აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, გამართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრება ჩატარდა 2003-2005 ასაკობრივ 14 წონით კატეგორიაში: 26კგ., 29კგ., 32კგ., 35კგ., 38.კგ, 41კგ., 44კგ., 48კგ., 52კგ., 57კგ., 62კგ., 68კგ., 75კგ., 85კგ., დაშვებული იყო +1კგ.


ტურნირის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო. 
ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის შვიდმა სპორტსმენმა დაიკავა სხვადასხვა საპრიზო ადგილი : გურჩიანი ლუკა - პირველი ადგილი 35 კგ წონით კატეგორიაში; ქვარიანი გიორგი - მე -3 ადგილი 57 კგ წონით კატეგორიაში; აბულაძე აკაკი - მე-3 ადგილი 68 კგ წონით კატეგორიაში; რურუა ლუკა - პირველი ადგილი 85 კგ. წონით კატეგორიაში (ბაღდათი, აფხაზეთი).


საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით. აგრეთვე საუკეთესო სპორტსმენებისათვის დაწესებული იყო თ. ბენდელიანის, ი. ომანაძის, ა. შენგელიას, გ. ხარებავას და გ. დარსანიას სახელობითი თასები, რომელთა შორის ორი თასი უზრუნველყოფილი იყო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, 3 კი აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის მიერ.


ტურნირის მსაჯთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსლან დარჯანია, მდივნის ფუნქცია შეასრულა გ. გრძელიძემ.


გამარჯვებულებს შესაბამისი ჯილდოები გადასცეს ტურნირის საპატიო სტუმრებმა და მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა რომელთა შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ყურაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, სახელობითი თასების შესაბამისი ოჯახის წევრები, ვეტერანი სპორტსმენები და მწვრთნელები.

1971 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი „ტყეების საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერებაში ტყის მნიშვნელობის დონის ამაღლება და გამეჩხრებული ტყის ტერიტორიის შევსება-აღდგენა.


21 მარტს საქართველოს პარლამენტში ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2018 - აღმოაჩინე საქართველოს“ ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნიკო კეცხოველის კონკურსი 2014 წელს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა. წლეულს კონკურსის ფინალში 29 სკოლა მონაწილეობდა.


კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითიგანათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ. 29 ფინალისტი სკოლიდან 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. კერძოდ, „ნიკო კეცხოველი 2018“-ის გამარჯვებული ლაითურის სკოლასა (| ადგილი) და მარადისის სკოლასთან (|| ადგილი) ერთად გალის ოკუპირებული ზონის ერთ-ერთი სკოლაც (||| ადგილი) გახდა. 


დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.

1993 წლის 15-16 მარტს რუსეთის რეგულარულმა და სადესანტო ჯარებმა, ავიაციამ და ფლოტმა აფხაზ სეპარატისტებთან და დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად ქ. სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში წამოიწყეს. იერიში მიმდინარეობდა ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან. ქართველმა მეომრებმა ენით აუწერელი სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი სოხუმის აღების ოპერაცია მამაცურად მოიგერიეს. მათ მოწინააღმდეგეს უმძიმესი მარცხი მიაყენეს და უკან დაახევინეს. მაშინ სოხუმი და, მთლიანად, აფხაზეთი გადარჩა. ეს იყო საქართველოს უდიდესი გმირობის მაგალითი საქართველოს უახლეს ისტორიაში. 


გადამწყვეტი როლი ამ ბრძოლაში ქართულმა არტილერიამ შეასრულა, რის გამოც 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ გამოცხადდა.

დღეს 15-16 მარტს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ომის ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ. შემდეგ მათ ყვავილებით შეამკეს სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის“. მემორიალთან ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ქართულ და აფხაზურ ენებზე ლექსები წაიკითხეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელამ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა. ევროპაში აღიარებულ, გურამ ყურაშვილის მიერ შექმნილ საგუნდო კაპელას ამჟამად სათავეში უდგას შესანიშნავი მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც თავისი ხელწერით კიდევ უფრო მეტად გაამდიდრა აფხაზეთის საგუნდო კაპელის შემოქმედება. 


კონცერტის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას კაპელა წარუდგინა და მათ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცა. 


კონცერტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.


კაპელის კონცერტმა ზუგდიდელ მაყურებელში დიდი აღფრთოვანება და ოვაციები გამოიწვია.

ქალაქ სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღე სევდითა და სიამაყის გრძნობით აღნიშნეს. ჟიული შარტავა ქ. სენაკში 1944 წლის 7 მარტს დაიბადა. იგი აფხაზეთის ომის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო. ჟიული შარტავამ ბოლომდე არ დატოვა ქ. სოხუმი, ქალაქის მოსახლეობა, მთავრობის სახლი და უთანასწორო ბრძოლაში თანამებრძოლებთან ერთად გმირულად დაიღუპა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. შემდეგ ეწვივნენ ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმს, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ჟიული შარტავა და მისი გმირობის ამბები გაიხსენა.

გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ჟიული შარტავას მეგობრები და თანაკლასელები ესწრებოდნენ.

 

სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური ფოტოგამოფენა - „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობისა და მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების აკრძალვის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. ფოტოგამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძველესი ქართული კულტურის ძეგლების მიზანმიმართული ხელყოფისა და განადგურების ფაქტები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველთა კვალის წაშლის გეგმაზომიერი პოლიტიკის გაგრძელებაა.
გამოფენის კურატორები არიან ზურაბ ჯგუბურია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი. გამოფენას პარტნიორობას უწევენ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენა გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამ მნიშვნელოვანი გამოფენის მოწყობის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ შორს არ არის ის დრო, როცა აფხაზეთში ისევ გვერდიგვერდ იცხოვრებენ აფხაზები და ქართველები და ერთად მოუვლიან წინაპრების მიერ გადმოცემულ კულტურულ მემკვიდრეობას.

გამოფენის ერთ-ერთმა კურატორმა მანანა ქვაჩახიამ დამსწრეთ შეახსენა, რომ ოკუპანტის ვანდალური ქმედებების გამო აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ავთენტურობას და უნიკალურობას თანდათან კარგავენ. გარდა ამისა, ამ ტერიტორიიდან იდევნება უძველესი ქართული ენა. მისი თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმეტური ფოტო-მასალა ამძაფრებს აღქმას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კვალის წაშლას საქართველოს ძირძველ მიწაზე და რომლის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია.

გამოფენის კურატორის ზურაბ ჯგუბურიას თქმით, წლეულს აფხაზეთის ოკუპაციიდან 25 წელი სრულდება და ოკუპანტი მხოლოდ ეთნიკური წმენდით არ კმაყოფილდება, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული თვითმყოფადობის დამამტკიცებელი მატერიალური დოკუმენტები - ძეგლები არ არსებობს და ამისთვის მზად არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულიც ჩაიდინოს - აფხაზეთში ქართული ისტორიულ-კულტურული საგანძური/ძეგლები გაანადგუროს და მსოფლიოს ქრისტიანული კულტურის უნიკალური მხარე სამხედრო პოლიგონად აქციოს!!! როგორც მან განაცხადა, ამის უტყუარი დასტურია გამოფენაზე წარმოდგენილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ რუსულ-აფხაზური საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული 21-ე საუკუნის (2011-2017 წ.წ.) ფოტომასალაც.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას განცხადებით, აფხაზეთში დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად მუშაობა, იუნოესკოსთან თანამშრომლობის მცდელობით, ჯერ კიდევ დევნილობის პირველივე წლებიდან დაიწყო პარლამენტში მოქმედ ფრაქცია „აფხაზეთში“. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მომავალშიც საკუთარი დიპლომატიური მისიების მეშვეობით, უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას იქ არსებული მწვავე ვითარების შესახებ და ცივილიზებულმა მსოფლიომ არ დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩაფიქრებული კულტურული გენოციდი.

ფოტოგამოფენის გახსნაზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ გამახარიას ხაზგასმით, სეპარატისტებისა და მათი მფარველების მიზანია დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სამართალმემკვიდრენი ქართველები არ არიან, მაგრამ ამაში მათ ხელს უშლის ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ამ ძეგლების არქიტექტურა, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართულია და ქართული ეპიგრაფიკა. ამიტომაც მიმდინარეობს იქ ქართული ძეგლების იერსახის შეცვლა და ქართული ეპიგრაფიკის განადგურება. მსოფლიოს ეს უნდა გავაგებინოთ... ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამ გამოფენაზე ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ თავად დარწმუნდნენ, ვისი საკუთრებაა ეს ძეგლები სინამდვილეში და ვინ ანადგურებს მათ.

გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამოფენის დასასრულ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა.

გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერთი თვე გასტანს.

 

 

 

 

 

ამ დღეებში ქ. თბილისში ჩატარდა ღია საერთაშორისო ტურნირი  „რკინის ევრაზია“ (IRON EURASIA) ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში. ტურნირში საქართველოს,  უკრაინის,  ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, აშშ-ს, სომხეთის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი 4 დისციპლინაში - ძალისმიერი სამჭიდი, ძალისმიერი ორჭიდი და წოლჭიმი - გაიმართა.

ტურნირზე  საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის და მათ შორის აფხაზეთის სპორტსმენებმა იასპარეზეს. საბოლოოდ აფხაზეთის  სპორტსმენებმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:  ნიკა ჩახაია - პირველი ადგილი 75კგ წონით კატეგორიაში. მან ასევე მოიპოვა აბსოლუტური პირველობა ძალისმიერ სამჭიდში შედეგით 690კგ  (სამჭიდის ჯამში (280+170+240)); ლევან გალდავა - პირველი ადგილი 125კგ წონით კატეგორიაში (ეკიპირებული დივიზიონი) ძალისმიერ სამჭიდში შედეგით 780კგ  (სამჭიდის ჯამში (300+180+300));  აკაკი ჯინჭარაძე - მეორე ადგილი 100 კგ წონით კატეგორიაში წოლჭიმში შედეგით 190კგ; ლევან კოპალიანი - პირველი ადგილი 60კგ წონით კატეგორიაში ამოწევაში, ასევე მეორე ადგილი აბსოლუტურ ჩათვლაში შედეგით 180კგ; ირაკლი ცხოვრებაშვილი - პირველი ადგილი 90კგ წონით კატეგორიაში (ეკიპირებული დივიზიონი) წოლჭიმში. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ცხოვრებაშვილმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა აბსოლუტურ ჩათვლაში 261 კგ და  ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანებამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამინისტროს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობას თანადგომისათვის.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. კოჯორი-ტაბახმელას მიდამოებში სამშობლოს დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. 


1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. 


აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია იმ დღეების გაგრძელებაა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კი ტერიტორიების წართმევისადმი შეურიგებლობა.

საქართველოში მიმდინარე "ოკუპაციის კვირეულს" აფხაზეთის საჯარო სკოლებიც ტრადიციულად აქტიურად გამოეხმაურნენ. 
"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, სსიპ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას (ქ. თბილისი) 21 თებერვალს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასქირი ეწვია. ზურაბ პაპასქირი მოსწავლეებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ 1921-1922 წლებში განახორციელებულ იმპერიულ პოლიტიკაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა კი ოკუპაციის თემატიკაზე წაიკითხეს ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურებიდან.

„ეს მთა ჩემია, ეს ხე ჩემია“... იყო სლოგანი ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში (ქ,ზუგდიდი) ჩატარებული "ოკუპაციის კვირეულისა", რომლის ფარგლებში ჩატარდა: საუბრები - „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ (I-VI კლასები); კლასის საათი - „გმირები გვიხმობენ“ (VII-IX კლასები); ნახატების გამოფენა - „არა ოკუპაციას“ ( I-V კლასები); კონფერენცია - „კოჯორი და ტაბახმელა ქართული გმირების აკვანი“ ( X-XII კლასები).

"ოკუპაციის კვირეულს" ასევე აქტიურად გამოეხმაურა ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი), სადაც გაიმართა თემატური გამოფენა, საუბრები, დისპუტი, ვიქტორინა, პოეზიის 5 წუთი და სხვ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საშუალო საფეხურზე ჩატარებულმა დისპუტმა თემაზე „გეორგიევსკის ტრაქტატი - საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა თუ ნაბიჯი საქართველოს ანექსიისაკენ“. ოკუპაციას მიუძღვნეს კედლის გაზეთის სპეცნომერი და სხვ.

აფხაზეთის №10 საჯარო სკოლაში (ჩხოროწყუ) "ოკუპაციის კვირეულთან" დაკავშირებით სკოლის ისტორიის მასწავლებლებმა და კლასის დამრიგებლებმა ჩაატარეს საუბარი ოკუპაციის შესახებ. მოსწავლეებმა მოინახულეს ადგილობრივ მუზეუმში განთავსებული ოკუპაციის კუთხე. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმები ოკუპაციისა და საქართველოს ანექსიის თემაზე. რის შემდეგაც გაიმართა დისკუსიები.

 "ოკუპაციის კვირეულმა" საინტერესოდ ჩაიარა ასევე სენაკსა და სხვა რაიონებში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურული ფასეულობების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა. ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქვეპროგრამა ხორციელდება, მათ შორისაა ქვეპროგრამა - „სამეცნიერო კონფერენცია“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კონფერენცია თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“.

სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ქართული კულტურული ფასეულობების დაცვა არის ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი საფრთხე ექმნება კონფლიქტურ ტერიტორიებზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ამ მიმართულებით ფართო მსჯელობების დაწყება და გამოსავლის ძიება. კერძოდ, კონფერენციის მიზანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (მოძრავი და უძრავი) ინფორმაციის დამუშავება, მათი წარსულისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მსჯელობა და ნაშრომების შექმნის წახალისება.

სამეცნიერო კონფერენციის მასალები გამოიცემა და დაურიგდებათ ავტორებს, გავრცელდება სამეცნიერო წრეებში, დაეგზავნება საქართველოს მსხვილ ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო და აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლების სამკითხველოებს.

ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 მაისი. მომხსენებლები მოახდენენ თავისი ნაშრომის პრეზენტაციას კონფერენციაზე, რომლის გამართვის ზუსტი თარიღი და ადგილი მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.

სამეცნიერო კონფერენციის დებულება და კონკურსანტის სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ბანერზე სამეცნიერო კონფერენცია: „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“. იხ: http://www.meca.gov.ge/page.php?LangID=ge&id=197

სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციის ანკეტა

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მათი დიდი ნაწილი რესტავრირების პერსპექტივის გარეშე განადგურდეს, რაც არა მარტო ქართული მხარის, არამედ აფხაზების გარკვეული ნაწილისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ცნობილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქცია.


სამინისტროს ქვეპროგრამა - ფოტოკონკურსი „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“, რომელსაც სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური უკვე მეორედ ახორციელებს, ამ სტრატეგიის ნაწილია და გულისხმობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის (ეკლესია, სასახლე, ხიდი, ციხე, კოშკი, საინჟინრო ნაგებობები და სხვა, ან მათი ნაშთები) ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის დაფიქსირებას, რათა ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ გავაცნოთ და შევახსენოთ აფხაზეთში არსებული ჩვენი ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა.


ფოტოკონკურსის დებულება და კონკურსანტის სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ბანერზე „ფოტოკონკურსი“ http://www.meca.gov.ge/page.php?LangID=ge&id=196
სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე „აფხაზეთის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა“ (www.abculture.ge), სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე. ის ასევე გამოქვეყნდება სამინისტროს პერიოდულ გამოცემაში „ჩემი აფხაზეთი“და სხვა საინფორმაციო საშუალებებში. 


კონკურსანტთა რეგისტრაციისა და საკონკურსო ფოტომასალის წარმოდგენის ბოლო თარიღია 2018 წლის 20 ნოემბერი. 
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2018 წლის დეკემბერში.


ფოტოკონკურსის 3 გამარჯვებული დაჯილდოვდება ტელეფონებით. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა კონკურსის მონაწილის მოწმობა.

ფოტოკონკურსი ანკეტა

ფოტოკონკურსი დებულება

 

2018 წლის 18 თებერვალს ზუგდიდში სასკოლო კუნკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ნახევარფინალური ტური ჩატარდა. კონკურსში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებთან ერთად აფხაზეთის საჯარო სკოლებიც მონაწილეობდნენ. სკოლებმა მათ მიერ კონკურსის ფარგლებში განხორციელებული „მწვანე აქტივობები“ წარმოადგინეს. ისინი, პრემიის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასუფთავებდნენ საკუთარ სოფლებსა თუ ქალაქებს, ატარებდნენ გამწვანების აქციებს, იკვლევდნენ ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებს, თანამშრომლობდნენ თვითმმართველობასთან, იპყრობდნენ მედიის ყურადღებას. 


სასკოლო კონკურსის ჟიურიმ 9 გამარჯვებული სკოლა გამოავლინა, რომელთა შორის არიან სოფელ ოტობაიას N1 სკოლა (გალი), სოფელ თაგილონის სკოლა (გალი) და აფხაზეთის N14 სკოლა (ზუგდიდი). ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები დასკვნით ეროვნულ ტურში ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.


რეგიონული ტურის მონაწილეებს და გამარჯვებულებს კონკურსის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპეციალური პრიზები გადასცეს. რეგიონალური ტურის მონაწილეებს სამინისტროს სახელით მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე რამინ საჯაია.


კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. სასკოლო კონკურსი „ნიკო კეცხოველის პრემია-2018“ ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.


ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მთავარი აკორდი 21 მარტს (ტყის საერთაშორისო დღე) თბილისში გაიმართება და აქ ჩვენი ქვეყნის ყველაზე „მწვანე“ სკოლებიდან ნიკო კეცხოველის პრემიის სამი მფლობელი შეირჩევა.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.


მწერლის ბიოგრაფიული ცნობები და მისი შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს სკოლის უფროსკლასელებმა, დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ხატია ხარებავამ. მოსწავლეებმა, ასევე წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი მოთხრობიდან „მთის გადაღმა“.


გურამ დოჩანაშვილმა მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და გაიხსენა ბავშვობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის ხუთი წელი, ისაუბრა წიგნისა და მკითხველის ურთიერთობაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, სკოლის პადაგოგები.


მწერალს სტუმრობისა დაა საინტერესო საუბრისათვის მადლობა გადაუხადეს ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარემ ირინა ქეცბამ, აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ. ირინა ქეცბამ ცენტრის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა გურამ დოჩანაშვილს, ხოლო სკოლას - მწერლის ოთხტომეული ავტოგრაფით. საღამო მუსიკალური ნომრით დაასრულა სკოლის პედაგოგმა ზურაბ კვერნაძემ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში დისკის „15 აფხაზური სიმღერა“ (ანსამბლ „რუსთავის“ რეპერტუარიდან) და ამ სიმღერების სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. საღამო საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სვეტლანა ქეცბას ხსოვნას მიეძღვნა. სანოტო კრებულისა და დისკის გამოცემის იდეა აფხაზური ფოლკლორის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და ეს იდეა სვეტლანა ქეცბას ეკუთვნოდა. დასანანია, რომ მის განხორციელებას თავად ვერ მოესწრო. საღამოზე ასევე გაიხსენეს ბოლო პერიოდში გარდაცვლილი ხელოვანები: ზურაბ სოტკილავა, დიმიტრი ჯაიანი და ჯუმბერ ყოლბაია.

საღამოს უძღვებოდა სსიპ სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბიძინა გუნია. სვეტლანა ქეცბაზე - აფხაზ მოღვაწეზე, როგორც ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის დაუღალავ მზრუნველზე, ასევე აფხაზური სიმღერების წარმოდგენილი დისკისა და სანოტო კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, მუსიკოლოგიის დოქტორმა, სანოტო კრებულის რედაქტორმა ნინო კალანდაძე-მახარაძემ, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შავერზაშვილმა, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარემ მანანა ახმეტელმა, პოეტმა მზია ხეთაგურმა და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ. ანსამბლმა „აფხაზეთმა“ რამდენიმე აფხაზური სიმღერა შეასრულა. დარბაზში აგრეთვე გახმიანდა სიმღერები დისკის რეპერტუარიდან.


საღამოს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, ხელოვნების მოღვაწეები და დევნილი საზოგადოება.

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად 2008 წლიდან ახორციელებს აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სწავლების თანადაფინანსებას. დღემდე ასეულობით ახალგაზრდას გაეწია ფინანსური მხარდაჭერა და ხელი შეეწყო მათი სწავლების პროცესს.

ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის თანადაფინანსება. ეს პროექტი წარმოადგენს აფხაზეთის მთავრობის მხრიდან დევნილი ახალგაზრდობის მხარდაჭერის, აგრეთვე აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ქმედით ღონისძიებას. 


ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან: განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებით და წარმატებებით გამორჩეული ახალგაზრდები აფხაზეთიდან; ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. აგრეთვე, აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები.


განმცხადებელს მოეთხოვება მისი სწავლაში წარმატებულობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტების - აკადემიური მოსწრების ფურცლისა და რეკომენდაცია/დახასიათების წარდგენა (აგრეთვე, შესაბამისი სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენა არსებობის შემთხვევაში); აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს საშუალოდ 80%-ზე ნაკლები (ნაკლები პროცენტული მაჩვენებლის მქონე პრეტენდენტის განაცხადი არ დაფინანსდება. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე).


სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.


მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 4 ეტაპად. თითოეულ ეტაპზე, შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე). (დარეკეთ ნომრებზე: 577 09 22 29; 595 34 33 20; 577 09 22 39).


დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ბანერი: სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა.

 

წარმატებული სტუდენტები

განცხადების ბლანკი

სასწავლო გრანტი