აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

რუხის სავაჭრო ცენტრში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსდებას ითვალისწინებს და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესი წამოიწყონ.

დღესვე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ და „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ და „USAID Zrda“ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, USAID -ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, „USAID Zrda“-ს ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ და „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, შერიგებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, USAID-ის, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და  სტუდენტები ესწრებოდნენ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლაში მივიდნენ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს.

სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღინიშნა. სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ და ქართულ ენებზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

მინდა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, დღეიდან  იწყება  ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესი,  რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველად შეაღო სკოლის კარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და  სასწავლო წლის დაწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს მივულოცო. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს, რადგან  ძლიერი და  ერთიანი ქვეყნის მომავალი სწორედ განათლებული, სწავლაზე ორიენტირებული თაობაა“,  - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია იმყოფებოდნენ.

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 2000-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.

ზუგდიდში, აღმაშენებლის №222-ში მდებარე ყოფილი პროფსასწავლებლის შენობას, სადაც განთავსებულია აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. შენობაში შეიცვალა წყალსაწრეტი მილები და განახლდა სკოლის სახურავი.

სკოლაში შესრულებული სამუშაოები ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ დაათვალიერა.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ახალი სასწავლო წელი დღეს აფხაზეთიდან დევნილმა 328 მოსწავლემ განახლებულ შენობაში დაიწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციაში წამყვანი კლინიკების მედიკოსები, მათ შორის კლინიკა „ღია გული“ და კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი კახაბერ ლაცუზბაია მონაწილეობდნენ.

დევნილებმა ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგისა და დერმატოლოგის მომსახურება მიიღეს.

აქციაში მონაწილე პირებს გულის ელექტროკარდიოგრამა, მუცლის ღრუს ექოსკოპია, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში დევნილებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ასევე უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევები სოფელ ვაზიანის საბავშვო ბაღის შენობაში ჩატარდა და სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეს და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე  რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების საჭიროებები განიხილეს და მათ წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის მთავრობის წევრები  აჭარაში ასევე  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.  კონსტანტინე კუჭუხიძე და დავით ფაცაცია კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) , ხინიკაძის №4-ში, ბენზეს დევნილთა ჩასახლებაში, ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები, მოისმინეს ინფორმაცია ჩასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოსახლეობასთან ერთად  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

კახაბრის №34-ში (ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა) მდებარე ობიექტზე მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის საფუძველზე, დასუფთავების და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, გამოიყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე იმუშავებს.  

შეხვედრებში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა მონაწილეობდა.

საქართველოში კლასიკური მუსიკის XI საერთაშორისო ფესტივალ ”ღამის სერენადები”-ს ფარგლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საღამოზე ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მუსიკოსებმა მსოფლიო კლასიკის შედევრები შეასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა მისი გეოგრაფიული არეალის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ქალაქ თბილისის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ რუსთავსა და სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო ჩასახლებებში არსებულ  პრობლემურ საკითხებს  და მოსახლეობის საჭიროებებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა ბინების დაკანონებასთან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. 

რუსლან აბაშიძემ სოფელ ვაზიანში დათვალიერა მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი,  რომელიც  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA“-ს და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტია.

ასევე,  რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა  ვაზიანში   სამკერვალო მინი-ფაბრიკა მოინახულეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან  დასაქმებულები.

დევნილებთან შეხვედრას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმერეთის  რეგიონში - ქუთაისსა და წყალტუბოში აფხაზეთიდან დევნილებს  უფასო სამედიცინო გამოკვლევები  ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმებმა  მიიღეს  მონაწილეობა. სპეციალისტებს შორის იყვნენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, დერმატოლოგი და უროლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, გულის ელექტროკარდიოგრამა, მუცლის ღრუს ეკოსკოპია, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ქალაქ ჯვარში, სოფელ ფოცხოეწერსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრობლემურ საკითხებს და დევნილთა საჭიროებებს.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე მთავარი განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის  მნიშვნელოვან საკითხებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.

მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, რუსლან აბაშიძემ შ.პ.ს. ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია"  მოინახულა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და მოადგილე ნუკრი ხასია, ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და გაეცნო პრობლემურ საკითხებსა და მათ საჭიროებებს. განსაკუთრებით აღინიშნა განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები. 

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა დევნილთა საკითხების მოსაგვარებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის  მნიშვნელოვან საკითხებზე შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრაში ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

„14 აგვისტო, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას ვინც თავი შესწირა ქვეყნის ერთიანობას. სამწუხაროდ, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და მისი მსხვერპლი ჩვენი ხალხი და საზოგადობაა.

საქართველოში განვითარებული მოვლენები არ არის ეთნოკონფლიქტები, არამედ ერთიანი საზოგადოების დანაწევრების მცდელობას წარმოადგენს. დღეს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოება არის, რომელსაც დიდი საფასურის გაღება უწევს, მათ შორის,  კულტურის, ენის, დემოგრაფიის და ნაციონალური იდენტობის ხარჯზე.

აფხაზეთის საზოგადოება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები, იმყოფებიან უდიდესი განსაცდელის წინაშე. ამიტომ ყველამ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, გვეყოს სიძლიერე და არ დავუშვათ მიმდინარე მოვლენების შეუქცევად პროცესებად გადაქცევა.

ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს. სწორედ მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარებას, ვინაიდან მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია“.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთში დაღუპული გმირების დედებთან ერთად ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაკარგულ და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მუზეუმი „მოლოდინი“ მოინახულა.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის სკოლის შენობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, პულმონოლოგი და გასტროენტეროლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, გულის ეკოსკოპია, მუცლის ღრუს ელექტროკარდიოგრამა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და  C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით ბენეფიციარებს „პსპ-ფარმას“ მიერ ჰუმანიტარულად გადმოცემული მედიკამენტები გადაეცათ.

8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო.

ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„აგვისტოს ომი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ამ ომს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანმა დაკარგა საკუთარი სახლ-კარი, დამატებით დაიკარგა ქართული სოფლები  და კოდორის ხეობა. აფხაზეთის საზოგადოება არასდროს არ  შეეგუება ოკუპაციას. საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებით, სამშვიდობო პოლიტიკით, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, გონივრული და პრინციპული პოზიციით ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის გასაერთიანებლად. ქედს ვიხრი დაღუპული ადამიანების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.