აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა აფხაზეთის თეატრის დარბაზის განახლების პროცესი დაათვალიერეს.

დიმიტრი უზნაძის №68-ში მდებარე, 250 მაყურებელზე გათვლილი აფხაზეთის თეატრის დარბაზის სარემონტო სამუშაოები დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.

„დევნილობის 25 წლის განმავლობაში, ჩვენ საზოგადოებას საკუთარი თეატრი არ გააჩნდა. როგორც ყველასათვის ცნობილია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ-ებს წარმოადგენს ჯერ კიდევ სოხუმში დაარსებული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი", გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, ასევე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა", რომელთა უნიჭიერესი მსახიობებით დაკომპლექტებულ დასებს წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრების სცენებზე უწევდათ მოღვაწეობა. ვამაყობ, რომ შევძელით და ეს ნატვრა ავუსრულეთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას.

სულ მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდება ამ დარბაზის განახლების პროცესი და ყველა ჩვენ კოლექტივს საშუალება მიეცემა მაღალი ხელოვნება საკუთარი სცენიდან წარმოაჩინოს. უზომოდ მიხარია, რომ ჩვენი დევნილი მოსახლეობა კიდევ ერთ კერას შეიძენს, სადაც მათ სხვადასხვა ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ და დარწმუნებული ვარ მათ ანშლაგი და ოვაცია არ მოაკლდებათ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის თეატრის დარბაზის სარემონტო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული კომისიისა და მონიტორინგის კომისიის მეთვალყურეობით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში, სარაჯიშვილის №108-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

გამოკვლევები ზაურ ხუბუტიას სახელობის დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ „დიოსკურია"-ში გაიმართა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და დერმატოლოგი შედიოდნენ.

პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ულტრასონოსკოპიური გამოკვლევა (მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია და ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში) ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში „ფერმერის დღე" აღინიშნა. ღონისძიების მიზანი საქართველოში ფერმერთა საქმიანობის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფერმერებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

„ფერმერის დღე"-ზე ასევე, მეფუტკრეობის პროდუქციის ფართო ასორტიმენტით  წარმოდგენილი იყო დევნილ მეფუტკრეთა მიერ ჩამოყალიბებული კოოპერატივი „კოდორი 20015". რომელთა სტენდმაც სტუმართა დიდი ინტერესი გამოიწვია. ისაუბრეს კოოპერატივის სამომავლო გეგმებზე და ამ სექტორში დევნილთა უფრო ინტენსიური ჩართულობის პერსპექტივებზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფერმერებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ფერმერთა დღეს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია ესწრებოდა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ კახაბერ შარაბიძის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამო გაიმართა.

სოხუმის თეატრის დირექტორსა და მსახიობს კახაბერ შარაბიძეს წელს სცენაზე მოღვაწეობის 35 და დაბადებიდან 55 შეუსრულდა. იგი 1983 წლიდან დღემდე ერთგულად ემსახურება სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, რომლის სცენაზეც არაერთი დასამახსოვრებელი როლი ითამაშა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლები სპექტაკლებში: „ერთი ცის ქვეშ,“ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და „მუნჯის ენა“. ამჟამად კი იგი მთავარ როლს ასრულებს სპექტაკლში „იესოს საქმე“.

სპეციალურად საიუბილეო საღამოსთვის შეიქმნა ვიდეო-კოლაჟი, სადაც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა არის თავმოყრილი.

საღამოზე მისმა მეგობრებმა ხელოვანის მოღვაწეობა და მის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა გაიხსენეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თეატრში მოღვაწეობის 35 წლისა და დაბადებიდან 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ კახაბერ შარაბიძეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ კულტურის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის კახაბერ შარაბიძეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მსახიობის ახლობლები, მეგობრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ღვაწლმოსილი მასწავლებლების, წარმატებული სტუდენტებისა და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

წარმატებული მასწავლებლები და მოსწავლეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დააჯილდოვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროგრამის ფარგლებში, წლის მასწავლებლის წოდება მიენიჭათ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ ირა გელანტიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ თეა კუხიანიძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნინო ფარულავას.

ასევე განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისათვის აჟარის საშუალო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი ციური კბილაშვილი, სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი ციალა რუსია, გაგრის შოთა რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლის მასწავლებელი ჯულიეტა ჯიქია, გალის №1 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნატრული ჩაგანავა-კვეშელავა, გალის №1 საშუალო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი ლოლა ხორგუანი, მედიკო კვარაცხელია, სოხუმის №1 საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლეილა ფარცვანია და თბილისის №51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მანანა დოლიძე დაჯილდოვდნენ. 

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმატებულ სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებული ილია ვეკუასა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გადაეცათ. ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი  ნინო ყრუაშვილი, ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ სტუდენტ  გიორგი დუნდუასა და კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ დავით ესართიას გადაეცათ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების 7, 8 და 9 კლასების 12 წარჩინებულ მოსწავლეს ნოუთბუქები  გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ასევე, პარამოფარიკავეთა საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ირმა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა. 7 წლის ასაკში მას სახლის დატოვება მოუწია და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. სპორტულ კარიერაში მან მრავალ წარმატებას მიაღწია. 2018 წელს ირმა ხეცურიანი პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2017 წელს ის ეტლით ფარიკაობაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ასევე, ის, არის ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და მრავალი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი. 2015, 2016, 2017 წლებში იყო რეიტინგის პირველი ნომერი ხმლით მოფარიკავეთა შორის ფარი B კატეგორიაში (სპინალური დაზიანება). 2017 წელს მან საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტული მიიღო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ ტიდესტრიომს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ შვედ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

ასევე მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევის შემთხვევებზე, მათ შორის სკოლებსა და სოლამდელ დაწესებულებებში მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, მოსახლეობის იძულებით პასპორტიცაზიაზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და აფხაზეთში არსებულ  ეკოლოგიურ პრობლემებზე.

შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თავის მხრივ ულრიკ ტიდესტრიომმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის", საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ-აფხაზური საღამო გაიმართა.

საღამოზე რეჟისორ ზაზა სიხარულიძის ფილმი-სპექტაკლის „აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია" ჩვენება გაიმართა.

საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქალთა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" ხელმძღვანელმა ნათელა დუმბაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ. გამომსვლელებმა ისაუბრეს საუკუნეების მანძილზე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობიანი და სამაგალითო თანაცხოვრების შესახებ. ასევე,აჭარაში მცხოვრები ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობისა და ჩატეხილი ხიდის აღდგენის საკითხებში.

მუსიკალური ცენტრის ფოიეში მოეწყო ქართველი და აფხაზი მხატვრების ნამუშევრებისა და აფხაზეთის თემაზე შექმნილი წიგნების გამოფენა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ლომთათიძე, სასულიერო პირები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ინგრიდა ლავრენცე შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. გადასასვლელების დახურვით გართულებულ ვითარებაზე.

თავის მხრივ ინგრიდა ლავრენცემ, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

საკომიტეტო მოსმენის მიზანი ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის პირობებში ბავშვების მძიმე მდგომარეობაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო.

საკომიტეტო მოსმენაზე მთავარი მოხსენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარმოადგინა.

სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ. ამ მხრივ აღინიშნა ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში არსებული განსაკუთრებით მძიმე ვითარება.

ყურადღება გამახვილდა სკოლებსა და ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე. სადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღება იკრძალება და აქტიურად ხორციელდება რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასევე ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას და ხორციელდება ბავშვთა ფსიქიკასა და თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედება.

სხდომა დისკუსიით გაგრძელდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და ხედვები წარმოადგინეს.

თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით მოსწავლეთა შორის ჭადრაკში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა.

გოგონებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა ელენე შელიამ, მეორე ადგილზე გავიდა ბელა ნაჭყებია, მესამე ადგილის მფლობელი გახდა ელენე თოლორაია, ხოლო ვაჟებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია კავკასიძე - პირველი ადგილი, გაბრიელ პირველი - მეორე ადგილი, ვახტანგ ფერაძე - მესამე ადგილი.

საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გვირგვინით  შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული ჩატარდა. აფხაზური ენისა და კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, კონკურსები და გამოფენები გაიმართა.

დღეს აფხაზური ენის დღეა, რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავს. საქართველოს ყოველ მოქალაქეს ვულოცავთ აფხაზური ენის დღეს, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა.  ქართულთან ერთად  აფხაზური სახელმწიფო ენაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ალბათ ზადმეტია იმის აღნიშვნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის  სახელწიფო ენის დაცვას, როგორც ქართულის, ისე აფხაზურის.  ამას ადასტურებს  აფხაზური ენისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის  პოპულარიზაციის გზაზე,  ჩვენს  მიერ გადადგმული ნაბიჯები. სწორედ საქართველოში გამოიცემოდა  და გამოიცემა წიგნები აფხაზურ ენაზე. სოხუმის უნივერსიტეტში და რამდენიმე სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. აფხაზურ ფოლკლორულ მემკვიდრეობას ჩვენში  უდიდესი პატივით ექცევიან. აქ აღზრდილ ბავშვებს არაერთხელ გამოუჩენიათ თავი აფხაზური ცეკვებისა დ  სიმღერების შესრულებით.  აღსანიშნავია ისიც, რომ  „ვეფხისტაოსანი" ხშირად იკითხება აფხაზურ ენაზე, რასაც ჩვენი სამომავლო ერთიანობის სიმბოლოდ მივიჩნევთ. დღევანდელ დღეს კი ყველანი შევიკრიბებით დიმიტრი გულიას ძეგლთან, სადაც კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ აფხაზური სახელმწიფო  ენისა და მისი დაცვის მიმართ ჩვენს  დამოკიდებულებას.  დარწმუნებული ვარ, აფხაზები და ქართველები ერთად მოვიშუშებთ იარებს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანან ქვაჩახიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, მწერალმა და ჟურნალისტმა შორენა ლებანიძემ, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის საჯარო სკოლის დირექტორებმა და აფხაზური ენის პედაგოგებმა.

საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური აფხაზურენოვანი წიგნების გამოფენა მოეწყო, სადაც ასევე  წარმოდგენილი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების მიერ შესრულებული  აფხაზური კალიგრაფიის ნიმუშები და აფხაზურ ენაზე ნათარგმნი  აფხაზეთის  ლიტერატურის,  ხელოვნებისა  და ძეგლთა დაცვის  შესახებ გამოცემული წიგნები. 

ჟურნალ ,,იალქანის" რედაქტორმა ნანა ჭანტურიამ ,,ცა აფხაზური" პროექტის ფარგლებში ქართულ-აფხაზურ ენაზე ჟურნალის სპეციალური გამოცემა წარადგინა.

ჟურნალისტმა ირმა ოსიამ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებლი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუშნი ლასურიას მიერ აფხაზურ ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი და აფხაზური ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს ანსამბლმა შავნაბადამ აფხაზური სიმღერები შეასრულა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. ღონისძიების მიზანი  აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვაა.

ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში, EU/UNDP-ის ინიციატივითა და COBERM-ის მხარდაჭერით ოკუპირებილ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის განხორციელებული ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტის „ჯანმრთელობა, ნდობა და მშვიდობიანი მომავალი" პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე სსიპ ,,ბიზნეს ინკუბატორის" ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ პროექტის შედეგებსა  და განსაკუთრებულ მიღწევებზე ისაუბრა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, COBERM-ის ხელმძღვანელი ირინა ლიცეკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, აფხაზეთის ა/რ ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი  ამირან დოლიძე, იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ემზარ ღვინიანიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექიმები, ეთნიკური ოსები და აფხაზები  ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა პროექტის მხარდამჭერების დაჯილდოება.

პროექტი ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების  ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.