აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. რუსლან აბაშიძემ სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და კატასტროფა განიცადა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგედიას, მფრინავები - ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი, მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი, ექიმები - ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი შეეწირნენ.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშები დაეშვა ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოსა და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულ, საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე აფხაზეთის გუნდის ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ზურაბ ქალდანს მრავალწლიანი წარმატებული სამწვრთნელო კარიერისთვის და სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, სპორტსმენებს ლუკა ღვინჯილიას, ალექსი თოდუას, ჯონი ცხადაიას და გიორგი შონიას მიღწეული შედეგები მიულოცა და სიგელები გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

ზურაბ ქალდანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია უმცროს კადეტებში, U-15 წლიანებში და აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, 2022 წლის 17-18 ივლისს, საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველობა მოიპოვეს.   

ლუკა ღვინჯილია მიმდინარე წელს რომში გამართულ ჩემპიონატზე ევროპის პრიზიორი გახდა. იგი სხვადასხვა წელს საქართველოს ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული სპორტსმენია. ლუკა 2022 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი 20 წლიანებში, ხოლო პრიზიორი 23 წლიანებში. 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი კადეტებში, 17 წლიანებში და საქართველოს ჩემპიონი უმცროს კადეტებში, 15 წლიანებში.

ალექსი თოდუა 2022 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია კადეტებში, 17 წლიანებში, ხოლო 2021 წელს როგორც საქართველოს, ასევე რუმინეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. 

ჯონი ცხადაიამ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ასპარეზობებში საქართველოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. ჯონი 2022 წელს 23 წლიანებში გახდა საქართველოს პრიზიორი, ხოლო 2020-2021 წლებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 20 წლიანებში.

გიორგი შონია თავისუფალ ჭიდაობაში 2021 წელს საქართველოს პრიზიორი გახდა 20 წლიანებში, ხოლო 2022 წელს საქართველოს პრიზიორი 23 წლიანებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს როგორც საჯარო, ასევე საოჯახო არქივებზე დაყრდნობით, აფხაზეთის თემატიკაზე ანიმაციური სერიების მომზადებას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამუშაო პროცესს. ჯგუფში პროფესიონალებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

პირველ ეტაპზე ანიმაციის ფორმატში მოხდება ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ გადაყვანა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის წარმომადგენელი, EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელები, თსუ-ის პროფესორები.

პროექტი აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის,  საზოგადოებისა და ახალგაზრდობის მეტი ჩართულობის და ინფორმირებულობის მიზნით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მიეძღვნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების – ალფრედ კურატაშვილის, ნათელა მაისურაძის და ოთარ დავითაშვილის ხსოვნას.

კონფერენციაში მონაწილე სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის დარგში წამყვანმა მეცნიერებმა და მკვლევარებმა ერთმანეთს თავისი ცოდნა გაუზიარეს და განიხილეს დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები.

კონფერენცია ქართულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა და ხელისუფლების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევარები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტის გახსნას დაესწრო. ბიუსტი ფრანგულ პარკში დაიდგა და მისი ავტორია მოქანდაკე ბადრი სხულუხია.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე გენო ადამიას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა დავით თევზაძემ, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა კობა გრიგოლიამ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, ყოფილი 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველმა მოადგილემ სპარტაკ მარხულიამ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ დარჯანიამ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.

გენო ადამიას ბიუსტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით და მხარდაჭერით შეიქმნა.

გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. 2020 წლის 27 სექტემბერს გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დაპირებისამებრ, 2022 წლის სექტემბრიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემოქმედებითი ჯგუფებისათვის  სახელფასო ფონდი გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე თეატრის დარბაზი განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია მონაწილეობდნენ.

ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის საჯარო მოხელეებისთვის პროექტი „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“ დასრულდა.

პროგრამის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ  და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში, დღეს ასევე, ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“  პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მინისტრის აპარატის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვულოცავთ ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 4 ივლისს-დამოუკიდებლობის დღეს.

საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობისა და ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ურყევ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. ეს ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ.

ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ და ვაფასებთ აშშ-ის უპრეცედენტო მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.

ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით. აქვე, გვსურს მადლობა მოგახსენოთ, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში აშშ-ის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მიერ შეტანილი პოზიტიური წვლილისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ამერიკელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას.

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.  ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ტამიშის ბრძოლა ერთის მხრივ, უმაგალითო თავგანწირვის, შეუპოვრობის, ერთიანობისა და გმირობის სიმბოლოა, ამასთანავე მომავალი თაობისთვის კარგი საჩვენებელია თუ რამდენად მძიმეა ომის შედეგები. ქედს ვიხრით, ჩვენი გმირების წინაშე და პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, ვინც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა. თითოეული ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს და დავაფასოთ საქართველოს ერთგული შვილების თავგანწირვა.

სამწუხაროდ, წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვუზრუნველყოთ მშვიდობა, რათა ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს. ჩვენი ვალია ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით. ჩვენ აფხაზ საზოგადოებასთან ერთად შერიგებისა და დიალოგის გზით უნდა ავაშენოთ საერთო მომავალი, სადაც მშვიდობა მთავარი ღირებულება იქნება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

გმირთა მემორიალთან, ასევე, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, ახალაშენებული სკოლის შენობა დაათვალიერა. სკოლაში 500 ბავშვი იღებს განათლებას, სადაც 70% ეთნიკურად აფხაზია. 2015 წლიდან აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლები აფხაზ მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. მოსწავლეებმა სტუმრებისთვის აფხაზურ ენაზე „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს. დღესვე, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აფხაზურ თემატიკაზე სპექტაკლი - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში „აფხაზეთობის“ ღონისძიებები გაიმართა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში კოლხური კუთხე მოეწყო. იქვე წარმოდგენილი იყო გამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“, ასევე, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰემილიშის ნახატების გამოფენა, კოლხური ცივილიზაციის ტომების ჩაცმულობის ფოტოები და სამოსი.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

საღამო მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მწერალი, ენათმეცნიერი, კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და წევრი, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იაშა თანდილავა.

ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის „აღმოაჩინე აფხაზეთი“ ჩვენება გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში,  პროექტის „ევროპული არდადეგები“ პირველი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სემინარები, სადაც ყურადღება გამახვილდება ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უპირატესობები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგარაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.

პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სხვადასხვა რეგიონის/მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

„ევროპული არდადეგები“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მესამე წელია იმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“ მხარდაჭერით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციის ფარგლებში, 500-მდე აფხაზეთიდან დევნილს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქცია COVID-19-ის პრევენციის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  ჯანმრთელობის მდგომარეობის  სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.

ფორუმში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

ფორუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა და მისი მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასევე ორგანიზაციების გამოფენა, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.