აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მეწარმეების ხელშეწყობას აგრძელებს!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატამ მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დევნილ მეწარმეს, ეკატერინე ხუტკუბიას, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მდებარე საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვის ხარჯები დაუფინანსა.

აღნიშნული დახმარება განხორციელდა პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ქალბატონი ეკატერინე წლებია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ხილისგან დამზადებულ ჩირსა და ნუგბარს — ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ქართული ნედლეულით.

HACCP-ის ძირითადი მიზანია ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების პრევენცია საკვები პროდუქტის წარმოებისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე.

გიორგი ჯინჭარაძემ იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარის რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ სახელმწიფო რწმუნებულს რეგიონში მცხოვრებ დევნილებზე ზრუნვისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ იმერეთის რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილი მოსახლეობის პრობლემური საკითხები და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები. ვეცდებით, თითოეულ შემთხვევაზე მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ, რათა დროულად გადავჭრათ აღნიშნული საკითხები.

ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს დევნილთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მიზანია ინტეგრაციის ხელშეწყობა, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

მხარეებმა დევნილთა მხარდაჭერის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დათო მაღრაძის წიგნის „ჯაკომო პონტის" აფხაზური ვერსიის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ ენაზე გამოცემული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა. წიგნის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ ისაუბრა, რომელმაც პოემიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა.

პოემის აფხაზურ ენაზე თარგმანი აფხაზური ენის სპეციალისტს ირმა ოსია-კინწურაშვილს და აფხაზ პოეტს ეკუთვნით.

ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, პოემის აფხაზურენოვანი ვერსიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის უფროსი თაობის ვეტერანი მოცეკვავეები ბიანა დარასელია და თეიმურაზ ფარულავა, ქართულ-აფხაზურ კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

შეხვედრის ფარგლებში უფროსი თაობის მოცეკვავეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მინისტრმა კი ქართულ-აფხაზური მდიდარი ფოლკლორული ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა 2022 წელს შეიქმნა უფროსი თაობის მოცეკვავეებისა და მომღერლების მიერ. ანსამბლმა მცირე დროში, რამდენიმე სოლო კონცერტის ჩაატარა და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო.

გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობა შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას გაესაუბრა, ჩასახლებაში არსებული პირველადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ზუგდიდში შევხვდით ჩვენ დევნილებს, სადაც მოვისმინეთ მათი პრობლემები, საჭიროებები და არსებული გამოწვევები. აფხაზეთის მთავრობა მოახდენს აღნიშნული სიტუაციის შესწავლას და საკითხებზე შესაბამის და დროულ რეაგირებას განახორციელებს.

სამომავლოდ ვეცდებით თითოეულ კომპაქტურ ჩასახლებაში მივიდეთ და შევხვდეთ ჩვენ დევნილებს, მოვისმინოთ მათი საჭიროებები და ვეცადოთ ყველა ძირითადი პრობლემის გადაჭრას, რადგან დევნილებზე ზრუნვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მიმართულებით არსებულ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლითაც აფხაზეთიდან დევნილ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნო და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დევნილი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ სერვისებს გაეცნო და მედიკოსებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი გიორგი ჟღენტი წარუდგინა, რომელმაც ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხედვებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით კოდუა და გენრიეტა წიწავა, ასევე სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.

დავით ფაცაცია მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტი კირილე გამოვიდა თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივით არა მარტო საერთაშორისო ბანაკებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართვის მიმართულებით, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სკოლებს და უნივერსიტეტებში მათი მსოფლიო საპატრიარქოს ფინანსური მხარდაჭერით სწავლების გაგრძელებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსის და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე და არქიმანდრიტი ღვთისავარ გობეჯიშვილი.

"მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ბანაკებს ვახორციელებთ, სადაც ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებითი და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერა იმ კეთილ საქმეში, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობა არის ერთ-ერთი დაუვიწყარი, დიდი სულიერი, ზნეობრივი და შემეცნებითი გამოცდილება“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

გიორგი ჯინჭარაძე ხონში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით გახსნილი სილამაზის სალონი და სამკერვალო სახლი და ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად, არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

აფხაზეთის მთავრობა აქტიურად განაგრძობს დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნესინიციატივების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გადაეცათ, რომელიც დევნილთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

თენგიზ ნასარიძე ხონში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ხონში, აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით გახსნილი სილამაზის სალონის და სამკერვალო სახლის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან
და ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად, არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნესინიციატივების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გადაეცათ, რომელიც დევნილთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის მთავრობა აქტიურად განაგრძობს დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ ხუბუასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად თამაზ ნადარეიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ თავმჯდომარეს დევნილობაში, გენერალ-მაიორ თამაზ ნადარეიშვილს დღეს 71 წელი შეუსრულდებოდა.

გიორგი ჯინჭარაძე ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სათემო განათლების ცენტრი დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძე მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და შესაძლებლობის ფარგლებში ძირითადი საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და  დევნილებმა ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხი პირადად მთავრობის თავმჯდომარისგან და მინისტრებისგან მიიღეს.

შეხვედრაში ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

გიორგი ჯინჭარაძემ ვოვა ვეკუას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას სახელობის ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და 1989 წელს სოხუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

ვოვა ვეკუა 1989 წლის 15 ივლისს აფხაზეთში შეიარაღებული შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა და 18 ივლისს დაიღუპა. ის იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი და აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ვოვა ვეკუას სახელი მიენიჭა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრად გიორგი ჟღენტი დაინიშნა.

ახლად დანიშნული მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

მთავრობის თავმჯდომარემ მის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი ხელმძღვანელის პირობებში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გიორგი ჟღენტი 1978 წელს გალში დაიბადა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA. მინიჭებული აქვს მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები.

მას კერძო სექტორში მრავალწლიანი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრად დანიშვნამდე იყო "საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და მხარდაჭერისთვის” დირექტორის მოადგილე.

გიორგი ჟღენტმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ქარდავა შეცვალა.

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიით 2024–2025 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში გამარჯვებული ხუთი წარმატებული სპორტსმენი დააჯილდოვა.

სტიპენდია მიზნად ისახავს 8-დან 17 წლამდე ასაკის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერასა და წახალისებას.

სტიპენდიით დაჯილდოვდნენ:
• ძიუდოისტი თინათინ გულბანი
• მკლავჭიდელი გიორგი ტორუა
• ტაეკვანდოისტი სარა ბენდელიანი
• კალათბურთელი ცოტნე დგებუაძე
• კარატისტი ალექსანდრე არქანია

სპორტსმენები სტიპენდიას შვიდი თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიტალი დარასელიამ ფეხბურთის თამაში 1967 წელს ოჩამჩირის ბავშვთა სპორტულ სკოლაში დაიწყო, 15 წლის ასაკში გუნდ „ამირანში“ გადაიყვანეს. 1975 წელს ჩაირიცხა თბილისის „დინამოში“, სადაც მალევე გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კლუბში 273 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. ვიტალი დარასელია დღემდე აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

გლდანის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და გლდანის გამგებლის მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად, გლდანის რაიონში, მარატ ნოზაძის №16-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (ყოფილი ცეკავშირის შენობაში) მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების და ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გლდანის რაიონში, მარატ ნოზაძის №16-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და გლდანის რაიონის გამგეობასთან ერთად განხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მათი საჭიროების შესაბამისი არაერთი სოციალური, ინფრასტრუქტურული, თუ სხვა ტიპის პროექტი უკვე განხორციელდა და ამ მიმართულებებით აქტიურად გრძელდება მუშაობა.