სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის „მე ვხედავ მზეს" პრემიერას დაესწრო

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ საპრემიერო სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“ უმასპინძლა.

საპრემიერო წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

სპექტაკლი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით რეჟისორმა ბაჩო გაბრუაშვილმა დადგა და მასში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოცამდე მსახიობი მონაწილეობდა.

მიმდინარე წელს ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღი“ 10 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო „მე ვხედავ მზეს“ არის პირველი სპექტაკლი, რომელიც დასმა სახელმწიფო თეატრის რანგში წარმოადგინა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

2025-07-31
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო კურსი დასრულდა, რომელიც თავდაცვითი უნარ-ჩვევების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ეროვნული ღირებულებებისა და მოხალისეობრივი სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურებოდა.

დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ახალგაზრდების მოსამზადებელ პირობებსა და სასწავლო პროცესს გაეცნო. ასევე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ბანაკში მიღებული საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„მსგავსი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია დევნილი ახალგაზრდებისთვის, რადგან საბანაკე პროგრამაში ისინი ეუფლებიან თავდაცვითი და კრიზისების მართვის მიმართულებით საჭირო უნარებს. ასევე სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ლიდერობის კუთხით უყალიბდებათ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6 და ვლადიმერ ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოხალისეთა მომზადების ცენტრში, ხუთი დღის განმავლობაში სპეციალური კურსი გაიარეს, რითაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიღებული თეორიული ცოდნა და უნარები პრაქტიკულ პირობებში გამოეყენებინათ.

2025-07-30
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ წყალტუბოს ფილიალში პერსონალს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების მონიტორინგს, რათა აფხაზეთიდან დევნილმა ბენეფიციარებმა ხარისხიანი და სრულყოფილი ჯანდაცვის სერვისები მიიღონ.

მორიგი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მანონა გეჯუასთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ კლინიკის ხელმძღვანელობასა და მედპერსონალს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე პოლიკლინიკაში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს, ასევე აუცილებელია განახლდეს კლინიკის მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც დევნილ ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფს და მათ ყველა სათანადო პირობას შეუქმნის.

„აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი არის დევნილთა პოლიკლინიკების ინფრასტრუქტურული განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისებით. ჩვენ ვაშენებთ ჯანდაცვის სისტემას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისებზე წვდომას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრას სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-07-27
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე წყალტუბოში მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეწვია და 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილთა ყოფით საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებს. მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა დასაქმების ხელშეწყობის, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის, ასევე დასახლებაში არსებული საცხოვრებელი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგების საკითხები.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ამიტომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ხდება ძირითადი პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, რათა შემდეგ აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, მასზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა. სამომავლოდ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით დაგეგმილია კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად განახორციელებენ.

შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მანონა გეჯუა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2025-07-26
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობა დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს აგრძელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

ამ მიზნით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ფილიალს ეწვია და დევნილთა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად კლინიკის ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებისთვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ამისათვის, აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ადგილზე ვნახოთ რეალური სურათი და მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევა მომავალშიც დევნილთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანონა გეჯუა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.

დევნილთა პოლიკლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მათი მიზანია, აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება.

2025-07-25
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძემ იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარის რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ სახელმწიფო რწმუნებულს რეგიონში მცხოვრებ დევნილებზე ზრუნვისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ იმერეთის რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილი მოსახლეობის პრობლემური საკითხები და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები. ვეცდებით, თითოეულ შემთხვევაზე მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ, რათა დროულად გადავჭრათ აღნიშნული საკითხები.

ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას, რათა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს დევნილთა საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მიზანია ინტეგრაციის ხელშეწყობა, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

მხარეებმა დევნილთა მხარდაჭერის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

2025-07-24