აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის თავმჯდომარემ ოჯახთან ერთად ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის პატარა მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

ალილოს მსვლელობაში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები და აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.  დღესასწაულზე მიღებული შემოწირულობა ტრადიციულად ბავშვთა სახლებს და უმწეოთა თავშესაფრებს გადაუნაწილდება.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 87-ე წლისთავს.

დიდია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინების, დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანების, მრევლის ცნობიერების ამაღლების და ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში.

42 წელი გავიდა, რაც ღირსეულად ატარებს პატრიარქის მძიმე ჯვარს, მისი მოღვაწეობა საქართველოს ერთობის, აფხაზეთის საზოგადოების სულიერი სიმტკიცის, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და სახელმწიფოს განუყოფლობის გარანტია.

გვჯერა, მისი მონდომება შედეგს გამოიღებს და სერიოზულ წვლილს შეიტანს ხელოვნური ბარიერებით დაშორიშორებული საზოგადოების გამთლიანებაში.

ღმერთმა უმრავლოს მის უწმინდესობას სიცოცხლის წლები!

აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის  სახელით დამდეგ  შობა-ახალ წელს ვულოცავ  საქართველოს  ყველა  მოქალაქეს. ჩვენს  სამშობლოში  და  მის  ფარგლებს  გარეთ მცხოვრებ  აფხაზეთის  საზოგადოებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას,  რწმენას  სიკეთისადმი  და  სულის  სიმხნევეს,  რაც  საქართველოს ყოფის  განუყოფელი  ნაწილი  იყო  მუდამ.

განსაკუთრებული  სითბოთი  მინდა მივულოცო სადღესასწაულო  დღეები ოკუპირებულ  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  ჩვენს  თანამემამულეებს.    

იმის  გათვალისწინებით, რომ  ოკუპაციის  პირობებში გიწევთ ცხოვრება, ყოველი  ჩვენთაგანის  ვალია გამოვავლინოთ მაღალი მოქალაქეობრივი  შეგნება, აღვადგინოთ ნდობა, ერთიანი ძალებით შევეცადოთ  უკეთესი  მომავლის შექმნა.

ვისურვებდი, რომ დამდეგი  2020  წელი  ყოფილიყოს,  ერთობის და მშვიდობის, რომელიც  თითოეული  ჩვენთაგანის  წინსვლის გარანტი იქნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დევნილი ბავშვებისათვის ტრადიციული საახალწლო ზეიმი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში დევნილი მოზარდებისთვის ნაჩვენები იყო სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ საახალწლო-საბავშვო სპექტაკლი „ციცქნა იას დღეობა“, რომელიც გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.

ღონისძიებას, ასევე, შეზღუდული შესაძლელობების მქონე 50 ბავშვი ესწრებოდა, რომლებსაც ტკბილეულთან ერთად საახალწლო სუვენირებიც გადაეცათ.

ზეიმში 1000-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვებმა ღონისძიების ბოლოს სპექტაკლის გმირებთან ერთად სურათები გადაიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა. შვილების გმირობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

სადღესასწაულო ნობათი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.

საქველმოქმედო აქციაში „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განსაკუთრებული წვლილი ქალაქ თბილისის მერიამ შეიტანა, ასევე, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო და სს „ნიკორა“.

საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებში გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე მათი საყვარელი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ასევე, მათ საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ფოცხოეწერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით კავკასიური სოჭის ნერგები და 70 ძირი ელდარის ფიჭვი დაირგო. 

ფოცხოეწერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მარნეულის კულტურის სახლში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მარნეულის თეატრის სპექტაკლის „ყინულის დედოფალი“ უფასო ჩვენება მოეწყო. სპექტაკლი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და მარნეულის თეატრის მხარდაჭერით გაიმართა. სპექტაკლის შემდეგ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს ულოცავს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. გამოთქვამს უდიდეს მადლიერებას საქართველოს პატრიარქის მიერ გაწეული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში შეიტანა. უსურვებს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას  ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და სხვა.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომელი მარინა შენგელია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზური ენის სწავლების გაძლიერებაზე. განიხილეს კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობას განათლების, კულტურისა და სპორტის  მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.

ფარული კენჭისყრის საფუძველზე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით საუკეთესო ნამუშევრისთვის 2019 წლის პრემია მხატვარ ჯემალ ბასარიას მიენიჭა. გამარჯვებულს ჯილდო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გადასცა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ პროექტში მონაწილე ხელოვანებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, საქართველოს მხატვართა კავშირის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.

ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია ორ წელიწადში ერთხელ ერთ გამარჯვებულზე - 2000 ლარის ოდენობით გაიცემა. პრემია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევარს ენიჭება. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები ძირითადად აფხაზეთის თემატიკას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბაღდათსა და ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია მიიღეს. ასევე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა და C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგული გამოკვლევა. დევნილ ბენეფიციარებს ექიმების დანიშნულების მიხედვით უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

ხონის სამხედრო დასახლებაში იმყოფებოდნენ და გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია 12-16 დეკემბერს ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ხელმძღვანელობდა.   დელეგაციის შემადგენლობაში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე დავით რაფავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბონდო გასვიანი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენაში, რომელშიც ეგვიპტეში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ მისიებთან ერთად საქართველოს საელჩოც იყო ჩართული. საელჩოსათვის გამოყოფილ სივრცეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ წარმოადგინა პალატის წევრი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები ეგვიპტეში მცხოვრებ აბაზების ოჯახის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრამ მეგობრულ და საქმიან გარემოში ჩაიარა და შეთანხმდნენ შემდგომი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ შეხვედრა გამართა კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების მზადყოფნა გამოითქვა.

შეხვედრები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ჩართულობითა და საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.