აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

რამდენიმე საათში ახალი, 2019 წელი კარს შემოგვიღებს. დადგება ქრისტეს დაბადების 2019 წელი.

ვუსურვებ  საქართველოს ყველა ოჯახს, დიდსა თუ პატარას, ბედნიერებას, სიხარულს, კეთილდღეობას, ხვავსა და ბარაქას, ტკივილების მოშუშებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

ვუსურვებ საკუთარი კუთხიდან დევნილ მოსახლეობას  განსაკუთრებული შობა-ახალი წლის დღეებს, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოუტანს იმ იმედის აღსრულებას, რომელსაც შინ დაბრუნება ჰქვია. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს დავანებებთ მამა-პაპათა ნაფუძარს, მრავალი თაობის მიერ შექმნილ დოვლათსა და ბარაქას. იქ ჩვენი სახლია, ჩვენი სულია, ჩვენი ჭირ-ვარამი და სიხარულია. არ ვიცი რომელი ადამიანური საზომით შეიძლება შეფასდეს თქვენი  მოთმინება, შრომისმოყვარეობა,  რაშია თქვენი გასაოცარი სიცოცხლისმოყვარეობის, ფოლადისებური სიმტკიცისა და გამძლეობის ამოუცნობი საიდუმლო. ნათქვამია, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებსო. ამიტომაც,  ნურაფრის ნუ შეგვეშინდება! ჩვენ მხარს გვიჭერს და გვერდით გვიდგას მთელი პროგრესული კაცობრიობა,  პოლიტიკური თუ სამოქალაქო ძალა. მაგრამ  ჩვენი მომავალი ჩვენვე უნდა გამოვძერწოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა აფხაზებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის საქმეში. ჩვენ ყველანი ერთნი და ერთიანნი ვართ. ჩვენვე უნდა დავძრათ აისბერგი, რომელსაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩახერგილი აქვს. ახალი 2019 წელი უნდა იქცეს ქართულ-აფხაზური  ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისად, ახალი იდეების, ახალი მიდგომების დამკვიდრების გზაზე.

როგორც უნდა იღვაწონ ოკუპანტებმა ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერ დაატრიალებენ, ღვთისა და კაცობრიობის ნებას წინ ვერ აღუდგებიან.  ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით. ბიბლიაში ნათქვამია: არის ჟამი სიძულვილისა და ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა და სიცოცხლისა. ჩვენ სიცოცხლეზე, სიყვარულზე და ერთმანეთის დაბრუნებაზე ვფიქრობთ. ორივე მხარეს მყოფებმა ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა მომავალი წელი გახდეს გარდამტეხი იმ ურთიერთობების აღდგენაში, რომელიც ტრადიციულად გვაკავშირებდა ორ უძველეს და უნიკალურ ერს. ერთად უნდა დავძლიოთ წინააღმდეგობები, ერთად უნდა დავივიწყოთ წყენა, უთანხმოება, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი მშვიდობისა და შერიგებისთვის ერთობლივად ვიღვაწოთ. აფხაზეთში დაბრუნებამდე უნდა დავუბრუნდეთ ერთმანეთს სიყვარულით და სიკეთით. გამარჯვება ჩვენი ხვედრია.  მართალია, სამართალი  ურმით დადის, მაგრამ სამაგიეროდ ყველას კართან მიდის.

მინდა მოგმართოთ ყველას, ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ოკეანის გაღმა და ევროპაში, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მყოფნო, მინდა ხმა მოგაწვდინოთ, მოგეფეროთ, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, გისურვოთ ჯანის სიმრთელე, წინსვლა და გამარჯვება იყოს მუდამ თქვენი თანამგზავრი და გზის მანათობელი.

ახალი წლის დამდეგს მინდა  ნუგეში ვცე სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა დედებს, მამებს, მეუღლეებს, შვილებს, ყველა ჭირისუფალთ. სამშობლო არასდროს დაივიწყებს თქვენს ძვირფას სახელებს.

განსაკუთრებული იყოს ეს წელი საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის, ჩვენი პატარების, ჩვენი საამაყო ახალგაზრდობისათვის,  ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.

 

ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს!

მრავალ ახალ შობა-ახალ წელს დაესწარით ძვირფასო მეგობრებო!

იდღეგრძელეთ და იბედნიერეთ!

ღმერთი ფარავდეს ერთიან საქართველოს!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია ასი ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით ზესტაფონში აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა მოხუცები და მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ჩავიდა, იქ მცხოვრებ აფხაზეთის ომის მონაწილეების ნაწილსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

საახალწლო ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აბრეშუმის გალერეაშიაფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი იუბილარი მხატვრების - რამინ აფაქიძის (80 წ.), ნერსე ბაცაშის (70 წ.), ზურაბ ჭედიას (60წ.) ალბომების პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემულ ალბომებში შესულია ხელოვანების მიერ წლების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები. იუბილარების ნამუშევრები მრავალ საგამოფენო სივრცესა და კერძო კოლექციებს ამშვენებენ.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ გადაღებული ფილმი „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა".

მხატვრებს საიუბილეო თარიღი და ალბომების გამოცემა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ დააფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ მიულოცეს.

საღამოს აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებოღონისძიებათა მიმართულების ხელმძღვანელი დავით ბაძაღუა უძღვებოდა.

ღონისძიების ფარგლებში საშობაო გამოფენა, სახელწოდებით „ფერ-ფორმანსი" გაიხსნა, რომლის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს 29 დეკემბრამდე ექნება.

რამინ აფაქიძე - თანამედროვე ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე და განსაკუთრებული ხელწერით გამორჩეული მხატვარი, გახლავთ არაერთი პრემიის ლაურეატი და აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის წოდების მფლობელი. ამაგდარი პედაგოგი, რომელიც არაერთი სახელოვანი მხატვრის აღმრზდელია,  მათ შორის აფხაზი მხატვრებისაც.

ნერსე ბაცაში - ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ორმოცამდე ქანდაკების ავტორია, მათ შორის „ოქროს საწმისი -  ჯვარცმული საქართველო", „დავით აღმაშენებელი",  „მძიმე ჯვარი", „ძმათა მონანიება" და სხვა. ქანდაკება „ლიეტუვის გამათავისუფლებელი" კი დასახელებულია წლის საუკეთესო ნამუშევრად. არის გაეროს კონკურსის გამარჯვებული.

ზურაბ ჭედია - აფხაზეთის გამოჩენილი მხატვარი,  აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი.  მის ნამუშევრებში აფხაზეთის თემატიკა ჭარბობს: „ზღვა და მირაჟები", „ნოსტალგია", „გზა", „განწყობა" და სხვა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ახალგაზრდული ანსამბლი „მაფშალია" და როკ-ჯგუფი „ოცნება" მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ირემაძე, ჟურნალ „იალქნის" მთავარი რედაქტორი ნანა ჭანტურია და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში დაბა სურამში სანატორიუმ მზიურში, ნაკადულსა და სურამში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გეგმიური ღონისძიების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ მიიღო: ოჯახის ექიმის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ონკოლოგის, მამოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და დერმატოლოგის მომსახურება.

ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია (მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის) ელექტროკარდიოგრაფია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. ასევე, C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდნენ.

კომპოზიტორთა კავშირში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2"-ის ორგანიზებითა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ღონისძიების ბოლოს, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2"-ის დირექტორი ლელა უბილავა, მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტში - „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში" წარმატებული მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სამუსიკო განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2"-ის სასწავლო ნაწილის გამგე მარინა გერგედავა და იურისტი ანა შარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

მინისტრმა თავის გამოსვალში ყურადღება გაამახვილა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის მიმართულებით გატარებულ ძირეულ რეფორმებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე.

ანგარიშში წარმოდგენილი მასალები მომზადებული იყო ადგილობრივი და ასევე მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის (HUES-ის კვლევა) შედეგების გათვალისწინებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლიდან ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული ძირეული რეფორმები საგრძნობლად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

მინისტრის ანგარიშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღსაყდრებიდან 41-ე წლისთავს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს:

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ავტოკეფალური, სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლობის ორმოცდამეერთე წლისთავს.

არ გვტოვებს იმედი, რომ თქვენი მეუფების მადლი გაამთლიანებს, გააძლიერებს და გააბრწყინებს საქართველოს.

გისურვებთ დღეგრძელობასა და მხნეობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ".

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „სულიერი ცხოვრების ციცინათელები" გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს ხელოვანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, ასევე, ისაუბრეს კულტურის სფეროში მათ მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: დეკანოზი ბიძინა (გუნია), ზურაბ ერქვანია, ელდარ გეწაძე, ლევან ღვინჯილია, დავით საყვარელიძე, გიორგი ბალახაშვილი. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ვოკალური ჯგუფი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები: თემურ გუგუშვილი, თემურ ელიავა, ლამარა გოგლიჩიძე, ლელა უსეინაშვილი, 2018 წლის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი ლექსო კაპანაძე  და 195-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ქაშიბაძე.

საღამოზე წარმოდგენილი იყო სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას მოღვაწეობის ამსახველი სურათების გამოფენა. საღამოს არქიმანდრიტი ადამ ახალაძე უძღვებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ქეცბა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებების თანამშრომლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებში ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრეინინგები გაიმართა. ტრეინინგებში თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი და თბილისში არსებული დიასპორების წარმომადგენლები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან ფსოუმდე“. ასევე წარმოდგენილი იყო წიგნი „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ და გაიმართა ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ბელა კოპალიანმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან“ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა და სხვ. 

საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით სამთავრობო ინიციატივა „პირველი ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" მიძღვნილი შეხვედრა-დიალოგი გაიმართა. შეხვედრის თემა - „ქალთა როლი სამთავრობო ინიციატივების განხორციელებაში" იყო. მოწვეულმა სტუმრებმა ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, ქალთა და ომის ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები, მეცნიერები, იურისტები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას სარეპეტიციო დარბაზი დღეს საზეიმოდ გაიხსნა დღეს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეპეტიციო დარბაზი გაიხსნა.

ახალგარემონტებული დარბაზის გახსნაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელმა ზვიად ბოლქვაძემ ლენტი საზეიმოდ გაჭრეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელასა და ნუკრი კაპანაძის მონაწილეობით კონცერტი მოეწყო. 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებული დარბაზი, რომელიც დიმიტრი ჯაიანის ინიციატივით გარემონტდა, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას გადაეცა. მიმდინარე წელს განხორციელდა დარბაზში ხმის რევერბერაციის დროის გაზომვა და დარბაზის აკუსტიკის კამერული გუნდისთვის სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად გადაწყდა, დარბაზის ჭერის დაფარვა Sonaspray K-13 აკუსტიკური მასალით. ამ მიზნით, ჰოლანდიიდან სპეციალურად იქნა ჩამოყვანილი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოში პირველად განახორციელა აკუსტიკის მოწყობა აღნიშნული ტექნოლოგიით. დარბაზში ასევე დამონტაჟდა გამათბობელ-გამაგრილებელი სისტემა. სარეპეტაციო დარბაზის გარდა მოეწყო შემოქმედებითი საქმიანობისათვის განკუთვნილი დამატებითი სამუშაო სივრცე.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას უკვე აქვს შესაძლებლობა თანამედროვე სტილის დარბაზში გააგრძელოს შემოქმედებითი საქმიანობა. დარბაზის სრული რეაბილიტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდმა  და არასამთავრობო ორგანიზაციამ „გენი ქართული" აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ბავშვის ჯანსაღი კვება და უსაფრთხო ბავშვობა" (რა იწვევს ტყვიის მაღალ შემცველობას ბავშვის ორგანიზმში, უსაფრთხო სათამაშო) გამართეს.

ღონისძიებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, საქველმოქმედო პროგრამის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი, პროფესორი ნინო თოთაძე და პროფესორი რევაზ სულუხია ესწრებოდნენ. საქველმოქმედო აქცია  კლინიკაში "ბაზი" გაიმართა.

აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ათ მრავალშვილიან ოჯახს 6 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და სათამაშოები გადაეცა.

ასევე, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში  კომპანია „ისი-პარის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია შამუგიამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან  დედებს საჩუქრები გადასცა.