აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

12 მარტს ქ. ზესტაფონში, საერთაშორისო ფონდ ,,თანადგომა XXI საუკუნე"-ს ინიციატივით, განათლების სამინისტრსოს, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და „ჯორჯიან მანგანეზი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნულ ცენტრში იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები უფასოდ სწავლას შეძლებენ.

ფონდის მიზანია სოციალურ-ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო სამსახურის გაწევა სოციალურად დაუცველი პირებისათვის, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა დევნილი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ და ჯგუფური მეცადინეობის მეთოდით შეისწავლონ შემდეგი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უნარები და ინგლისური. თითოეულ საგანს კვირის მანძილზე დაეთმობა ორი დღე და 90 წუთი.

ღონისძებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, განათლების სამინისტროსა და „ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თბილისში მცხოვრებ აფხაზ ქალთა ჯგუფთან ქალთა დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართა. მილოცვებისა და საზეიმო ნაწილის შემდეგ გაიმართა საუბარი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, მისი მოგვარების ეფექტიანი გზების ძიებაზე. შეხვედრისას აფხაზი ქალების მხრიდან საკითხი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსაც, თემებს, რომლის გადაწყვეტაც, მათი აზრით აუცილებელია.

განსაკუთრებით აღინიშნა კულტურული მემკვიდრეობის კუთხით მისაღებ გადაწყვეტილებებზე. ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრებზე ეს საკითხები კვლავ გააქტიურდება და იმედია, ორივე მხარისთვის მისაღებ ვარიანტზე შეჯერდებიან. მოწვეულმა სტუმრებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს სოფელ რუხში გახსნილ სავაჭრო ობიექტებს და იქ მშენებარე ჯანდაცვის ცენტრს.

ვახტანგ ყოლბაიმა აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილები დევნილი მოსახლეობისათვის დღეს ყველაზე მეტად ჭირს. ამიტომ ყოველი ობიექტი, რომელიც ამ საკითხს ოდნავ მაინც წაადგება, ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც დგილობრივი მოსახლეობა და აფხაზეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებენ რუხის მშენებლობაზე და იქ გახსნილ სავაჭრო ობიექტებზე. აფხაზმა ქალებმა აღნიშნეს ისიც, რომ სამშვიდობო რიტორიკა აფხაზეთის საკითხის მიმართ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ყველა გამოსვლაში გამოსჭვივის, ურთიერთობის და ნდობის აღდგენის პროცესს აძლიერებს.

„შეცდომების დაშვების უფლება ამ მეტად გაწელილ და რთულ სიტუაციაში არავის აქვს. არც ქართველებს და არც აფხაზებს. დადგება დრო, როცა სკეპტიკოსებს და პოლიტიკურად ხელმოცარულ ადამიანებს ყავლი გაუვათ და შერიგების პროცესს ვეღარაფერი შეაკავებს",-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის" ინიციატივით, ქალაქ რუსთავში მდებარე №5 პენიტენციალურ დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ქალი მომავლის რწმენით" გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, საქველმოქმედო ფონდ ''მომავლის გზის'' დირექტორი ბატონი დავით კინწურაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ გეწაძე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი თეიმურაზ ელიავა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი დარეჯან მახაშვილი.

შეხვედრისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა პენიტენციალურ დაწესებულებას ბიბლიოთეკისათვის საჩუქრად წიგნები გადასცა.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო.

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს უფროსმა დავით ღვინჯილიამ და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წევრებმა გენო ადამიას 80 წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გენერალ-მაიორის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ქართველი გენერალ-მაიორი გენო ადამია საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. ის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელია.

ღონისძიება ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის აფხაზეთის სამმართველოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.

 

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 72 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერის სამარხიდან გადმოსვენებული 10 მებრძოლის ნეშტის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„მადლობას ვწირავთ ყველას, ვინც დღევანდელი გადმოსვენების საკითხში მონაწილეობა მიიღო. მნიშნელოვანია, რომ დედების ერთ ნაწილს საკუთარი შვილის ამოცნობის საშუალება მიეცა. მინდა კიდევ ერთხელ ვანუგეშო ჩვენი დედები და მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდებულ ქალბატონებს, მათ მეუღლეებს იმისათვის, რომ მათ ბრწყინვალე ჭაბუკები აღზარდეს. ამ ბიჭებმა ხომ საკუთარი სიცოცხლე უშურველად გაიღეს სამშობლოსთვის, თავისუფლებისთვის, ხვალინდელი დღისთვის. კიდევ ერთხელ მუხლს ვიყრით ამ ბიჭების სულების წინაშე. მადლობა მათ დედებს, რომლებიც დღესაც იბრძვიან სიცოცხლისათვის თავისი შვილებისა და შვილიშვილების საკეთილდღეოდ. ღმერთი იყოს მათი შემწე და მფარველი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უდიდესი წვლილი მეომრების გადმოსვენების საკითხში. მადლობა მათ ამისთვის", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სამოქალაქო პანაშვიდს აგრეთვე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე  სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დედის დღისადმი მიძღვნილ საღამო სახელწოდებით „მადლობა უკვდავებაში გარდასულ შვილთა დედებს" გაიმართა.

საღამოზე შეკრებილ დედებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა,აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე სვეტლანა ქეცბამ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგიამ და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებმა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

საღამოს ბოლოს მეომართა დედებისათვის დედის დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა.

დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია დიეტოლოგიის კლინიკას „ენმედიცი" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო აქცია გაიმართა. გამოკვლევები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ჩატარდა.

პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სამედიცინო ცენტრ „ენმედიცის" გენერალური დირექტორი კობა ბურნაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო გამოკვლევების ფარგლებში მრავალშვილიანმა დედებმა ოჯახის ექიმისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია მიიღეს. ასევე, ფარისებური ჯირკვლის ექოსკოპია, თირეოტროპული ჰორმონის კვლევა და სისხლის საერთო ანალიზი ჩაუტარდათ.

გამოკვლევები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ორგანიზებით გაიმართა.

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, იგორ კოპალიანისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის,ვეფხია გვარამიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2013 წლის 15 ნოემბერს დადებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთობის განვითარებასა და განმტკიცებას და ახალგაზრდა თაობების განათლების, მაღალ კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები.

 

აფხაზეთის მთავრობისა და საპატრიარქოს მხარდაჭერით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში, კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის 143 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამოზე „დიმიტრი არაყიშვილის სოხუმის სამუსიკო სკოლის" პედაგოგებისა და მოსწავლეებმა შეასრულეს კომპოზიტორის მიერ შექმნილი რომანსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 95 წლის თავთან დაკავშირებით იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალშია ამ ბიჭების წინაშე. ახალგაზრდა იუნკერებმა თავისი მხრებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დღევანდელი დღე. ყველაზე ძვირფასი მათთვის იყო ქართველი ერის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს. მოწიწებით ვიხრით ქედს მათი ხსოვნის წინაშე," -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა საავტომობილო სპორტის ექსპერტთან, ქართველ ავტომრბოლელთან, აფხაზეთის ომის ვეტერან დავთ კვარაცხელიასთან.

ბულგარეთისა და ევროპის სხვადასხვა თასების პრიზიორმა თავისი სურვილით, წარმატებული ვეტერანის თასები და სიგელები ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი, ბულგარეთის ელჩის საქართველოში პლამენბონჩევი, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი კვლავ შალვა ოგბაიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანები და სპორტსმენები.

დღეს, საქართველოს მწერალთა სახლში კოლაუ ნადირაძის პრემიის ლაურეატის, მწერალ იროდი ასანაშვილის წიგნის „ღვთის ნათელი გზით" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში შესულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისადმი და საქართველოს თითოეული მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის და ეპისკოპოსებისადმი მიძღვნილი აკროსტიქული ლექსები.

პრეზენტაციას სტუმრის რანგში დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შერვაშიძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, მხატვარ გიგა დათუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია ავტორის დაბადებიდან ორმოც წელს მიეძღვნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები 90-იან წლების მიწურულს მიეკუთვნება. წარმოდგენილია ტემპერის საღებავებით შესრულებული კომპოზიციები, ლიტერატურული პერსონაჟების ინტერპრეტაციების ამსახველი გრაფიკული სერიები, აკვარელით, ფანქრით და კალმით შესრულებული პორტრეტული ჩანახატები.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა.

დღეს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ ცნობილი აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს.

ღონისძებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.