აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

3 მარტს, დედის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედები მოინახულა. რუსლან აბაშიძემ და ანზორ მარგიანმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.

დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 251 მეომრის დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.

საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე. ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურ რეჟიმში.

იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიხსნა და მისი მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰადას ესთერ მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელელ დიპლომატს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ისრაელის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით  სამომავლო თანამშმრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის 1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რადგან მრავალმა ქართველმა თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას. მათმა ღირსეულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და წლების შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა.

ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მშვიდობიანად, პროგრესით და განვითარებით. ჩვენ მას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ.

დღეს ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც მშვიდობა და სტაბილური განვითარება უზრუნველყოფილია“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ და მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში 15 მეცნიერი და ხელოვანი დააჯილდოვეს.

საღამო თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს დააწესა. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-2016 წლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1978 წელს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.

ფუტსალში ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატის (ზამთრის თასი) მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს „დინამო“ სოხუმი და „კვარტალი“ თბილისი შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის ქალთა გუნდის გამარჯვებით 6 : 5 დასრულდა და მიღწეული შედეგით სოხუმის ქალთა გუნდი ჩემპიონატის 1/2 ფინალში იასპარეზებს.

მატჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად,  საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ გახსნეს. პრეზენტაცია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზიდენტმა, პროფესორმა თამარ კერძაიამ წარადგინა.

გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე. კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტებმა, პანელური დისკუსიების ფორმატში, უახლესი საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ტრენდები შეაფასეს. ღონისძიების ბოლოს ექსპერტთა ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექპერტები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

რუსლან აბაშიძემ დანიელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის თავმჯდომარემ ანე ტოფტ სორენსენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშმრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას დანიის ელჩის თანაშემწე სებასტიან რასმუსენი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მოადგილე ანზორ მარგიანთან ერთად, აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, პერსპექტივებსა და ინიციატივების განხორციელებაში სამომავლო მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ომის ვეტერანების პრობლემებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის მეომართა კავშირის ყრილობაზე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს დაესწრო. სააგენტოს ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა გახსნა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ, ღონისძიებაზე, სააგენტოს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 3 530 დევნილ ოჯახს გადაეცა. 2023 წლიდან კი, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები 5 ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დაიწყება.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეს საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებს, პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს შეეხო.

პლენარულ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო. სხდომას ასევე  საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საგაზაფხულო სესიის ფორმატით მუშაობა განაახლა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სესიაზე დეპუტატებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს საგაზაფხულო სესიის გახსნა მიულოცა და აფხაზეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმასა და მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე დევნილ ვეტერანებს „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული სათვალეები და სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად, დევნილი ვეტერანების ოჯახის წევრ ბავშვებს საჩუქრად სათამაშოები პირადად გადასცეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის (დეგგკ) დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩარჩო დოკუმენტი და მიზნად ისახავს 2050 წლამდე ქვეყნის დაბალემისიიანი განვითარებისთვის საჭირო ხედვისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.

კონცეფცია სრულ თანხვედრაშია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან, პარიზის შეთანხმებასთან, კლიმატის ნაწილში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ხედვას სათბურის გაზების ეროვნული ემისიების შემცირებისა და შთანთქმის გაძლიერების კუთხით.

სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.