სიახლეები

მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერს ეწვია, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს გაეცნო.

გიორგი ჯინჭარაძე დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და დასაქმებასთან, ასევე საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

აფხაზეთიდან დევნილი პირების საჭიროებების შესწავლისა და დროული რეაგირების მიზნით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

2025-06-20
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ დევნილთა განსახლების ადგილები მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა, ასევე პირადად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საცხოვრებელ პირობებსა და უმთავრეს საჭიროებებს.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო.

გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს რათა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

"ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, დევნილი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციაში ვიმყოფებოდეთ. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ პირადად ვეწვიოთ თითოეულ ასეთ დასახლებას და ადგილზე გავეცნოთ არსებულ საჭიროებებს.

ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიდგეთ თითოეული დევნილის გვერდით, სანამ მათი საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნება არ გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

2025-06-20
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას, ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას და საქართველოს პარლამენტის წევრს, ზუგდიდის დელეგატს დავით კოდუას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რადგან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე ათეული ჩასახლებაა.

გიორგი ჯინჭარაძემ სახელმწიფო რწმუნებულს დევნილების მიმართ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

2025-06-20
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური საჭიროებებისა და მათთვის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს.

აღინიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები დევნილები აქტიურად სარგებლობენ სამინისტროს მოქმედი პროგრამებით და სერვისებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 7850 პირი ცხოვრობს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა.

2025-06-19
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დევნილების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და დევნილთა მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

2025-06-19
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბუნიას შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფრთხეში მყოფი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით შესაძლებლობის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

შეხვედრის ფარგლებში ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ-აფხაზური ტრადიციების დაცვას და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მხარეები სამომავლო ერთობლივი და კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც კულტურული მიმართულებით მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობების გაგრძელებას ითვალისწინებს.

2025-06-18