აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ევროკავშირის ურთიერთობები მის აღმოსავლეთში არსებულ მეზობლებთან ევროკავშირის საპრეზიდენტო პროგრამების  ფარგლებში 2001-2021“ პრეზენტაციას დაესწრო.

ნაშრომში მოცემულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან ურთიერთობის ანალიზი. აგრეთვე, რეკომენდაციები და დასკვნები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიაში რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„9 აპრილი - ეს სიმბოლური თარიღი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან მოვლენას - დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავგანწირვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ ამიტომ 9 აპრილი უმძიმესი დღეა, თუმცა ამავდროულად უდიდესი იმედია. დღევანდელი დღე ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომლთა თავდადების წყალობით საქართველომ თავისუფლების მოპოვებით აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა! განუზომელია მათი ღვაწლი, რომელებმაც საქართველოს განთავისუფლებას თავი შესწირეს. ამიტომ ყოველი ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესს.

ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში. მჯერა, რომ ჩვენ  მშვიდობიანი გზით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად ღვაწლმოსილ მედიცინის მუშაკებს შეხვდა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს სამსახურეობრივი მივლენებით მყოფი მედიკოსები, რომლებიც ფრონტის წინახაზზე, დაჭრილი მეომრებისა და რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სიცოცლხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის წევრებთან ერთად თითოეულ მათგანს განსაკუთრებული დამსახურების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში 35 მედიცინის მუშაკი და 20 სამედიცინო კლინიკა დაჯილდოვდა.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რუდიკ ცატავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი  4  წევრის შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.

კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა.

კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №42 ) ან/და  მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge (mailto: info@abkhazia.gov.ge) აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები ჩაერთვნენ. სოლიდარობის ნიშნად, ომით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასებიდან გარკვეული რაოდენობის თანხა ერთიან ანგარიშზე გადარიცხეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხით შეძენილ იქნა ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, ბავშვთა კვება და ჰიგიენური საშუალებები.

ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს საქართველოს ფოსტის ტერმინალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო. ტვირთის გაგზავნას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში სახმელეთო გზით გაიგზავნება.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორ თეონა იაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს საქმიანობის შესახებ, სადაც სამუშაო პროცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები აფხაზეთის არქივის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და არქივში არსებული დოკუმენტების გაციფრულების თაობაზე, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საარქივო დოკუმენტების შენახვის პირობები ბევრად უკეთ იქნება დაცული.

საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთის არქივის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და გაეწევათ კონსულტაციები საარქივო მასალების, მათ შორის, ოჯახებში შემონახული დოკუმენტების ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებისა და ელექტრონულ კატალოგში განთავსების შესახებ, რომელიც უფრო გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის არქივში შენახული მასალების მოძიებას და გამოყენებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესი ორივე განზომილების - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს და გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე, მის გავლენაზე გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ექსპერტებმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ფოცხოეწერში პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილმა 54 მოზარდმა შემეცნებითი და გასართობი ტრენინგები გაიარა. პროექტში მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ფოთში, აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის ბაზაზე დევნილი მოზარდებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტში 10-დან 18 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები (50 ბენეფიციარი) ჩაერთვებიან. სამოქალაქო ჩართულობის სივრცე 2 თვის განმავლობაში იფუნქციონირებს და სხვადასხვა სახის სპორტული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

პროექტი ქვეპროგრამის ,,სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.

15 მარტს ქართული არტილერიის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს ე.წ. არჩევნების ჩატარება.

ე.წ. არჩევნები აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგები ვერ ექნება, რადგან აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი მუდმივი ძალადობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ.

აფხაზეთის მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარმატებულ ექიმ ქალბატონებს აფხაზეთიდან 8 მარტი მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

ისტორიული დღეა საქართველოსთვის. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეტანილი განაცხადი, უმნიშვნელოვანესი პროცესია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დღეს, ისე როგორც არასდროს საქართველო ახლოსაა ევროკავშირთან. ეს არის შესაძლებლობათა ფანჯარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც.

მოვუწოდებ ჩვენ საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ერთად ვისარგებლოთ ყველა იმ უპირატესობით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობას მოაქვს. ევროკავშირში ინტეგრაცია არის სამშვიდობო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი.