აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და კონცერტი ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში მდებარე სავაჭრო ცენტრში, ფესტივალის „გზა ერთობისკენ-რუხი 2018“-ის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით შედგა.

ფოტოგამოფენა ქართველებისა და აფხაზების მეგობრობის დასტურად გამართული სახალხო ზეიმის ისტორიულ კადრებს წარმოადგენდა. რუხის სახალხო ზეიმი 1979 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ აქ, დღევანდელი რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართებოდა.

რუხის სავაჭრო ცენტრში გამოფენის ფონზე კონცერტი გამართეს აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „თსუ - გორდელამ“. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ დამსწრეთ ახალი პროგრამა - „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“ შესთავაზა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლის“ დირექტორი დავით მაჭავარიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „Check in Georgia“-ისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა.

 

მემორანდუმი აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.


მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა მოაწერეს ხელი.


აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ განცხადა, რომ - „ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას მიზანშეწონილად მიაჩნია ჟიული შარტავას სახელი მიენიჭოს კავკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ახლგაზრდობისათვის, ადამიანებში გმირული სულისკვეთების ჩამოყალიბებისთვის ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, მას დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან, ჟიული შარტავას სახელის უკვდავყოფა სამუდამოდ დაკავშირებულია აფხაზეთის ტრაგედიასთან. ჟიული შარტავას სახელით მონათლული მწვერვალი კი ამ ტრაგედიის გამოძახილად და ჩვენი ქვეყნის გაერთიანების სიმბოლოდაც კი შეიძლება იქცეს. ვიანიდან ამ მწვერვალს დალაშქრავს უამრავი ქართველი თუ უცხოელი მთამსვლელი, განვითარდება მასობრივი ალპინიზმი და სამთო ტურიზმი. ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვა მრავალ სიკეთეს, რომელიც ალპინიზმს ახასიათებს.“,- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ,,განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ქვეპროგრამა ,,თანაბარი შესაძლებლობები-თანაბარი მზრუნველობა“ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 25-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს ექსკურსია მოუწყო. დღის განმავლობაში მოზარდებმა დაათვალიერეს ანანურისა და შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსები და ბაზალეთის ტბა.


პროექტში მონაწილე ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იყო კვებით. ექსკურსიის ბოლოს ყველა მოზარდს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები. 
პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მათი შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, ჯანმრთელობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის დასრულდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები.


სამდღიანი სპორტული პაექრობის შემდეგ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის გუნდები. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, მეორე ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის გუნდი, მესამე ადგილი დაიკავა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა.
მინი-ფეხბურთის ტურნირზე გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, ბურთებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.


სიგელებით დაჯილდოვდნენ ტურნირის მსვლელობისას სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები. გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები გადასცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა - დათო ზარიამ.

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“-მა, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში საზეიმო კონცერტი გამართა. კონცერტის მხარდამჭერები იყვნენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთის №1“ კონცერტზე წარადგინა აკადემიური მიმართულებები, როგორიცაა: საფორტეპიანო, კამერული ანსამბლი, სიმებიანი, სოლო-სიმღერა, საგუნდო, სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებები და „საოპერო სიმღერის სახლი“. კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში, ასევე გაიმართა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 


კონცერტს ესწრებოდა ახაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც პედაგოგებსა და სკოლის დირექტორს თამარ ახალიას, კონცერტის ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს, გადასცა მადლობის სიგელები, ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის. 


„დღევანდელმა კონცერტმა დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა თითოეულ ჩვენთაგანში. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარ ახალაიას ამდენი წლის დაუღალავი შრომისათვის და ჩვენს მხარდამჭერებს გვერდში დგომისათვის“, - განაცხადა მუსიკოსმა ნათია ბედენაშვილმა. 


სკოლა ქ. თბილისში 2018 წელს დაფუძნდა ქ. სოხუმის №1 და №2 მუსიკალური სკოლების ბაზაზე. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდ ნაწილს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ. ამიტომაც თითოეული მათგანი დიდი ყურადღებითა და სიყვარულით ეკიდება აფხაზურ სიმღერებსა და ცეკვებს, მის ტრადიციებს. ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა დღევანდელ საიუბილეო კონცერტზეც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „კონგრეს-ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურსი-დათვალიერება გაიმართა. ჟიურის წევრები იყვნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ მთავარი ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე; აფხაზეთის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია; ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სოლისტი და ამჟამად ანსამბლ „სიონის“ მთავარი ქორეოგრაფი მაია მამალაძე; ჟიურის თავმჯდომარე იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურს-დათვალიერებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანa ქვაჩახია ესწრებოდა.

ჟიურიმ კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებს შორის გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა:
1. ქ.თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“. ქორეოგრაფი - ბადრი უგრეხელიძე (ჟიურის რჩეული);
2. ქართული ცეკვის კომპანია „იბერი“ სამხატვრო. ხელმძღვანელი - დევი ადეიშვილი. ქორეოგრაფები: ნინი სიმონიშვილი და თემურ სილაგაძე (საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი);
3. გალის ოკუპირებული ზონის ერთ-ერთი სკოლის ქორეოგრაფული ანსამბლი (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამიონისტროს რჩეული);
4. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“. ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია (აფხაზური ცეკვის საუკეთესო შესრულება);
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1“. ქორეოგრაფი ოლია წურწუმია (აფხაზეთის ქორეოგრაფიული კავშირის რჩეული);
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“ -ის ანსამბლი „ალაშარა“. ქორეოგრაფი: მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია (მაყურებლის სიმპათია);
7. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „კავკასიონი“ ქორეოგრაფი ანგული ქავთარაძე ( მადლობის სიგელი).
ამასთანავე, კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე შვიდივე კოლექტივს მონაწილის სიგელი გადაეცა.
კონკურს-დათვალიერების მიზანი იყო აფხაზეთის დამსახურებული ქორეოგრაფების საქმიანობისა და მათ მიერ ხელოვნების ამ დარგში მიღწეული შედეგების წარმოჩენა, ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებში.

აფხაზეთის რაგბის ფედერაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ კლუბ „ტაოს“ ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩაატარა. ფესტივალში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდები, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა მორაგბეები. სტუმარ-მასპინძლებმა ძალიან საინტერესოდ იასპარეზეს და შეიძლება ითქვას, რომ რაგბის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.


რაგბის ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 14 აპრილს აფხაზეთის რაგბის ფედერაცია დაარსდა. ფედერაციის უმნიშვნელოვანესი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების რაგბით დაინტერესება, მათი ჩართვა რაგბის სპორტულ სექციებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ფიზიკურად ძლიერი, ჯანსაღი თაობის აღზრდა. ახალგაზრდა სპორტსმენები მომავალშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ფესტივალსა და სარაგბო ტურნირში ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდაჭერით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ახალგაზრდები მონაწილეობით, სპორტულ-კულტურული ღონისძიება „მეგობრობა გზად და ხიდად“ გამართა. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.


ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მე-100 წლისთავს და საქართველოს ძირძველი კუთხეების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ახალგაზრდების მეგობრობას მიეძღვნა.


ღონისძიება სპორტული და კულტურული ნაწილებისაგან შედგებოდა. სპორტული ასპარეზობები ჩატარდა ბავშვებსა და ვეტერანებს შორის, მინი-ფეხბურთში, კალათბურთში, ბაგირის გადაძალვაში. ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „სპორტული ვიქტორინა“. 
სპორტულ ასპარეზობებში მონაწილე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გუნდები, ვეტერანი სპორტსმენები თასებით, მედლებით, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაში მონაწილე ყველა მხატვრულ კოლექტივს გადაეცა ფასიანი საჩუქარი.


ასევე ქართული სპორტის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის მოწვეული წარმატებული ვეტერანი სპორტსმენები - ვიქტორ სანეევი, კახი კახიაშვილი, ლერი ხაბელოვი, ლუკა კურტანიძე, ვლადიმერ გუცაევი, ვლადიმერ ბარქაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.


ღონისძიებას ესრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და სხვ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აგრძელებს.  ამჯერად სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ ორგანიზებით,  საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა  შემოქმედებითი საღამო, რომლის მხარდამჭერები იყვნენ ქ. თბილისის მერია და აფხაზეთის ა/რ მთავრობა.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო  იუბილესადმი მიძღვნილი   ნახატები, ხელთნაკეთი ნივთები,  ნაქარგები და ა.შ. მოზარდებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, ესსები, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“.  გიორგი უშიკიშვილის  ფოლკლორული სკოლის მომღერლებმა კი ქართული, აფხაზური და ლაზური სიმღერები შეასრულეს.

დასასრულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ღონისძიების მონაწილეებს თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სტუდენტები, მოზარდები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საანგარიშო კონცერტი გამართა.

ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მიხეილ გიორგაძემ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა, ხოლო ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.

საიუბილეო საღამოს დასაწყისში დამსწეთ ანსამბლის 40 წლიანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ამჯერად განახლებული პროგრამით წარსდგა. კონცერტის ბოლოს კი ანსამბლის ყოფილ და მოქმედ წევრებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ, კერძოდ  ანსამბლის ვეტერან წევრებს - საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენები, ხოლო აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილ მთავარ ქორეოგრაფს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს თეიმურაზ დარჯანიას და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს სერგო გეგეჭკორს -  საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწყინვალების ორდენი“.

ანსამბლ „აფხაზეთის“ საიუბილეო-საანგარიშო კონცერტს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი საზოგადოება დაესწრო.

 



23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. წმინდა მოციქული სვიმონ კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. მან ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულთან ერთად დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა. წმინდა სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. ის დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში ახალი ათონის მთაზე, მის საფლავზე, მონასტერი აშენდა.

23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II 2014 წელს აფხაზეთის დღედაც დაადგინა. მას მერე ყოველი წლის 23 მაისს აფხაზეთის დღეც აღინიშნება.

პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დევნილი და არა დევნილი მრევლი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით  გამართა ახალგაზრდული  კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“. კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით  ქ. თბილისის საჯარო სკოლებში  წლეულს მეორედ ჩატარდა პროექტი: ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის  ისტორიის შესახებ“. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანგებოდ შერჩეულ  ქ. თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე.  კონფერენციაზე კი,  სწორედ იმ მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა, რომლებმაც ეს ლექციები მოისმინეს, აფხაზეთის თემატიკაზე საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები.

კონფერენცია გახსნა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, ხოლო კონფერენციას უძღვებოდა სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა.  კონფერენციის შედეგები შეაჯამეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ა/რ  იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი ავთანდილ ხაზალია, პროექტში მონაწილე პროფესორებმა ზურაბ პაპასქირმა და კახა კვაშილავამ. პროექტში მონაწილე ლექტორებს და მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

დასასრულ ასევე ითქვა, რომ  კონფერენციის მონაწილე მოსწავლეები სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტში ,,საგანმანათლებლო-საველე არქეოლოგიური ბანაკი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის“ ჩაებმებიან.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ..." გაიმართა. გამოფენა აფხაზეთის დღის აღნიშვნის ფარგლებში მოეწყო და აქ წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურულ-პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-სოციალური თანაცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. აფხაზური ურთიერთობები საუკუნეების მიღმიდან მოდის. ქართველები და აფხაზები ერთად, გვერდიგვერდ ქმნიდნენ აფხაზეთის ისტორიულ-კულტურულ ეპოქებს.

გამოფენა გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ. დამსწრეთთა წინაშე სიტყვებით წარსდგნენ ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეთნიკური აფხაზები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. მანანა ქვაჩახიამ გამოფენის დასათვალიერებლად მოსულ ახალგაზრდებსა დეტალურად მოუთხრო თითოეულ ფოტოზე გამოსახული ქართველი და აფხაზი მწერლებისა და პოეტების, საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების ისტორია თუ მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი საინტერესო ამბები.

ეს ურთიერთობა დაფუძნებული იყო საერთო ფასეულობებსა და ტრადიციებზე, რომელიც მოგვიანებით მესამე ძალის ვერაგულმა ჩარევამ დაანგრია. გამოფენის უმთავრესი მიზანიც საზოგადოების ყველა თაობისთვის, საერთაშორისო საზოგაოებისთვის ამის თქმაა.

 

 

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მხატვრების მორიგი გამოფენა გაიმართა. გამოფენა ამჯერად თემატური იყო და მას „ჩემი სახლისაკენ მიმავალი გზა“ ერქვა. პროექტში 18 მხატვარი მონაწილეობდა და მათ დამთვალიერებლებს, შესაბამისი განწყობის შესაქმნელად, ჟანრობრივად და შესრულების ტექნიკით განსხვავებული 40-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი შესთავაზეს. აქვე აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო.

რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება და შორდება აფხაზეთისაკენ ანუ შინისაკენ მიმავალი გზა. რთულდება ეგრეთ წოდებული საზღვრის გადალახვაც და ენგურს გაღმა დარჩენილ თანამემამულეებამდე მისასვლელი გზაც. ამ გზაზე ფიქრს, ოცნებას, ბარიერების გადალახვის დაუოკებელ სურვილს წლები ვერ ანელებს, პირიქით, ამძაფრებს: ამ და კიდევ უფრო მეტ სათქმელს იტევდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა პლენერები წეროვანში, მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდში და სხვ. 


მხატვრებს კიდევ ერთი წარმატებული გამოფენა მიულოცეს და და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ, ხელოვნებათმცოდნემ ქეთევან ახობაძემ და სხვ. გამოფენას ესწრებოდნენ ასევე მხატვრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.


პროექტი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით 2018 წლის 3-6 მაისს, ქ. თბილისში (სფფ -ის სპორტდარბაზში) აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში ჩატარდა. ტურნირი ფარიკაობაში პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში 2003-2005, 2006-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის გაიმართა.

ტურნირის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ფარიკაობის პოპულარიზაცია, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ა. შ.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები.
საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლებში სამდღიანი პაექრობის შედეგად აფხაზეთის სპორტსმენები შემდეგ საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ: ალექსანდრე თავართქილაძე, ხმალი - ბიჭები (2006-2008 წ.წ.) – I ადგილი;; ლუკა ლომინაძე, ხმალი - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) – II ადგილი; ლუკა კაჭარავა, დაშნა - ბიჭები (2003-2005 წ.წ.) – II ადგილი; ნატალია ხარაიშვილი, რაპირა - გოგონები (2003-2005 წ.წ.) – III ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირზე დაწესებული იყო წარსულში გამოჩენილი მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები. ტურნირის გამარჯვებულებს თამაზ კაკულიას მეუღლემ ოჯახის სახელით საჩუქრები გადასცა.