აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ და ვლადიმერ იმნაძემ დედებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს  მადლობა საქართველოს ერთიანობისთვის მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

 

ბათუმში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროს გიორგი ქაშიბაძეს, ომის ვეტრანებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ისაუბრეს არსებულ პრობლემურ საკითხებზე და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახალხო დიპლომატიის გზით მომუშავე პროგრამა „ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 10 წელია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.

შეხვედრა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია კლუბ „ბათუმის“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, სოხუმისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის მხრიდან შემუშავებული პროგრამებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სტატისტიკაზე ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე რეგიონში, ასევე ორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ყოფითი პრობლემების ანალიზი წარადგინა.

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა ასევე განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში დამატებით 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აჭარის მწერალთა სახლში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აჭარაში მცხოვრებ აფხაზურ თემს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მონაწილეობდა.

მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორცილება დაგეგმეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აჭარის მწერალთა კავშირისა და აფხაზური თემის წარმომადგენლები და მწერლები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დღეს დოკუმენტური ფოტოგამოფენა „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები" გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებზე აღბეჭდილია აფხაზეთში არსებული კულტურული ძეგლების ახლანდელი მდგომარეობა.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ხელისუფლებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით იმართება.

გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დღეს გაიხსნა და კიდევ ერთი თვე გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელ ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულ ადამიანთა ხვედრის გარკვევაზე, ასევე ნეშტების მოძიება-ამოცნობასა და ოჯახებისთვის გადაცემაზეა ორიენტირებული.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძიებლად გაწეული ძალისხმევისთვის და მათთან კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზებისა და ქართველების სამარხების მოძიება ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამიერიდან ყველა ჩვენგანი და განსაკუთრებით ოჯახის წევრები შევძლებთ მივიდეთ მათ საფლავებთან და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას", - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, რომელშიც ჩართული იყო დევნილი მოსახლეობა, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები.

ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო გარემოს დაცვის კუთხით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  არსებული  ვითარება. საუბარი შეეხო აზიური ფაროსანასა და ამერიკული თეთრი პეპლის მიერ გარემოსა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, ასევე კოლხური ბზის მდგომარეობას. აღინიშნა სპეციალისტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხის შესწავლის აუცილებლობა, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსავლიანობის კლების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მოვლაა.

ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რომელშიც თანაბრად იქნებიან ჩართული აფხაზი და ქართველი სპეციალისტები.

„მეტად მნიშვნელოვანია, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2018-2021 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, რადგან ეს პირდაპირ აისახება დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი და საქართველოს სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი მონაწილეობდნენ. არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა შეასრულეს ვაჟა დურგლიშვილისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

სასტუმრო „რადისონში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს და მათი მნიშვნელობას.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა საჭიროებს, ვინაიდან  გალის ქართული მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-ის წარმომადგენლებს ლევან ასათიანსა და ნატალია ნოზაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. ისაუბრეს აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილის დახურვის შედეგად წარმოიშვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ნელი ლემონჯავას 100 წლის  იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. კონფლიქტამდე ქალბატონი ნელი სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში ცხოვრობდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ნელი ლემონჯავას დღეგრძელობა და საქართველოს ძირძველ მიწა-წყალზე, აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 97 წლისთავთან დაკავშირებით, კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს  და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„1921 წლის თებერვალში ეს ახალგაზრდები ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვალშია ამ ბიჭების წინაშე. საქართველოს დღესაც  ოკუპაციის პირობებში უწევს ყოფნა, მისი ნაწილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ამ გმირების თავგანწირვამ უკვალოდ არ ჩაიაროს და  მომავალ თაობებს ერთიანი და ძლიერი ქვეყანა დავუტოვოთ. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე,“ -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელის  მოადგილე  კარლო ნატალეს შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს.

მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და შესაძლო პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ისე დევნილობაში მყოფი მოსახლეობის  კეთილდღეობაზე.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების წარმომადგენელი ირაკლი ქობალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს  შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ვახტანგ ყოლბაიამ გიედრიუს პუოჯიუნასს აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ.

ასევე, შეხვედრაზე  განიხილეს აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით ჰუმანიტარული სახის პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ლიტვის  საელჩო მომავალში აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ლიტვის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.