აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. დაიგეგმა უახლოეს მომავალში შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის, სადაც დეტალურად მოხდება ყველა საჭიროებების განხილვა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

დევნილებთან შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესა და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

საუბარი შეეხო  იმ ინიციატივებსა და პროექტებს, მათ შორის  სოფლის მეურნეობის, ასევე საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებით, რომელთა  განხორციელება მნიშვნელოვანია გურიის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, გურიის  რეგიონული  სამმართველოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წარმოდგენილი წინადადებების განხილვა იყო. სამუშაო შეხვედრაზე, მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ბინის მიღებისა და ქირის კრიტერიუმების გადახედვის საკითხებს. ასევე, დევნილების მეტ ჩართულობას და კომისიის გამჭვირვალეობის მექანიზმის შემუშავებას. მსგავსი სახის შეხვედრები დევნილთა საინიციატივო ჯგუფებთან, რეგულარულად გაიმართება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ჰეპატიტების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ვინაიდან ყველა მოქალაქისათვის ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები სრულიად უფასოა. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით  ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეებიც აქტიურად სარგებლობენ.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან  თანამშრომლობით,  პროგრამის „დევნილი ახალგაზრდების ჩართულობა  ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“ ფარგლებში ორდღიანი ვორკშოპი ჩატარდა.

ვორკშოპის პარალელურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების გადაღებული ფოტოების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან - ფსოუმდე“ მოეწყო. ასევე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ იტალიაში ერთობლივად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ ჩვენება გაიმართა.

პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია ესწრებოდნენ.

ვორკშოპში 100-მდე 14-დან 18 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობდა. პროექტის ბოლოს მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება შემდეგ თემებზე: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, კონსტიტუცია, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა.

„მსურს გამოვეხმაურო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო  სისტემაში,  ოკუპირებული აფხაზეთიდან  დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებას, რომელთაც  ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და შესაბამისად ვერ მოახერხეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება.  

მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ  ყველა აბიტურიენტს,  განურჩევლად ეროვნებისა, მიეცეთ საშუალება სწავლა გააგრძელონ მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში და არ მოხდეს  მათი  უფლებების შელახვა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.  

მინდა მივულოცო ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა და ვუსურვო მათ წარმატებები“

დევნილთა საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან იძულებით გადაგილებულ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა დევნილების პრობლემები მოისმინა და მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, სამუშაო ფორმატში, შეხვედრებს გამართავენ. რის შემდეგაც, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იძულებით გადაადგილებულ პირებს განმეორებით შეხვდება და მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზებზე უფრო კონკრეტულად იმსჯელებენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის საკითხებს, ასევე ისაუბრეს მიმდინარე პროექტებსა და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რეფორმების განხორციელება და დევნილთა სოციალურ გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება ასევე, მათი დასაქმების მოტივირებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა. რუსლან აბაშიძემ თავის მხრივ დაადასტურა აღნიშნული პოლიტიკის გატარების აუცილებლობა და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად განიხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს დევნილების სოციალურ კეთილდღეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში თამაზ ნადარეიშვილს დღეს  65  წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და  პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე  მონოგრაფიის და მრავალი პუბლიკაციის ავტორი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას სახელობის ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წელს სოხუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ვოვა ვეკუა 1989 წლის 15 ივლისს, შეიარაღებული შეტაკებისას დაიღუპა. იგი იყო აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი.

2010 წელს აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ვოვა ვეკუას სახელი მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ოკუპირებული გალის რაიონიდან მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში მოქმედი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრაზე ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია იმყოფებოდნენ.

საზაფხულო სკოლა 23 ივნისს დაიწყო და მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 600 მოსწავლე იღებს მონაწილეობას, მათ შორის, 43 მოსწავლე ოკუპირებული გალის რაიონიდან. საზაფხულო სკოლა ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობას  მოიცავს. 600 მონაწილიდან 21 გაერთიანებულ სამეფოში, ინგლისური ენის სკოლაში გაემგზავრება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში პროექტ „ზრდა“-ს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ  ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობის უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, საქართველოში USAID-ის წარმომადგენლები დავით წიკლაური და ედუარდ შერმადინი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ლევან გერაძე და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. შეხვედრას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც აჭარის მთავრობა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისადმი იჩენს და ასევე აფხაზების თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას. კერძოდ, ბათუმში მცხოვრები აფხაზური წარმომავლობის მოსახლეობისთვის ენის შენარჩუნების მიზნით, რამდენიმე საჯარო სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა ამოქმედდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, „ბენზეს“ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ და ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. 

დევნილებთან შეხვედრების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში მოზარდებისთვის აფხაზეთიდან დევნილი და ბათუმელი მხატვრების ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები ჩატარდა, ასევე ბავშვების მონაწილეობით ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული როკ-ჯგუფის კონცერტი და სენაკის თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო. ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდების ხალისიან განწყობაზე ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.  მოზარდებს საჩუქრად ჟურნალები „რიწა“ და „იალქანი”, გენო კალანდიას, აზა ბასლანძის პოეტური კრებულები და ტკბილეული დაურიგდათ.