აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგ თინა ოდიშარიას დედის დღე მიულოცეს და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გაწეული უანგარო შრომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელი გადასცეს.

თინა ოდიშარია 1919 წლის 20 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დაიბადა. 1958 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ სოხუმში გადავიდა. მუშაობდა სოხუმის №16 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. წლების განმავლობაში ემსახურებოდა საგანმანათლებლო სისტემას და იყო გამორჩეული, სანიმუშო პედაგოგი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მისი შვილი ლორენ ოდიშარია სოხუმში დახვრიტეს.

2019 წლის 20 მარტს თინა ოდიშარიას 100 წელი შეუსრულდება.

ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და სოხუმის „მეომრები“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კლუბ „თბილისის“ მცირე უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით ანგარიშით 19-18 დასრულდა.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ დააჯილდოვეს.

ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კუს ტბაზე სამშვიდობო მარათონი  მოეწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. გარბენში ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „მხოლოდ ქალები“ გაიმართა.

ღონისძიებაზე საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული 10 გამორჩეული ქალბატონის დაჯილდოება მოეწყო. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა კურთხევით სათნოების სახლ „კათარზისში“ აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისათვის საქველმოქმედო შემეცნებითი პროექტი „შენ ჩვენ გვჭირდები“ გაიმართა.

ღონისძიების პირველ დღეს „კათარზისელების“ და აფხაზეთის ახალგაზრდობის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით სადღესასწაულო  კონცერტი გაიმართა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო სადღესასწაულო სადილი.

მზრუნველობა მოკლებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ილორის წმინდა გიორგის ტაძრის თბილისის მეტოქიონის წინამძღვარი მამა ლევანი და სხვა მოწვეული სტუმრები მიესალმნენ, მათ დედის დღე მიულოცეს და მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების თანამშრომლები და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის ,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“ წევრები ორი კვირის განმავლობაში კათარზისის ადმინისტრაციას ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვაში დაეხმარებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბრიტანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით ერთობლივად უკვე განხორცილებული და სამომავლოდ გასახორციელებელი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაახლოების პროცესს.

თავის მხრივ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მეორე პოლიტიკური მდივანი მარგარეტ ბელოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

სახელმწიფო რწმუნებულმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადეს USAID-ის და პროექტ „ზრდას“ წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის. შეხვედრის პარალელურად, ადგილობრივი ფერმერების მიერ მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოეწყო.

კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა შპს „აგორა“-მ USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით გასული წლის გაზაფხულზე მოაწყო. პროექტი 50-მდე ფერმერს ყოველწლიურად დაეხმარება მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველწლიურად 100 000-მდე კენკროვანი კულტურის მაღალი ხარისხის ნერგის წარმოება და გაყიდვა, ადგილობრივი ბაზრის სრულად მომარაგება კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით.

სანერგე მეურნეობაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თანამშრომლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დევნილ საზოგადოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ - განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ  მიმართულებებზე, რომელთა დაფინასება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხორციელდება. ხაზი გაესვა იმ ერთობლივ პროექტებს რომლებიც აფხაზეთის მთავრობის საბიუჯეტო დაფინანსებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

„ჩვენ განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობა საჭიროებს, რადგან ისინი აფხაზებისა და ქართველების  დაახლოებისა და ნდობის აღდგენის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

2018 წელს მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიეწოდათ ინფორმაცია. ასევე საქმიანი შეხვედრები გაიმართა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან. შეხვედრებზე განხილებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს დასაბყრობად შემოიჭრა. საოკუპაციო ძალებს თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები დაუხვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. შეტაკებებისას იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და  საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

რუსთავში, ქალაქის მერიის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ლოტბარის, ჯუმბერ ყოლბაიას მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ფიროსმანის ქუჩაზე, საქართველოს დამსახურებული არტისტის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, მისმა შვილმა და შვილთაშვილმა გახსნეს. ჯუმბერ ყოლბაიას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ანსამბლ „ფაზისის“ წევრები, ჯუმბერ ყოლბაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ჯუმბერ ყოლბაია ანსამბლ „რუსთავის“ დაარსების დღიდან მისი წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ვოკალურ ანსამბლ „ფაზისს“, იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მის მიერ ქალაქ რუსთავში ბავშთა გუნდი „ჩაკრულო“ დაარსდა.

ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 2016 წელს, რუსთაველ ლოტბარს ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, დამსახურებული არტისტის, ჯუმბერ ყოლბაიას სახელი მიენიჭა ასევე წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლსაც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გიორგი უშიკიშვილის ფოლკლორის ეროვნულმა სკოლამ იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - „ჯარისკაცები“ გამართა. ღონისძიებაზე შესრულდა ქართული და აფხაზური სიმღერები. საღამოში ასევე, მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა რომლებიც ფოლკლორის ეროვნულ სკოლაში უფასოდ ეუფლებიან ცოდნას.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, ლექცია თემაზე: „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ გაიმართა. ლექცია ძირითად თემაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ წაიკითხა.

მოხსენებაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ლექციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ლექციის შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და ელგუჯა გვაზავამ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ცნობილი აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.  ღონისძიებაზე დიმიტრი გულიას მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ ისაუბრა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია დაესწრნენ.

დიმიტრი გულია 1874 წლის 21 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ უარჩაში დაიბადა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდია დიმიტრი გულიას ღვაწლი აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებაში. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი.

დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი იყო. 1921 წელს მან პირველი აფხაზური თეატრალური დასი ჩამოაყალიბა.

გუშინ ძალიან მტკივნეული, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული მოვლენის მოწმე გავხდით. სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესია გაიმართა. კადრებში  კარგად ჩანს, როგორ ელოდება ზუგდიდის მხრიდან ათობით ადამიანი გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურიას მისვენებას ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ნათესავებმა მისი დატირება შორიდან მაინც შეძლონ. ვინ არ იცის როგორ პატივს სცემენ საქართველოში  გარდაცვლილი ადამიანისთვის წესის აგებას, უახლოესი ადამიანების, ახლობლების მიცვალებულთან გამოთხოვების წმიდათა წმინდა  მოვალეობას და ტრადიციას.  განა აფხაზებისთვის გარდაცვლილი ადამიანის  დატირება,   მისი სულის წინაშე მოწიწება უცხო იყო ოდესმე ან დღეს სხვაგვარად ხდება? ქართველი კაცი, ისევე როგორც აფხაზი, ხომ ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, როგორც თვით გარდაცვლილის ხსოვნის, ისე, საზოგადოების წინაშე.  მაშ რა მოხდა? როგორ უნდა ავხსნათ მსგავსი მოქმედება?  მსოფლიო უნდა გავაკვირვოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ ველური დამოკიდებულებით? ადამიანი მოკვდავია.  სამწუხაროდ, ეს აქლემი ადრე თუ გვიან ყველას კართან დაიჩოქებს.   არავინ იცის ხვალ ვის რა ელის. უფიქრია ვინმეს როგორ განიცდის ამას  საკუთარი სახლიდან  გამოძევებული დევნილი  საზოგადოება?  მიუხედავად კონფლიქტისა, აფხაზებთან შეთანხმებით,  წლების მანძილზე ვახერხებდით,  რომ ჩვენი მიცვალებულები აფხაზეთში გადაგვესვენებინა და  საგვარეულო სასაფალოებსა და საძვალეებში დაგვეკრძალა. ეს არის ზნეობრივი კოდექსი, რომელსაც ორივე მხარე ვიცავდით.  ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ,   გაუგონარი ამბავია და არც პირველი შემთხვევაა.

ნუ ავყვებით რუსულ გამოწვევას, რადგან მათ სურთ სამუდამოდ დატოვონ ჩვენ შორის ისეთი კვალი, რომლის გადალახვაც გაგვიჭირდება. ასეთ სათუთ საკითხებს აფხაზური საზოგადოება დამოუკიდებლად უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენ  საერთო წარსული გვაქვს  და საკუთარი ადათ-წესებისადმი, პატივისცემა  და მოწიწება გვახასიათებს. მითუმეტეს, როცა ეს გარდაცვლილ   ადამიანს ეხება.

მოგიწოდებთ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზ დედებსა და მამებს, მათ, ვინც  ომში შვილები და ახლობლები დაკარგა. მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ადამიანურ, მორალურ კოდექსს, არც ერთ უმძიმეს ვითარებაშიც კი, არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა გამოთხოვება მიცვალებულთან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონს მაცხოვრის ხატი შეწირა, ამასთან დაკავშირებით ეკლესიის წინამძღვარმა მამა ლევანმა წირვა-ლოცვა აღავლინა.

ხატი ვარძიის მაცხოვრის ფრესკის ასლს წარმოადგენს და ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხატმწერმა ქეთევან აბელაშვილმა ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ პეტრეს (ძინძიბაძე) ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ ნატო კორსანტიასთვის დაწერა და აფხაზეთს მიუძღვნა. 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ გამართულ პრეზენტაციაზე იდეის ავტორმა და შემდგენელ-რედაქტორმა ნატო კორსანტიამ ხატი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონისთვის შესაწირად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას გადასცა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ ავტორი ნატო კორსანტია, ხატმწერი ქეთევან აბელაშვილი და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

ქუთაისში აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვებიან და დასაქმდებიან „ბიზნესინკუბატორში“ მომუშავე სპეციალისტები, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ქარის ტურბინა, რომელიც განკუთვნილი იქნება სოფლებსა და ქალაქურ დასახლებებში ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ დირექტორმა ალუ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  პროექტის მნიშვნელობასა და მასში დევნილი მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი არჩილ გეგუჩაძე, ქუთაისის ადგილობრივი წარმოების ხელმძღვანელები ამირან ამირანაშვილი და ზაურ ენდელაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.