აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. მოხალისეობის მსურველები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში ტრეინინგებს გაივლიან, გადამზადების შემდეგ მოწყვლად და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფენ.

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.

კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის  ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა. 

კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

დოკუმენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში წარდგენილ უნდა იქნეს მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge  აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.  

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდთან ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი მორიგეობს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ ოკუპირებული ტერიტორიიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ორივე მიმართულებით მოძრავი მოქალაქეების ახალ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მდებარე დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმერეთის რეგიონში სამუშაოები ჩატარდა ს/ს ინტურისტსა (ხვამლი) და სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დეზინფექცია ზუგდიდის ვექტორის დასახლებსა და სენაკის სამხედრო დასახლებაში განხორციელდა.

მომდევნო დღეებში სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა სხვა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებშიც  ჩატარდება.         

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ  ე. წ. არჩევნებს სამართლიანად გმობს მსოფლიოს პროგრესული  საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს  აფხაზეთის   დამოუკიდებლობას  და მას იმ საზღვრების შემადგენელ ნაწილად განიხილავს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, იგი არასდროს  შეეგუება რუსეთის მიერ ე.წ. ახალი რეალობის სამართლებრივად დამკვიდრების მცდელობებს.

ბუნებრივია, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პირობებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან იგი ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, მაშინ, როდესაც აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის უფლებები უხეშად ირღვევა რუსეთის ფედერაციის და მათ მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ერთმნიშვნელოვნად ცხადია - აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესები  სხვა არაფერია, თუ არა მორიგი ძალადობა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის საზოგადოების მიმართ.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის მთავრობა, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მზად არის,  საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოუჩინოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც უშუალოდ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.

მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი, ახალი რეალობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ენგურის იმ მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - განვავითაროთ ურთიერთობები, ვიფიქროთ მომავალზე და ერთობლივად ვეძებოთ საერთო მიდგომები და გზები არსებული ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავლის საპოვნელად!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე ჩასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“. ასევე, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.

მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ჩატარდება.                                                                                                                      

დღეს, 1993 წლის 15-16  მარტს აფხაზეთში განვითარებულ  მოვლენებთან დაკავშირებით,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

15-16 მარტს აფხაზეთში  სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და  სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.  ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს  გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და  იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

1. ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით დადგენილი წესის მიხედვით პირის თვითიზოლაციაში მოხვედრისას დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

ა) იზოლაციაში ყოფნა დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში და საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი;

ბ) თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება;

გ) დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა.

დ) საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვა. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდ ხანს არაა დასაშვები.

ე) იზოლაციის პერიოდში განცალკევებული ჭურჭელის (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცის, საწოლის ქონა;

ვ)სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა არაა შეზღუდული:

ზ)თვითიზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს უშუალო კონტაქტის გარეშე - ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას - თვითანგარიშგებით;

თ) ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში, ინფექციური პროფილის სტაციონარისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა;

ი) არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, და სტაციონარში განთავსება ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;

კ) თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება;

ლ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა - ჯანსაღად კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა და სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან; სახლში და ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი

2. თუ თვითიზოლაციაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით,  კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით,  საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე - საზოგადოების წინაშე.

საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.

ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო დაინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ:

1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

2. ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.

3. სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

4. პრობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

5. პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების  გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

6. დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.

• ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;

• თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;

• ხოლო 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც  გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ!

კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა.

კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.

უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბიზნესთან, მათ შორის, საბანკო და ტურიზმის სექტორთან და კერძო სექტორის სხვა სფეროების წარმომადგენლებთან.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, რაც ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასთან მიმართებაში უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მათ შორის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - StopCoV.ge .

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების  შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 13 მარტიდან გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა სამინისტროსა და სტრუქტურულ ერთეულზე.

საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო საშუალებით ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას პრევენციული ზომების გასატარებლად როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისთვის  და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირების და   მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მოქალაქეებს ცხელ ხაზთან დაკავშირება შეეძლებათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან  ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998), სადაც  ნებისმიერ საკითხზე ყველა საჭირო ინფორმაციას  მიიღებენ.  აფხაზეთიდან დევნილები დისტანციურად შეძლებენ გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge.

ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 551 08 09 84, ბენეფიციარების განცხადებების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contactus@mhsa.gov.ge.

ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან დარეკონ ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998).

ცხელი ხაზით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებს.

ცხელი ხაზის დახმარებით მოსახლეობა შეძლებს მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური, ჯანდაცვის და განათლების პროგრამების შესახებ, გაიაროს იურიდიული კონსულტაციები საჭირო საკითხებზე.

ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს შეუძლიათ დისტანციურად გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge;

განცხადების ელექტრონულად გაგზავნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან დევნილ დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მათ მეურვეებს შეხვდა. რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, ფინანსური დახმარების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს საჩუქრად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვაუჩერები გადასცა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ბავშვებს ასევე საქართველოში ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის „კარფურის“ საჩუქრებიც გადაეცათ.

შეხვედრები თბილისსა და საქართელოს რეგიონებში გაიმართა და მასში მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია მონაწილეობდნენ.

საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის პატრონაჟით მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჭუბერსა და მესტიაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სათანადო რეკომენდაციები გაიცა. ასევე, მოსახლეობას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა.

სამედიცინო აქციაში საქართველოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტები მონაწილეობდნენ. იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციების პარალელურად ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის ფარგლებში, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, დევნილ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

ჭუბერსა და მესტიაში იმყოფებოდნენ და სამედიცინო აქციის პარალელურად მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია.

ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას.

საქართველოს ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში, სადაც დამსწრეებს 2020 წელს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული ჟიული შარტავას საფოსტო მარკა წარუდგინეს და ეროვნული გმირის ძეგლის პროექტის ესკიზი გააცნეს.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.