აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას „სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან“ დაკავშირებით, რომლის მეშვეობით განხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის ხელშეწყობა სასათბურე მეურნეობის პროცესში, შესაბამისი სასათბურე კონსტრუქციის უზრუნველყოფის გზით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფს, რომლის წარმომადგენლები გააკეთებენ ერთობლივ განაცხადს სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან დაკავშირებით.
ინფორმაცია ქვეპროგრამის ხსენებული ნაწილის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე: ბმული
განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2023 წლის 5 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2023 წლის 22 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ან ელ. ფოსტაზე ek@gmail.com
თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ჭრილში, რომლის მეშვეობით განხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში, გარკვეული მრავალწლიანი ნერგებით უზრუნველყოფის გზით, კერძოდ: კაკლის/ნიგოზის; ტყემლის; ქლიავისა და მანდარინის ახალი ჯიშის ნერგებით.
1. ნერგების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ:
კაკლის/ნიგოზის ნაწილში, როგორც აფხაზეთიდან იგპ-ს, ასევე გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს;
ხოლო ტყემლის, ქლიავისა და მანდარინის ნერგების კონკურსში - მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს. შენიშვნა:ამასთან, მანდარინთან დაკავშირებით, წარმოდგენილ უნდა იქნას საქმიანი წინადადება მანდარინის ახალი ჯიშის პლანტაციის გაშენებასთან დაკავშირებით, 200-დე შესაბამისი ნერგის მეშვეობით.
3. განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2023 წლის 2 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2023 წლის 22 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, მოეწყო ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, გასტრონომიული და კალიგრაფიის მასტერკლასები. „აფხაზურ ეზოში“ ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსის, ფოტო მასალისა და ბეჭდური გამოცემების გამოფენა.
თბილისობაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სოხუმურად ქვიშაზე მოდუღებული ყავა დაეგემოვნებინათ და საკუთარი სურვილები და ოცნებები გზავნილის სახით, სიმბოლურად აფხაზეთში გაეგზავნათ.
თბილისობის დღესასწაულზე სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ და ბავშვთა ანსამბლი „ოტობაია“ წარდგნენ, რომლებმაც აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია მოადგილეებთან ერთად დემოკრატიული სკოლების წლიურ კონფერენცია-გამოფენას დაესწრო.
კონფერენციაზე კონკურსის „წლის დემოკრატიული სკოლა“ ერთ-ერთი გამარჯვებული, ჩხოროწყუში განთავსებული აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა გახდა.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სპეციალურმა ჟიურიმ 2022-2023 აკადემიური წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით წლის ყველაზე დემოკრატიული ხუთი სკოლა გამოავლინა.
სკოლები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩა, მათ შორის: სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა ისეთი საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრას, სკოლის შიდა რეგულაციებისა და გამჭვირვალობის მექანიზმების არსებობა, რომელიც ხელს უწყობს სკოლაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და სხვ.
აფხაზეთის N10 საჯარო სკოლას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით წიგნების ვაუჩერი და მადლობის სიგელი გადაეცა.
შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებთა საჭიროებები და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების ადგილზე შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, მხარებმა დევნილთა განსახლების ადგილებში ერთობლივი შეხვედრები დაგეგმეს.
შეხვედრას სამინისტროსა და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
”ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან.
შეხვედრაზე ვაკის რაიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათ განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განვიხილეთ.
მხარეებმა მზადყოფნა გამოვხატეთ დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების ერთობლივად განხორციელების თაობაზე და ამ მიზნით მათთან შეხვედრები დავგეგმეთ.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ყველა იმ პრობლემატური, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, რაც დევნილებს ეხება.
მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ეტაპობრივად ვახორციელებთ დევნილთა წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების მოგვარებას.“ - დავით ფაცაცია
„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს რეგიონების მონაწილებით მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ გურიის რეგიონისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა და სხვადასხვა თეატრალიზებულ სანახაობებს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტები, გაიმართა კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენები და ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს წიგნის „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა მიმართეს.
წიგნი ასახავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებას. ალექსი სენაკელი 1852-1923 წლებში მოღვაწეობდა. მონოგრაფიაში შესწავლილია ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფერო; წიგნი მოიცავს ახლადმიკვლეულ საარქივო მასალას, რომელშიც ასახულია ღირსი მამის ცხოვრების მანამდე უცნობი დეტალები.
წიგნი „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით, ღირსი ალექსი სენაკელის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავზე გამოიცა.
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ატარებს კვლევას, რომლის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, ასევე ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, ონლაინ აკადემია „სქილვილთან“ თანამშრომლობით, პროექტი „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი გაბედავამ გახსნეს.
პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება.
მონაწილეები 3 თვის განმავლობაში, შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიებს დაეუფლებიან, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციასა და დასაქმებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით, პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ ფარგლებში, ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე საინფორმაციო ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა და ასოციაციის წარმომადგენლებმა დევნილთა საჭიროებების კვლევის შედეგები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა მიმართულებით დანერგილი წარმატებული მიდგომები და კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე დევნილთა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სენაკში, აკაკი ხორავასა სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის დაცემისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირული აღსასრულიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს -„30-ე სევდიანი შემოდგომა“ დაესწრნენ.
საღამოს დაწყებამდე, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიას, ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიებაზე, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული.
ღონისძიება, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სცენაზე სპექტაკლის „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ პრემიერა გაიმართა. ინსცენირების ავტორი და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მანანა ბერიკაშვილი.
სპექტაკლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ სამების ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და 30 წლის წინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა.
ტაძარში აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დაპირისპირებამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა აფხაზეთის საზოგადოებას. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ღირსეული თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მშვიდობის მშენებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებით საზოგადოებების გაერთიანება. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა უახლოეს მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. დარწმუნებული ვარ, აფხაზებთან ერთად ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის გზით უზრუნველვყოფთ ევროპული, ეკონომიკურად ძლიერი და საერთო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შენებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.
ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირები და ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიას და მამია ალასანიას საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.