აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციების მხარდაჭერით, ევროპული კვირეულის ფარგლებში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში სულ 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ხოლო 10 სპორტსმენი აფხაზეთის სახელით ასპარეზობდა. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ასევე წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნაკრებ გუნდებშიც.

აფხაზეთის სპორტსმენებმა სხვადასხვა წონით კატეგორიასა და ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:

ბართლომა ბიჭაშვილი - პირველი ადგილი, ლუკა გეჯაძე - მეორე ადგილი, საბა სეფერთელაძე, ანდრო გულორდავა, ოთარ სამუშია, ნიკოლოზ გოგებაშვილი, მიხეილ მებონია და გიორგი შუბითიძე - მესამე ადგილები.

ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის საუკეთესო სპორტსმენებს სპეციალური პრიზების სახით, აფხაზეთის ომში დაღუპული სპორტის ოსტატის მურთაზ გაბიძაშვილის სახელობის თასი და ლეგენდარული ფალავნის ნესტორ ესებუას სახელობის თასი გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში დევნილთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდორი-2015"-ის სტაციონარულ საფუტკრეში ღონისძიება „დევნილი მეფუტკრეების მიღწევები და მათ წინაშე არსებული პრობლემები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდორი-2015"-ის საქმიანობის მაგალითზე" გაიმართა.

ღონისძიების მიზანი დევნილი მეუფტკრეების წინაშე არსებული პრობლემების გააქტიურება და მათი გადაჭრის გზების ხელშეწყობა იყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს თავმჯდომარე ალუ გამახარია, კავშირი-ასოციაცია „აგორას" დირექტორი თენგიზ სვანიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საერთაშორისო დონორი-ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან მინისტრს მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ფაბიან ჰამილტონსა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელ თავმჯდომარეს ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე.

ისაუბრეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და დაახლოების მიზნით ერთობლივი ბიზნეს-პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომელიც მნიშვნელოვან საერთაშორისო მხარდაჭერას საჭიროებს. ასევე ახალგაზრდების სხვადასხვა ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის აუცილებლობაზე.

შეხვედრას ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს თავმჯდომარე ალუ გამახარია, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კაციაშვილი, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ოთარ ხუფენია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულმა თეატრმა საქართველოს ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა გამართა.

მაყურებელმა ნინო სადღობელაშვილის პიესის „დაბადების დღე" მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს.

სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია - აფხაზეთი" გაიხსნა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად დანგრეული და დამწვარი შენობების ფოტოები.

ღონისძიება ფონდ „არტექოს" და მისი დამფუძნებლის დალი უბილავა-დე გრააფის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენაზე სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა" ნოდარ დუმბაძის და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესიდან „გამარჯობა სოხუმო" ნაწყვეტი წარმოადგინა. ასევე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

სიტყვით გამოსვლისას გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება 7 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გამოფენა სახელწოდებით „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" გაიმართა. ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოზარდების მიერ აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

ღონისძება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მასპინძლობითა და თანაორგანიზებით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და ბრიტანული საერთაშორისო ასოციაციის - „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის" (EPDI) ერთობლივი ორგანიზებით, ასევე ფონდი „კრისტალის" მხარდაჭერით გაიმართა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.

ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

„დღეს ჯვართამაღლებაა და ამავე დროს ჩვენთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 25 წლის წინ ამ დღეს დაეცა სოხუმი და ასიათასობით ძირძველი მოსახლე იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. მიუხედავად ბევრი განსაცდელისა ჩვენ დევნილეობაში მოვახერხეთ და თბილისის შუაგულში ავაშენეთ ტაძარი, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელს ატარებს. დღეს ამ ტაძარზე ჯვარი აღიმართა და მწამს, რომ ამ ჯვრის მადლით დავბრუნდებით და გავერთიანდებით", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ჯვრის აღმართვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერი პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით 12 საათზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში ერთდროულად დაირეკა ზარი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შენდება.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას, საქართველოს ეროვნული გმირის  გურამ გაბისკირიას საფლავები და ვაშლიჯვრის  ძმათა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით სპორტული კომპლექსი „იმედი"-ს სტადიონზე აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი „აფხაზეთის თასი 2018" გაიმართა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს გორის „დილა" და ზუგდიდის „ოდიში" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გორის „დილას" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის თემა აფხაზეთის კონფლიქტის შეფასება ოცდახუთი წლის გადასახედიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა და ქართულ-აფხაზური სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა იყო.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

„სოხუმშიც და თბილისშიც ვთანხმდებით, რომ აფხაზეთში შექმნილია უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონფლიქტიდან 25 წლის განმავლობაში, აფხაზეთში ვითარება არცერთი მიმართულებით არ გაუმჯობესებულა. ამას ვამბობ გულისტკივილით და არა ნიშნისმოგებით.

ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა, საკუთარ სახლებში დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო დიალოგი ამის საუკეთესო ინსტრუმენტია. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ამაში აფხაზები და სერიოზულად ვიმსჯელოთ შემოთავაზებული დიალოგის წარმოებაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები, მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში რუხის მეგობრობის ზეიმის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „რუხი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კვალდაკვალ", ფოტოალბომისა და ჟურნალისტ მაყვალა ბერიანიძის წიგნის „რუხის ციხე-სიმაგრესთან ნათქვამი ფიცით..." პრეზენტაცია გაიმართა.

დარბაზში გამოფენილი იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობისა და სახალხო ზეიმის ამსახველი ისტორიული ფოტოები.

ფოტოგამოფენა ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობას და იმ სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს ასახავდა, რომელიც 1979 წლიდან საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ინიციატივით დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა. სახალხო ზეიმი საყოველთაო მშვიდობის იდეას ემსახურებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, რუხის შეხვედრების მონაწილეები, ჟიული შარტავას მეუღლე და მეგობრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების განხილვასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. ასევე აფხაზური ენის განვითარებაზე ერთობლივ ზრუნვასა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფას;

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი პრემიის  დაწესებასა და მინიჭებას.

„დღეს ჩვენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელშიც აკადემიურადაა ჩამოყალიბებული ჩვენი თანამშრომლობის მთავარი მიმართულებები. ამით ჩვენ საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ განათლებული და წარმატებული აფხაზეთი გვინდა! გვინდა მათი იდენტურობის შენარჩუნება და განვითარება. ამ დიად საქმეში კი მეცნიერება გადამწყვეტი როლს ასრულებს.

უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად ერთობლივი პრემიის დაარსება და მინიჭება!", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

 

პრაღაში გურამ ოდიშარიას წიგნის - „დევნილთა უღელტეხილი" ჩეხურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მკითხველს იმ ადამიანების განცდებზე მოუთხრობს, რომლებმაც სიკვდილისგან თავის დასაღწევად, 1993 წელს ჭუბერის  უღელტეხილი ურთულეს პირობებში ფეხით გაიარეს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პრაღას წიგნის ავტორი გურამ ოდიშარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ესტუმრნენ.

პრეზენტაციას ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჩეხი სტუმრები დაესწრნენ. ასევე,  ჩეხი ეროვნების მომღერლებისგან შემდგარმა ფოლკლორულმა ჯგუფმა „ჰაერი" რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში წიგნი გამომცემლობა „Jonathan Livingston"-ში დაიბეჭდა, ხოლო გამოსაცემად სოსო მატკავამ მოამზადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში „აფხაზთა თემის“ მხარდაჭერით, აჭარის მწერალთა სახლში აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ასევე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" გაიმართა. ელექტრონული სასაუბროს საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.

ამავე ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოცემული წიგნის - „გული" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საჩუქრად „ქართულ-აფხაზურ საგას", ფერიის საჯარო სკოლას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ამრასა" და სხვა მოწვეულ სტუმრებს გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის წევრი სვეტლანა კუდბა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, ჟურნალისტი ირმა ოსია, „ქართულ-აფხაზური საგის" ხელმძღვანელი ნათელა დუმბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარაში „აფხაზთა თემის“ დამფუძნებელი ნინო ხალითბა და აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება, ასევე აფხაზური ენის შენარჩუნებაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ მხარდაჭერით სასტუმრო „ბეტსი“-ში გაიმართა ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“, რომელიც სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.

კონფერენციის მიზანი იყო ქართულ მედია-საშუალებებში აფხაზეთის თემის გააქტიურება. ასევე საქართველოს მედიის მეშვეობით ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება.

კონფერენციის დღის წესრიგი შედგებოდა სამი ბლოკისგან: „მედია და კონფლიქტები“, „ომისა და მშვიდობის გაკვეთილები“ და „ახალგაზრდები ნდობის აღდგენისა და მშვიდობისათვის“.

თითოეულ ბლოკში წარმოდგენილი საინტერესო მოხსენებები - „XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტები და მედია“, „სამხედრო ექსტრემალური ჟურნალისტიკის სპეციფიკა“, როგორც ჟურნალისტთა შეცდომების შემცირების საშუალება“, „მედია და საინფორმაციო ომის ახალი გამოწვევები“, „მედია, კულტურა და განათლება, როგორც სამშვიდობო კომუნიკაციის მექანიზმი“, „ჩემი გზა ომის ჟურნალისტიკიდან მშვიდობის ჟურნალისტიკამდე“, „მედიის როლი კონფლიქტის პრევენციასა და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში“ და სხვ. - ასახავდა ქართული ჟურნალისტიკის მიერ განვლილ გზას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე ომისა და მშვიდობის გაშუქების თვალსაზრისით.

კონფერენციის მუშაობაში, ომისა და კონფლიქტის თემაზე მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტების გარდა, მონაწილეობდნენ: მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში; ზაზა ცოტნიაშვილი, განათლების სახლის დამფუძნებელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; აკაკი სიხარულიძე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მასკომუნიკაციის განხრით; სალომე კაპანაძე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ოთარ ჟორდანია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; დოდო შონავა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მთავარი პროდიუსერი, ცნობილი მწერალი გურამ ოდიშარია და სხვები.

კონფერენციის მუშაობაში ლიეტუვიდან და საფრანგეთიდან საგანგებოდ გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერის მეშვეობით ჩაერთვნენ: ლიეტუველი ჟურნალისტი ირენა ვანაგაიტიტე და საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე.

ნაჩვენები იყო  აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის,  ტელეკომპანია „ერთსულოვნებისა“ და ცალკეულ ჟურნალისტთა მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ვიდეოსიუჟეტები  აფხაზეთზე.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა აფხაზი ჟურნალისტებისადმი.

სასტუმროს ფოიეში მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

კონფერენციას ჟურნალისტი ვენერა რურუა უძღვებოდა.