან ალყაში მოქცეულ სოხუმში გაფრენილი ტუ -154, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ზღვიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.