აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და მათში ზემო სვანეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების მხარდასაჭერად.

შეხვედრაში მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სოციალური დაცვის დარგში ნელი ნავერიანი და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სოფიო ჩხვიმიანი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობისა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებით არსებული ის ინიციატივები და პროექტები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

პრეზიდენტის მოხსენებას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითვალისწინებს რა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, აუქმებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  მიმდინარე პერიოდისთვის დაგეგმილ  ღონისძიებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 143, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ  საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა  მოქალაქეებმა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

სხდომაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, ადგილზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას, იქ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს. მონაწილეთა გადაწყვეტილებით სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ უიბლერს შეხვდა.
 
მთავრობის თავმჯდომარემ სააგენტოს წარმომადგენლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო და მიმდინარე სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე ისაუბრა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა USAID-ის მიერ საქართველოში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
 
შეხვედრას საქართველოში USAID-ის წარმომადგენელი ადამ შმიდტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

სასტუმრო „ბილტმორში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2018-2019 წლების ანგარიშის და ფოტოალბომის „რწმენა თავისუფლების აქტია“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში მოქმედი რელიგიური  კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებს ანგარიში  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ წარუდგინა. მან იმ ძირითად ღონისძიებებზე ისაუბრა, რასაც სააგენტო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების, შემწყნარებლური გარემოს განმტკიცებისთვის ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მუდმივად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების კუთხით. ასევე, მან ქართული ტაძრების თვითნებური გადაკეთების და დაზიანების ტენდენციებზე ისაუბრა. სააგენტოს თავმჯდომარე  2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებს შეეხო.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოალბომის პრეზენტაცია, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო რელიგიური ლიტერატურა, შესამოსელი და სარიტუალო ინვენტარი, პუბლიკაციები რელიგიის თავისუფლების, რელიგიებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის თემატიკაზე.

 

რუხის ინოვაციების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კოტე ბასარია აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მეწარმეებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ახორციელებს.

დღესვე რუხის ინოვაციების ცენტრში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით დამწყები და მცირე მეწარმეებისთვის ტრეინინგი ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი" (SIYB) ჩატარდა. ტრეინინგში აფხაზეთიდან დევნილი ექვსი მცირე მეწარმე მონაწილეობდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრეინინგს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპერტები უძღვებოდნენ.  საგანმანათლებლო პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარება აღნიშნული სეგმენტის სტიმულირებისა და განვითარებისთვის. ტრეინინგის პროგრამა ბიზნეს იდეის შემუშავებას, ბიზნესის, მარკეტინგული და მენეჯმენტის გეგმების შედგენას, ფინანსურ დაგეგმვას და საწყისი კაპიტალის მოძიებას  მოიცავს.

საგანმანათლებლო პროექტი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 

„დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ებრძოდნენ ოკუპაციას. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება და კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. ამ პროცესს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია სამშვიდობო პოლიტიკით,“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის თებერვალში კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი იუნკერების დიდი ნაწილი გმირულად დაიღუპა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს შეხვდა.
 
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და სათანადო მატერიალური ბაზის შექმნა.
 
ასევე, გამოითქვა ქალთა ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე განვითარების ინიციატივა და ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობა აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებში.
 
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული სსიპ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.
 
შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდა.

საერთაშორისო პროექტის „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“  ფარგლებში ნიდერლანდებსა და ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

პროექტი ქალაქ ამსტერდამში 16 თებერვალს გალა კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები და შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად  აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

17 თებერვალს ჰააგაში, საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა პროექტიდან „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“. საელჩოში მწერალ გურამ ოდიშარიას, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას წიგნების, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ წარდგენა და როტერდამის ერასმუსის პროექტის, ქართველი სტუდენტების კვლევის  „How did Georgian civil wars shape Georgia's foreign policy identity?/ Civil wars means wars in Abkhazia“ პრეზენტაცია გაიმართა.

ოფიციალური მიღება გაიმართა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, სადაც პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა მოეწყო. ვიზიტის ბოლოს ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში დიასპორის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე,  აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ეპარქიაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას ნამუშევრების და კომპანია “ფაფანაკის“ ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა. შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, საღამო კონცერტით დასრულდა.  

ნიდერლანდებსა და ბელგიაში გამართულ ღონისძიებებში German Voice-ის გამარჯვებული, აფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუა, „ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში“, „ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდი“ და ემიგრანტთა ბაღი “ფესვები“ მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნდერლანდებში“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, ხოლო პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო, საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია, კომპანია „TIKA TOURS GEORGIA“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და სამშვიდობო პროცესებში მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების წინაშე იმყოფება და ორივე სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ისწრაფვის დინამიური ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე.

ანზორ მარგიანმა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტუმრობისთვის და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.  შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სხვადასხვა ფორმატში ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ყირიმელი თათრების სახალხო დამცველი ნარიმან უსტაევი, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნები პეტრო ბოგდანი და ტატიანა კოვპაკი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო. პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და იმ საკანონმდებლო პაკეტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას, მოისმინა დევნილთა პრობლემები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.  შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილ მოსახლეობას  იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში   დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მონაწილეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით რეგიონებში უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანი საბინაო მართვის პროცესში დევნილთა მონაწილეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე  და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი მონაწილეობდნენ.