აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სამშობიაროდ ჩამოსული ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდა წყვილი დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო და ახალშობილისთვის საჭირო პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.

ახალგაზრდა ოჯახს კომპანია ჰუმანამ საჩუქრად ახალშობილისთვის საჭირო კვების პროდუქტები გადასცა და შემდგომი დახმარების სურვილი გამოთქვა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ძალის არგამოყენებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხი იყო.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების გამო, კერძოდ სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო პოსტის შექმნა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ახალგორში ანალოგიური სტრუქტურის შექმნის შესახებ.

ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხი დააყენა. აგრეთვე კიდევ ერთხელ მოუწოდეს საოკუპაციო რეჟიმს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებისაკენ. ხაზი გაესვა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საჭიროებას.

მწვავე დისკუსიის საგანი იყო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება. მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან მოუწოდეს საოკუპაციო ხაზზე დახურული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნისაკენ. ვრცლად იქნა განხილული თავისუფალი გადაადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის აუცილებლობა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი 12-13 დეკემბერს გაიმართა.

2017 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი  დიმიტრი (დიმა) ჯაიანი ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.

რუსთაველის თეატრში სახალხო არტისტთან გამოსამშვიდობებლად და ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, მეგობრები, კოლეგები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.

დიმიტრი ჯაიანი თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

სრულიად საქართველომ, ქართულმა თეატრმა, საზოგადოებამ, ჯაიანების ოჯახმა, გვარმა, მრავალრიცხოვანმა ნათესაობამ და სამეგობრომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - 67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქ. სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი.

დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ სენაკში, თავადური წარმოშობის ოჯახში. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდან დაჰყვა და, საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მთელი ცხოვრება ხელოვანის ნარეკლიანი გზებით იარა, ყველასგან გამორჩეული პიროვნული და პროფესიონალური ნიშნით.

თეატრის უპირველესი დანიშნულება ხომ ისაა, დაგაინტერესოს, ჩაგითრიოს, შეგძრას, ზოგადს, ცხოვრებისეულს და პიროვნულსაც შეეხოს. დიმა ჯაიანის მრავალრიცხოვანი როლები, შესანიშნავი სცენური თუ ეკრანული სახეები სწორედ რომ გაინტერესებდა, ჩაგითრევდა, შეგძრავდა...

,,როცა მის ნამუშევრებს ვუყურებ, არ შეიძლება, მან არ აგაღელვოს, გულგრილი დაგტოვოს...ის გამორჩეული მსახიობია! არიან ისეთებიც, რომელნიც მას ჭარბ ემოციურობას, თავდაუზოგავ ენერგეტიკას, თამაშის ზეაწეულ, რომანტიკულ მანერას ნაკლადაც უთვლიან! მე მათ რიცხვს არ განვეკუთვნები, პირიქით, მე სწორედ ეს თვისებები მხიბლავს, მას ყველაზე დიდ სიამოვნებას სცენური თავდავიწყება სძენს.“
ასე აფასებენ ამ მართლაც გამორჩეული ინდივიდუალობის, თვითმყოფადობის და განსხვავებული პროფესიული ხასიათის მქონე მსახიობის შემოქმედებას მისი უპირველესი შემფასებლები, ქართული თეატრის კორიფეები, პირველი მასწავლებლები, ისინი, ვისთანაც გაიზარდა, ჩამოყალიბდა, შედგა!

დიმა ჯაიანს თითქოს თან დაჰყვა მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერის თვისებები... - არა პირველობის, არამედ ლიდერობის. იგი იყო მზრუნველი, ყურადღებიანი, შემოქმედებითი დისციპლინის, წესრიგის და სამართლიანი ურთიერთობების მკაცრი მცველი და ქომაგი... უამრავი საქმიანი შეხვედრის თუ მეგობრული თავშეყრის ორგანიზატორი, შეუცვლელი თამადა ყველას იუბილეზე, თავკაცი ჭირსა თუ ლხინში....
მას უპრეცენდენტოდ ახალგაზრდულ ასაკში, 38 წლისას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის , კიდევ უფრო ადრე სოხუმის კოლორიტის, ცოტა მოგვიანებით კი ,,ადამიანი-სიმბოლოს” წოდება. არ შეიძლება არ დავეთნხმოთ ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტოროს, პროფესორ მერაბ გეგიას შეფასებას: ,,დიმა ჯაიანი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მთლიანად გაიზიარა დიდი ტრაგედიების მქონე მებრძოლი დევნილი თეატრის ბედი და თავადაც იქცა ამ თეატრის მომავლის არქიტექტორად. მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუპოვრობა, საკუთარი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარული რომ არა, რა გადაარჩენდა შენობის გარეშე დარჩენილ თეატრს, უსახლკაროდ დარჩენილ სოხუმელთა დასს. ქვეყანაში შექმნილ ისედაც გაუსაძლის პირობებში, სიცივესა და სიბნელეში. ასეთი თეატრის ხელძღვანელობა ხომ ტვირთია. თუმცა კი წმინდათა-წინდა, მაგრამ მაინც ტვირთი.“

ეს სიმძიმე დიმამ საკუთარი მხრებით ზიდა.

დიმა ჯაიანის ცხოვრება მისი წარმატებული შემოქმედებით, არაერთგვაროვანი და ზოგჯერ მოულოდნელი პარალელებით ისეთივეა, როგორც მისი სათაყვანებელი ქვეყანა და მშობლიური თეატრი - ტრაგიკული მოვლენებით, სევდით, გულისტკივილით, თავბრუდამხვევი წარმატებითა და მოულოდნელი სიხარულით.

ბოლო წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა დიმა ჯაიანის, როგორც ლიდერის, ხელმძღანელის ორგანიზატორულმა თვისებებმა, საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ, მოგვევლინა შესანიშნავი ტელეწამყვანის როლშიც, როგორც გონიერი, ფართო დიაპაზონის მსახიობი, შესანიშნავი მთხრობელი, ორატორი, პოეზიით გატაცებული და საინტერესო დეკლამატორი, წარსულის აწმყოსთან შემაკავშირებელი, განსაკუთრებული სიყვარულის და პატივისცემის წარმომჩენი საკუთარი ქვეყნის, ხალხის, მისი სათაყვანებელი აფხაზეთის მიმართ.
,,შენ რომ ვინმემ გული ამოგგლიჯოს და ხატის წინ დადოს, მასზე დიდი ასოებით იქნება ამოტვიფრული ერთადერთი სიტყვა ,,აფხაზეთი“ ... ,,მახსოვს, პირველივე ლექციაზე ყველა სტუდენტს გამოვკითხე, ვინ სად აპირებდა სამუშაოდ წასვლას, შენ თქვი - სოხუმშიო, იმ მხარის კაცი ვარო...“

სტუდენტობის დროს აღიარებულ ამ პიროვნულ ჭეშმარიტებას დღეს უკვე ზეციურ საქართველოში გადასული ჩვენი დიმა თითქოს ,,მთვარის მოტაცების” ერთ-ერთი გმირის სიტყვებით ეხმიანება: ,,უთქვამი სიტყვის ბატონი ვარ და მბრძანებელი, ხოლო ნათქვამის - სიკვდილადე მონა-მორჩილი”.


ასე სწამდა, ასე იცხოვრა, ასე წავიდა!

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პირველ მდივან ალექს შრენკს  და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელ ჯონ ჰეინსს შეხვდა. შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

შეხვედერაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა საელჩოს წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. მათ შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელების დახურვით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე.

საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების საქმიანობისა და მათ მიერ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივად განხორციელებული პროექტების, მათ შორის იძულებით გადაადგიულებულ პირებთან, ცენტრალურ სტურქტურებთან ურთიერთობის ფორმების შესახებ.

აფხაზეთის მთავრობაში რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ დავით კვარაცხელიასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ევროპის ჩემპიონ დავით კვარაცხელიას მიღწეული წარმატება მიულოცა და კლასიკურ რალიში მოპოვებული წარმატებისა და მსოფლიო არენაზე აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის წარმოჩენისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტსმენის მეგობრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი დავით კვარაცხელია ბულგარეთში მოღვაწეობს და იგი მრავალი ტიტულის მფლობელია, მათ შორის ბალკანეთის თასის გამარჯვებული.

2017 წლის 17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია"-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2  კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.

დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA".

რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონის თასი ჩამოიტანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩემპიონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილები და მეგობრები დახვდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი დავით კვარაცხელია ბულგარეთში მოღვაწეობს და იგი მრავალი ტიტულის მფლობელია, მათ შორის ბალკანეთის თასის გამარჯვებული.

2017 წლის 17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია"-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2  კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.

დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი ლომინაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ოფიცერ დიანა ზარემბიენეს, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველ მარუნე კუბილიუტესა და ლიტვის რესპუბლიკის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს შეხვდნენ.

შეხვედერაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს ქრონოლოგიური ინფორმაცია აფხაზეთში შეიარაღებულ კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობისა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენების შესახებ. აგრეთვე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის ქართული ენაზე განათლების მიღების  აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა სახელწოდებით „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში" გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმ აფხაზების უნიკალური ფოტოები, პორტრეტები რომლებმაც კვალი დატოვეს უახლოეს ისტორიაში. ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მწერალმა ნანა ქარდავამ აუდიტორიას ფოტოპორტრეტების ისტორია გააცნო, ისაუბრა აფხაზთა ტრადიციებზე და ასევე ფოტოებზე ასახული გმირების ისტორიები გაიხსენა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამეტის დეპუტატი ადა მარშანია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ დედებს, უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ექიმი გინეკოლოგი, გინეკოლოგ ონკოლოგი, თერაპევტი, მამოლოგი, ექოსკოპია. აქციის ფარგლებში გაისინჯა 60 ბენეფიციარი.

ღონისძიების მსვლელობას მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოდაგილე მარინა ონიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ჯანდაცვის საკითხებში მანონი გოგუა და ცენტრის დირექტორი კახა ტატუნაშვილი უწევდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ხანძრის დროს დაშავებულ მოქალაქეებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, საყოველთაოდ ცნობილ პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ლევან ღვინჯილიას ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ლორიკ მარშანიას შვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ლორიკ ბესარიონის ძე მარშანია 1932 წლის 24 ნოემბერს ოჩამჩირეში, მარშანიების თავადური საგვარეულოს შთამომავლთა ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1988 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1992-2002 წლებში ეკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა.

ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა სეპარატისტთა ლიდერ ვლადისლავ არძინბას. იგი მუდამ პრინციპულად იცავდა აფხაზი ეთნოსის თვითმყობადობას და იმავდროულად აფხაზთა სასიკეთო მომავალს მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა. ამიტომაც ლორიკ მარშანიას, როგორც სეპარატიზმის წინააღმდეგ მებრძოლს, საქართველოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში თავისი წვლილი მიუძღვის.

ლორიკ მარშანია იყო თვალსაჩინო მეცნიერი-ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე იგი მუდამ ცდილობდა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ცივილიზებული გზები, სახალხო დიპლომატიის ნაცადი მეთოდები ახლებურად გაეაზრებინა და მათი განხორციელების ინიციატორად გვევლინებოდა.

ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: „მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".

ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.

გარდაცვალების არსი მაგიურია - ადამიანი ფიზიკური არსებობიდან მარადიულში გარდავა, შეიცვლება და სხვა სულიერებით მოგვევლინება...

ასეა დიდი აფხაზის და როგორც მას უყვარდა გამოთქმა - „საქართველოს ღვიძლი შვილის" ლორიკ მარშანიას გარდასახვა მარადიულ სამყოფელში.

ლორიკ მარშანიას 24 ნოემბერს დაბადების დღე აქვს - 85 წლის იუბილეს აღნიშნავს სრულიად საქართველო.

შეუძლებელია ლორიკ მარშანიას ერთსახოვნად, სტანდარტულად შეფასება... მისი პიროვნული ღირსებები, უმაღლესი ავტორიტეტი, ბევრისთვის მიუწვდომელი იყო და არის!

2010 წელს თბილისში გამოიცა ბატონ მარშანიას, უკვე სამაგიდო წიგნად ქცეული - „ჯვარცმული აფხაზეთი". დიდ აფხაზს სტკიოდა დაგლეჯილ-დანაწევრებული საქართველო და მაინც მსოფლიოს გასაგონად ამბობდა: „დარწმუნებული ვარ - ღვთის ნება და ხალხის სამსჯავრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ყველა მიიღებს თავისას - სამშობლოს ბედისადმი ჩვენი პასუხისმგებლობის თუ ჩვენი დანაშაულებრივი ქმედებების მიხედვით, რამაც აფხაზეთი და მისი ხალხი ისტორიულ ტრაგედიამდე მიიყვანა".

ლორიკ მარშანიასთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო აფხაზთა მომავალი. ის ამბობდა - „კრიტიკულ მდგომარეობაში კვლავ აღმოჩნდა ისტორიისგან გალახული მცირერიცხოვანი აფხაზი ერი" და კითხულობდა „იარსებებს თუ არა აფხაზი ეროვნება?  როგორ გადარჩეს იგი და დადგეს ფეხზე თავის საკუთარ სამშობლოში?"

ეს კითხვა ყველას და უპირველესად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ ხელისუფლებას, ჩვენს იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება.

ჩვენ ხელთ გვაქვს ლორიკ მარშანიას სიმართლით სავსე წიგნები, მისი გამოსვლები საერთაშორისო დიპლომატიურ სარბიელზე, სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიცისტური წერილები, რომლებიც გარკვეულ მიმართულებებს გვაძლევენ კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ.

ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აფხაზი ხალხი გადარჩეს, აფხაზეთი ფეხზე დადგეს თავისსავე სამშობლო საქართველოში, რაც უპირველესად გულისხმობს აფხაზური ენის, კულტურის, მწერლობის, პოეზიის, საერთოდ ყველაფერი საუკეთესოს შენარჩუნებას და განვითარებას, რასაც ჭეშმარიტი აფხაზეთი და აფხაზეთობა ჰქვია, რასაც შეძლებისდაგვარად ვაკეთებთ და პრობლემებს ვუმკლავდებით.

ბატონ ლორიკ მარშანიას საიუბილეო დღე განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა და სწორად ამიტომ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც სურდა მშვიდობა და რაც მთავარია, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის სიყვარულით მოწესრიგება.

ღმერთმა ინებოს „ჯვარცმული აფხაზეთის" აღდგომა და გაბრწყინება!!!

 

საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ჩვენი აფხაზეთი" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 მხატვრის 80-მდე ნამუშევარი.

გამოფენის გახსნაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ   მიწვეულ სტუმრებსა და კოლეგებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. ვიცე-სპიკერმა გამოფენაში მონაწილე მხატვრებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა მიმართულებით შეხვედრების გამართვისთვის მზაობა გამოთქვა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ხანოხ ლევინის სპექტაკლ „იაკიში და პუპჩე"-ს პრემიერა გამართა. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია დავით საყვარელიძე.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ჯანო იზორია, ნინო შავგულიძე, მარინა სოლომონია, დავით ბერაძე, სანათა ძაძამია, ნიკა წერედიანი, პაატა ვახტანგიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი და მარიამ ყოლბაია.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.