აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე  ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს მეუფე შიოს შეხვდა.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის საქმიანობაზე, ასევე დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს მადრიდში მცხოვრები დევნილი ემიგრანტებისთვის, მოეწყო ემიგრაციაში მოღვაწე დიდი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის ნამუშევრების ვირტუალური გამოფენა.

შეხვედრა პროგრამის „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL“ შტაბ-ბინაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ესპანურ ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ესპანეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისა და ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს.

ხელშეკრულებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ესპანური ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ის პრეზიდენტმა ანხელ მარუგან კალვომ მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში, მოზარდები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან, სადაც პრიორიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს მიენიჭებათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშების პრიზიორს, საფეხბურთო კლუბ „დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე სეზონში კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე ისაუბრა, სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და გუნდი ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა.  

შეხვედრას საფეხბურთო კლუბ „დინამო“ სოხუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თაქთაქიშვილი ესწრებოდა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „იძულებით გადაადგილებულ პირთა სპეციფიკური ადამიანის უფლებების საჭიროებების სამართლებრივი გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.

გზამკვლევის შექმნის მიზანია შერიგებასა და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სამართლებრივი დახმარება,  კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა და კონსტრუქციული ტიპის დიალოგის ხელშეწყობა.

შეხვედრაში  სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, განხილვის შედეგად მიღებული დამატებითი შენიშვნები  დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება.

ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის  ,,სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (8 სამხედრო, 3 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 3 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 11 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (8 სამხედრო - ოთარ გაგუა, რევაზ კვარაცხელია, ვახტანგ ხოჯანაშვილი, ბიძინა უშხვანი, ზვიადი უშხვანი, ბორის ბერულავა, სპირიდონ (ფრიდონ) თირქია, ხვიჩა დეკანოსიძე და 3 მშვიდობიანი მოქალაქე - გიორგი ჯოხაძე, ოთარ თუთისანი, იური მაჭარაშვილი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა და წლევანდელი ლაურეატები აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ - ქორეოგრაფიული და მუსიკალური პროგრამისთვის - „ქორეონიკონი“, ჯეირან ბასარია - ფერწერული ნამუშევრებისთვის, ვანო ქავშბაია - ფერწერული ნამუშევრებისთვის, დარიკო ფიფია - პოეტური კრებულისთვის „ორი მზე“ გახდნენ. გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და ჟიურის წევრებმა გადასცეს.

პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და ენიჭება პირს ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილი მნიშვნელოვანი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალებით. საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას.

„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო ჟურნალ „სითისა“ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ონლაინ პლატფორმებზე.

პროექტი უკვე მესამე წელია იმართება და მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან. კონკურსის შედეგად შეირჩა საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე ათი გმირი, რომლებზეც მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ გამოქვეყნდება ჟურნალ „სითი“-ში. მასალა ასევე განთავსდება გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და სააგენტოს ვებგვერდზე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანსამბლ „ლიახვის“ ლოტბარის, ქორმეისტერის დავით ელბაქიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ხელოვანს იუბილე მიულოცეს კულტურისა და ხელოვნების ცნობილმა წარმომადგენლებმა. დავით ელბაქიძემ აღადგინა და გადაამუშავა ლილვაკებზე ჩაწერილი ოსური და ქართული უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები. ის დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას არაერთი საინტერესო ნიმუშის კვლევისა და აღდგენის მიმართულებით.

ღონისძიება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. საღამოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით კერესელიძე და საქართველოს ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევა ესწრებოდნენ.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ. სადისკუსიო შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ღონისძიება „სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ პროგრამის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის წევრები, მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და მოწვეული სპიკერები მონაწილეობდნენ.

გამოჩენილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, დამსახურებულ მეცნიერს, აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლს, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერს, ქართულ-აფხაზური ისტორიული ურთიერთობების აღდგენის გულმხურვალე ქომაგს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობა და აფხაზეთის აღორძინები”-ს ხელმძღვანელს, ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა და აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

კონფლიქტის მოგვარების ერთდერთ გზად მას ცივილიზებული, მშვიდობიანი, ასევე სახალხო დიპლომატიის მეთოდები მიაჩნდა. აფხაზთა მომავალს ლორიკ მარშანია მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა „მე ვარ აფხაზი და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება“.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ,  საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭოს ორგანიზებით გამართულ სემინარში „ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოები“ მიიღო მონაწილეობა.

სემინარი  საქართველოს ისტორიული დროშების და საზღვაო რუკების გამოფენით გაიხსნა.  გამოიფინა შუა საუკუნეების (XIV-XVI სს.) პორტოლანები, რომლებზეც საქართველო, ქალაქ თბილისი და საზღვაო ნავსადგური სებასტოპოლისი, დღევანდელი სოხუმი, წარმოდგენილია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

გაიმართა წიგნის “აფხაზეთის სიმბოლიკისათვის“ პრეზენტაცია. ნაშრომში განხილულია,  როგორც აფხაზეთის ჰერალდიკური მემკვიდრეობა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიმბოლოები დღევანდელი მდგომარეობით, ასევე პროექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შეიმუშავა.

სემინარის მონაწილეებმა განიხილეს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხები, აჭარისა და აფხაზეთის ჰერალდიკური მემკვიდრეობა და სამომავლო გეგმები.

სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის წევრები, სამეცნიერო წრეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნერგები გადასცა.
 
ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კონკურსის შედეგად გამარჯვებულ 43 აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარს 1 970 ცალი ნიგოზის „ჩანდლერის“ ჯიშის, 350 ქლიავის და 148 ტყემლის ნერგი გადაეცა.
 
ასევე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სპეციფიკური ინვენტარი მიიღო მეფუტკრეობის დარგში 16-მა წარმატებულმა ბენეფიციარმა, ხოლო სამ გამარჯვებულ მონაწილეს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და გაძლიერების მიზნით საჭირო ინვენტარი გადაეცა.
 
დღესვე, რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში პროგრამის ბენეფიციარებს, ნერგების ეფექტური და პროდუქტიული აგრარული გამოყენების და მოვლის შესახებ, სააგენტოს სპეციალისტების მიერ კონსულტაცია-ტრენინგი ჩაუტარდათ.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა მთელი კაცობრიობისათვის. ტოლერანტობა არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და ფუნდამენტი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხი განსხვავებებს სიმდიდრედ მიიჩნევს. საქართველოს გააჩნია ტოლერანტულ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ჩვენ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლება თავისი კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების თავისუფალ შესრულებაზე დაცულია მისი იდენტობის, წარმოშობის, რასისა და რწმენის განურჩევლად.

საქართველოს ხელისუფლებისათვის მთავარ ღირებულებას ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები წარმოადგენს. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპებზეა დაფუძნებული. მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იდენტობისა და უფლებების დაცვა, თითოეული მოქალაქის განვითარებისათვის თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებითა და განმტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლება უზრუნველყოფს ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.