
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.
მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა არა მარტო საფრანგეთისათვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გმობს აღნიშნულ ფაქტს და იმედოვნებს, რომ მთელი პროგრესული კაცობრიობის ძალისხმევით აღკვეთილი იქნება მსგავსი სახის არაჰუმანური ქმედებები, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ყველა ერისა და სახელმწიფოსათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უსამძიმრებს და მორალურ თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დააწესა.
სტიპენდიები მიენიჭებათ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოეთხოვებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა ან თანაავტორობა, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა.
სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის - თვეში100 ლარს.
სტიპენდიანტებს სტიპენდია მიეცემათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად,ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
პირველადი შედეგების შეჯამება მოხდება აგვისტოს თვის ბოლოსა და სექტემბრის თვის დასაწყისში.
დამატებითი ინფორმაციისათის ეწვიეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ–გვერდს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 34-33-20 (ნინო ლობჟანიძე).


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საჯარო მოხელეებისათვის ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „ადმინისტრაციული სამართალი" ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ მიერ ადმინისტრაციული სამართლის არსის, მიზნებისა და მნიშვნელობის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სამართლებრივი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში" ხელმძღვანელთან ბრაინ კინგთან და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის REAP წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმდინარე პროექტების ფარგლებში ქვეყნის აგრარულ სექტორში დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური ინიციატივების სტიმულირება, განსაკუთრებით ე.წ. „გამყოფი ხაზის" მიმდებარე რაიონებში.
სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება და გადაწყვეტილება მიიღეს რეგულარული კონსულატაციების დაწყების შესახებ, რათა უმოკლეს დროში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დევნილთა დასაქმების კუთხით.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერ ბასარია ესწრებოდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამხრეთ კორეის არასამთავრობო ორგანიზაციის „Heavenly Culture World Peace Restoration of Light"-ის (HWPL) წარმომადგენელს კაილა ჩანგს შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „HWPL" მუშაობს მსოფლიოში კონფლიქტების დარეგულირების კუთხით და დაინტერესებულია ისეთი კონფლიქტური რეგიონების საკითხებით, როგორიც არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და მათ მიერ მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტის საკითხები და ერთმანეთს გაუზიარეს კონფლიქტის გადასაჭრელად გადადგმული ქმედითი ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი ესწრებოდა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლებმა ჰემატოლოგიის ინსტიტუტში სისხლის უანგარო დონორთა აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ" მიიღეს მონაწილეობა და სისხლი გაიღეს.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. აფხაზეთის მთავრობა დონაციის პროგრამებში აქტიურადაა ჩართული და თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.


აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ნუნუ გაბუნიას, გურამ ოდიშარიასა და ნერსე ბაწაშის შემოქმედებითი სიახლეების საღამო გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა კომპოზიტორის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ ოდიშარიასა და არქიტექტორ ნერსე ბაწაშის შემოქმედებით მიღწევებს, აგრეთვე მოესმინა კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ერთ-ერთი კომპოზიცია.
ღონისძიების ბოლოს, მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL-ის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ. წელს ამ პროექტის ფარგლებში დასასვენებლად 20 ბავშვი გაემგზავრა, რომელთა უმეტესი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა.
მოზარდები ორი თვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებებენ, სადაც ისინი გაეცნობიან მდიდარ ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანური ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში. გამგზავრებამდე პროგრამაში მონაწილე ბავშვებსა მათ მშობლებს ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია შეხვდნენ და ბედნიერი დასვენება უსურვეს. პროექტში მონაწილე ბავშვები ესპანეთში გამთენიისას გაემგზავრნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL" 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.


სამოქალაქო ფორუმის ინიციატივითა და ორგანიზებით ჟურნალ „ფორუმი"-ს პირველი ნომერი გამოიცა, რომლის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.
ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების რესურსების წარმოჩენასა და მკითხველისათვის ქართულ-ოსურ-აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ჟურნალში გამოქვეყნებული იქნება ქართველი, აფხაზი და ოსი ავტორების მიერ წარმოდგენილი, როგორც საინფორმაციო, ისე ანალიტიკური შინაარსის მასალები, ინტერვიუები და ფოტორეპორტაჟები.
ასევე, პრეზენტაციაზე მოეწყო ფოტო გამოფენა კონფლიქტური რეგიონების თემატიკაზე.


სრულიად ამერიკელ ხალხს და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის ვულოცავთ დამოუკიდებლობის 240-ე წლისთავს.
თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე საქართველოში განმტკიცდა და გაიზარდა დემოკრატიული ინსტიტუტები და ფასეულობები, მკეთრად გამოიკვეთა შეერთებული შტატების ძალისხმევა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების საქმეში. განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ იმ თანადგომას, რომელიც ამერიკელი ხალხის მხრიდან წლების მანძილზე გრძელდება საქართველოს მოსახლეობისადმი. რომ არა ამერიკელთა ერთსულოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, დარწმუნებულნი ვართ, ბევრად უფრო მძიმედ წარიმართებოდა დევნილი მოსახლეობის ადაპტაციის, მათი სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი.
მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში შეერთებული შტატების მონაწილეობა. დარწმუნებულნი ვართ, მისი ობიექტური, სამართლიანი პოზიცია ქართველებსა და აფხაზებს აუცილებლად მიგვიყვანს ნდობის აღდგენამდე, რაც, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის დარეგულირების საწინდარია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, წარმატებებს და განვითარებას დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა


დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიაურში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ საქართველოში, დემურ კეკელიამ 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს პატივი მიაგეს.
მემორიალი და მიმდებარე ხეივანი ომში დაარგული მებრძოლის, კახა გიქორაშვილის დედის, ზინაიდა გიქორაშვილის ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიხსნა.
ვახტანგ ყოლბაიამ მებრძოლთა ოჯახებს სიმბოლურ ხატი გადასცა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მეომართა კავშირის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 23 წელი გავიდა.
გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.


თბილისი, 1-5 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს, რომლის თემაა: "25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით". ასევე, ყოველწლიური სესიის ფარგლებში, დებატების ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იქნება.
საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეუთოს თავმჯდომარემ ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტიმ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის 700-მდე სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება პრეზიდენტის არჩევით და "თბილისის დეკლარაციის" მიღებით დასრულდება, რომელშიც ასამბლეის მნიშვნელოვანი განცხადებები, პოლიტიკური რეკომენდაციები და გზავნილები იქნება ასახული. დეკლარაცია ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ეროვნულ პარლამენტებს გაეგზავნება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ვახტანგ ყოლბაია მწუხარებას გამოთქვამს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო და ამ უმძიმეს წუთებში მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად თურქეთის მოსახლეობასა და თურქეთის ხელისუფლებას.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ სტამბულში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.
მომხდარი ფაქტი, ტრაგედიაა არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
ტერორიზმი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევათაგანია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევით დაძლეული იქნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, სრულიად თურქეთის მოსახლეობასა და თურქეთის ხელისუფლებას.
