აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში სამთო წარმოდგენისა და ხელოვნების ქემამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.

ფესტივალი საუდის არაბეთის ასირის პროვინციაში 20 იანვარს დაიწყო და მასში 14 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი ანსამბლი მონაწილეობდა. ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით „აფხაზეთი“15 მოცეკვავის შემადგენლობით წარდგა მაყურებლის წინაშე.

ქართველ ხელოვანთა წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთი“ დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ანსამბლმა ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ფოთსა და სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს დევნილთა ჩასახლების ობიექტები, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა და მოისმინეს მოსახლეობის წინაშე არსებული გადაუდებელი საჭიროებები. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილთა ჩასახლების ობიექტებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით კვიციანი, მერის მოადგილე მამუკა პაპასქირი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავა იმყოფებოდნენ.

დღესვე, რუსლან აბაშიძემ, ანზორ მარგიანმა და დავით ფაცაციამ სენაკში, ხობსა და ფოთში მდებარე დევნილთა პოლიკლინიკები მოინახულეს და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის“ (International Human Rights Commission) მხარდაჭერით გადმოცემული სათვალეები გადასცეს. აღნიშნული სათვალეები, ოფთალმოლოგის დანიშნულების შესაბამისად, რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასოდ გადაეცემათ. ღონისძიებება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მთავრობის თავმჯდომარემ ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის პატარა მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის სულიერების ცენტრის საკვირაო სკოლის, აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დღესასწაულზე მიღებული შემოწირულობა ტრადიციულად ბავშვთა სახლებს და უმწეოთა თავშესაფრებს გადაუნაწილდება.

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს, მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2001 წელს ისევ აღდგა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეუღლესთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

საშობაო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეუღლესთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო.

ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა, პატრიარქს 90 წლის იუბილე მიულოცა და მის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა.

„თქვენო უწმინდესობავ, მინდა, განსაკუთრებული მოწიწებითა და ღრმა პატივისცემით მოგილოცოთ დაბადების დღე.

თქვენი მოღვაწეობა საქართველოს ერთიანობის, აფხაზეთის საზოგადოების სულიერი სიმტკიცის, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და სახელმწიფოს განუყოფლობის გარანტიაა. მჯერა, თქვენი ლოცვა-კურთხევა შეეწევა თითოეულ ჩვენგანს და ხელოვნური ბარიერებით დაშორიშორებულ საზოგადოებას დაეხმარება გამთლიანებაში,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საიუბილეო საღამოზე საბავშვო ევროვიზიის მონაწილემ, აფხაზეთიდან დევნილმა მარიამ ბიგვავამ სიმღერა "აფხაზური ფანქი” შეასრულა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

დღესვე, რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია იმყოფებოდნენ სათნოების სახლში, სადაც აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ბიჭვინთის პირველი საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედიკო იაშვილი მოინახულეს.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ღვაწლმოსილ პედაგოგს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს წარმატებული საქმიანობისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, არაფორმალური განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე წარმატებულ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობაში საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია დევნილ მეწარმეებს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილთა ჩასახლებაში მდებარე მე-18 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა იმყოფებოდნენ.

დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

პრემიერმა საანგარიშო მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა:

„რაც შეეხება შერიგება-თანასწორობის მიმართულებით  მთავრობის პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი  მშვიდობიანი პოლიტიკის  გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორცილება. ჩვენი მიზანია საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების შერიგება. 

ჩვენ ძალიან ბევრს ვეხმარებით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ძმებს და დებს, ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, ეს არის შეგნებული პოლიტიკა, გააზრებული პოლიტიკა, ამიტომ არ გვსურს ამის აფიშირება, თუმცა მინდა გითხრა,თ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისებით. მაგალითად 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300 -ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით და რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც. 

საერთოდ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა, რომლის გარშემოც ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.საუბედუროდ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე საუბრობენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარდა.

მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი სულ რაღაც რამდენიმე ასეულ, თუ არ ვცდები 200 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან სრულად არის დოტაციაზე მათი ეს ბიუჯეტი  და მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და დებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია  პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გქვონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთის რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე კარლო,  შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები, რომ იტყვიან, მოვიშუშოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება,  ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის დასრულება და შერიგება იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში, ევროპულ საქართველოში“.

ყოველწლიურ ანგარიშში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო დევნილი მოსახლეობის განსახლების საკითხს.

„რაც შეეხება ზოგადად დევნილების მიმართულებით,  ჩვენს მიერ გატარებულ პოლიტიკას, იცით, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ 13 000 ოჯახს ავუშენებთ ბინებს, ეს არის 900 მილიონი ლარის პროექტი, მომდევნო ორ-სამ წელიწადში დასრულდება აღნიშნული პროექტი და 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. სულ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგებს და ხელოვანებს შეხვდა.

მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს რუსლან აბაშიძემ მიმართა. დამსახურებულ პედაგოგებს და ხელოვანებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, მადლობა გადაუხადა წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

დღესვე, არტ-გალერეაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამისა“ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების ავტორებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ასევე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, სადაც ავტორებმა დეტალურად ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე.

აღნიშნული პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა, მათი მდიდარი ინტელექტურალური პოტენციალის გაღრმავების, აფხაზეთის თემატიკის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში კიდევ უფრო წარმოჩენის და სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა.

ღონისძიებები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მერაბ ფიფიას და ავთანდილ შენგელიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. შეხვედრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრეების, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლა მოინახულეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გახსნეს.

სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია 2022 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით, რუმინეთის განვითარების ფონდისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდა.

დარბაზის გახსნას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტეგრაციისა და ჩართულობის ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდები ბაკურიანში ათი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას. პროგრამის ბენეფიციარები დარგის ექსპერტების ჩართულობით ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდნენ.

„დიალოგი მშვიდობისთვის“ კონფერენციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ საზოგადეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე  კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

რუსლან აბაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე და დაგეგმილ იმ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამშვიდობო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობის საკითხებზე.  საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

კონფერენცია სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას და სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი  საზოგადეობის  ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად  მათ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. შეხვედრაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ღვაწლმოსილი ადამიანები მონაწილეობდნენ.

„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად ძალოსანი - კახი ასანიძე, ძალოსანი - საბა ასანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ლუკა ღვინჯილია, მოციგურავე - ლუკა ბერულავა, პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი, მაგიდის ჩოგბურთელი - ანასტასია ჩხარტიშვილი, ძალოსანი - მარიამ მურღვლიანი, ძიუდოისტი - გიორგი გეგია, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი - ლევან ჯობავა, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტი - გოდერძი ჩიხრაძე დასახელდნენ.

სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ,  განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ გადასცეს. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.

ახალგაზრდული მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს მიერ მიმდინარე საანგარიშო წელს განხორციელდა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია” დაამტკიცა, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შექმნას. აღნიშნული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე პრემიერს წარედგინა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.