მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

2019 წლის 30 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 30 მაისიდან 2 ივნისამდე გასტანს.
ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ჰიუგო ზეტცერი - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ხოსე ბორგინო - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ვილმარ დიპგრონდი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე.
2019 წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ოთხ (მე-3, მე-5, მე-6 და მე-11) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, ხოლო მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულადაა წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები – ფესტივალს წლეულს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის პირველადაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილია სამინისტროსა და აფხაზეთის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის მიერ აფხაზეთის თემატიკაზე გამოცემული წიგნები, ალბომები და ჟურნალები.
ფესტივალის მთავარ სცენაზე ოთხი დღის განმავლობაში მუდმივად გაიმართება უამრავი ღონისძიება.
დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.facebook.com/events/308531403409902/
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.
მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯია.

28 მაისს, 17 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ჩაატარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის დასკვნით საღამო - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“.

საღამოში „აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის - ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ წევრებთან ერთად ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წეროვანის, საგურამოს, სამაჩაბლოს, ზემო აფხაზეთის საჯარო სკოლების მოზარდები მონაწილეობდნენ.

დარბაზში გამოფენილი იყო: ახალგაზრდების ნამუშევრები (ნახატები, ნაქარგები); ამასთანავე გამოვლინდა სასწავლო-შემოქმედებით კონკურსში „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ გამარჯვებული თემები. მათი ავტორები კი სიგელები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა და სხვ. საღამოს უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო სამსახურის სპეციალისტი ნონა ბერაია.

მეორე დღეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი კვირეულის - „მე ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“ მონაწილეებისთვის ექსკურსია მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ქ. ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრების სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის სკოლების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მომავლის გეგმებზე; შეეხნენ იმ პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც წარმატებით ხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობისა და პედაგოგების საკეთილდღეოდ; ხაზგასმით ითქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ხარისხიანი განათლების მიღების თვალსაზრისით, შექმნილი სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მნიშვნელობაზე.

დაზუსტდა ინფორმაცია ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ განყოფილებებზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა თაობაზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე რამინ საჯაია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოზარდები თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლს ,,ჰელადოსს” დაესწრნენ.

სპექტაკლი ,,ჰელადოსი” ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ირადა გოზალოვამ დადგა.

სპექტაკლმა დევნილი მოზარდები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ქართველი მწერალი თავის ნაწარმოებებში გადმოსცემდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო დევნილი მოზარდებისთვის მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გამართავს.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფახაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ წლების წინათ დადგინდა. ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, ყოველწლიურად აღნიშნავს.

წლეულს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, ქ.ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლის“ ტერიტორიაზე, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. ხოლო 23 მაისს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა საზეიმო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე) და კვარტეტი „აფხაზეთი“. მსახიობები გიორგი გასვიანი და მარიამ ჩუხრუკიძე აფხაზეთისადმი მიძღვნილ ლექსებსა და ისტორიული თუ ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ. საღამოს აფხაზეთის ულამაზესი ხედების ვიდეოკოლაჟი გასდევდა ფონად. საღამოს რეჟისორი იყო გოგა თავაძე, ორგანიზატორი კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის კულტურისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური.

დამსწრეთ აფხაზეთის დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

ამასთანავე, ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის პროექტის „აფხაზეთის ფერების“ ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია შემაჯამებელი ეტაპია იმ სალექციო კურსისა, რომელიც წლეულს ქ. თბილისის 5 საჯარო სკოლაში (№26, №60, №133, №146, №211) ქვეპროგრამის „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ ფარგლებში განხორციელდა.

ქვეპროგრამა ქ. თბილისის მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას, მათ შესახებ ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს და 2017 წლიდან ტარდება.

პროექტის განხორციელებისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

მოწვეული პედაგოგები არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მათ მიერ ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებიისთვის წაკითხული ლექციების ციკლის სახელწოდებაა: „საქართველოს ისტორია აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური ხანიდან დღემდე“.

პროექტმა დაწყებიდან დღემდე მოიცვა ქ. თბილისის 15 საჯარო სკოლა, მთლიანობაში კი სალექციო კურსი გაიარა 500-მდე ახალგაზრდამ. სალექციო კურსის დასასრულს, ტრადიციულად იმართება ახალგაზრდული კონფერენცია იმ მოსწავლეების მონაწილეობით, რომლებმაც გაიარეს აღნიშნული კურსი.

კონფერენცია გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ.

კონფერენციაზე ზემოთ ხსენებული სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე.

კონფერენციის მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს სამინიტროს სერტიფიკატები გადაეცათ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს პროგრამით დაგეგმილ ,,საზაფხულო-საველე ბანაკში“, სადაც გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლებიდან, აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს.

წლეულს ბანაკის მოწყობა 90 მოზარდისთვის 2 ეტაპად არის დაგეგმილი, თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა 5 დღე იქნება.

„წარმატებული  ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

განმცხადებელს  მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი;
  • ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
  • რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
  • სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს  ბოლო  სემესტრის  მონაცემებით);
  • წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი  გადასახდელი  თანხის  ოდენობა).

აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს საშუალოდ 80%-ზე ნაკლები (ნაკლები პროცენტული მაჩვენებლის მქონე პრეტენდენტის განაცხადი არ დაფინანსდება). სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. მეორე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 01 მაის და გაგრძელდება 30 მაისის ჩათვლით.

თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერტიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე:   595 34 33 20;   577 09 22 39.

განცხადებების  მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი:  თბილისი, უზნაძის ქ. N 68.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ეწვია და მინისტრის თანამდებობაზე როლანდ ნიჟარაძე წარადგინა.

როლანდ ნიჟარაძე პროფესიით ისტორიკოსია და ის წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ჯერ მოადგილედ, შემდეგ კი პირველ მოადგილედ მუშაობდა.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება, როლანდ ნიჟარაძემ კი მადლობა გადაიხადა წარდგენისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის რაგბის ფედერაციასთან ერთად რაგბში ღია პირველობა ჩაატარა. შეჯიბრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გუნდები: ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, პტენა, აწყური, ასპინძა, ნაქალაქევი, ბორჯომი, ზუგდიდი 1, ზუგდიდი 2.

დაძაბული და საინტერესო პაექრობის შემდეგ პირველ ადგილზე გავიდა ზუგდიდი 1, მეორე ადგილზე - ბორჯომი, მესამე ადგილს კი ადიგენის გუნდი დაეუფლა.

გამარჯვებული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

შეჯიბრებას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი როლანდ ნიჟარაძე და ასპინძის სარაგბო ბაზის მხარდამჭერი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუს" წარმომადგენელი, გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მონაწილეობით, აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. აფხაზეთის დღედ 23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაწესდა.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოებში“ და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა. გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში.

ჩატარდა სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები ძირითადად ქალებისა და ბავშვებისათვის.

ბოლოს გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები ცნობილი კომპოზიციებით.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოება მამა მალხაზმა დალოცა.

დამსწრეთ ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

ღონისძიების მოწყობის მხარდამჭერები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, რუხის სავაჭრო ცენტრი და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“ მონაწილეების შერჩევა დასრულდა. ქვეპროგრამა ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით წლეულს პირველად ხორციელდება და მის ფარგლებში 10 დევნილ ახალგაზრდას საშუალება ეძლევა, დაეუფლოს გამოყენებითი ხელოვნების შემდეგ მიმართულებებს: ტიხრული მინანქარი; ტექსტილი (ბატიკა, თექა, ქვილთი, გობელენი, შიბორი), მინის მხატვრული დამუშავება და ცივი ფაიფური.

ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურისავე ორგანიზებით, 14 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქვეპროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისა და მხატვარ-დიზაინერ ეკატერინე გეგუჩაძის შეხვედრა და მომავალ გეგმებზე საუბარი შედგა.

თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალი წლეულს, 4 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა. ფესტივალის დირექტორმა მაია ჩაჩავამ გახსნისას ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგით მე-9 ფესტივალზე 11 კონცერტი გაიმართებოდა.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უცვლელი მონაწილეა გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა და აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, 8 მაისს კვლავაც დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამართულ ფესტივალზე მსმენელთა წინაშე წარსდგა. მათ ჩვეული ვირტუოზულობით შეასრულეს: Samuel Barber - ,,Agnus Dei”; ზვიად ბოლქვაძე - ,,რა ამაო ყოფილა”; Cucco Penia - ,,Bomba E”; გომარ სიხარულიძე - ,,ჩარი რამა” (არანჟირება ზვიად ბოლქვაძისა).

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი; თელავის ქალთა კამერული გუნდი - ,,კახეთის ჰანგები”; ბათუმის ქალთა კამერული გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 14 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება და მასში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელაც გამოვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სფფ-ის სპორტდარბაზში ჩაატარა აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში: ხმალი, რაპირა, დაშნა) 2003-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის.

ტურნირი ჩატარდა პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, აგრეთვე რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის სპორტსმენები. საუკეთესო სპორტსმენებისათვის დაწესებული იყო აფხაზეთის ვეტერანი მოფარიკავეების როზა ჯოლოგუასა და თამაზ კაკულიას სახელობითი თასები.

ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. სამი დღის განმავლობაში დაძაბულ ასპარეზობებში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები. აფხაზეთის სპორტსმენებიდან უფროსი ასაკის ვაჟებში ხმლით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლუკა ლომინაძე. უფროსი ასაკის გოგონებში რაპირით ფარიკაობაში მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა ნატა ხარაიშვილი.

ტურნირში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, გაცნობის მიზნით, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.


პედაგოგებმა ისაუბრეს კონკრეტულ მიღწევებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლებისა და მისი სწავლების გაძლიერების მნიშვნელობაზე, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პროცესში მოსწავლეთა მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე და სხვ. გარდა ამისა, მათ აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების პროცედურის დაჩქარების საკითხიც წამოჭრეს.

 

რუსლან აბაშიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს.

დღეს მთავრობის ახალი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს შეხვდა და თავის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობაში რუსლან აბაშიძე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

შეხვედრას ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დანიშნა.

რუსლან აბაშიძე 1996-2006 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.