აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 5 მშვიდობიანი მოქალაქე) საქართველოში გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსი მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“ დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა იმ პროფესიონალ, თუ მოყვარულ ხელოვანს, რომელთა შემოქმედება დაკავშირებულია აფხაზეთთან. პროექტის მიზანია კულტურის აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, რადგანაც ხელოვნებას და კულტურას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარბაში.
კონკურსში მონაწილე ათობით ნამუშევრიდან საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა 10 საუკეთესო ნამუშევარი:
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).
გაითვალისწინეთ: განცხადებაში აუცილებელია პირის საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტა), განმცხადებლის ხელმოწერისა და თარიღის აღნიშვნა.
თანადაფინანსებაგანსაზღვრულიაშემდეგნაირად:
500 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე );
700 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90%-დან 99- მდე);
2250 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 99%-დან 100%);
300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში;
სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება რეზიდენტურის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
მესამე ეტაპის საბუთების მიღება დაიწყება 15 აგვისტოდან და გაგრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადებები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68). ასევე, ელექტრონულ მისამართზე - apkhazeti@mes.gov.ge.
შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერტიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, შვედეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ესტონეთი, იტალია, ჰოლანდია, აზერბაიჯანი, რუსეთი) 16 ახალგაზრდა, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს და დღემდე იმავე ქვეყნებში წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე, მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ახალგაზრდების მხარდასაჭერად ხორციელდება. ისაუბრეს ასევე დევნილი ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე, აფხაზეთის წარსულსა და დღევანდელობაზე, სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი ხედვები გაუზიარეს და შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები მომავალში პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, რომელსაც ასევე საქართველოც შეუერთდა.
2020 წლის 12 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროში ჩატარდა „აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის“ სხდომა, სადაც განხილულ იქნა ორგანიზაციული საკითხები.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდმა „დინამომ“ ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“გოგონების გუნდმა ახმეტის "თუშეთთთან" იასპარეზა, რომელსაც 8:0 მოუგო და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქალთა გუნდებს შორის 2020 წლის სეზონი ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიხსნა და თამაშში 14 გუნდი მონაწილეობდა.
მატჩის წინ სოხუმის დინამოელებმა ქუთაისის "მართვე"-ს ქალთა გუნდის და თბილისის "საბურთალო"-ს ახალგაზრდა ფეხბურთელების - ნინო გურგენიძის და გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მინდორზე მათი გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ.
საფეხბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო, რომელმაც სოხუმის “დინამოს“ ქალთა გუნდს პირველი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ქალთა გუნდ „დინამო“ სოხუმმა საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის 2020 წლის სეზონზე პირველი მატჩი გამართა. მან ახმეტის „თუშეთს“ 8:0 მოუგო და 14-გუნდიან ცხრილში მოწინავეთა შორის აღმოჩნდა. ქალთა გუნდი „დინამო“ სოხუმი ახლახან აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით შეიქმნა.
მატჩის დაწყებამდე „დინამო“ სოხუმის წევრები ახალგაზრდა ფეხბურთელების - ნინო გურგენიძისა და გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მინდორზე მათი გამოსახულებიანი მაისურებით გამოვიდნენ.
საფეხბურთო მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო. მან „დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდს პირველი გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. მატჩს ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი სამხედროების ხსოვნას.
“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომლის შედეგად ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.
რუსეთის ფედერაციის მიერ დღემდე გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა და უკანონო ბორდერიზაცია.
საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ეკონომიკის განვითარების და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გზით შეძლებს ქვეყნის დეოკუპაციას და ხელოვნურად დაშორიშორებული საზოგადოებების, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრების უზრუნველყოფას” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ომს უამრავი ადამიანური მსხვერპლი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპაცია, ეკონომიკური ზარალი და დევნილების ახალი მრავალრიცხოვანი ტალღა მოჰყვა. ოკუპაცია უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვნად აფერხებს შერიგების პროცესს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე აგრძელებს მილიტარისტულ პილიტიკას ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრები საზოგადოების მიმართ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აფხაზი ეთნოსის, კულტურისა და ენის არსებობას.
ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
ვალერი არქანიას ,,არტ გალერეაში“ საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას შრიფტის წარდგინება გაიმართა. შრიფტი ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა.
ახალი შრიფტი ჟიული შარტავას კალიგრაფიაზეა დაფუძნებული და მისი სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.
პრეზენტაციას უძღვებოდა ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც ჩვენი დროის გმირზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების სათანადოდ დაფასება მისი ღირსეული მომავლის საწინდარია.
შრიფტის შექმნის იდეის ავტორი და მთავარი კონსულტანტია ჟიული შარტავას თანაკურსელი და მეგობარი ზურაბ ჯიბლაძე; შრიფტის ავტორია გრაფიკოსი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი მურმან გელენიძე; ფონტების ავტორი კი კობა კურტანიძე. შრიფტის ელექტრონული ვერსია გიორგი ბაგრატიონმა შექმნა. აღსანიშნავია, რომ მურმან გელენიძის თაოსნობით შრიფტი უკვე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ისწავლება, რაზეც პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სტუდენტთა ნამუშევრებიც მოწმობდა.
პრეზებტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე და სხვ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული ერთიანობის ცენტრის - ,,ჟიული შრტავას საზოგადოების“ წევრები, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და ჟიული შარტავას მეგობრები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გაიმართა და მასში ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირები და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია ორ სესიად ჩატარდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. მონაწილეებმა შეაფასეს რუსეთ-საქართველოს ომის გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოზე, ასევე იმსჯელეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
კონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აშშ-ის კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის წევრი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ალიანსი 90/მწვანეების წევრი მანუელ სარაცინი, აშშ-ის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის პროგრამის დირექტორი ჰეზერ კონლი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამეფო ინსტიტუტის (RUSI) უსაფრთხოების საერთაშორისო კვლევების დირექტორი ნილ მელვინი, საფრანგეთის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პოლიტიკური კვლევის ცენტრის გენერალური მდივანი, „ევრაზია პერსპექტივის“ დამფუძნებელი ფლორან პარმანტიე, გერმანიის კორბერის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დირექტორი ლიანა ფიქსი, „ახალი ევროპელების“ დირექტორი, „რუსეთის მონიტორის“ მთავარი რედაქტორი ოლივიე ვედრინი მონაწილეობდნენ.
„2020 წლის 5 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი.
ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიის და ნორვეგიის წარმომადგენლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალის განთავსება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.
განცხადებაში ასევე გამოთქმულია უკიდურესი შეშფოთება ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გამო;
ასევე მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში გამოხატულია მხარდაჭერა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობისადმი, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლების განხორციელებისადმი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
აფხაზეთის მთავრობის სახელით მივესალმები გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებას და მიგვაჩნია რომ აქტიური საერთაშორისო ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ქვეყნის დეოკუპაციისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ღირსეული და უპირობო დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
როგორც ფაქტი, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა და ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ უამრავ ქვეყანას, რომელიც მძიმედ ებრძვის ვირუსის გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ დღემდე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავიდანვე ბრძოლა მიმდინარეობდა ორ ფრონტზე - ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის მიმართულებებით.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ბრძოლა და გამარჯვება ამ ბრძოლაში ორ ფრონტზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. ჩვენ თავიდანვე, პირველივე ეტაპზე გამოვაცხადეთ სოციალური დახმარების კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავდა, როგორც გახსოვთ, კომუნალური გადასახადების კომპენსირებას სახელმწიფოს მხრიდან. ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 1.2 მლნ-მა მოქალაქემ. შემდგომ, ამასთან ერთად, ჩვენ გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და ეს გახლდათ ჩვენი 600 000 მოქალაქისთვის ვალის გადავადების კომპონენტი. გარდა ამისა, იდენტიფიცირება მოხდა ყველაზე დაზარალებული ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის და ტურიზმის პირდაპირი მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები იყო გადადგმული. ეს იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი, თუმცა სულ მალე ნათელი გახდა, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს ვერ დააკმაყოფილებდა, არ იყოს საკმარისი. ამის შემდეგ დაიწყო სოციალური მხარდაჭერის ფართო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელმაც დაკარგა ოფიციალურად სამსახური და მათი მხარდაჭერა, როგორც გახსოვთ, ეს იყო 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა ამ ქვეყანაში არასოდეს განხორციელებულა და არც ერთი კრიზისის დროს საქართველოს არც ერთ მთავრობას თვითდასაქმებული არ გახსენებია.
„ჩვენ, თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად ერთჯერადად გამოვყავით 300 ლარი და გარდა ამისა, იყო დახმარებების კონკრეტული მიმართულებები - შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების 600 ლარით, თვეში 100 ლარის დახმარების ოდენობით. თუმცა, სულ მალე გახდა ასევე ნათელი რომ ესეც საკმარისი არ იყო. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ვამბობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე და ხანგრძლივი კრიზისი და საქართველოს მთავრობა მისი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს თითოეულ ქართულ ოჯახს და ჩვენ დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ ნაბიჯების გადადგმა," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც შედეგი, საქართველოს მთავრობა მეორე ეტაპს ხურავს იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება.
"სანამ გადავალ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება ჩვენი სოციალური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ კრიზისში მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი ერთი კომპონენტი დავხუროთ დღესვე და ეს პროგრამა დავასრულოთ, ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობას მომართა 250 000-მდე მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების შესახებ - თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელთაც სრულად ჰქონდათ დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ დღეს გადავალთ მეორე ეტაპზე და როდესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება - ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტის შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარების სახით. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენო მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გრძელდება შესაბამისი ვადებით, როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათთვის სოციალური მხარდაჭერის გასაწევად მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შემდგომ, მე-3 ეტაპზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დააკომპენსიროს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და 200 კვ საათამდე ელექტროენერგია და 200 მ3-მდე გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. გიორგი გახარიას თქმით, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროგრამულად, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი.
„მე-3 ეტაპი გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველა ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე, ჩვენ გვესმის, რომ შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება გლობალურად ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა რეგიონში და გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას.
„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი, ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება კრიზისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის პროცესში. საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბავშვი 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს.
„ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს. ამასთან ერთად 150 000 სოციალურ ქულამდე ყველა სტუდენტი, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 2020-2021 წლის სწავლის საფასურს 2250 ლარს. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ კრიზისის ზეგავლენის გამო ახალგაზრდების განათლების პროცესი რაიმე რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ განსახორციელებელი სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები გახლავთ ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი განათლების პროცესი კრიზისის ზეგავლენის გამო რაიმე რისკის ან ხარვეზის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ, მათ შეძლონ შვილების ღირსეულად აღზრდა და ღირსეული განათლების მიცემა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ძირითადი პრინციპი ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.
„გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, როგორც ნათელია და ყველა საერთაშორისო კვლევებით ჩანს, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების შესაძლებლობების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს გერმანიაში სწავლისა და მუშაობის ნებართვის მქონე სტუდენტებისთვის 11 აგვისტოს კიდევ ერთი შეღავათიანი ავიარეისის ორგანიზება დაავალა. მისივე თქმით, ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება.
„უახლოეს პერიოდში სასწავლო წელი იწყება და სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება როგორც საქართველო, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. მოგეხსენებათ, ბევრი ქართველი სტუდენტი განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, განათლების მიღებასთან ერთად. მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ასეთმა ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში მუშაობის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ჯგუფისთვის და ბერლინში რეისი განვახორციელეთ. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და 11 აგვისტოსთვის განვახორციელოთ კიდევ ერთი რეისი. ასევე რამდენიმე თხოვნა იყო უნგრეთში განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან, ასევე დავაიდენტიფიციროთ რა რაოდენობაა ეს და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომელზე ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციაა, რაც გადის შერიგებაზე, შრომაზე და საქართველოს კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ხარისხის ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე.
„მე მინდა, პირველ რიგში, მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, რომ თეა ახვლედიანი აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მანამდე კი, მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში, როგორც ევროპის, ასევე კონფლიქტების მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე. ამიტომ, ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი, პირველ რიგში, მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ისაუბრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული.
„მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია.
„გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით იქნა განხილული საკითხი - მდგომარეობა საქართველოში, რომელიც ეხებოდა 12 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ და მკაფიო მხარდაჭერა იქნა დაფიქსირებული კიდევ ერთხელ, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მე მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში, ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აბასთუმანში აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარები მოინახულა, რომლებიც „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ სარეაბილიტაციო კურსს გადიან.
შეხვედრას „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ზაზა ავალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ.
რუსლან აბაშიძემ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე, სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიის მქონე აფხაზეთიდან დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომობის და პროგრამაში მათი ჩართულობის გაზრდაზე ისაუბრეს.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წელს აშენდა. შენობა 100 საწოლზეა გათვლილი და სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები მკურნალობენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20 დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გადიან. სახელმწიფო პროგრამაში დევნილთა მონაწილეობას და მათი უფასო ტრანსპორტირების საორგანიზაციო საკითხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.
დევნილების პირველი ნაკადი სამკურნალოდ 31 ივლისს გაემგზავრა, პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია გრძელდება და მათი ცენტრში ტრანსპორტირება ეტაპობრივად განხორციელდება.