აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში 1000-მდე დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმოამდგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი ახალი წელი, შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დაესწრნენ.

აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისის მერია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები.

აქციის ფარგლებში პროდუქტები დაურიგდათ მარტოხელა დედებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს, ბავშვობიდან ინვალიდ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, დედმამით ობოლ არასრულწლოვან ბავშვებს, 90 წელს გადაცილებულ მოხუცებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. დევნილებს საახალწლო ნობათი ხვალაც დაურიგდებათ.

საქველმოქმედო აქციის მიზანია ადამიანებისადმი თანადგომა და მოხალისეობის კულტურის დანერგვა საქართველოში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში დევნილი მოსახლეობისათვის პირველი მასშტაბური აქცია 2014 წელს საახალწლოდ გაიმართა და მას შემდეგ პერმანენტულად იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქტიური ჩართულობისათვის ყველა ორგანიზაციას, ინდივიდუალურ მონაწილეს, კომპანიებს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის სერთიფიკატები გადასცა.

ვახტანგ ყოლბაიამ აქციის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს აქციას ახალი ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აქციას, აფხაზეთის ხელისუფლება უკვე მეოთხედ ვატარებთ. ამ აქციის ძირითადი არსი თანადგომის გრძნობის გაღვივება, ურთიერთპატივისმიგების, ერთად საქმის კეთების გრძნობის აღზრდაა ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ, დევნილი მოსახლეობა არა ვართ განებივრებული ასეთი კოლექტიური აქციებით თუ არ ჩავთვლით დევნილთა შემწეობებს, ბინების გადაცემას, რეფერალურ და ჯანდაცვითი პროგრამებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. წელს ძალიან სერიოზულად დაგვეხმარა ქალაქ თბილისის მერია, საქმეში უშუალოდ იყო ჩართული ბატონი დავით ნარმანია. აქციაში ჩაერთო რამდენიმე უწყება, რომელიც წინა წლებში არ მონაწილეობდა. მათ შორის მინდა აღვნიშნო კომერციული ორგანიზაცია შპს „გურიელი“, რომელიც მხარში გვიდგას და დევნილებისთვის გადასაცემად უფასოდ გვაწვდის თავის პროდუქციას. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წელს დაფუძდნენ და უკვე იმთავითვე გვეხმარებიან. მათ შორისაა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA“. წელს ასევე დაგვეხმარა „კორ სტანდარტ ბანკი“. ყოველ მათგანს დიდი მადლობა მინდა მოვახსენო თანადგომისა და დახმარებისთვის.

სიახლე კი ის გახლავთ, რომ ამ ღონისძიებას ჩვენ ვატარებთ ახლად გარემონტებულ შენობაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე მოვახერხეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში, მოუწესრიგებელი პირველი სართული გაგვერემონტებინა. ახლა ჩვენს კაპელას, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს სარეპეტიციო, ჩვენი სპორტსმენებს კი სავარჯიშო დარბაზი აქვთ, რომელიც აღჭურვილია გასახდელებით და საშხაპეებით. გვეამაყება, რომ ეს შევძელით. ახლა აქ სხვა განწყობაა, სხვა იერი დაჰკრავს ყველაფერს.

დღეს საახალწლო ნობათები გადაეცათ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას, მრავალშვილიან დედებს, 90 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, აფხაზეთის ომის ინვალიდებს, უდედმამოდ დარჩენილ ბავშვებს და მსგავს ადამიანთა კატეგორიას. ჯამში სადღაც 700-ზე მეტი ბენეფიციარია. ვაპირებთ რეგიონებში გასვლასაც. ნობათებს დავურიგებთ ომის მონაწილეებს ზუგდიდში, ბენეფიციართა გარკვეულ რაოდენობას რუსთავში გადავცემთ საახალწლო ძღვენს. ჩვენი წარმომადგენლობების ადგილობრივ მმართველობასთან ერთობლივი მუშაობის შემდეგ, ადგილობრივმა ადმინისტრაციამ საახალწლოდ 100-100 ლარი გამოუყო დევნილთა გარკვეულ კატეგორიას. რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა მოვახსენო.

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ მხოლოდ ლოზუნგი არ გახლავთ. უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც კი თანამოძმეზე ზრუნვა ადამიანს სულიერად ამაღლებს, როცა ხედავს როგორ სიხარულს გვრის მეორე ადამიანს ახლობლის ყურადღება და დაფასება. სამწუხარო ისაა, რომ ვერ მოვიძიეთ ჯერ-ჯერობით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ. ამიტომ ვფიქრობ უკმაყოფილოებიც იქნებიან. მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვაკლებთ ცდას ყველა მათგანს ხმა მივაწვდინოთ. ხვალ კვლავ გაგრძელდება საახალწლო ძღვენების დარიგება, შემდეგ კი გავალთ რეგიონებში. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ჰუმანურ აქტში. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას აფხაზეთის სტრუქტურების თანამშრომლებს, მინისტრებს, რომელთაც ჩათვალეს, რომ მათ აქვთ რაღაცნაირი ვალდებულება იმ დევნილების მიმართ, რომლებიც არსად მუშაობენ, იმ დედების მიმართ, რომელთაც შვილები ომში დაკარგეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვფიქრობ საერთოდ ეს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საახალწლო კონცერტი გამართა.

კონცერტში მონაწილეობდნე სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო, ვოკალური, საესტრადო, სიმებიანი, ხალხური საკრავების განყოფილებების მოსწავლეები და ხალხური სიმღერის ანსამბლი „კოლხები".

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ალექსეევკაში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ასევე საჭირო მედიკამენტები დაურიგდათ.

26 დეკემბერს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირმა  „მომავლის ხმა" ქ. თბილისის სათნოების სახლ „კათარზისში" აფხაზეთიდან დევნილი ბენიფიციარების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი „მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ" გამართა.

პროექტის მხარდამჭერები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და კომპანია „ბარამბო" იყვნენ.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ღვაწლმოსილი ადამიანები და აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ესწრებოდნენ.

საქველმოქმედო საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი ბავშვები, ფოლკლორის ეროვნული სკოლა, აფხაზეთის №2 სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი, სამეჯლისო ცეკვების გოგონათა ანსამბლი „ გაზაფხული" , თამარ საბაური, ქრისტი და მარიამ შაშიაშვილები და ნორჩი დეკლამატორები მონაწილეობდნენ.

პროექტის  ორგანიზატორი აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი იყო.

საღამოს დასასრულს კი კონცერტის  მონაწილეებს საშობაო საჩუქრები გადაეცათ.

25 დეკემბერს წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის - „მანანა ანუა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის წარდგენა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და გამომცემლობა „არტანუჯის" ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში საქართველოში მცხოვრები აფხაზი და ოსი ეროვნების ქალბატონების, ომის ვეტერანებისა და ომში ნათესავდაკარგულების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის კოლექტივებმა მოწვეული სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და კულტურის სფეროს მოღავწეები. 

 „დღევანდელი დღე განსაკუთრებული იმითაც არის, რომ ის ძალიან მშვიდობიან თემას ეძღვნება. ამ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად იცის მშვიდობის ფასი. ხალხი, ვინც ომის ქარიშხლიანი წლები განვლო. მსგავსი შინაარსის  ვინ იცის, უკვე მერამდენე ღონისძიებაა ტარდება, რომელიც გვახსენებს, რომ ომით დანგრეული მხოლოდ სიყვარულით შეიძლება ააშენო. მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაზე ქალბატონ გურანდა გაბუნიას დასწრება, რომელიც სისხლხორცეულად მიბმულია აფხაზეთთან, სოხუმთან, გაგრასთან. საოცარია მისი მოგონებები სოხუმში აფხაზებსა და ქართველებს შორის თანაცხოვრების თაობაზე. როგორ არ გავიხსენოთ ბატონ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „ჰელადოს!“ - ის ხომ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა დაწერილი, რომელიც  დღესაც გვინათებს გზას აფხაზეთისა და აფხაზი თანამემამულეების გულებისაკენ. მინდა  საქართველოს მოსახლეობას მათ შორის ომის ვეტერანებს  დამდეგი 2016 წელი მივულოცო.  მშვიდობიანი, ბედნიერი, ჯანმრთელი, ბარაქიანი ყოფილიყოს იგი ყოველი თქვენგანისთვის“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რგანიზებით სამინისტროს არტ-გალერეაში აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მასწავლებლებს მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. მან მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის და მომავალი კიდევ უფრო წარმატებული თანმშრომლობის იმედი გამოთქვა.

კონფერენციაზე ვრცლად ისაუბრეს განათლების მიმართულებით 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, ამ კუთხით განხორციელებულ პროგრამებსა თუ პროექტებზე აფხაზური ენის სწავლების საკითხებზე, აფხაზური ენის სწავლებისთვის შექმნილ სატრენინგო პროგრამაზე, რეფლექსიასა და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

კონფერენციაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პოლიტიკასა და ამ მიმართულებით მოსალოდნელ ცვლილებებზე. გაიმართა პედაგოგებისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების განხილვა, მსჯელობა სასწავლო პროცესში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. მასწავლებლებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოსაზრებები გამოთქვეს და სწავლების პროცესის შემდგომი სრულყოფის თვალსაზრისით წინადადებები წამოაყენეს.

ზუგდიდის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში წარმოდგენილი იყო ის ძირითადი პრიორიტეტები რომელი მიმართულებითაც აფხაზეთის მთავრობა 2015 წელს მუშაობდა. ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელოში ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები. ასევე აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვახტანგ ყოლბაიამ ანგარიშის კითხვა-პასუხის რეჟიმით დაასრულა.

„დღეს ჩვენ ზუგდიდიში დავასრულეთ რეგიონებში აფხაზეთის მთავრობის ანგარიშის წარდგენის დიდი მარათონი, რომელიც საქართველოს პარლამენტში დავიწყეთ და ზუგდიდში დავასრულეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს. მათთან ერთად ჩვენმა კოორდინირებულმა მუშაობამ თვალსაჩინო შედეგები მოგვცა. ვამაყობ იმით, რომ დევნილი საზოგადოება ამას გრძნობს და რწმენით ეკიდება ჩვენს სამომავლო პროექტებს, რომელიც ძირითადად მათი სოციალური ყოფის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ეს წინასწარ გაცემული ავანსია დევნილი მოსახლეობის მხრიდან აფხაზეთის მთავრობის მისამართით. მათ იმედებს გამართლება უნდა, რომელიც მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა. რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველასთვის დიდი სტიმულია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა და მასთან თანამშრომლობა, რომელმაც ბევრჯერ აგვინთქო მწვანე შუქი ჩვენი პროექტების განხორციელების გზაზე. ეს ძალიან დიდი სტიმულია იმისთვის, რომ მომავალი უკეთეს ფერებში დავინახოთ, ცდა არ დავაკლოთ იმ სამუშაოებს, რომელიც ახალი წლიდან გაასმაგებული ენერგიით უნდა წარვმართოთ. სასიამოვნოა, რომ დღეს ზუგდიდში ჩვენი ანგარიშის პრეზენტაციას თავის გუნდთან ერთად ესწრებოდა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. მინდა მადლობა გადავუხადო და დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. ფეხბედნიერი, სიკეთისა და მშვიდობის მომტანი იყოს 2016 წელი ყოველი ჩვენგანისთვის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ანგარიში უკვე წარადგინა საქართველოს პარლამენტში. ამჯერად, ანგარიშის წარდგენას ყოლბაია საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილთათვის განაგრძობს.

გასული 2 დღის მანძილზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მთავრობის ხელმძღვანელმა დევნილებთან გასული წლის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე განხილული თემებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასევე, ყოლბაიამ დევნილებს აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის დეტალებიც გააცნო.

იმერეთის რეგიონში შეხვედრებს ესწრებოდა იმერეთის გუბერნატორი გოგი ჭიჭინაძე და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეგრელოში კი ზუგდიდის საკრებულოს მოადგილე მერაბ ქვარაია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრები კითხვა-პასუხისა და ცოცხალი განხილვის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა დევნილთა პრობლემები და სხვა საჭირბოროტო საკითხები. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს თან ახლდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კუჭუხიძე და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია, რომელებიც დევნილებს მათ კომპეტენციაში შემავალი პრობლემების მოგვარებას შეპირდნენ. ბათუმში, დევნილთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოციალურ პრობლემებს. ყოლბაია დევნილებს პრობლემების განხილვასა და მოგვარებას დაჰპირდა.

აჭარის შემდეგ, შეხვედრები ზუგდიდში გაგრძელდა. ვახტანგ ყოლბაიამ დაათვალიერა ზუგდიდში მშენებარე სოციალური და ეკონომიკური პროექტები. მისი განცხადებით, სოფელ რუხში მშენებარე სასათბურე მეურნეობა ვადებში ჯდება და 2016 წლის დასაწყისში, უკვე გაჩნდება პირველი ნათესები.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში წარმოდგენილი იყო ის ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც აფხაზეთის მთავრობა 2015 წელს მუშაობდა. ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ბასარია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი იმერეთსა და აჭარაში ზაზა ჩაჩავა, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭნაძე, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვახტანგ ყოლბაიამ ანგარიშის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის ანგარიში უკვე წარადგინა საქართველოს პარლამენტში. ამჯერად, ანგარიშის წარდგენას ყოლბაია საქართველოს მასშტაბით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილთათვის განაგრძობს.

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია - „კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში" გაიმართა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (მოძრავი და უძრავი) წარსულისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი ნაშრომების შექმნის წახალისება.

სამეცნიერო კონფერენციის მასალები გამოიცემა ბუკლეტის სახით და გავრცელდება სამეცნიერო წრეებში, დაეგზავნება საქართველოს მსხვილ ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო და აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლების სამკითხველოებსა და გალის რაიონში განთავსებულ საშუალო სკოლებს.

კონფერენციას ესწრებოდნენ სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა.

კონფერენციის მხარდამჭერი იყო გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" ბათუმის კლუბის, აჭარისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიების, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობის სოლიდარობის დღე მოეწყო.

ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.

პროგრამის ფარგლებში გამოიფინა აფხაზი ხელოვნების მიერ შექმნილი ტილოები, ხელნაკეთი ნამუშევრები და წიგნები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ აქსანა კვიწინია და ვანო პაპუნიძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელით დააჯილდოვა.

პროგრამას, სახელწოდებით „ქართულ-აფხაზური საგა", ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პპირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და თვითმმართველ ორგანოებთან მაყვალა ბერიანიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. აჭარაში მცხოვრები აფხაზი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.

პროგრამის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და აჭარაში მოღვაწე პროფესორებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა აჭარაში აფხაზური სკოლისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ცენტრის შექმნის საკითხი, ერთობლივი მიმდინარე და სამომავლო პროექტები, აჭარაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემები. გამოიკვეთა აფხაზეთისა და აჭარის ტელევიზიების დამოუკიდებელი მაუწყებლობის მნიშვნელობა.

სასტუმრო „ლაერტონ თბილის"- ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, ასოციაცია „მშვიდობა და განათლება"-მ, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიამ სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის „ახალგაზრდები ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესები"-ს ფარგლებში,  მასტერ კლასი მოაწყო, რომელშიც  ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულების ექსპერტები მონაწილეობდნენ.

მასტერ კლასების მიზანია ახალგაზრდებში სამშვიდობო ხედვების, უნარების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან ინტეგრაციას, მათში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობას ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში, ახალგაზრდებში სამშვიდობო ინიციატივათა ხელშეწყობას, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში ინოვაციური მიდგომების შემუშავებას.

პროგრამის პარტნიორებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ბერგჰოფის ფონდი, კავკასიური სახლი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი და ამჟამად აშშ-ში მოღვაწე მწერლის ნანა ჯეჯეიას წიგნის „სადღაც გადარგული ბავშვობა“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მწერლის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ორი უწყება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ერთობლივი ღონისძიებებით ხელი შეუწყონ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას ვეტერანთა სამართლებრივი უფლებების განმტკიცების მიზნით.  

აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთათვის ერთობლივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით რეგიონებში გასვლით სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და მედიკამენტებით უფასო უზრუნველყოფას, სპორტის ხელმისაწვდომობისათვის პირობების შექმნას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვეტერანთა ტურნირების ჩატარებას, მხარეების პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შესაძლებლობებით ჰუმანიტარული, კულტურული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვითი, ეკონომიკური და სხვა სოციალურ ეკონომიკური დანიშნულების პროექტების შემუშავებას და განხორციელებას.

მხარეთა შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კოორდინაციას.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი ვერეტანები იმყოფებოდნენ.