რუსლან აბაშიძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ლიეტუვის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე.

თავის მხრივ ანდრიუს კალინდრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ლიეტუველ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გრძელდება COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.

მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი,  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია დღეს ფოთის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები და პირბადეები გადასცეს.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

საპრევენციო ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩატარდა.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სენაკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

მოსახლეობას ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჯვარის და სენაკის დევნილთა პოლიკლინიკების მედიკოსების მიერ გაუკეთდა. აფხაზეთიდან დევნილებს, ასევე, COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ დევნილ ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ და კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს სამედიცინო პირბადეები დაურიგდა.

COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2020 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიში წარედგინა.

2020 წლის 26 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს 2020 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიში წარედგინა. გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენება, დისტანციური რეჟიმის ფორმატში გააკეთა მინისტრმა - კონსტანტინე კუჭუხიძემ. მინისტრმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების, ფრაქციების თავმჯდომარეებს, კომიტეტების/ფრაქციების წევრებსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს პრიორიტეტების, ფუნქცია-მოვალეობების, შესრულებული სამუშაოს, სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (ყიფილი მთავრობის წარმომადგენლობები) განხორციელებული სტრუქტურული რეფორმებისა და სისტემური ცვლილებების შესახებ. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა Covid-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და აღნიშნული მიმართულებით სამომავლოდ დაგმილ აქტივობებზე. ანგარიშის მოსმენის შემდგომ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვები, 2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის გეგმით, რიგ მუხლებში გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობის, დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი საკითხების აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულებებში დუბლირების, დევნილთა სოციალური და ყოფითი პრობემების გადაწყვეტაში სამინისტროს მეტად ჩართულობის საჭიროების, სამინისტროს ფუნქციების გაზრდის აუცილებლობისა და სამინისტროზე ამჟამად დაკისრებული მოვალეობების მეტად ეფექტურად განხორციელების შესახებ. ანგარიშის მოსმენა და მასზე მსჯელობა გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. მინისტრის მიერ მოისმენილ იქნა ყველა ის კითხვა თუ მოსაზრება, რომელიც გამოთქმულ იქნა ანგარიშის განხილვისას, რაზედაც, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს კომპეტენციის ფარგლებში გაეცათ პასუხები/მოსაზრებები. ანგარიშის განხილვისას გამოთქმული მოსაზრებები, წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები სამინისტროს მიერ იქნება შეფასებული და კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებული.

 

 

წყალტუბოში, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები შეხვდნენ.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ. ტერიტორიული ორგანოს მოადგილე ნათია კოპალიანი და უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია წყალტუბოში, კოპიტნარის სამხედრო    დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

ჩასახლება შედგება 13 კორპუსისაგან. პირველი კორპუსის პირველ სადარბაზოს თავზე დაზიანებულია სახურავი, კერძოდ: სახურავის ნაწილზე ამორტიზებულია თუნუქი და წვიმის დროს წყალი საცხოვრებელ სახლებში ჩადის და ზიანს უქმნის მობინადრეთა ჯანმრთელობას. ასევე, წყალგამტარ მილებზე არ არის დამაგრებული წყალმიმღები ძაბრი, ძლიერი ქარის დროს მოტყდა და დაზიანდა. აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას შესაბამის სპეციალისტთან ერთად და ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ჩაერთვება მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო კომისიის მუშაობის ფარგლებში.

 

რუსლან აბაშიძეს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონულ დირექტორს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორ დანიელ მოვლის შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარემ SDC-ის წარმომადგენელს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა და ტერიტორიაზე COVID-19-ის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის, იძულებითი პასპორტიზაციის და ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვის საკითხებს.

დანიელ მოვლიმ თავის მხრივ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) საქართველოში ახორციელებს. შეხვედრაზე ჰუმანიტარული კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

დისტანციურ შეხვედრას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ წივწივაძე ესწრებოდა.

იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელსა და დევნილ ბენეფიციარს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს შედგა სატელეფონი საუბარი დევნილთა ჩასახლების ობიექტში - იმერეთი ქუთაისი ნიკეას მე2 შესახვევი, N8 ს/ს აისის ბ/ბაღი. კორპუსების რაოდენობა 2; სართულების რაოდენობა 2, ოჯახი/სულადობა - 11/44, ფაქტიურად ცხოვრობს 13 ოჯახი 38 სული. ბმა-ს თავმჯდომარე დევნილი ნანული წაბრია. ტელ: (592134662). შენობის სახურავი არის ბრტყელი, გადახურვა -(რუბეროიდი). წვიმის დროს დერეფანში და საცხოვრებელ ფართებში ალაგ-ალაგ ჩამოდის წყალი. ძლიერი წვიმის დროს წყალშემკრები ძაბრებიდან, (რომელიც გაჭედილია) გადმოდის წყალი და ასველებს კედლებს გარედან.დევნილები ითხოვენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

 ჩასახლებაში მცხოვრებ ბენეფიციარს, იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უშუალოდ ტერიტორიული ორგანოს პროგრამებისა და პროექტების შესახებ. 2020 წელს ობიექტში 2 დევნილზე გაცემულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

 სატელეფონო კავშირით ინფორმაცია მიიღო იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის სოციალური პროგრამების და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ლეკვეიშვილმა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა პოეტური კრებული „სიყვარულს უშენებია“
კრებულში ამავე სახელწოდების კონკურსზე წარმოდგენილი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები შევიდა.
 
კონკურსი „სიყვარულს უშენებია“ საქართველოს მწერალთა კავშირის თაოსნობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები (16-დან 35 წლამდე), რომლებმაც წარმოადგინეს პოეტური ნაწარმოებები მშვიდობის, სიყვარულისა და პატრიოტიზმის თემებზე.
 
ჟიურიმ კონკურსის მონაწილეთაგან შვიდი საუკეთესო ავტორი - როი აბუსელიძე, სულხან წულუკიძე, ამირან ჯანჯღავა, ოთარ ფალიანი, ბექა ახალაია, ივდითი კვიტია და ქეთევან ნათელაძე გამოარჩია და ისინი დიპლომებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. შემდეგ კი გამარჯვებულ თუ წარმოდგენილ სხვა საუკეთესო ლექსებს ერთ კრებულში მოუყარა თავი.
 
„სამშობლო, მისი წარსული და მომავალი, ტკივილად ქცეული აფხაზეთი და სამაჩაბლო, მშვიდობა, სიყვარული - აი, ახალგაზრდა პოეტთა საკონკურსო ლექსების თემა... ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, უთუოდ მოიხიბლება ახალგაზრდების თავანკარა პოეზიით, ახალგაზრდებისა, დიდი ქართული პოეტური ტრადიციების ერთგულნიც რომ არიან და ამავდროულად, ახერხებენ, სიახლეთა ძიებით, საკუთარი, მხოლოდ მათთვის ჩვეული გზებით სიარულს“, - - ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში.
რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე მწვავედ დაისვა პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევები, რაც ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
 
მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 20 ნოემბერს სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გამო; განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას საკითხზე. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ, ყველა ღონეს მიმართონ საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისთვის.
 
საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები ექიმის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების ბოლო შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია მოქცეული, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.
 
ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სამწუხაროდ აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.
 
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ცხინვალში ინალ ჯაბიევის მკვლელობას, რაც ნათლად ცხადჰყოფს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობას.
 
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩენს ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ თემებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც მთავარი წინაპირობაა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 
არსებული გამოწვევების ფონზე გამოითქვა წუხილი, რომ წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდების გამართვა. ოქტომბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევაში მოლაპარაკებების დეკემბერში ჩატარების კრიტიკულ აუცილებლობას. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობაზე.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებინარში ჩაერთნენ

20 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე - „ძირეული მიზიზების ანალიზი".

ვებინარი ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში ვებექსის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთნენ.

ონლაინ ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ძირეული მიზეზების ანალიზი და მისი გამოყენების ტექნიკები, პრაქტიკული საკითხები, ძირითადი გამოწვევები.

აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობის COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდისა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების სამედიცინო ჯგუფებმა გაუკეთეს. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებული სავალდებულო იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გააცნეს. ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ აფხაზეთიდან დევნილებს, პირბადეები და საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სხვადასხვა ლოკაციაზე გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.

აფხაზეთის ქალაქების სახელწოდებებით ჰუდები საჩუქრად ონლაინ-სკოლის მონაწილეთათვის
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისა და საქართველოში მცხოვრები მათი თანატოლებისთვის დამზადდა ჰუდები.
 
ჰუდები, ფონდის "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ-სკოლის მოსწავლეთათვის დამზადდა, მათთვის შერჩეული სპეციალური დიზაინით - აფხაზეთის ქალაქების სახელწოდებების წარწერებითა და მხარზე საქართველოს რუკით.
 
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, მოსწავლეებისთვის შერჩეული საჩუქრების, ჩვენს სამშობლოში გადაცემა ვერ მოხერხდება, თუმცა ისინი 20-მდე ქვეყანაში გაიგზავნა ადრესატებთან.
 
აღსანიშნავია, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი და ფონდი "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" აფხაზეთის თემის პოპულარიზაციისთვის მომავალშიც გეგმავენ საერთო პროექტების განხორციელებას.
დღეს მსოფლიოში ტოლერანტობის  საერთაშორისო  დღე აღინიშნება

„ტოლერანტობის  საერთაშორისო  დღე,  ერთ-ერთი  გამორჩეული  დღეა  მთელი  კაცობრიობისთვის,  რომელიც  განსაკუთრებით  გვახსენებს  რომ  რასის,    რელიგიური  აღმსარებლობის  თუ   პოლიტიკური  შეხედულებების,  გენდერული  თუ  სხვა სახის განსხვავებულობის  მიუხედავად, ყველას  ზოგადსაკაცობრიო  ჰუმანური  ფასეულობები  გვაერთიანებს  და  ამ  ფასეულობების  იგნორირებით, ადამიანები  ვურთულებთ  ერთმანეთს  არსებობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება მსოფლიო  თანამეგობრობის  მცდელობას, რომ  ყოველი  ჩვენთაგანის  განსხვავებულობა  ვაქციოთ  ერთიანი  საზოგადოების  ძლიერ მხარედ  და  არა  გამყოფ  ფაქტორად.  ჩვენი  საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის  გამოცდილება,  გვაძლევს  რწმენას,  რომ   ღირსეულად  გავუმკლავდებით ამ  გამოწვევასაც  და  უზრუნველვყოფთ  უნიკალური  იდენტობის  შენარჩუნებას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ. 

ქ.თბილისში, პაიჭაძის ქ. N 1-ში, მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაო შესრულდა.
  • ქ.თბილისში, პაიჭაძის ქ. N 1-ში, მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაო შესრულდა.
    • შენობის პირველი და მეორე სართულების დერეფნებში ხის ფანჯრების მინები შეიცვალა.
    • სარემონტო სამუშაო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დაკვეთით განხორციელდა.
    • დასრულებული სამუშაო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი ბედენაშვილმა და რეგიონული განყოფილების უფროსმა ზურაბ ხარაიშვილმა დაათვალიერეს

 

აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა სამხედრო- სავალდებულო სამსახურში 2020 წლის საშემოდგომო გაწვევისთვის ორგანიზება გრძელდება.

 

Covid 19-ის პირობებში, მოცემული რეგულაციების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა, აღრიცხვის,გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში მიმდინარეობს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევისათვის ორგანიზებული ხელშეწყობა.
• აფხაზეთიდან დევნილი წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში.
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურებში.
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
• საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
• 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ვალდებულნი არიან 2020 წლის 26 დეკემბრამდე გამოცხადდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა, აღრიცხვის,გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში.
• საკონტაქტო ტელეფონი: 0322953289, 577245547. ელექტრონული ფოსტა: asto@abkhazia.gov.ge, aphkhazeti@gmail.com. skype მისამართი: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო.