შეხვედრა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა და უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრ ეკა ხოფერიასა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროა თავისი უმთავრესი პრიორიტეტებითა და საგანმანათლებლო თუ კულტურული პროგრამა-პროექტებით.. ეკა ხოფერიამ თავის მხრივ სტუმრებს უახლოესი გეგმები და გამოწვევები გააცნო.
 
დასასრულ დიალოგის მონაწილეებმა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და სამინისტროს შორის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ასოციაციის თავმჯდომარემ მაია კვეზერელი-კოპაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით და სხვა გადასაადგილებელი საშუალებებით დახმარებას, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ იძულებით გადაადგილებულ შშმ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს. რუსლან აბაშიძემ ორგანიზაციის თავმჯდომარეს აფხაზეთიდან დევნილებისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საორგანიზაციო მდივანი ქეთევან გოგელია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძესა და აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებს შორის მორიგი ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებს შორის მორიგი ონლაინ-შეხვედრა გაიმართა.

საკონსულტაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდებისთვის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს, განიხილეს მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები და წინადადებები, რაც მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, თბილისის მერის მრჩეველი, ნინო ბურძენიძე შეხვდა.

შეხვედრა აფხაზეთის დევნილთა მინისტრის ლევან თევზაიას ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრისას, ნინო ბურძენიძემ გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბა. ასევე, ყურადღება გაამახვილა დევნილი ქალებისა და სხვადასხვა გენდერული ჯგუფების საჭიროებებზე .

მან მონაწილეებს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომომავლო გეგმები გააცნო. ასევე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული საკანონმდებლო ვალდებულებები განიხილა.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრა თემაზე „ბავშვთა უფლებები“
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ორგანიზებითა და ინიციატივით 2021 წლის 23 აპრილს ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან თემაზე:„ბავშვთა უფლებები“.
 
შეხვედრაში მონაწილეობნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფ…
 
აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თბილისში, აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა (ენდოკრინულ დაავადებათა სკრინინგი, ტანდეგობის დარღვევის გამოვლენა, პირის ღრუს დაავადებათა და მხედველობის დაავადებათა  სკრინინგი) ჩაუტარდათ. პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

სამედიცინო აქცია COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

რუსლან აბაშიძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, იუსტიციისა და სამოქალქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ საშუალება გვეძლევა, პატივი მივაგოთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის იდეას. მათი ხსოვნა მარადიულია. დღევანდელ სევდასა და ტკივილს თან ახლავს ერთგვარი შვებაც, რადგან დღეიდან, თითოეულ ჩვენგანს, პირველ რიგში კი ოჯახის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა პატივი მიაგონ ახლობელთა საფლავებს.

უგზოუკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება არის უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესი. მე მინდა მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს, მხარდაჭერისათვის და უდიდესი შრომისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ყველას ვისაც წვლილი შეაქვს, აფხაზურ მხარეს, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად აქტიურად მუშაობს. ეს არის ჩვენი საზოგადოების თანამშრომლობის ძალიან პოზიტიური მაგალითი და, მჯერა, ამ შედეგიანი ურთიერთობების გამოცდილებას მომავალშიც არაერთგზის გამოვიყენებთ. მშვიდობით და შერიგებით გავაგრძელებთ იმ მიზნისთვის ძალისხმევას, რასაც თავი შესწირეს ჩვენმა სახელოვანმა გმირებმა“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 4 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დავით ფაცაცია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
სამების საკათედრო ტაძარში პატივი მივაგეთ 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულ და აფხაზეთიდან გადმოსვენებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.
 
საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალიხსმევით 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული, კიდევ 13 პირის გადმოსვენება მოხდა.
 
მინდა მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისათვის, რომელთა დახმარებით არაერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქის ნეშთის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა.
 
აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმში, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს, ჩართული არის როგორც ქართული ისე აფხაზური მხარეც. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს ყველა ის შედეგი, რაც შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია, ამ საქმეში კი აფხაზური მხარის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
 
ვუსამძიმრებ გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას!
დავით ფაცაციამ მოზარდებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორთან - ბესიკ სილაგაძესთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს მოზარდთა თავშესაფარში იმყოფებოდა.
 
დავით ფაცაციამ მოზარდებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის მინისტრის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით შეგროვებული წიგნები გადასცა.
რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

იდენტიფიცირებულთაგან 4 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს კლინიკა „ახალ მზერაში“ მხედველობის ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ პროგრამით მოსარგებლე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მორიგ ჯგუფს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ. ოპერაციები კლინიკის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ დვალმა ჩაატარა. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა ესწრებოდნენ.

ლაზერული მკურნალობის წინ ყველა პაციენტს სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევების შემდეგ დამატებით რქოვანას ტოპოგრაფია და აბერომეტრია ჩაუტარდათ. სადიაგნოსტიკო კომპიუტერული სისტემებით გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, შეირჩა მკურნალობის ტაქტიკა სპეციალური პროგრამით.

ექსიმერ-ლაზერული კორექცია მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. ეს მეთოდი გულისხმობს ექსიმერული ლაზერის სხივით რქოვანას ფირმის შეცვლას და, შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის გასწორებას ანუ კორექციას.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით იქ არსებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის აღნიშნული კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრები, მოუსმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალურ მომსახურებაზე ზრუნვისათვის და ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიწოდება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კონფლიქტის მოგვარების, რამეთუ ვფიქრობ, ყველაზე კარგი საურთიერთობო ენა არის ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეები გადმოდიან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურებები და მათში კმაყოფილების ინდექსი არის საკმაოდ მაღალი. თუმცა არის გარკვეულწილად პრობლემური საკითხებიც, მათ შორის, საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთასთან დაკავშირებით, ასევე, ამ სერვისების არსებობის თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობაზე. აშკარად გასაუმჯობესებელია ინფორმაციული უზრუნველყოფა, რათა იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა იცოდნენ რომ გარკვეული სარგებელი არსებობს მათთვის და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამასთანავე ყველა პროგრამას სჭირდება მიმდინარეობის ეტაპზე გარკვეული კორექტირებები, ზედამხედველობა და სწორედ ამაზე იმსჯელეს შეხვედრაზე. მისი თქმით, სოციალური მომსახურების კუთხითაც გარკვეული საკითხები არის გასაუმჯობესებელი.

„სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. იქ ადგილზე, კერძოდ, გალის რაიონში, სამედიცინო დაწესებულებების გარკვეული სექტორი მუშაობს, ძირითადად, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების კუთხით, სადაც ბიუჯეტიდან პროგრამულად ფინანსდება სამედიცინო სერვისები. თუმცა, არის სამედიცინო მომსახურების ის სახეები, რომლებიც ადგილზე ვერ ხორციელდება და ამისათვის მოქალაქეები გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტის მართვასაც სჭირდება გარკვეული საფინანსო კონტროლი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სისტემა იყოს უფრო მეტად გამართული და ეფექტური და, შესაბამისად, მოქალაქეებმაც უფრო მეტი სარგებელი მიიღონ. რაც მთავარია, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იმისათვის, რომ ურთიერთობები აღდგეს და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მოგვარდეს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოებრივი მართვაც სრულფასოვანი გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რუსლან აბაშიძესა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელმძღვანელს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელმძღვანელ იან ბლინკას შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. საუბარი შეეხო, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პრიორიტეტულ მიმართულებებს, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს საქართველოში.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები დევნილი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

შეხვედრას აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი თამარ კურტანიძე ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სამთავრობო კომიისის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და კომისიის წევრებს სიტყვით მიმართა. მან მიმოიხილა 2018 წელს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა და მისი ინსტრუმენტების ფუნქციონირება, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას, აღინიშნა 2010 წელს მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის დაწყების მნიშვნელობა, რათა შერიგების პოლიტიკის ახლებური ხედვა და მიდგომები ასახავდეს არსებულ რეალურ საჭიროებებს.

სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა; კომისიის წევრები არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს პროგრამებს იმერეთში, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები გაეცნენ.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის კომპაქტური ჩასახლებების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა ამხანაგობების წარმომადგენლებს გასული წლის მოკლე ანგარიში წარუდგინა, ასევე, გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამები.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები.