აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია", რომლის ქვეპროგრამაცაა „აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის"შედგენა. სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ამ რუკაზე ანუ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა უკვე დაასრულა. რუკაზე დატანილ იქნა 150 არქიტექტურული ნაგებობის კოორდინატი, არსებული მდგომარეობის მითითებით.

„აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის" კიდევ უფროდაზუსტების მიზნით აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომელთაც აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე უმუშავიათ ან ფლობენ ინფორმაციას აფხაზეთში არქიტექტურული ნაგებობების მდებარეობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ დამსწრეთ წარუდგინა აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონული ვერსია და სთხოვა, რუკის სრულყოფის მიზნით გამოეთქვათ თავიანთი  შენიშვნები და წინადადებები.რუკის წარმოდგენილ ვარიანტთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა - ჯემალ გამახარიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა და აკაკი გასვიანმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ხვისტანმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა შერმადინ შარიამ და სხვ.

ერთხმად ითქვა, რომ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის შესადგენად ძალიან შრომატევადი სამუშაოა გაწეული; და რომ თანამშრომლობის შემდეგ მასში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ზუსტი რიცხოვნობის წარმოჩენას და სამომავლოდ  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოძიებას გაამარტივებს.

სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, საქართველოში აკრედიტებული ჩეხეთის, პოლონეთის, რუმინეთის, იაპონიის საელჩოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების - USAID, USAID REAP, FAO, IOM, OXFAM, ACF, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ბასარიამ დევნილთა დასაქმებაზე ორიენტირებული, მიმდინარე და დაგემილი აგრო-პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომლებიც საქართელოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ხორციელდება.

ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოყენების უფლებით გადმოცემულ მიწებზე ერთწლიანი კულტურის მოყვანისა და სასათბურე მეურნეობებში 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სადაც დევნილები არიან დასაქმებული.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რაც აგრარულ სექტორში დევნილთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.

დღეს ვალერი არქანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდების დიასპორის წარმომადგენლის პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის „ოსკარი გადაეცემა - სილია ვან დაიკის ვორქშოფები"-ს ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის შემოქმედებითი კოლექტივი ოსკაროსან პროდიუსერს სილია ვან დაიკის შეხვდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და შემოქმედებითი კოლექტივი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა და ოსკაროსანმა პროდიუსერმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივისათვის ვორქშოფი ჩაატარა.

სილია ვან დაიკი ჰოლანდიური ანიმაციის ასოციაციის საბჭოს წევრია. მის კოლექციაში 10 წელიწადში 400-მდე ანიმაციური ფილმი დაგროვდა. 1985 წელს კი ამერიკის კინოაკადემიამ სილია ვან დაიკის პროდიუსერული საქმიანობა უმაღლესი ჯილდოთი შეაფასა და გადასცა „ოსკარი" ანიმაციური ფილმისთვის „ანა და ბელა".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება ნატოს დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნით ნატოს კვირეულის გამართვას.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაარსებიდან დღემდე მოწოდებული იყო დაეცვა არამარტო რეგიონალური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოება, რომელიც პირველ რიგში თავისთავში მოიცავდა  კონსტრუქციულ - პოლიტიკურ თანამშრომლობას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების შესანარჩუნებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ საქართელოში გამართული ნატოს კვირეული კიდევ ერთი დამაახლოვებელი ფაქტორი იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკული მისწრაფებების გზაზე, რომლისკენაც საქართველო წლებია მიზანმიმართულად მიისწრაფვის და თავისი სერიოზული წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო უახლოეს მიომავალში ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

1991 წლის 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდატეხის დღეა, რომელმაც მთლიანად შეცვალა სახელმწიფოს მომავალი.

რეფერენდუმი ჩატარდა 25 წლის წინ 31 მარტს, როდესაც ქართველმა და აფხაზმა ხალხმა ერთად დაადასტურა დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების ნება.

დღევანდელი დღე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერ - ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

სწორედ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ ქართველებისა და აფხაზების შერიგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან საქართველოში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა თემაზე „აფხაზეთი დღეს. პრობლემები და გამოწვევები" გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის თემით დაინტერესებულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს და აფხაზეთში პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სტუდენტებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35 -ე რაუნდის შედეგებზე.

მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები სისტემატიური ხასითის ატარებს და საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების მეტად ჩართულობა აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2016 წლის 22 მარტს ქ. ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს.

მომხდარი ტერაქტები არ ეხება კონკრეტულ ქვეყანას, არამედ წარმოადგენს გამოწვევას ყველა სახელმწიფოსთვის. მთელი კაცობრიობის ძალისხმევაა საჭირო, რომ 21-ე საუკუნეში არ ხდებოდეს მსგავსი სახის ბარბაროსული აქტები და არ იღუპებოდნენ უდანაშაულო ადამიანები.

კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველა დაღუპულის ოჯახს და ამ მძიმე წუთებში ვდგევართ ბელგიელი ხალხისა და ხელისუფლების გვერდით.

საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მთავარი თემები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. საუბარი შეეხება ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას.

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე - მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს. ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკატების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.

ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გმობს 2016 წლის 16 მარტს, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადამღებ ჯგუფზე განხორცილებულ თავდასხმას.

აგრესიულად განწყობილმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის ჟურნალისტსა და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს არა მხოლოდ აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრისა და  ჟურნალისტების, არამედ თავისუფალი სიტყვის დასაცავად.

აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინაღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ ბრძოლამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ზუგდიდში დევნილთა ახალ ჩასახლებაში გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ, ქალაქ ზუგდიდის მერიის, წარმომადგენლობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს.

გამწვანების აქცია ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში ასზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხეები დაირგო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2016 წლის 13 მარტს ქ. ანკარას ცენტრში მომხდარი მორიგი ტერორისტული აქტის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.

„შეუძლებელია გულგრილი დარჩე თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროა, რომ ამ მოვლენებს კვლავ შეეწირა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე" - აცხადებს აფხაზეთის მთავრობა.

ამ მძიმე წუთებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თურქეთის ხელისუფლებისა და თურქი ხალხის გვერდით დგას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, კერძოდ სამტრედიაში, ზესტაფონში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გამართეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქების სხვადასხვა ჩასახლებებში დევნილთა პრობლემები მოისმინეს.

პრობლემები ძირითადად შეეხებოდა  სოციალურ სფეროს, ბინების დაკანონებას, ახლად აშენებულ კორპუსებზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს. აფხაზეთის მთავრობის წევრები  დევნილებს შეძლებისდაგვარად დახმარებას შეჰპირდნენ, რაც ერთჯერად დახმარებებს, კორპუსების გამაგრებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა აუცილებლად უშუამდგომლებს ყველა დევნილს ცენტრალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად.

მთავრობის წევრებმა დევნილებს გააცნეს განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელიც აფხაზეთის მთავრობამ წამოიწყო აღნიშნულ რეგიონებში. კერძოდ, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტური და სარეაბილიტაციო პროექტები. მნიშვნელოვნად მიიჩნევა ასევე სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაწყებული დევნილთა დასაქმების პროექტები სასათბურე და კოლექტიური საქმიანოის ხელშეწყობის მიმართულებით, განათლების სამინისტროს პროექტები სტუდენტთა დაფინანსების, მათთვის პრემიების გაცემისა და სხვა კულტურულ საგანმანათლებლო მიმართულების პროექტები.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია ფოთში აფხაზეთის მთავრობის პოლიკლინიკის მუშაობის სპეციფიკას  გაეცნენ, დაათვალიერეს სამედიცინო აპარატურა, გაეცნენ მის ეფექტიანობას დიაგნოსტიკისა და მკურნალობი სფეროში.

შეხვედრების დასრულების შემდეგ,  მიმდინარეობდა დევნილებთან კერძო გასაუბრებებიც. ბათუმში გამართულ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ ევროკავშირის ხელშეწყობით საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ CHCA -ს გახსნას. ცენტრი ბათუმში, ე.წ. „ახალი რაიონის" დასახლებაში ფუნქციონირებს და მისი დევიზია „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე". აღსანიშნავია ასევე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც 200-მდე გრანტს გასცემს.

შეხვედრები შეაფასა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, დევნილები მათდამი სამართლიანად კრიტიკულნი და მომთხოვნი არიან. ყოლბაია დევნილებს დაპირდა, რომ აფხაზეთის მთავრობა თვე-ნახევარში ამ რაიონებს კვლავ ეწვევა და მათთან ერთად შეაჯამებს დანაპირებთა შესრულებას.

„რამდენიმე დღეა, აფხაზეთის მთავრობის წევრები დასავლეთ საქართველოში ვიმყოფებით. შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან დავიწყეთ. საინტერესო და საქმიანი შეხვედრები გვქონდა სამტრედიაში, ზესტაფონში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში. ვერ ვიტყვი, რომ ყველგან ტაშით გვხვდებოდნენ. იყო სერიოზული კრიტიკა ჩვენ მიმართ, იყო თხოვნები და იყო მოთხოვნებიც. გამოიკვეთა თხოვნები ბევრი უწყების მიმართ, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროსადმი, ქალაქების მერიებისადმი, ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებისადმი. ასეთი შეხვედრები ეფექტიანი გამოდგა იმ მხრივაც, რომ ყველგან სადაც ვიხილავდით დევნილთა მდგომარეობას და ვსახავდით მათი გამოსწორების გზებს, ყველგან გვახლდნენ ადგილობრივი ორგანოების, ადმინისტრაციული უწყებების წარმომადგენლები, მერების მოადგილეები. ადგილზევე იხილებოდა და წყდებოდა მოთხოვნების შესრულების მექანიზმები, რისი ბერკეტებიც სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას არ გააჩნია. დაპირება დაპირებად რომ არ დარჩეს, თვე ნახევარში ჩვენ კვლავ ჩამოვალთ და მონიტორინგს გაუწევთ იმ დაპირებებს, რომელიც დღეს გაიცა. არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენად წარმატებულად აფასებს ჩვენი მოსახლეობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მუშაობას, მათი ბინებით უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე დიდი გარღვევაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხში", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, ოლიმპიური მომზადების ცენტრში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირი გაიმართა 2000-2006 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის 9 წონით კატეგორიაში.

ტურნირში მონაწილეობდა 313 სპორტსმენი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ გუნდებს შორის იყვნენ აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის გუნდები. აფხაზეთიდან წარმოდგენილი იყო ზემო აფხაზეთის გუნდი ოთხი სპორტსმენით და დაბა წყნეთის საჭიდაო ბაზაში არსებული გუნდი 14 სპორტსმენით. აფხაზეთის სახელით სულ 18 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ტურნირის შედეგების მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენთა შორის შვიდმა სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავა, კერძოდ: მათიაშვილი ნიკა - მე-2 ადგილი 58 წონით კატეგორიაში; წიფიანი ლუკა - პირველი ადგილი 63 წონით კატეგორიაში; კანტიძე ბაკო - პირველი ადგილი 69 წონით კატეგორიაში; ჩიქოვანი გიორგი - მე-3 ადგილი 76 წონით კატეგორიაში; გურჩიანი ლუკა - მე-2 ადგილი 29 წონით კატეგორიაში; წიკლაური გიგა - მე-3 ადგილი 38 წონით კატეგორიაში; ჩიქოვანი დაჩი - მე-3 ადგილი 46 წონით კატეგორიაში.

საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი დაჯილდოვდა შესაბამისი კატეგორიის დიპლომით, მედლითა და თასით.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოთარ ბლაგიძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის ოჯახის წევრებმა, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ყურაშვილმა და სხვ.

ბათუმში, საკალათბურთოდარბაზ „ბასკოში" საქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ბათუმისა და სოხუმის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ანგარიში 87:82 დასრულდა სოხუმის გუნდის სასარგებლოდ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.