აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

თქვენო უწმინდესობავ!

ქალბატონო პრეზიდენტო!

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

პატივცემულო პარლამენტისა და მთავრობის წევრებო!

პატივცემულო ელჩებო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო!

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო!

მივესალმები სრულიად საქართველოს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს.

ვულოცავ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს, ყველას, ვისთვისაც 26 მაისი ძვირფასია.

მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, ჩვენს წვევამდელებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და უერთგულებთ ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს.

მინდა, განსაკუთრებით მოვულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მეომრებს, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო მისიებში და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იცავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!

ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მის სახელს და ღირსებას. სწორედ ამიტომაც, ნებისმიერი ქართველისთვის ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი.

ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სამხედრო ქალაქის მშენებლობა თბილისში და მსგავს პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს ისტორია ბრძოლის ისტორიაა, ბრძოლისა - თავისუფლებისთვის და რწმენისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, იმ ფასეულობების დაცვისთვის, რომელმაც ჩვენი საერთო ევროპული ცივილიზაცია შექმნა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ევროპული არჩევანი - ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც განაპირობა ქართველი ერის თავგანწირულმა ბრძოლამ და რაც გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ქვაკუთხედი.

მეგობრებო, დღეს იმ რესპუბლიკის დაბადების დღეა, რომლის არსებობა არც გარეულმა მტერმა აპატია საქართველოს და არც შინაურმა.

დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც სწორედ იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგას, 100 წლის წინ რომ ამკვიდრებდა პირველი რესპუბლიკის თაობა.

ჩვენ მადლიერი ვართ ყველასი, ვინც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა.

დღეს არის 26 მაისი და სიმბოლურია, რომ საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 2019 წელს 80 წელი შეუსრულდებოდა ჩვენს პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.

ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ყველა ბრძოლამ შვა თავისი გმირები! ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს ერთგულ შვილებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს ღირსებას. ჟიული შარტავა, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ყველა გმირის სახელი სამარადჟამოდ შევა ჩვენს მრავალსაუკონოვან ისტორიაში და თაობები გაიზრდებიან მათ მაგალითზე.

მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება.

ამ საზეიმო დღეს მე მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და მათ მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე! ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს!

ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია, საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა! ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეში ცოცხლობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამავე დროს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ჩვენი სამშობლოს მომავალს!

მხოლოდ განვითარებით და მშვიდობით, მუხლჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით, სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი ეროვნული იდეით - განათლებით, ჩვენ დავძლევთ სიღარიბეს, ჩვენ დავძლევთ ოკუპაციას და შევქმნით ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს!

დღეს, 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა, მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ეს დღე ჩვენია!

დიდება გმირებს!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებისთვის აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და კვარტეტმა „აფხაზეთმა“ ქართულ-აფხაზური სიმღერები და ცეკვები  შეასრულეს.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის დღე მიულოცეს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

დღესვე, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის პროექტის „აფხაზეთის ფერების“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

2019 წლის აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 17 მაისს სოფელ რუხში, რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ღონისძიებით - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიხსნა და 23 მაისს აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა.

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ პარაკლისი აღავლინა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი გოგი ფაცაცია და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.

2014  წლიდან 23 მაისს ყოველწლიურად აფხაზეთის დღე აღინიშნება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე. ასევე, იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე,  გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და სხვა მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ.

შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის რაგბის ფედერაციის ორგანიზებით რაგბიში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ გუნდები: ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, პტენა, აწყური, ასპინძა, ნაქალაქევი, ბორჯომი, ზუგდიდი 1, ზუგდიდი 2.

პირველი ადგილი ზუგდიდი 1-მა დაიკავა, მეორე ადგილის მფლობელი გახდა - ბორჯომი, ხოლო მესამე ადგილს ადიგენის გუნდი დაეუფლა. გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდა.

აფხაზეთის  დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში“ და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა. გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში. საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მაისურები - ტექსტით მე ვარ აფხაზეთი და აფხაზეთის ქალაქები.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონებსა და ბავშვებს დაეთმოთ, სადაც მათთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები ჩატარდა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლიგუმბათი, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები ცნობილი კომპოზიციებით.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოება მამა მალხაზმა დალოცა.

აფხაზეთობის კვირეულის დაწყება მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 23 მაისი წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ გამოცხადდა.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ უმაღლეს საბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დასამტკიცებლად წარუდგინა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად კენჭი უყარა ახალ შემადგენლობას და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანზორ მარგიანმა დაიკავა.

განათლებისა და კულტურის მინისტრად როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ივანე დოლიძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად დავით გვაძაბია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი, ხოლო სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუხში მდებარე სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ სათბურები და ლურჯი მოცვის სანერეგე მეურნეობა დაათვალიერა, სადაც სხვადასხვა ბოსტნეული და აშშ-დან ჩამოტანილი მოცვის 5 სახეობის ნერგებია განთავსებული.

სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, კავშირი-ასოციაცია „აგორას“ დირექტორი თენგიზ სვანიძე და რუხში მცხოვრები დევნილები იმყოფებოდნენ.

ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა 2018 წელს „USAID“-ის პროგრამა „ზრდა“-ს ფინანსური დახმარებით მოეწყო. მეურნეობაში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული და სამომავლოდ პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გატანა იგეგმება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ სენაკის სამხედრო დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებსა და იქ არსებულ პრობლემებს.

ასევე, ორი დღის განმავლობაში რუსლან აბაშიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე კომპაქტური ჩასახლება მოინახულა.

დევნილებთან შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზესტაფონში მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ბიჭიკო კაკაბაძეს ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა,  გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა.

ომის ვეტერანთან ასევე სტუმრად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობის ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

„ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  გამარჯვების დღეს და პატივს მივაგებ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.

ვაფასებ ყველა იმ ვეტერანის ღვაწლს, რომელთა შორის აფხაზეთის მკვიდრნიც მრავლად არიან. მათ თავიანთ მხრებზე გადაიტანეს ომის მთელი სიმძიმე და დღეს, ამაყნი, ვალმოხდილნი, გამარჯვებულნი დგანან  საკუთარი ქვეყნისა და  კაცობრიობის  წინაშე. ჩვენი ვალია, მათი თავდადება და გმირობა სათანადოდ იყოს დაფასებული  და  მაგალითს წარმოადგენდეს მომავალი თაობებისთვის“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

ვაკის პარკში  იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და კომპანია „კარფურმა“ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აგრაფინა თავართქილაძესა და შოთა გვილავას ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.

კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით სასაჩუქრე კალათა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ყველა დევნილ ვეტერანს გადაეცემა.

საქართველოს ჩაის მწარმოებელთა  ასოციაციისა და   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით  დღეს  მთაწმინდის პარკში ყოველწლიური ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეებიც მონაწილეობდნენ. კოოპერატივმა „კოდორი-2015“ ფესტივალზე თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის ფართო არჩევანი წარმოადგინა, რომელმაც სტუმრებისა და სპეციალისტების მაღალი შეფასება მიიღო.

ფესტივალზე იმყოფებოდა  საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. პრემიერმა თავის გამოსვლაში ხარისხის ნიშნის მინიჭების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლის მიზანია აგრარული სექტორის ბიზნეს-სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. 

ფესტივალის ფარგლებში 13 წარმატებული კომპანიის წარმოდგენელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  ხარისხის სხვადასხვა ნიშნები გადასცა.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღევლინა. ტაძარში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობისთვის გადაცემული იერუსალიმიდან ჩამოტანილი სადაფის ჯვარი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის, ჭკადუაშის, ზედა ეწერისა და ინგირის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. რუსლან აბაშიძე ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს და არსებული პრობლემები მოისმინა.

დევნილებთან შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.