აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰიონდუ კიმს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შემთხვევებზე.
გიორგი ჯინჭარაძემ კორეელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ჩვენი ვალია, რომ დავაფასოთ ჩვენი გმირები, ჩვენი მებრძოლები, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ჩვენს ქვეყანას. დღეს პატივს მივაგებთ მათ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
სასაფლაოზე, ასევე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები იმყოფებოდნენ.
1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. საჰაერო ხომალდი ბაბუშერის აეროპორტში დაეშვა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში მყოფი 132 ადამიანიდან 108 დაიღუპა.
1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი. მოლაპარაკებების შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით ეტაპობრივად მიმდინარეობს ცხედრების მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის, ზუგდიდის ტექნოპარკში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა გააცნო, ასევე აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული და მოქმედი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ მხარდაჭერას.
ღონისძიების მონაწილეებმა დევნილი ბენეფიციარებისთვის გადაცემული მოტობლოკები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს. გიორგი ჯინჭარაძემ და თენგიზ ნასარიძემ პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა.
„დღეს ჩვენ სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობთ. ვეწვიეთ აფხაზეთის მე-11 სკოლას, სადაც პირველკლასელებს მივულოცეთ სწავლის დაწყება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა, რადგან ეს ის ბავშვები არიან ვინც უნდა შექმნას საქართველოს ძლიერი მომავალი. მათ უნდა გააერთიანონ საქართველო და ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად. მე მინდა მივულოცო, წარმატებები ვუსურვო მათ, რათა ასახელონ საკუთარი ქვეყანა და მშობლიური კუთხე, აფხაზეთი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.