აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპეტიულ გამოფენას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის — „კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში,
საქართველოს ეროვნულ გალერეაში, აფხაზი გრაფიკოსის და ფერმწერის ალექსანდრე შარვაშიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა გახსნა.
 
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიცია მოიცავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ უნიკალურ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე მხატვრის პირად არქივს.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მხატვრის შემოქმედებასა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა.
 
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო წიგნის - "ალექსანდრე შარვაშიძე“ პრეზენტაცია.
გამოფენის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ალექსანდრე შარვაშიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
 
გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ნამუშევრების ხილვა უფასოდ შეეძლებათ. ასევე წლის ბოლომდე გამოფენას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმები უმასპინძლებს.
 
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე შერვაშიძე პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვარია, რომელმაც საკუთარი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ნამუშევრების ნაწილი სოხუმის სურათების ეროვნულ გალერეაში ინახებოდა, რომელიც 2024 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა.
ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი მოინახულა და მოსახლეობის საჭიროებს და არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა და განათლება.

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს აფხაზეთის მთავრობის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტროების თითოეული პროგრამა მაქსიმალურად მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზეა მორგებული და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები მუდმივ ხასიათს ატარებს. ადგილზე გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ეფექტური რეაგირების მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი "მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის" ჩატარდა
ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი "მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის" წარმატებით ჩატარდა.
 
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ცნობიერება აიმაღლეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საჯარო გამოსვლების ხელოვნება, კრიტიკული აზროვნება, კონფლიქტოლოგიის საფუძვლები, ლიდერის უნარები, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორია და ძირითადი ეტაპები, ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ საკითხები და ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობაში.
 
დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე.
 
პროექტი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანია, მონაწილე ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა და მათი აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გააქტიურებისთვის და დიალოგის პროცესში კონსტრუქციული ჩართვისთვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დროებით დევნილ სტუდენტებს უმასპინძლა
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებისთვის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა, საჯარო სექტორში კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო.
 
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამინისტროს საქმიანობის პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გამახვილდა სამინისტროს როლსა და ფუნქციაზე.
 
ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სტაჟირებისა და პროგრამების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და სახელმწიფო სტრუქტურებში მათი ჩართულობის გაძლიერებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მინისტრ ლაშა ქარდავას მოუსმინეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლაშა ქარდავას მოუსმინეს.
მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების წერილობით შეკითხვებს. მოხსენების ფარგლებში ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, დროებით დევნილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე, ასევე ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე.
სხდომის ბოლოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიამ აუდიტორიას მიმართა და ასევე მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის.
ლევან მგალობლიშვილი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა საზოგადოებას ოსური ენის დღე მიულოცეს და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებელი კოსტა ხეთაგუროვი გაიხსენეს და ოსურ ენაზე ლექსები წაიკითხეს. ასევე შესრულდა ქართულ-ოსური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოსური ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება.

დავით ფაცაცია ონის მუნიციპალიტეტში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ონში, ბააზოვის ქ. #1-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და დეტალურად გაეცნო მათ საჭიროებებს.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების და ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ონში, ბააზოვის ქ. #1-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

„აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით, არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გავაგრძელოთ მუშაობა, რათა დროულად გადავჭრათ მათ წინაშე არსებული პრობლემები და გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

ბექა ღვაჩლიანი მედიაპროექტს "გაკვეთილი აფხაზეთი" დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლაში, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ მედიაპროექტს "გაკვეთილი აფხაზეთი“ დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში პროექტი აქტიურად ხორციელდება.

მედიაპროექტი "გაკვეთილი აფხაზეთი" წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მომავალ თაობაში ისტორიული მეხსიერების გაძლიერებას და აფხაზეთის მნიშვნელობის გაცნობიერებას.

საპილოტე ეტაპი 2025 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს და ამავე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტი მიზნად ისახავს 5 000-მდე მოსწავლისთვის სპეციალურად ადაპტირებული საგანმანათლებლო ვიდეომასალების ჩვენებას.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დროებით დევნილ უხუცეს ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი დავით მორგოშია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთიდან დროებით დევნილ, უხუცეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგნლებმა 102 წლის ვეტერან არტემ კოპალიანს 9 მაისი მიულოცეს, ქვეყნის სამაგალითო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და აფხაზეთის მთავრობისგან საჩუქრები გადასცეს.

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილ, მეორე მსოფლიო ომის 2 ვეტერანს 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გადაეცემა.

ლევან მგალობლიშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 99 წლის აფხაზეთიდან დროებით დევნილ ორესტი ბერულავას ესტუმრა

ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა.

მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის გულრიფშელ ორესტი ბერულავას 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

"ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ასეთ ადამიანებს და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მეხსიერება იმ გმირობისა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვება მოიტანა. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და სიმტკიცის საფუძველს წარმოადგენენ და მათი დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთ ვეტერან არტემ კოპალიანთან იმყოფებოდნენ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან ასევე 1000 ლარი გადაეცემა.

დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მინისტრ ბექა ღვაჩლიანს მოუსმინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ბექა ღვაჩლიანს მოუსმინეს.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა დეპუტატების შეკითხვების უპასუხა, დეტალურად მიმოიხილა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, გააცნო მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მოხსენების ფორმატში ბექა ღვაჩლიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვით გამოწვეული საკითხების გადაჭრის გზებზე. ამ კონტექსტში დისტანციური სწავლების ფორმატის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საპასუხო მექანიზმად დასახელდა.

ასევე ხაზი გაესვა დევნილი სტუდენტების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების მსურველ ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების მოძიებაში.

სხდომას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ლევან მგალობლიშვილი - მამია ალასანიას გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად

საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„მამია ალასანია იყო თავისუფლებისა და ერთიანობისთვის მებრძოლი პიროვნება, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო საქართველოსთვის.

მისი გმირული გზა არაერთი თაობისთვის რჩება სიყვარულისა და სამშობლოსადმი ერთგულების ნათელ მაგალითად, ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი გმირების თავდადება და სათანადოდ დავაფასოთ მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2018 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დავით ფაცაცია დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-6 ნაწილის კინოჩვენებას დაესწრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თაობა 21 საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-6 ნაწილის კინოჩვენება გაიმართა.

ფილმი ეძღვნება აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ექიმების პროფესიულ და ადამიანურ გმირობას. ექიმები თავად მოგვითხრობენ საკუთარ ისტორიებს, თუ როგორ იბრძოდნენ ქართველი და აფხაზი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად.

პროექტის მიზანია აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე ექიმების ღვაწლის წარმოჩენა, საქმიანობის დაფასება და მათი ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

კინოჩვენებას, ასევე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, ექიმები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ლევან მგალობლიშვილი ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ის პერსონალს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, ქუთაისში მდებარე სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის პერსონალს შეხვდა და კლინიკა დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიონალიზმისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და ექიმებს „დიომედის“ კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის პოლიკლინიკების რებრენდინგის და სამომავლო განვითარების აუცილებლობაზე, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც ხელს შეუწყობს დროებით დევნილი მოსახლეობის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკის ყოფილი მენეჯერი, ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ლევან მგალობლიშვილი - რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან სივრცეს აფხაზ თანამოქალაქეებთან

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს არა მხოლოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვას სთავაზობს, არამედ ქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან სივრცეს აფხაზ თანამოქალაქეებთან, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა რუხში განაცხადა, სადაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დროებით დევნილი ბენეფიციარებისთვის სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა.

სამედიცინო დაწესებულებაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გამოკვლევების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და დროებით დევნილ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

დღის განმავლობაში, თბილისის წამყვანი კლინიკების პროფესიონალი სპეციალისტების უფასო სამედიცინო მომსახურება 400-ზე მეტმა დროებით დევნილმა მოქალაქემ მიიღო. ასევე ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარებს ყველა საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.

დღესვე, სამედიცინო აქციის ფარგლებში, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ილია მართალის“ მხარდაჭერით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეტლი გადაეცა, ხოლო ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ედიტა კოდუას ინიციატივით, პირველადად დადასტურებულ შაქრიანი დიაბეტის მქონე დევნილ ბენეფიციარებს საჩუქრად გლუკომეტრის აპარატები დაურიგდათ.

სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა.