აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი

ახალი ამბები

სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაში სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა,  აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ლობჟანიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის (IHRC) ხელმძღვანელმა რაფალ მარცინ ვასიკმა მიიღეს მონაწილეობა.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და  საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

აქციის მიზანია სკოლის ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა, ასევე, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის და გამწვანების საკითხებზე.

თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ, რომლებმაც ტაძრის  მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს თითოეულ  იმ ადამიანს, ვისი შემოწირულობებითაც შენდება  ტაძარი.

დღესვე, ტაძარში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის  „ილორიდან ილორამდე“ პრემიერა გაიმართა. ფილმი  ინფორმაციული ხასიათისაა და  წმინდა გიორგის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობის პროცესს ასახავს.  

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონი  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება.

რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ „აფხაზეთში” პროგრამის „დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების” ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ფუტკრის ოჯახით შევსებული სკები და შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, თურქეთის გენერალური კონსული, სააგენტო TIKA-ს კოორდინატორის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით,  „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ  ხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების საქმიანობის ხელშეწყობისათვის  გამოცხადებულ კონკურსში, 100 აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა 58 გამარჯვებული და მათ 370 სკა გადაეცათ.

რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (RoAid) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას შორის დონაციის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა კოკაიამ მოაწერა. აქტის საფუძველზე რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას განახორციელებს.

შეხვედრა რუმინეთის საელჩოში გაიმართა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რეზვან როტუნდუ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

„2022 წლის 8 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, 95 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც მსოფლიოში გავრცელებული პოზიციის გამოხატულებად.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თითოეულ ქართველ დიპლომატს გაწეული შრომისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
 
გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა არის საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება და ძალიან ფართო და უფრო კონკრეტული ხდება. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ოკუპაციის პრობლემა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
 
რეზოლუციას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მნიშვნელობასთან ერთად აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც, რადგან საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ყოველწლიურად გამოიყენოს ერთ-ერთი პლატფორმა რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად.
 
ქართულ სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვის“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო. პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადზე, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს,მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს.

პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ 2024 წლის ბოლო განსაზღვრა. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

 

 

საქართველოს პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებულ ძირითად გამოწვევებსა და განხორციელებულ სამუშაოებზე იმსჯელეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ 460-მდე ბავშვს ტკბილეულობა და სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის (IHRC) მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საჩუქარი მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დევნილ 1 000-მდე ბავშვს დაურიგდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარადგინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მიმართეს. ასევე, ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა წაიკითხა.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ, განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარების და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე თემატური შეხვედრები გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმი ესწრებოდნენ.

დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

ხელოვნების სასახლეში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გიორგი აფხაზის ვირტუალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებული ანიმაციური ვიდეო ქართული გახმოვანებით, ასევე გამოტანილი იყო რომის ოპერის არქივში დაცული ნამუშევრების ფოტოასლები.

გამოფენა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა, რომელმაც იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატის, გიორგი აფხაზის შესახებ ისაუბრა.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ეროვნულ მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის „ფერები აფხაზეთიდან“ გახსნას დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი 29 მხატვრის 57 ფერწერული ნამუშევარი.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა“ გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკურ, საკუთრების, მშობლიურ (ქართულ) ენაზე განათლების მიღების უფლებებზე. ასევე, კონფერენციის თემები იყო უკანონო დაკავებები და გადაადგილების თავისუფლება, რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ადამიანის უფლებების დარღვევის ტენდენციები, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

კონფერენცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ შესაბამისი ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდის, მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურების, ადამიანის უფლებათა დაცვის და ნდობის აღდგენის პროცესში დევნილ ქალთა როლის გაძლიერებისა და ინტეგრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით გაიმართა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი 4 წევრის შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.

კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა.

კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში (მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №42) ან/და მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge (mailto: info@abkhazia.gov.ge) აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.