აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე თამარ მახარაშვილს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამების განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში  მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების გაძლიერების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება წარმოადგენს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე უფრო დეტალურად იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2021 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს აფხაზეთის სკოლების ონლაინ საკვირაო სკოლა, რომელიც 80 მოსწავლეს აერთიანებს.  2022 წლის იანვარში კი, შეიქმნა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამა“,  რომლის მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხელშეწყობა.

შეხვედრას  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“  ხელმძღვანელი ანა კუდუხაშვილი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ქუთაისში, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, შენობას უტარდება როგორც ფასადის, ასევე ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. პროექტი დასკვნით ეტაპზეა, 100 მოსწავლე და 22 მასწავლებელი  უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებს სწავლას.

ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს.

სარემონტო სამუშაოები აფხაზეთის სხვა სკოლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებს გაეცნო.

რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის ინიციატივით და საერთაშორისო ორგანიზაცია „Open Fun Football Schools“-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მინი ფეხბურთში მასტერკლასი გაიმართა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, თბილისში, აფხაზეთის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. რუსლან აბაშიძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და აფხაზეთის საჯარო სკოლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ რუსთავში წარმატებით დასრულდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ყველა მონაწილეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.

ორი თვის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები საგანმანათლებლო და შემეცნებით ტრენინგებში მონაწილეობდნენ, სადაც ახალგაზრდებმა ლიდერობის, კომუნიკაციის პრინციპებსა და სხვა თემებთან დაკავშირებით გუნდური მუშაობის გამოცდილება მიიღეს.

პროექტის დახურვას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „2021 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ მოხსენებით წარსდგა.

რუსლან აბაშიძის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და იქ ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს. მთავრობის თავმჯდომარის შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სახელმწიფოს სხვა სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა, რაც დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

რუსლან აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან ურთიერთობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სამინისტროებთან თანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს და იდეას ამუშავებს.

მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის მიმართულებებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმ რეგიონებში, სადაც განთავსებულია დევნილთა კომპაქტური დასახლებები, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული დევნილი მოსახლეობის უფლებები და გაუმჯობესდეს მათი საცხოვრებელი პირობები.

სხდომის დასასრულს, რუსლან აბაშიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით, მზადყოფნა გამოთქვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან 56-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე დაისვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად, გამართვის აუცილებლობას.

განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.

აგრეთვე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების და დეოკუპაციის მიმართულებით გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები და ამ მხრივ ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და ეფექტიანი ძალისხმევის საჭიროებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ორი ქვეპროგრამის „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო სპეციალური ინვენტარი გადასცეს.

პროგრამები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ განხორციელდა. ორივე პროგრამის ფარგლებში, 164 აპლიკანტიდან 41 გამარჯვებული გამოვლინდა. სამეწარმეო, სამშენებლო და აგრარული დანიშნულების შესაბამისი ტექნიკა და ინვენტარი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 19 ბენეფიციარს გადაეცა.

ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით რუხი მოლში, აფხაზეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში გაიმართა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ ქალაქ ზუგდიდში ჩირის საწარმო გახსნეს. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა, აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. სტუმრები ასევე ჩირის საწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

სოციალურ საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდნენ. საწარმო ათასობით აფხაზეთიდან დევნილს მოემსახურება და მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს მოსავლის რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ.

პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის“ ახორციელებს.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის „პრაქტიკული რეკომენდაციები ხილ-ბოსტნეულის ჩირებისა და ცუკატების წარმოების საკითხებში“ პრეზენტაცია, რომელიც დამწყებ მეწარმეებს მცირე ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

„რუსეთი უკვე წლებია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფას.

მათი პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. ჩვენ გონივრულად, სამშვიდობო პოლიტიკით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მივაღწიოთ ქვეყნის დეოკუპაციას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა და 300 000 მეტი ადამიანი დევნილად იქცა.

როდოსის მერიამ საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს უმასპინძლა და მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთის ქალაქ როდოსის გუბერნატორსა და მიტროპოლიტს შეხვდნენ და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

საერთაშორისო ბანაკი საბერძნეთში, როდოსზე სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.

ბანაკის ბენეფიციარები ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე მოზარდები არიან .

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ სალონიკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობა, ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია, დიალოგის ხელშეწყობა და შერიგების მხარდაჭერა მთავრობისა და მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

აღსანიშნავია, რომ სალონიკში მცხოვრები დევნილი ემიგრანტებისთვის, ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის შემოქმედების ვირტუალური გამოფენა გაიმართა.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა, მარინე გითოლენდია და სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

რუსლან აბაშიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს პირადად შეხვდა და მიუსამძიმრა.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა - დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო დროშები დაეშვა - დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ერთობლივად გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ დევნილთა დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, რომელიც ამორტიზებული იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, საბავშვო ბაღის - „ოცნება“ მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპორტული მოედანი მოეწყო.

ადგილზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, ქობულეთში, ონლაინ საკვირაო სკოლის საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

აფხაზეთის სკოლა-ბანაკი მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით გამოირჩეოდა, რომელიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ონლაინ საკვირაო სკოლის ფარგლებში, საგნობრივი კომპეტენციების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს სემინარებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები უტარებდნენ.

კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა. მოეწყო საბუნებისმეტყველო STEM კლუბი „ჩხირკედელას“ მასტერკლასები.  მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, პეტრას ციხე-ქალაქი და რეგიონის სხვა ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულეს - დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს და რამდენიმე სპორტული აქტივობა თავადაც გამართეს.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა, ბანაკში მიღებული გამოცდილების ფარგლებში, სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები და ნამუშევრები წარმოადგინეს.

ბანაკის დახურვის ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებული და სოციალურად დაუცველი 80 მოსწავლე მონაწილეობდა.