აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდზე მხარეები განიხილავენ აფხაზეთსა და ცხინვალში გახშირებული სამხედრო წვრთნების, მავთულხლართების, საზღვრის უკანონოდ გადმოწევის საკითხებს.

მხარეები იმსჯელებენ, ასევე, გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, როცა გალის ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებას, უზღუდავენ საკუთრების, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებებს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე  რაუნდი 10-11 ოქტომბერს გაიმართება.

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭება სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ  მაგისტრატურის სტუდენტს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს, არაუმეტეს ერთი სტუდენტისა. სტიპენდიანტს სტიპენდია მიეცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის  მისანიჭებლად სტუდენტის  წარდგენის უფლება აქვს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება,1 რეკომენდაცია, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების და სამეცნიე-რო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სიგელები და სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან საგანგებოდ შექმნილ კომისიას.

სოხუმის უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიანტობის კანდიდატების ზემოთ ხსენებულ კომისიასთან წარდგენის ვადააა 6 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით. 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი.

ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მედალოსნებთან შეხვედრა გამართეს.

ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა პროფესიული დღე მიულოცეს და საჩუქრებით დააჯილდოვეს აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგები - მერი გეგეჭკორი, ლენა კიტია, ეთერი ხახუბია და გივი ჯომიდავა. ასევე აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული საშუალო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თემაზე: „2016-2017 სასწავლო წლის შედეგები და მომავლის გამოწვევები".

სასტუმრო თბილისი მარიოტში წიგნის „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ): 1937-38 წწ" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობითა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით გამოიცა.

პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა პროექტის განვითარების ქრონოლოგიის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს საქართველოს რეგიონებში. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები გადაიხადეს, რუსთავის, ბორჯომის, გორის, გუჯაანის, ხონის, ქუთაისის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, ფოთისა და ჯვარის ეკლესიებში.

 

ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენო საამაყო, ნაამაგარნო, ცოდნის სადარაჯოზე მედგრად მდგარნო განათლების მუშაკნო. მსურს გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღე და ქედი მოვიხარო თქვენი განუზომელი ღვაწლმოსილების წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, კეთილდღეობის და წარმატების საფუძველია.

პედაგოგი - ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს უალტერნატივო საძირკველია. მშვიდობის, ტოლერანტობის და ურთიერთგაგების პირველი მაცნეა ასიათასობით აღსაზრდელისათვის, რომელთა არსებაში მთელი ცხოვრების მანძილზე წარუშლელ კვალს ტოვებს.

ვულოცავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პედაგოგიურ კოლექტივებს, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ მასწავლებლებს, რომლებიც მიუხედავად დევნილობის მძიმე ყოფისა, მაინც მედგრად დგანან და ერთგულად ასრულებენ თავიანთ საპატიო მოვალეობას.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოღვაწე მასწავლებლებს, რომლებიც ყოველღიური პირადი გმირობის ფასად, უამრავი შეზღუდვების და უსამართლობების მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან მომავალი თაობების სამშვიდობო ხედვებით აღზრდას.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა პედაგოგს პროფესიულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ერთიან, ძლიერ და სტაბილურ ქვეყანაში თავიანთი ნაღვაწით დამსახურებულ დაფასებას.

ქალაქ ზესტაფონში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია 100 ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო  „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ადგილობრივი შემოქმედები, საღამოზე გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები, მათ შორის ზესტაფონის მკვიდრნი, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად დაიღუპნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ომში დაღუპულთა ოჯახები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ქალაქ მცხეთის კულტურის სახლში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold" გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით საზოგადოების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი" წარსდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold"-ის მიზანია ქართველ და მსოფლიო ხალხთა ტრადიციული კულტურის გაცნობა - პოპულარიზაცია, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნული უმცირესობის ჩართვა საერთო კულტურათაშორის დიალოგში და ეთნიკურ კულტურულ-ისტორიული კავშირის გაცნობა - პოპულარიზაცია ეთნოგრაფიული ნიმუშების წარმოდგენით.

 

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და  ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბონდო მაკარაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში მონო-სპექტაკლის „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა" პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

სპექტაკლი საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას ხსოვნას ეძღვნება და მისი ავტორი და წამყვანი ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძეა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „არ დავიწყება"-ს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ანიქშიაიში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა ლიტვის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით იმართება და მასში აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრები - ნერსე ბაცაში, მერაბ ფიფია, ამირან კუპრავა და მერაბ ეფაძე მონაწილეობენ.

გამოფენა 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება 30 დევნილი მხატვრის 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

გამოფენა სახელწოდებით „27 სექტემბერი" სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ეძღვნება.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 24 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტმა და ომის ვეტერანებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. სტუდენტებს აფხაზეთის რაიონების დასახლებებით სიმბოლური მაისურები ემოსათ.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და გენერალ-მაიორ გენო ადამიას  საფლავები.

90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.

ქალაქ ზუგდიდში, 23-24 სექტემბერს, დევნილთა ახალ ჩასახლებასა და „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის" შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობდნენ  „ნ.პატარკაციშვილის სახ. მრავალპროფილური კლინიკა „დედაშვილობის", კარდიოლოგიური კლინიკა „ადაპტის", თვალის კლინიკა  „ახალი მზერა"-ს, კლინიკა „Heirline"-ის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერას", კლინიკა New Hospitals-ის, „კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის", უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, აგრეთვე, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები.  სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი,ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი,  მამოლოგი, უროლოგი, ფლებოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი. ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები (მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოსკოპია; ელექტროკარდიოგრაფია), ასევე, ლაბორატორიული კვლევა (გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში) აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

ღონისძიების ფარგლებში ქ.ზუგდიდში ორივე დღეს გაისინჯა 350-მდე მოქალაქე, ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 1400-მდე  ვიზიტი.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე  და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.