აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

მწერალთა სახლში ქართველი მხატვრისა და პოეტის ბიეტა აბშილავას ხელნაწერების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მხატვრის მიერ ტილოზე დატანილი და ამოქარგული იყო საზოგადო მოღვაწეების, პოეტების, მწერლების ხელწერის ნიმუშები, აფორიზმები და გამონათქვამები. მან ქართველ მწერალთა 306-ზე მეტი ხელნაწერის ნაქარგი შექმნა და ხუთი ლექსების კრებული გამოსცა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები, ცნობილი მხატვრები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით (პროგრამა GRASSROOT) არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აგორა"-ს მიერ დევნილებისათვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მოწყობილი 3000 მ2 ფართობის სასათბურე მეურნეობა 2-3 იანვარს დიდთოვლობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა და ჩამოინგრა კონსტრუქციები.

მდგომარეობის გასაცნობად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მივიდა, დაათვალიერა სასათბურე მეურნეობა და დევნილებს  დახმარებას დაპირდა.

პროექტში ჩართულმა დევნილებმა აფხაზეთის მთავრობისა და მისი სტრუქტურების წარმომადგენლების დახმარებითა და კონსულტაციებით მოკლე ვადაში მოახერხეს დაზიანებული კონსტრუქციების შეკეთება. პროცესი დღესაც გრძელდება და მიმდინარეობს მეურნეობის სრულად აღდგენა.

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინიისტრი, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა.

სერგო პაჭკორია, გიორგი რატიანი და თინა ბაბლიძე წლების განმავლობაში სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დარამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. მათ ამ თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნეს. სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის სამსახიობო ხელოვნება განსაკუთრებული ოსტატობით გამოვლინდა სპექტაკლებში: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ფსკერზე“, „1932 წელი“, „ბრძოლა ტახტისათვის“ და სხვ.

საღამოს დაესწრნენ და იუბილარებს მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პრალმენტის დეპუტატმა, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწემ გოგი ქავთარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მსახიობებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და დევნილი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა.

ვახტანგ ყოლბაიამ თეატრის ქართველ მოღვაწეებს პროფესიული დღე მიულოცა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, თეატრალური დღესასწაულია, რომელიც ყველა თეატრალისთვის სანუკვარი დღეა. ალბათ სიმბოლურიცაა, რომ ეს დღე ახალი წლის დღეებს ემთხვევა. თეტრი ხომ ადამიანებისთვის მუდამ იყო იმედის, განახლების, სიმყუდროვის, სიხარულის, შემეცნების, აღტყინების, მრავალგვარი განცდის სამყარო. არ მეგულება საქართველოში პიროვნება, რომელიც არ გულშემატკივრობს ჩვენ მრავალფეროვან თეატრალურ სამყაროს. ამიტომ ეს დღე მათაც ეკუთვნით, ვისაც თეატრი და ჩვენი საამაყო მსახიობები გულმხურვალედ უყვარს. მადლობა იმისათვის, რაც გიკეთებიათ, მადლობა, რომ თქვენ არსებობთ, მადლობა რომ გვანიჭებთ საოცარ წუთებს, ემოციებს და განცდებს, რომელსაც ვერაფერს შევადრით. განა შეიძლება გაიხსენო აღელვების გარეშე სოხუმის თეატრი და მისი დასი, რომელთანაც ერთად გადავიტანეთ ყველა ჭირ-ვარამი. ის ხომ წლების განმავლობაში ქმნიდა ისეთ შედევრებს, რომელიც არც ერთ ჩვენგანს გულგრილს არ ტოვებდა. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის თეატრი სახელოვნად განაგრძობს თავის სიცოცხლეს საქართველოს დედაქალაქში. შეიძლება უჭირს, სტკივა, ბევრი რამ აკლია, მაგრამ სიმტკიცე, პროფესიული თავმოყვარეობა, მაყურებლის სიყვარული, საკუთარი კუთხისადმი ერთგულება მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ამიტომაც არის მუდამ წარმატებული მათი სპექტაკლები და პრემიერები. მეამაყება, რომ მქონდა და მაქვს სოხუმის შესანიშნავ თეატრალურ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელთაც ვინ იცის, რამდენი გმირის სახე შეუქნიათ სცენაზე. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს დღევანდელ დღეს საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო, რომელიც სწორედ დღევანდელ დღეს დაემთხვა. მათ მიერ განსახიერებული როლები დაუვიწყარია მაყურებლებისთვის. მინდა მათ უდიდესი მადლობა მოვახსენო სოხუმის თეატრში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის და მივულოცო დღევანდელი დღე. მახარებს ისიც, რომ ყველას გვჯერა, რომ აუცილებლად მოხდება ისე, რომ ერთად დავბრუნდებით სოხუმში. დიდი მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ასევე ჩვენი მოზარდ- მაყურებელთა თეატრი, რომელიც გვახარებს თავის წარმატებებით. გილოცავთ მეგობრებო, სიკეთე, ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე გიბოძოთ ღმერთმა ჩვენი ხალხის, ერის და თქვენი ოჯახის საკეთილდღეოდ“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს ქართული თეატრალური ხელოვნების მდიდარი სასცენო ტრადიციების მქონე შემოქმედებით კოლექტივებს - კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღას“.

აფხაზეთიდან დევნილმა თეატრებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს და შემოქმედებითი გამარჯვებით არაერთხელ გაახარეს მაყურებელი.

მშობლიურ ქალაქს იძულებით მოწყვეტილი ორივე თეატრი დღესაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს, თავდაუზოგავად შრომობს, რათა განსაცდელში გამობრძმედილები, მრავალფეროვანი რეპერტუარით ხელდამშვენებულნი ღირსეულად დაუბრუნდნენ აფხაზეთს და მშობლიურ სცენას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ქ.სტამბულში, მიმდინარე წლის 12 იანვარს მომხდარი ტერაქტის  გამო, რომლის შედეგად მრავალი  დაღუპული და დაშავებული ადამიანია.

ტერორიზმი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევათაგანია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისათვის და იმედს გამოვთქვამთ, მთელი ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევით დაძლეული იქნება ეს ბარბაროსული ქმედება - როგორც  ყველაზე დიდი სენი და თვითდამკვიდრების ყველაზე არაჰუმანური საშუალება.

ამ მძიმე წუთებში, მორალურ მხარდაჭერას გამოვხატავთ თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მიმართ და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას დავალებით აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა  და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.   აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილების მოთხოვნები და გაეცნენ  მათ პრობლემებს.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია  და ზუგდიდის დევნილთა პოლიკნინიკის დირექტორი თამაზ ჯანაშია.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ადგილობრივ  ხელისუფლებასთან კოორდინირებით ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილებს დაპირდნენ პრობლემების ეტაპობრივად, მაქსიმალურად მცირე დროში მოგვარებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

მოსახლეობას შობა მიულოცა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ქვეყანა სწორ გზას ადგას და 2016 წელი ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

„ალილო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სახალხო დღესასწაულია, რომელიც სამკაულივით მიჰყვება ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომ ალილოს ტრადიცია საკუთარი ლოცვა-კურთხევით კვლავ აღადგინა საქართველოში. აფხაზეთის სტრუქტურები ვცდილობთ ამ დღესასწაულში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. მიხარია, რომ 2016 წელს უფრო მასობრივად ვართ წარმოდგენილი და ახალგაზრდობაც ჩვენთან ერთად ხარობს ალილოს მადლით. ვერ დაგიმალავთ, რომ განსაკუთრებული იმედით შევყურებთ 2016 წელს. ცვლილებები, რომელსაც ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს მოუტანს, შესაძლოა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გზაზეც ჩვენი დაახლოების ლოკომოტივად იქცეს. ყინულის დაძვრას, რომელიც გადაულახავ ბარიერად აღიმართა ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის მოთმინება, ნებისყოფა, სიმტკიცე და, რაც მთავარია, ნდობის აღდგენისთვის გადადგმული სწორი მოქმედებები სჭირდება. საერთო ინტერესები ერთ-ერთი უმთავრესია, ჩვენი დაახლოებისა და ურთიერთობების აღდგენისათვის. არ უნდა დავუშვათ პესიმიზმი და გულგატეხილობა. ის არაბუნებრივი, საშინელი მოვლენები, რომელიც აფხაზებმა და ქართველებმა საკუთარი უგუნურებით და წინდაუხედაობით გამოვიარეთ უნდა შევუნდოთ ერთმანეთს. უნდა აღმოვფხვრათ გაუცხოება, რომელიც ყველას გვაზარალებს. სხვა გზა და გამოსავალი არა გვაქვს. ჩვენი უწმინდესი ხშირად სიყვარულის ნაკლებობაზე მიგვითითებს. ამ წმინდა დღეებში ყოველი ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, რომ მეტი სითბო, ურთიერთგაგება და სიყვარული გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ. ალბათ დღევანდელი დღის მადლი ის იქნება, რომ ასეთი განწყობა მთელი წლის მანძილზე გაყვეს ყოველ ჩვენგანს. ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
სიკეთე, ერთიანობა, წარმატება და წინსვლა მოეტანოს 2016 წელს საქართველოში მცხოვრები ყოველი ადამიანისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა, ახალი წელი და შობის დამდეგი დღესასწაული მიულოცა და საჩუქრების კალათა გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მოწვეულმა ქალბატონებმა მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებში მათ ჩართულობაზე ისაუბრეს.

მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობაში მომავალშიც მოეწყობა.

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

შეუფასებელია თქვენი ღვაწლი სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინაშე, რომელმაც თქვენი ძალისხმევით დაიწყო სულიერი სიმტკიცის გზაზე აღმასვლა.

ღრმად გვწამს, რომ ღვთის შეწევნით და თქვენი ლოცვებით, უფალი ინებებს აფხაზეთის დედა-სამშობლოს წიაღში დაბრუნებას და სრულიად საქართველოს გაბრწყინებას.

მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

 

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, ვარკეთილში, დვალის ქუჩა №3-ში მდებარე 193-ე ბაგა-ბაღისშენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 25 ოჯახს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში სოფელ ვაზიანის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 15 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებსა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, პროექტის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში საახალწლო ნობათები გადაეცათ.

რეგიონის მასშტაბით საახალწლო საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილ სულ 626 ოჯახს გადაეცა. ასევე, 190 ბავშვი უფასოდ დაესწრო საახალწლო ღონისძიებას.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგია აფხაზეთის ომის ვეტერან, I ჯგუფის ინვალიდ გია გრიგოლაიას ეწვივნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

„გია გრიგოლაიას ოჯახი არის ერთ-ერთი ღირსეული იმ ოჯახებს შორის, რომელთაც ჩვენ სიამაყით ვიხსენიებთ. უთანასწორო ომს, ქვეყნის ღირსებას მან ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა. ჩვენ ვეტერანებს ძალიან დიდი მოფრთხილება და მოფერება სჭირდებათ. ისინი ხომ ცოცხალი მემატიანეები არიან იმ ქარტეხილებისა, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ და რომელიც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს ჩვენ და მომავალ თაობებსაც.

ვსარგებლობ შემთხვევით და ბატონ გიას, მის ოჯახს მინდა მივულოცო უკვე კარზე მომდგარი ახალი წელი, ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება. ყველა ჩვენგანის მთავარი ოცნება მაინც მშობლიურ სახლში დაბრუნება. მინდა, რომ იქ, იმ კუთხეში მათ ეზეიმოთ ახალი წელი და დროის ათვლა დღეიდან დაწყებულიყოს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ერთობისათვის, თავდადებისათვის, თანამშრომლობისათვის. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ამ შესანიშნავი ოჯახიდან მივულოცო ახალი წელი ჩემს დევნილ საზოგადოებას, იძულებით გადაადგილებულ პირებს. ვუსურვო გამძლეობა, მადლობ აგადავუხადო იმ მოთმინებისათვის, რაც მათ წლების განმავლობაში მხოლოდ უდიდესი ნებისყოფისა და სიმტკიცის ფასად შეძლეს. მადლობა იმისათვის, რომ ისინი უთქმელად გულში ჩუმად ატარებენ იმ ტკივილს, რომელსაც საკუთარი კუთხის სიყვარული ჰქვია. ამ 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა დევნილთა პირობების გაუმჯებესებისათვის. ეს გვაიმედებს, რომ ტემპი რომელიც აღებულია, უფრო დაჩქარდება და საბოლოოდ ყველა დევნილი ბინით იქნება უზრუნველყოფილი. მაგრამ მაინც ჩვენ ვიყურებით დიდი იმედით აფხაზეთისაკენ, საქართველოს გაერთიანებისაკენ, აფხაზებთან ერთად თანაცხოვრებისაკენ. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვაშენოთ ის ქვეყანა, რომლისთვისაც გია თქვენ და თქვენი მეგობრები იბრძოდით.

გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ წარმატებებს, სიუხვეს, ჯანმრთელობას და იმედების ასრულებას. ღმერთი იყოს ჩვენი და თქვენი მფარველი“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, რენალდ დგებუაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოზე ასევე გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „რენალდ დგებუაძე“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, რენალდ დგებუაძის მეუღლე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, ახლობლები და მეგობრები.

რენალდ დგებუაძის მოღვაწეობასა და დამსახურებებზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ.
„რენალდ დგებუაძეს დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელს ჩვენ ძალიან დიდი მოწიწებით მოვიხსენიებთ, ვინაიდან მისი ცხოვრების წესი და დამოკიდებულება ყველაზე სათუთი საკითხების მიმართ სრულიად განსაკუთრებული გახლდათ. მის მიერ თქმული ნებისმიერ სიტყვასა და ფრაზას გასაოცარი ლაზათი ახლდა. რენალდ დგებუაძისთვის პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყანა სალოცავი ხატი გახლდათ, რომელსაც ვერაფერთან ვერ გავაიგივებთ. ჰუმანიზმი, სიყვარული და ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი ტალანტი, სიყვარულის ნიჭი მას ყველასგან გამოარჩევდა. იყო პოეზიის დიდი მცოდნე და მოყვარული. არაჩვეულებრივად ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას. მისი ცოდნა და განათლება ირგვილვ მყოფთ აღაფრთოვანებდა, ახალგაზრდობას კი მისაბაძ მაგალითად ესახებოდა. პატივისცემით ვიხსენებთ მის მშობლებს, რომელთაც ქვეყანას 6 შვილი აღუზარდეს. ძალიან დასანანია, რომ დღეს იგი ჩვენს შორის აღარ არის. ეს დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისათვის“. - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდაბნ დევნილი ვეტერან სპორტის მუშაკთა და წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებაზე საპატიო სიგელებით და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ საქართველოს  სპორტის დამსახურებული მუშაკი შოთა გვილავა,  საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე ოთარ ვახანია, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მძლეოსნობაში გივი ხოჭოლავა, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში გოგიტა არქანია და საერთაშორისო კლასის დიდოსტატი ჭადრაკში ბაადურ ჯობავა.

დაჯილდოების ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ვანო კრავეიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი დოლაბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანი და დევნილი სპროტსმენები ესწრებოდნენ.