აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე,  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წელს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში დაიღუპა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილე არ არის რიგითი მოვლენა. სახელგანთქმული კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟის, სამეცნიერო-ლიტერატურული სფეროს გამორჩეული მოღვაწის, დისიდენტის და პრეზიდენტის საქმენი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიერ.

ინფორმაცია, მეხსიერება, ლოგიკა ანალიზისათვის საჭირო საყრდენებია და ამ საყრდენების გამოყენებით, ჩვენ უნდა ვთქვათ:

დიდია მისი ღვაწლი რუსთველოლოგიის განვითარების, ქართული კულტურის, ისტორიის შესწავლის საქმეში. ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, მონოგრაფიები, წერილები დღევანდელ ეტაპზე უფრო საკრალურ და ღრმა დატვირთვას იძენს.

საბჭოთა სისტემაში ძნელი იყო „გეცურა“ დინების წინააღმდეგ, მაგრამ მან ეს შეძლო მერაბ კოსტავასთან, სხვა თანამოაზრეებთან ერთად და გაიმარჯვა.

ზვიად გამსახურდია 1978 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ წარგენილი იყო ნობელის  მშვიდობის პრემიაზე და ეს ნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო მხოლოდ ქართული მოვლენა, მისი სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური დონე მსოფლიო სტანდარტებს უტოლდებოდა.

ღირს გახსენებად ზვიად გამსახურდიას და მისი თანამოაზრეების ღია ბრძოლა „საქართველოს მოამბით“, განათლების სფეროს მოსკოვის იმ ჩინოვნიკთა მიმართ, რომელთაც სასწავლო პროგრამებიდან ამოიღეს საქართველოს ისტორიის გაკვეთილები, შეფასებები და შესაბამისად აკრძალეს ატესტატებში საგნის აღნიშვნა.

ზვიად გამსახურდია მხოლოდ ერთი წელი,ერთი თვე და რამდენიმე დღე იყო  ხელმძღვანელი პირველი პირი საქართველოში, მაგრამ მოასწრო იმის გაკეთება, რასაც ათეული წლები შეალიეს და ვერ მოახერხეს თაობებმა. მან ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 31 მარტს და ამ რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი დაუდო 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: დაპირისპირების, ღალატის, არასახელმწიფოებრივი, არაეროვნული აზროვნების დრო წარსულშია, ერის მსახურება კი დღევანდელობის, ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზური ენის  მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და წიგნის ავტორებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, რომ წიგნი აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

საღამოზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა და ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, თბილისის სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის გამგე დეკანოზმა გიორგიმ (გუგუშვილი), რომლებმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საღამოს თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა (გუნია) უძღვებოდა, შესრულდა ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები და საგალობლები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ბათუმში ,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ გაიხსნა. პროექტში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.

ასამბლეის გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით ხორციელდება. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია მსგავსი შინაარსის საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს. პროექტი აგრეთვე მოიცავს საგრანტო-სარეზოლუციო პროექტების კონკურსს. სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლებიც მცირე გრანტის ფარგლებში განახორციელებენ სარეზოლუციო პროექტებს.

ბათუმის მერიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ქალაქ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს  შეხვდნენ. შეხვედრას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ კლუბ „ბათუმის“ წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელ ნათელა დუმბაძეს იუბილე მიულოცა და წლების მანძილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

დღესვე ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, საპატიო ბათუმელს, პროფესორ ნათელა დუმბაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

ნათელა დუმბაძე არის არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელი. მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი და იუნესკოს სიგელის მფლობელი. აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით. 2015 წელს იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სენაკში ჩავიდა და გალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენთაგანისათვის, კიდევ ერთი ტრაგიკული დღის მოწმენი გავხდით. მომხდარი ფაქტი, არის დადასტურება იმისა, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ ცხოვრება გალის რაიონის ძირძველ მოსახლეობას - ქართველებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ დღეს მათ მამაპაპისეულ მიწა-წყალზე. ზღვარი ადამიანური ღირსების დაცვასა და სიცოცხლის შენარჩუნებას შორის გადის. პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს -  ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ფაქტორს ეკისრება.

სწორედ ამიტომ არის საჭირო, საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის გაუგებრობა და ინსინუაციები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

ვუსამძიმრებ  ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მომხდარი ტრაგედიის გამო თანადგომას ვუცხადებ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.   

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა.

დღესვე 3 დაღუპული დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთში 1993 წლის 15-16  მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზმა სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და მოწინააღმდეგის სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. შეტევის მოგერიებაში განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ქართულმა არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა უკან დაეხია. სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა. ქართული შენაერთებიდან კი დაახლოებით 190 მებრძოლი დაიღუპა. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზური ენის  მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის. მასში მოცემული გაკვეთილებისა და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.

ღონისძიების მონაწილეებმა აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებასა  და მის განვითარებაზე ზრუნვას.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე  მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ წარმოადგინეს. ფერიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. ასევე, აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები აფხაზურ ენაზე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავას ცხოვრებასა  და მოღვაწეობაზე  ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი,  გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და  თეატრის  მსახიობები. საღამოზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმის „ჩვენი დროის გმირი“ ფრაგმენტები, რომელშიც ასახულია აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების სიცოცხლის უკანასკნელი კადრები.

საღამოზე ჟიული შარტავას ოჯახს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის ინიციატივით დაწესებული სპეციალური ჯილდო მედალიონის სახით, წარწერით „სოხუმელი“ გადაეცა.

ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს დამდგმელი რეჟისორი იყო  საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა ნინო სადღობელაშვილის პიესის - „დაბადების დღე“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა.

სპექტაკლი მაყურებელს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენების შესახებ და ჟიული შარტავას უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. პიესა აგებულია აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობისა და ზეპირი ისტორიების საფუძველზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დასსა და ხელმძღვანელობას სპექატკლისათვის - „დაბადების დღე“ მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული სპექტაკლის მაღალ მხატვრულ დონეზე დადგმისათვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

სპექტაკლის ჩვენება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.

ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ  გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას.

გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების მამია ალასანიას და გურამ გაბესკირიას საფლავები.  

ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ასევე, საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. ასევე, მოეწყო ალპინიადისადმი მიძღვნილი  ვიდეო კლიპების პრეზენტაცია. ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე მოწყობილი პირველი ალპინიადის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ალპინიადის მონაწილეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

დაჯილდოება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ეროვნული ალპინიადა 2018 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. დალაშქვრის შედეგად აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს (სიმაღლე 3700 მეტრი ზღვის დონიდან), საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.