აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან დავით ფაცაციასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძეს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს პროექტების ერთობლივად განხორციელების საკითხები.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური კვლევების ცენტრი გაიხსნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებას, ქართულ-აფხაზური პრობლემების მრავალმხრივ ანალიზსა და აფხაზ თანატოლებთან კომუნიკაციების დამყარების გზების მოძიებას.
„სამინისტროსა და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კვლევის ცენტრს შორის დაიგეგმა მრავალი პროექტის განხორციელება აჭარაში მცხოვრები აფხაზებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებისა და მათი ურთიერთობების კომპლექსური შესწავლის მიზნით.
ვფიქრობ, რომ ეს პროექტები ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენს მეტად დაახლოებას, რადგან ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირებას არანაირი ობიექტური, ისტორიული და გენეტიკური საფუძველი არ აქვს." - განაცხადა გიორგი ძიგუამ.
შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების - ,,ერთობა ხვალისთვის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.