მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლი"-ს საგამოფენო დარბაზში ასოციაციის „იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებითა და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლი" მხარდაჭერით კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და მოზარდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და მოზარდების გააქტიურება, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და ნამუშევრების რეალიზაციის ხელშეწყობა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის, პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები" გაიმართა.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები,  პროფესორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე პროფესორის მოღვაწეობასა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს.

შალერ ბენია იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. მას საქართველოში აგრარულ-სტატისტიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების მედალი გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო.

მსგავსი სახის ტრაგედიები არის ზოგადსაკაცობრიო ხასიათის მატარებელი, სცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს და წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში რუბრიკის „ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები" ფარგლებში საქართველოს სახალხო არტისტ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორ ელდარ გეწაძესთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ქეცბა და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

საღამოზე ელდარ გეწაძის შემოქმედებასა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს .
ასევე, კონცერტში პროფესორის კლასის სტუდენტები და თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლე ანა კვარაცხელია მონაწილეობდნენ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი გაიმართება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში გაემგზავრა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის დღის წესრიგით მონიშნულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. შეხვედრაზე განხილული იქნება სამი მთავარი მიმართულება: ძალის არგამოყენების ვალდებულება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება საკუთარ სახლებში.

საქართველოს დელეგაცია დააყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების საკითხს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისა და ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებაზე.

ოფიციალური თბილისი ასევე იმსჯელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით გამშვები პუნქტების დახურვის თემებზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი ორდღიანია და 28-29 მარტს გაიმართება.

სახელოსნო „2 ART“-სა და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ალერი არქანიას არტ-გალერეაშიარტ-ფესტივალი 2017“ გაიმართა. ფესტივალის მიზანი სხვადასხვა თაობის მხატვრ ერთ საგამოფენო სივრცეში თავმოყრა იყო.

არტ-ფესტივალზე“ გამოფენილი იყო 100-მდე მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნების და ქანდაკების ნიმუშები. ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებლებს წამოდგენილი ნამუშევრების შეძენაც შეეძლოთ. არტ-ფესტივალზე შემოსული თანხის ნაწილი ვალერი არქანიას არტ-გალერეის განვითარებას მოხმარდება. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლაეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები, კრიტიკოსები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ლონდონში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ ბრიტანელ ხალხზე, არამედ მთელ თავისუფალ, ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროზე. მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევაა საჭირო, რომ მზარდი ძალადობა სამუდამოდ აღიკვეთოს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს.

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიკო კეცხოველის პრემია 2017-სა და კონკურს „ფოტოსინთეზის" ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს 23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

ნიკო კეცხოველის 2017 წლის პრემიის სახელწოდება „მწვანე რეაქცია", რომლის ფარგლებშიც, ათასამდე გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. სასკოლო ინიციატივებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიც.

პრემიის ფარგლებში  გარემოსდაცვითი  მრავალი  ღონისძიება ჩატარდა.  საუკეთესო 100 სკოლიდან ფინალურ ტურში ერთმანეთს 23 სკოლა შეეჯიბრა. თითოეულს მიენიჭა „მწვანე სკოლის"  სტატუსი,   გადაეცა დროშა და  სერთიფიკატი.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ერთ-ერთი წარმატებული სკოლის ეკოკლუბის წევრებს საჩუქრად პლანშეტი გადასცა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  სამინისტროსგანაც საჩუქრად ენციკლოპედიები მიიღეს.

პრემიის გამარჯვებულებმა საჩუქრად სასკოლო-საზოგადოებრივი ცენტრების, ე.წ. „ეკო-ჰაბების" პროექტები მიიღეს, რომელიც ყველაზე აქტიურ სამ სკოლას ყოველგვარი სამუშაო პირობით უზრუნველყოფს.

ინიციატივა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები.

ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და  კულტურის  სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საერთაშორისო, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე შექმნილი მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება..." წარმოადგინეს. სპექტაკლში ნაჩვენები იყო აფხაზებისა და ქართველების მეგობრული და სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, ასევე აფხაზური ტრადიციები და სტუმართმასპინძლობა. სპექტაკლის მსველობისას გაჟღერდა ქართულ-აფხაზური სიმღერები, შესრულდა აფხაზური ცეკვები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ჯაყელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის  პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

2017 წლის 19 მარტს გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრიდან ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.

სიონის ტაძარში პოეტთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად, იმყოფებოდა ასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმოამდგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.

გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძემ, საქართველოს სახალხო არტისტმა გოგი ქავთარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამძიმრის წერილი წაიკითხა მამა იოანემ და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

გენო კალანდია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განამავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს  ოჯახის ექიმის, ქირურგის, პედიატრის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ოტოლარინგოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს ჰუსეინ შანლის შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ „TIKA"-ს კოორდინატორს მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს.

თავის მხრივ ჰუსეინ შანლიმ, ვახტანგ ყოლბაიას მადლობა გადაუხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში დევნილი მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

აფხაზეთის და სრულიად საქართველოს საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა ღირსეული მამულიშვილი, ეროვნული მოძრაობისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აქტიური მებრძოლი, გამოჩენილი ქართველი პოეტი, პოეტური მუზის იდუმალების წვდომის კლასიკური ოსტატი, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკდემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, გენო კალანდია.

ბატონი გენო კალანდია განეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთა მოწოდება ქვეყანაში  მიმდინარე მოვლენების შუაგულში ყოფნაა, იგი გახლდათ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორი თავდადებით უნდა ემსახურო საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ის, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და მებრძოლი პოეტი, ყოველთვის იმყოფებოდა ბრძოლის წინა ხაზზე. მისი ომახიანი ხმა-შეძახილი აფხაზეთში საომარი მოქმედებებისას, ჭუბერის გოლგოთის გზაზე ამოქმედებული სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან თუ მისი შესანიშნავი პოეტური კრებულებიდან, ყველგან და ყოველთვის ჟღერდა, როგორც გამამხნევებელი და იმედის მომცემი, უკეთესი მომავლის რწმენისა და სულის სიმტკიცის შენარჩუნებისაკენ მოწოდები ზარი.

გენო კალანდიას შემოქმედება ქართული პოეტური ნიჭის კიდევ ერთი ბრწინვალე გაელვებაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, იგი ღირსეულად ამშვენებს ეროვნული კლასიკური მწერლობის უმდიდრეს საგანძურს. გენო კალანდიას შემოქმედება, ღრმა ფილოსოფიური წიაღსვლებით და უნაზესი ლირიკით შეკრული პოეტური ნაშრომებით, მარადიულ ღირებულებებზე ფიქრის, მათზე მუდმივი ზრუნვის ჭეშმარიტი ნიმუშია.

ბატონი გენო კალანდია დაიბადა 1939 წლის 15 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. ჟურნალისტური განათლება მიიღო მოსკოვში, სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიოში, გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთში", სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში, იყო აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ალმანახ „ეგრისის" რედაქტორი, ჟურნალ „რიწის" პასუხისმგებელი მდივანი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით დაწესდა ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია, რომლის კომიტეტსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა.

გენო კალანდიას ლექსების პირველი კრებული „ცა და ფოთლები" გამოვიდა 1966 წელს ქ. სოხუმში, მისი პიესები „მთვარის საათი" „ადგილის დედა" და „ძე შეცდომილი" დაიდგა სოხუმის და საქართველოს სხვა თეატრებში. გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა: „ფესვები", „მიწის ჭრილობა", მწუხრის არაბესკები", „მესამე თვალი", „ასი სონეტი", „რეკვიემი", „ისევ რეკვიემი", „ერთტომეული". მისი ლექსები თარგმნილია და ცალკე წიგნებად გამოცემულია რამდენიმე ენაზე.ნიმუშია. მას არაერთი სამომავლო გეგმა ჰქონდა, მაგრამ ამ წუთისოფელში თავისი ფიზიკური არსებობა ყველასთვის მოულოდნელად, სულ რაღაც ერთი თვის ავადმყოფობის შემდეგ, სამოცდა მეთვრამეტე  წელს ამოწურა.

ასეთი უზადო ნიჭით დაჯილდოებული ბატონი გენო ურთიერთობებში იყო უშუალო და გულისხმიერი, ყველასთვის მზრუნველი, გამოირჩეოდა  განსაკუთრებული სისადავით და თავმდაბლობით. ერთ-ერთ ლექსში "ანდერძი" მთელი თავისი მოღვაწეობა  მწირი სიტყვებით აქვს შეფასებული:

                                         ".... იყავ ერთგული ჩემთა უფალთა,
                                          და ამოკვეთე საფლავის ქვაზე:
                                          იყო... ცხოვრობდა... წერდა.... უყვარდა...."

წავიდა ჩვენგან თავის ხალხსა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ მისი აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდებოდა დედა საქართველოს. არ ეპუებოდა უსაყვარლეს და მონატრებულ მშობლიურ გარემოს მოწყვეტას, "დევნილის" ხვედრს.... აფხაზეთი იყო მისი გულის სიღრმიდან ამოსული მოუშუშებელი ტკივილი, ყოველდღიური ფიქრი და ხვალინდელი იმედი. წავიდა კიდევ ერთი, საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების აუხდენელი ოცნებით და დარდით გულდაფერფლილი კაცი პატრიოტი, კაი ყმა, მამულის და ერის მოყვარე, წავიდა უღალატო და ერთგული მეგობარი, ჭეშმარიტი მამულიშვილი და დიდი ტკივილი  დაუტოვა თავის ოჯახსა და ახლობლებს.

გაგვიჭირდება ბატონ გენოზე წარსულ დროში საუბარი, ყოველთვის მოვისაკლისებთ მის სითბოსა და სიყვარულს, თუმცა მარადისობაში დავანებული ისევ გააგრძელებს სიცოცხლეს ჩვენს გულებში. მის სახელს და ავტორიტეტს არასდროს მოაკლდება სიკაშკაშე ზეციურ საქართველოში! სიმბოლურია ისიც, რომ მისი ბოლო ნაშრომი - "საგალობლები უფლისთვის", რომელიც მკითხველმა იხილა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არის ხმამაღალი აღსარება ღვთის წინაშე, რასაც ადასტურებს პოეტის ეს სტრიქონები: "         

                                  "უფალო ჩემი სახელით გეტყვი:
                                    მადლობა დიდი! შენთან ვარ, აქ ვარ!
                                    როდესაც წავალ, განგების ნებით,
                                     მიხილავ უფრო ერთგულს და მართალს"

მშვიდობით, ბატონო გენო!

მსუბუქი იყოს ქართული მიწა, რომელიც სიყვარულით მიიბარებს თქვენს ღირსეულ ცხედარს! უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი! ამინ!

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო: გვაზავა ელგუჯა, გვაძაბია დავითი, გამახარია ჯემალი, გასვიანი აკაკი, კაჭარავა  ვახტანგი, კვარაცხელია მურმანი, ლომინაძე გივი, ლორთქიფანიძე თემური, მგალობლიშვილი ნუგზარი, მესხია ნაპოლეონი, მარშანია ადა, მჟავია თემური, ნაგარნინა ოლგა, საჯაია  ჯემალი, ქარაია რაისა, შამუგია როსტომი, ცატავა რუდიკი, წოწონავა  ანზორი, ხეცურიანი შოთა, ხუბუა თამაზი, ჯგუბურია  ზურაბი.

აფხაზეთის მთავრობა: ყოლბაია ვახტანგი, ფარფალია მურმანი, ჯაიანი დიმიტრი, ბაკარაძე ქეთევანი, გვაძაბია დავითი, კუჭუხიძე კონსტანტინე, კოპალიანი იგორი, ბასარია ვალერი.

აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის სტუქტურების თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და დევნილმა საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1993 წლის 15-16 მარტს, მოწინააღმდეგემ სოხუმზე, გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი იერიში განახორციელა, რაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს, მაგრამ ამ უმძიმეს და უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა ასობით თავდადებული მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტად იურისტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ივანე დოლიძე აირჩიეს. ივანე დოლიძე აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება კერძო და სამთავრობო უწყებების მმართველ პოზიციებზე.  გახლავთ წარმატებული ბიზნესის მენეჯერი. 

 ,, ჩვენი მიზანია საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება, მათ შორის, უცხოური ბაზრების ათვისება და შიდა ბაზარზე წარმატებით დამკვიდრება. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA)  ფარგლებში და საქართველოს მიერ თურქეთთან, ჩინეთთან, დსთ -სთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული შეთანხმებების პირობების გათვალისწინებით ხელის შეწყობა  ბიზნესმენებისთვის,  რათა მათ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში აწარმოონ თავიანთი პროდუქცია და სერვისები. ამ ამოცანის მისაღწევად, სავაჭრო-სამრეწველო პალატა განახორციელებს სხვადასხვა შეხვედრებს საშუალო და მცირე ბიზნესის, მთავრობის შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მონაწილეობით. სავაჭრო - სამრეწველო პალატა მიაწვდის ბიზნეს სექტორს მათზე მორგებულ სერვისებს, გაუწევს სამართლებრივ და ეკონომიკურ კონსულტაციას, გამართავს ტრენინგებს და დაეხმარება მათ ინვესტორების მოძიებაში ,  მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების ხალშეწყობისა და უკეთ ადვოკატირებისათვის. მათივე მონაწილეობით, პალატა ამუშავებს შესაბამის სტრატეგიას, რომლის დასრულება იგეგმება 2018 წელს. თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ სტრატეგიის შექმნაში და გაქვთ კონკრეტული მოსაზრებები და იდეები, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია"-განაცხადა ივანე დოლიძემ.